ავანტიურისტ მიხეილის პოლიტდასასრული

ავანტიურისტ მიხეილის პოლიტდასასრული




19 დეკემბერს, საღამოს, როცა გიული ალასანია შვილის პალატიდან გამოვიდა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბრის აქციაზე რას ფიქრობს, როგორი მოლოდინი აქვსო? ქალბატონმა გიულიმ დაბეჯითებით განაცხადა, მას დიდი იმედი აქვს და სჯერა, მთელი საქართველო ქუჩაში გამოვაო. ის კი აღარ უთქვამს, მთელი საქართველო ქუჩაში რომ გამოვა, გორის სამხედრო ჰოსპიტალს აიღებენ, მიშას გაათავისუფლებენ, ამ ხელისუფლებას დაამხობენ და ქვეყანაში კვლავ იქმნება ნათელიო. მაგას ვერ იტყოდა, საშიშია, ეგრევე პროკურატურაში დაიბარებდნენ და შეკითხვებს დაუსვამდნენ. ეს კი იუარებდა, თან იუკადრისებდა, მაგრამ რაში სჭირდება, ამ გართულებულ პერიოდში დამატებით შარს გადაეყაროს? ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ 19 დეკემბერს დედულ გიულიმ გვაცნობა, ჩემ საამაყო ვაჟკაცს ამ აქციის დიდი იმედი აქვსო.
21 დეკემბერი. მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე, 54 შეუსრულდა, ბალღი აღარ არი, მაგრამ კაი გვარიანად ურიკინებს. მე რა, მე კი არაფერს ვამტკიცებ, სამედიცინო ცენტრმა „ემპათიამ“ დასკვნა გამოაქვეყნა, დასკვნის უნახავი გახდებით, პირდაპირ ხელი დაადეს, გიჟიაო. თავისიანებმა დაადეს, ჩვენიანებმა კი არა.
სხვათა შორის, ამ დღეს გახლავთ დაბადებული იოსება პაპაც (სოსო ჯუღაშვილი), ცოცხალი რომ იყოს, 144 წლისა გახდებოდა. ის ისეთი მაგარი იყო, ამ ასაკშიც კი ქვას ქვაზე დაადუღებდა. ამ დღეს ბევრი ცნობილი ადამიანია დაბადებული, არ ჩამოვთვლი, ჯერ ერთი, აზრი არ აქვს და მეორეც — ეს მიშას დღეა, მისი გარდამოხსნის დღე… ყოველ შემთხვევაში, მას ასე სჯეროდა, მას ასე სურდა, მას ასე უნდოდა.
არ გამოვიდა!
ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ (და საბოლოოდ) უმუხთლა. ასევე უმუხთლა საკუთარმა მრევლმა, თავისმა სექტამ, რომელსაც მისცა არა მხოლოდ „რა დროშა“, არამედ რწმენა, იმედი, სიცოცხლე, აღტყინება, სიცილი, კისკისი და ასე შემდეგ.
ვაჰ!
არ დაიჯერებთ, 21 დეკემბერს ნიკანორ მელიას დაბადების დღეც ყოფილა (უშიშროების ყოფილი გამომძიებელი, აღსრულების ბიუროს ყოფილი უფროსი) — წესით და რიგით, 43-ისა უნდა შექმნილიყო. აღარც ეს არი ბალღობის ასაკში… რომ გითხრათ, დალაგებულია-მეთქი, არ დაიჯერებთ და მართლებიც იქნებით. დალაგებული კი არა, აშკარად ეტყობა, ადრეული ღნავილის პერიოდში ჭოჭინა დაუფრთხა და კედელს არი შენახეთქები.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 21 დეკემბერს იყო სამი ბუმბერაზის დაბადების დღე… არა, გატყუებთ, 21 დეკემბერს იყო ერთი ბუმბერაზისა (სტალინის) და ორი ჭუჭულიკას დაბადების დღე.
20 დეკემბერს მოხდა მოულოდნელი რამ — ჩვენ რომ გვეგონა, მიხას ბიძა, თემურ ალასანია აშშ-დან საქართველოში საგანგებო მისიით ჩამოვიდა, შეიძლება მოსახლეობის 90 პროცენტი ქუჩაში გამოიყვანოს, ხელისუფლება დაამხოს და დიშვილი გამოიხსნასო, ქვეყნიდან აორთქლდა. „ნაცები“ ამტკიცებენ, კი არ აორთქლდა, უბრალოდ საქმეზე თურქეთში გადავიდა, მერე კუჭი აეშალა და გააჰოსპიტიალიზაციესო. ზუსტად ეგრე თქვეს, თორემ განა ამსიგრძე სიტყვის წარმოთქმა მე კი არ მიჭირს?
მიხეილის ბიძა პროკურატურაში დაიბარეს, ეს უკვე მეორე საქმეზე — თაღლითობასა და ფულის გამოძალვა-მითვისებაზე, საუბარია მილიონ დოლარზე. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის გამოსძალა და როდის გამოსძალა. ამან, ამ გამოცდილმა „კაკებეშნიკმა“ იფიქრა, სანამ დამაპატიმრებენ, უნდა გავასწროო და აჰა, გაასწრო კიდევაც. მე არ მგონია, ხელისუფლებას გაეპარა, უფრო მჯერა, რომ გაუშვეს, ანუ თვალები დახუჭეს, რადგან ის შეერთებული შტატების მოქალაქეა და ნურც იმას გამოვრიცხავთ, დიპლომატიური „დაკუმენტები“ ჰქონდეს. ტიპი ჩამოვიდა, ჩემი გავლენებით, ნაცნობ-მეგობრების დახმარებით დიშვილი უნდა გამოვიხსნაო და ლამის გვერდით მიუსვეს, კინაღამ ეგეც დააპატიმრეს. აეშალა მაგასაც კუჭი, შიშმა იცის ეგა, შიშმა და რაღაც დაავადებამ, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ოჯახის თანმდევია, გენეტიკურია. ავი ენები იმასაც ამბობენ, მაგას „შტაბკვარწირები“ თურქეთშიც აქვს, თავისთან გადავიდა, აქეთ მომხედი აღარ არიო. ამ ჩვენს ფეხებს, თუ აღარ არი!
თემურ ალასანიას გაძურწვის შემდეგ ნიკა გვარამიამ ცოტა უცნაური პოსტი (წერილი) გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:
„მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, როგორც არასდროს არაფერი არავისთვის, ხვალინდელი დღე გადავაგოროთ რამენაირად. ძალიან გთხოვთ. ჩათვალეთ, რომ ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ხვალ რომ ჩვენი მიტინგი არ გავაშუქოთ, ჯვარზე გამაკრავს ყველა, რომ ქოცებს გავურიგდი, მიშას ციხეში ყოფნა მინდა და ასე შემდეგ. სუსიც შეუწყობს ამას ყველაფერს ხელს. ძალიან გთხოვთ, თუ ერთად გატარებული ამდენი წელი რამეს ნიშნავს თქვენთვის და რამე სიკეთე გამიკეთებია, ახლა გთხოვთ ანგარიშის გაწევას. ეს ჩემი ბოლო თხოვნაა. ზეგიდან ხმის ამომღები არ ვარ. მაპატიეთ და უმორჩილესად გთხოვთ, ხვალინდელი დღე მაჩუქოთ. თუ არა — ამას ნამდვილად გავიგებ, მაგრამ იქნებ ბოლოჯერ გამიწიოთ ანგარიში“.
როგორ ფიქრობთ, ვის ეაჯება ნიკა გვარამია, ანგარიში გამიწიეთო? თავის თანამშრომლებს, ე.წ. „მთავარი არხის“ პერსონალს, ხელფასებს რომ ვეღარ ურიგებს. თან ეხვეწება, თან თავისებურად ამუნათებს, წადით, გაგიგებთ, ამას ღალატში არ ჩაგითვლითო. აქედან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? თემო ძიამ გვარამიას ფინანსური წყარო გადაუკეტა, შედეგი ვერ მიიღო და ფაქტობრივად პანჩური ამოარტყა. თუ აქციას ვერ გავაშუქებ, იცოდეთ, ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დადგებაო. რატომ? იმიტომ, რომ მაგ ვირეშმაკას აქციის გაშუქების ფული უკვე შეჭმული აქვს. არადა, ვალდებულება აიღო, პრობლემა არ იქნებაო. ჩემი ღრმა რწმენით, ახალ წლამდე თუ არა, ახალი წლის შემდეგ ნიკა გვარამიაც გაიძუძგება საქართველოდან. ასეა ეს, უკვე დროა, კიდევ დიდხანს დაყოვნდა. თუ არ გაიძუძგება, დაიჭერენ, ბევრი ავკაცობა ჩაიდინა და პასუხი უნდა აგოს!
სანამ თემო ძია გაიძურწებოდა
ნოდარა მელაძემ ჰკითხა, მიშას გათავისუფლების რა შანსი არსებობსო?
ამან, ამ ბებერმა გენერალმა, პოლკოვნიკმა თუ ლეიტენანტმა (ვეღარ გავიგე, რა წოდება აქვს), მიშა სადაც არ უნდა იყოს, მაინც თავისუფალიაო!
სულიერად, ჰო, მაგრამ ფიზიკურადო?
ფიზიკურადაცო!
ამოდონა გიჟებს ერთი მაღალგიჟოსანი აკლდათ და აჰა, ისიც ჩამოფრინდა!
თუ მიშა თავისუფალია, თუ მისი სული მინდორ-ველად დაფაეფატებს და ფიზიკურადაც ეგრეა, მაშინ რაღას ღნავით, ვერ არი თავის მატორზე, მარჯვენა მხარეს ამორტიზატორმა გაუსხა, ალაგ-ალაგ არტყამს, მარცხენა თვალი კიდე უთამაშებს, „ზაჟიგანია“ არ უსწორდება, საქართველოში ტექდათვალიერებას ვერ გაივლისო?
არა, ხომ არის თავისუფალი, ხომ დანავარდობს დემოკრატიისა და პლურალიზმის ლაჟვარდოვან სავანეში, მეტი რაღა ჩვენი ფეხები გინდათ?!
ისეო, დასძინა თემო ძიამ, მე ქართველ ხალხს როგორ შევაგინებდიო? არ არსებობს, სამშობლო და დედის ძუძუი ერთია, არ გაიცვლების სხვაზედა, როგორ გეკადრებათო?
რაღა დაგიმალოთ და… გატეხილი მეჩვენა. ვიცი, ეს მაგათი ტაქტიკაა, თავებს იკატუნებენ, მაგრამ მაინც.
ერთ ადგილას მაგრად ჩაარტყა, მელაძემ უთხრა, თქვენ ამერიკელი ხართ დიდი გავლენებითო. ამანაც შეიფერა. ავნოდარას რუსეთი და საბჭოთა კავშირი არ უხსენებია, ამერიკაო, კაცო, თან გავლენებიო.
თემო ძიამ გაბუქა, მე ძალიან დიდი გავლენები მაქვს, სახელმწიფო დეპარტამენტშიც ველაპარაკე ვიღაცებს, გაეროშიც და ორ აშშ-ელ გუბერნატორსაცო.
გაიგონეთ? გუბერნატორებს ველაპარაკე, აღშფოთდნენო, ახლაც აღშფოთებულნი არიანო!
ნოდარას კმაყოფილება დაეტყო სახეზე, შავ ბაგეზე შავმა ღიმილმა გადაუარა.
თემურა ძია ძაან კმაყოფილია სალომე ზურაბიშვილის წამოწყებული შერიგების პროცესით. იგი იმედოვნებს, ქალბატონი პრეზიდენტი აუცილებლად გადადგამს დამოუკიდებელ ნაბიჯს და საქართველოს დამფუძნებელ მის დიშვილს შეიწყალებს.
აკი მიშა თავისუფალიაო?
ჰმ… დაავიწყდა, აღარ გაახსენდა!
20 დეკემბრის ღამე
ნანუკა ჟორჟოლიანმა და გია ბარამიძემ, მიშას ხსენებაზე რომ ათავებენ, გორში რამდენიმე დარტყმული ჩაიყვანეს და პატიმარს საქართველოს ჰიმნი მოასმენინეს. მათი თქმით, სააკაშვილის პალატის ფანჯარა ათიოდე მეტრშია და უნდა იგრძნოს, რომ მარტო არ არის.
თავისუფლება მიშას… თავისუფლება ბელადს… ისინი არ ყვიროდნენ, ნირი ჰქონდათ წამხდარი, რაღაცნაირი ცელოფნები ეჭირათ ხელში, შუქი გამოსჭვიოდა შიგნიდან, მერე ხელები გაუშვეს და ეს ცელოფნები ცაში გაფრინდნენ.
რადიო „თავისუფლების“ („ნაციონალების“ რუპორი როა) კორესპონდენტი ეუბნება ბარამიძეს, ამ მეტად შთამბეჭდავი პერფორმანსის გამართვა რაში დაგჭირდათო? ვითომ ვერ მიხვდა, რაში დასჭირდათ. ამან, ამ ბარამიძემ, მაგ სიტყვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს პერფორმანსი არ არი, ჩვენს გმირს, ამ ქვეყნის დამაარსებელს ვულოცავთ, მან უნდა იგრძნოს, რომ მთელი საქართველო მის გვარდით არისო. მთელი საქართველოო, ოღონდ ეს „მთელი საქართველო“ არსად ჩანდა.
ნანუკამაც თქვა სადღეგრძელო… თუმცა თვითონაც ვერ მიხვდა, რა თქვა… ჩვენი ენერგია, ჩვენი სიცოცხლეო, იმასო, ამასო, ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდეო.
ამ დროს მოხდა სასწაული… პალატის ფანჯრიდან მიშამ „პროსტინა“ ააფრიალა!
ესენი, ათიოდენი გადაირივნენ, სიხარულისგან ალბათ ჩაიფსეს კიდევაც, როგორცა სჩვევიათ, ძალიან მაგრად აღტყინდნენ. ნანუკა აღმუვლდა, მადლობა, პრეზიდენტოვო!
ყველანი აღნავლდნენ: გი-ლო-ცავთ! გი-ლო-ცავთ! გი-ლო-ცავთო!
ისიც გაგიჟდა… უფრო სწორად, გიჟი აღტყინდა: ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთო, მიაწექით ბოლომდეო!
მისი მჟღერი ხმის ექო ჯერ ჰოსპიტლის დერეფანში გავარდა, შემდეგ გორის ცას გადაუარა და ბოლოს კავკასიონის მწვერვალებს შეასკდა. ამის გამო, ამ დღეებში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.
პალატის ფანჯრიდან დაახლოებით სამწუთნახევარი იყეფა, ყველას გამოლანძღვა მოასწრო, ყველას მიაფურთხა და ისევ გაიმეორა, რომ ასე საჯდომად არ სცალია, უამრავი საქმე აქვს. სააკაშვილის პალატის მიმდებარედ, სადღაც, სიბნელეში ძაღლიც ყეფდა, დაახლოებით ისევე, როგორც ბელადი ადოლფ ჰიტლერის სტილში.
21 დეკემბერი - „დღე სასტოული“
21-ში დილით ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ჩვენი მხარდამჭერები უკვე დაიძრნენ რეგიონებიდან, ათეულობით ათასი ადამიანი გამოვა პარლამენტის წინ და მოთხოვნა იქნება ერთადერთი — თავისუფლება მიშას-ო!
სხვათა შორის, ეს აქცია მიშას დაბადების დღეს უბრალოდ დაემთხვა, თორემ არც კი ვიცოდით, ჩვენი ბელადის დაბადების დღე თუ იყოო.
სხვა წვრილი ოპოზიციური პარტიები ამ აქციას არ შეუერთდნენ. ალეკო ელისაშვილმა თქვა, ესენი „ოცნების“ წევრებს დასცინიან, ბიძინას მონები ხართო და მონები თვითონ უფრო არიანო.
როგორც „მთავარმა არხმა“ გვაცნობა, 21 დეკემბერი საკრალური თარიღია — ეს არის ყველაზე მოკლე დღე და რაკი სააკაშვილი საქართველოშია, 22-დან დღის ხანგრძლივობა მოიმატებს. ასე თქვეს, არაფერს ვამატებ, მათ ასე სწამთ.
როგორც ყოველთვის, ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, „მარშრუტკები“ და ავტობუსები დაიქირავეს. ახლა სააკაშვილისთვის უნდა ეჩვენებინათ, რომ „მთელი საქართველო“ მის გვერდითაა. ხუთ თუმნად ჩამოყვანილები ვერც რევოლუციას ახდენენ და ვერც ბელადს ათავისუფლებენ, ისინი აქციაზე ერთ-ორ საათს გაჩერდებიან და მერე მოძუძგავენ სახლებისკენ. ამ ფულიდან 10 ლარს შაურმაში დახარჯავენ, ერთ ბოთლ ლუდსაც დააყოლებენ და მორჩა — „ჩაო, მიხა“!
აქცია საღამოს 6 საათზე დანიშნეს. ერთი საათით ადრე „ნაცების“ ერთმა ნაწილმა თავი რესპუბლიკის მოედანზე მოიყარა, მეორე ნაწილმა — ორბელიანის მოედანზე, შემდეგ კი რუსთაველზე, პარლამენტის წინ, საახალწლო ნაძვისხის გარშემო შეიკრიბნენ.
ისევ ბოტკოველები, ისევ ბარამიძეები, ისევ ხაბეიშვილები, ისევ წიკლაურები, უგულავები, ისევ ნანუკები, ისევ ისინი, ისევ ყელში ამოსული სახეები. ორგვლივ მოცანცარე ე.წ. ჟურნალისტები, სიტყვას სიტყვაზე ძნელად რომ აბამენ და რომელიღაცა ენაზე ბოდავენ. პრინციპში, ეს ენა არ არის, ეს „ნაცური“ ტერმინოლოგიაა. სირცხვილია, ასეთი აღმშენებელი ადამიანი, სახელმწიფოს დამფუძნებელი ციხეში რომ ზისო. აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთო, შთამომავლობას თვალებში რანაირად უნდა ჩავხედოთო? ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და უწყვეტი მანამ, სანამ სააკაშვილს არ გათავისუფლდებაო. ისევ ტრაბახი, ისევ უსაგნო ლაქლაქი, გაცვეთილი ფრაზები, არაფრისმთქმელი სადღეგრძელოები. ალაგ-ალაგ პროკლამაციებიც გამოჩნდა — „არ ვიშლებით“. უი, ახალ წელს რუსთაველზე წამოწოლა მოუნდათ? თანაც ნაძვისხესთან? აღარც ნამუსი, აღარც სინდისი! როდის ჰქონდათ, მაგრამ მაინც.
ხაბეიშვილმა უცებ ჩამოარაკრაკა… სანამ ისაო და ესაო, სანამ ბელადი ტყვედ არის ჩავარდნილი, არც შერიგება იქნება, არც მშვიდობა, ეს ორჯერ ორი ოთხიაო.
პრეზიდენტმა ჩვენ გვაჩვენა გმირობის მაგალითიო, სიყვარულის მაგალითიო, თავდადების მაგალითიო და… ჩვენ არ გვაქვს უფლება, სახლებში ვისხდეთო, ჰყვებოდნენ აქციის მონაწილეები და ისინი ცოტა ხანში სახლებისკენ გაეშურნენ, რათა თბილ ბალიშებზე დაედოთ ცარიელი თავები.
არ გამოვიდა მთელი საქართველო გარეთ, მარნეულიდან, ბოლნისიდან, თეთრწყაროდან და ყიზილაჯლოდან ჩამოყვანილებით ვერ გადაავსეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. სიბნელე უყვართ „ნაცებს“ — ჰგონიათ, სიბნელეში ბევრნი ჩანან და… როცა დადიან კიდევ. ამიტომაც გამოქანდნენ რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებიდან.
დაახლოებით რამდენი უსაქმური გამოიყვანეს სექტანტებმა? სადღაც 4–5 ათასი, შეიძლება ცოტა ნაკლებიც. თუნდაც 10 ათასი იყოს, ეს ხომ ღალატია? ასე ხომ რევოლუცია ვერ მოხდება?
ჩაფლავდა ალასანია-სააკაშვილების ოცნება ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზედ.
ხატია დეკანოიძემ დაასკვნა, რომ დღეს საქართველოში არის უმძიმესი ვითარება და ეს უმძიმესი ვითარება გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანა მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს. მივესალმოთ მიშას, რომელიც ახლა საპყრობილეშია!
ჰა, ჰა, ჰა… საპყრობილეშიო, განა მრავალფეროვან ჰოსპიტალშიო? უმადურები!
ზალა უდუმაშვილმა „დასჭექა“: მივულოცოთო, გავაგონოთ ჩვენი ხმა პრეზიდენტსო. ყოფილსო, არ უთქვამს. ასეთი უღიმღამო აქცია „ნაცპრაშმანდოვკებს“ ჯერ არ ჩაუტარებია თ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი დასრულდნენ. თუმცა მათ შორის დასაჭერი ჯერ კიდევ ბევრია!

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი"

მინაწერი: აქციის მსვლელობისას ნაცმოძრაობის ლიდერშიფმა, ამხანაგ მელიას მეთაურობით, გადაწყვიტა, წავიდნენ ოფისში და მასობრივი შიმშილობა დაიწყონ.
იშიმშილებენ მანამ, სანამ მიშას არ გამოუშვებენ ციხიდან.
ეს ამბავი კი შეიძლება ექვსი წელიწადი გაიჭიმოს.
არა უშავს, ამათ შიმშილობის ისეთი ორიგინალური მეთოდები აქვთ გამოგონებული, ექვსი კი არა, თუ საჭირო გახდა, შეიძლება თექვსმეტი წელიწადიც იშიმშილონ.