ავთანდილ არაბული: საქართველოში უწიგნურობა საყოველთაო პრობლემა გახდა!

ავთანდილ არაბული: საქართველოში უწიგნურობა საყოველთაო პრობლემა გახდა!




„საერთო გაზეთის“ სტუმარია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ არაბული:

- ბატონო ავთო, სასკოლო განათლება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სკოლა უნდა ქმნიდეს საფუძველს, რათა ადამიანებმა ის უნარები შეიძინონ, რაც მათ საკუთარი თავის სრულფასოვან რეალიზებაში დაეხმარება. დღეს რა ვითარებაა სკოლებში განათლების ხარისხის მხრივ?
- მოდით, საუბარი უმთავრესი საკითხიდან დავიწყოთ - ეს გახლავთ შედეგები. სკოლა, პირველ რიგში, ბავშვისთვის არსებობს და მან იქ უნდა ისწავლოს, ცოდნა შეიძინოს. სამწუხაროდ, დღეს ასე არ ხდება და, შედეგების თვალსაზრისით, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაა. ნებისმიერი ღონისძიება თუ სერიოზული რეორგანიზაცია, რაც განათლების სისტემაში განხორციელდება, შედეგების მიხედვით შეფასებას მოითხოვს. დიახ, სწორედ შედეგებია შემფასებელი ამ სფეროში გატარებული რეფორმისა თუ ანტირეფორმისა. ჩვენი ეროვნული თვისებაა, წარუმატებლობაც კი არაჩვეულებრივად წარმოვაჩინოთ. ზოგადად, თეატრალური ხალხი ვართ - ნახევრადგაკეთებული საქმის პრეზენტაციას ბრწყინვალედ ვახერხებთ. ყველას გვახსოვს ილია ჭავჭავაძის მიერ თათქარიძეობის პრობლემის აკაკი ბაქრაძისეული ფორმულირება _ ცრუ აქტიურობა, ცრუ საქმიანობა. ეს არაჩვეულებრივი დიაგნოზია იმ ეროვნული თვისებისა, რაც ჩვენ გვჭირს. აქ მთავარი სიზარმაცე, უყაირათობა, მიზნების განუხორციელებლობა როდია, არამედ ცრუ საქმიანობა, ცრუ აქტიურობაა, რასაც მთავარი გმირები სჩადიან და რაც საბოლოო შედეგს არ იძლევა. უნაყოფობა - აი, რისი შესაფერისია ჩვენი რეალობა. ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები თითქოს ყოველთვის და ყოველმხრივ „ევროპულად“ მიმდინარეობს. პიარის მიხედვით, ევროპაში მოწინავენი ვართ, მაგრამ რეალური შედეგები საწინააღმდეგოს მეტყველებს. მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ უწიგნურობა საყოველთაო პრობლემა გახდა, შემცირდა სკოლებში მოსწავლეების რეალური დასწრება, მინიმუმამდე შემცირდა სასკოლო აქტივობა. ეროვნული გამოცდების შეფასებით ფუნქციაზე აღარაფერს ვამბობ: ზოგ შემთხვევაში აუცილებელი გახდა შეფასებითი ბარიერი 9 ქულამდე დაეწიათ - მინიმუმის მინიმუმამდე. შეიქმნა შემდეგი ვითარება - სკოლა დაკისრებულ ამოცანას ვერ აკმაყოფილებს. შედეგების თვალსაზრისით კიდევ ერთ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას: - ყოფილა სისტემური მცდელობა, განვითარების ასაკობრივი დონე შემოწმებულიყო. მაგალითად, 2010 წელს დაწყებითი სწავლების საფეხურზე გეგმიურად მოწმდებოდა მოსწრება მათემატიკაში, უცხო ენასა და ქართულში, რამაც შემდეგი რამ აჩვენა: დაწყებით საფეხურზე ჩვენი ბავშვები საშუალო ევროპულ მოთხოვნებს არსებითად აკმაყოფილებენ, საკმარისად ძლევენ პროგრამას, ანუ კარგი შედეგებია. შემდეგ, საბაზო საფეხურზე _ მეექვსე კლასიდან, როცა საგნობრივი სწავლება იწყება, თანდათანობით მდგომარეობა უარესდება. ბოლო საფეხურზე კი მოსწავლის კავშირი სასკოლო პროგრამებთან მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სკოლა ვერ მუშაობს, ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც თანამედროვე მოზარდების განათლებას სჭირდება.
- 90-იანი წლების მერე საბჭოთა სწავლებიდან ახალ ეტაპზე გადავინაცვლეთ. რა მისცა სკოლას იმ გაუთავებელმა რეფორმებმა, რაც ლომაიას პერიოდიდან დღემდე გრძელდება?
- დიახ, 90-იანი წლების მერე არსებითი ცვლილებები დაიწყო. წარმოვიდგინოთ ერთგვარი რეტროსპექტივა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, ბუნებრივია, საბჭოური სწავლების სისტემა ვეღარ შეასრულებდა იმ როლს, რაც ეროვნულ განათლებას ეკისრება, და ბუნებრივად, შინაგანი მოთხოვნით დასაბამი მიეცა გარკვეულ ცვლილებებს, რაც სათანადოდ გააზრებული არ იყო და ვერც იქნებოდა. 90-იან წლებში ძალიან ბევრი ე.წ. პროფილური სკოლა გაჩნდა. ეს პოზიტიური ცდა იყო. სწავლის დიფერენცირებაზე დღესაც საუბრობენ, ოღონდ ეს სათანადო რესურსებს მოითხოვს - მატერიალურსაც და პროფესიულსაც. მაშინ ამან, ცხადია, შედეგი ვერ გამოიღო სრულიად შეუფერებელი პირობების გამო, კერძოდ, არ არსებობდა სათანადო ბაზები. პროფილური სწავლება ხომ, ძირითადად, ახლად გაჩენილ კერძო სკოლებში მიმდინარეობდა. აქვე თვალსაჩინოა კადრების პრობლემაც, რადგან ამგვარ სწავლებას მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგიური პერსონალი სჭირდება.
ამდენად, პროფილური სწავლება შედეგიანი არ აღმოჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი ცუდი იყო. ნამდვილი რეფორმირების პოლიტიკა, გარდაქმნათა სისტემური გეგმა 90-იანი წლების ბოლოს ალექსანდრე კარტოზიას მინისტრობის პერიოდში დაისახა. მაშინ საქართველოს მთავრობამ განათლების რეფორმისთვის ევროპიდან პირველი ინვესტიცია _ მგონი, 60 მილიონის დაპირება მიიღო. კარტოზიამ იმ რეფორმის განხორციელება დაიწყო, რის პოზიტიურ შედეგებსაც ახლა უნდა ვიმკიდეთ. მან მაღალი დონის სპეციალისტები, განათლების სპეციალისტები და მეცნიერები შეკრიბა და სპეციალური ჯგუფები დააკომპლექტა; მიმდინარეობდა კურიკულუმების, პროგრამების, სწავლების თითოეული საფეხურის დამუშავება. ეროვნული გამოცდები ამ სისტემური რეფორმის მნიშვნელოვანი რგოლი გახლდათ.
ამ გეგმის განხორცილება თანამიმდევრულად და საფუძვლიანად დაიწყო. უკვე ამოქმედდა დაწყებითი კლასების პროგრამები და შეიქმნა პირველი ალტერნატიული სახელმძღვანელოები. ზოგი ღონისძიება ეტაპობრივ, სერიოზული აწონ-დაწონის გზით უნდა დანერგილიყო. როცა 2003 წელს ახალი, რევოლუციური ხელისუფლება მოვიდა, კარტოზიას გეგმით, რეფორმის პირველ შედეგებს - ეროვნული გამოცდების ძალაში შესვლას კიდევ ორი წელი სჭირდებოდა. აი, ამ ეტაპზე მოვიდა ახალი ხელისუფლება და გადაწყვიტა „ეფექტური“ ღონისძიებები უსწრაფესად განეხორციელებინა. თუ გავიხსენებთ, მაშინდელი ხელისუფლების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ჟურნალისტის კითხვას: ნაჩქარევი, სპეციალისტების ჩაურთავად განხორციელებული პროცესი ხომ შეიძლება მართებული არ იყოსო, ასე უპასუხა: სამაგიეროდ, შეიძლება ეფექტური იყოსო! ეფექტური ყოველთვის, სასარგებლოს არ ნიშნავს, ხომ? ჰოდა, ლომაიას მოსვლისთანავე სასწრაფოდ დაინიშნა ეს „ეფექტური“ ეროვნული გამოცდები.ე.წ. ეროვნული გამოცდები ჩაფიქრებული იყო, როგორც ახალი და ერთ-ერთი წარმმართველი რგოლი რეფორმირებული სისტემის ფარგლებში, მაგრამ ამ ფუნქციის სათანადოდ გაუაზრებლობის გამო ეს რგოლი საერთო სისტემიდან ამოვარდა, მეტიც, არსებითად სკოლას დაუპირისპირდა.
საბჭოური განათლების მთავარი პრობლემა ექსტენციური სწავლება იყო, რაც იმ იდეოლოგიზებულ ეპოქას ახასიათებდა. ეს სისტემა თანამედროვე მოთხოვნებს არ მიესადაგება, რადგან ექსტენციური სწავლების შედეგები, ცოდნის დაგროვების მხრივ, საკმაოდ შედეგიანი იყო, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, ცოდნის გამოყენების კუთხით ნაკლოვანი გახლდათ. აი, ეს მიდგომა უნდა შეცვლილიყო ინტენსიური, გაღრმავებული სწავლებით. სწავლების ახალ მოდელს საათობრივი ბადის შემცირება მოსდევს. ყველა საგანს აკლდება სასკოლო საათები, რაც უნდა ანაზღაურდეს სწორედ სწავლების თვისობრიობის გაზრდით. სინამდვილეში რა მივიღეთ? - მოხდა საგნების ინტეგრირება, რამაც განსაკუთრებით უარყოფითი როლი ითამაშა.  
მაგალითად, მეშვიდე კლასის სახელმძღვანელო რომ აიღოთ, ნახავთ: მთელი მსოფლიო ისტორია მოთხრობებად არის მოცემული შუმერებიდან დაწყებული პოსტსაბჭოური დროით დამთავრებული. ასე ყველაფერს ერთად რომ მოაქცევ, თანაც გეოგრაფიასთან ერთად, ასეთი ინტეგრირება მოსწავლეს მხოლოდ დააზარალებს. ამგვარი პრაქტიკით გაღრმავებული სწავლების ნაცვლად მივიღეთ ახალი ტიპის ექსტენციური სწავლება, როდესაც ნაკლებ დროში ვცდილობთ ბავშვს საკმაოდ დიდი მასალა ავათვისებინოთ, რაც განათლების ხარისხს ამცირებს. შედეგად რა მივიღეთ? - მოსწავლეს რომელიც ჭარბი მასალისგან უნდა გათავისუფლებულიყო და გაღრმავებულად ესწავლა, სინამდვილეში საგნობრივი კონგლომერაციით სრულიად დააკარგვინეს შემეცნების წადილი. უპირველესად კი მასწავლებლები აღმოჩნდნენ ამ პრობლემის წინაშე.
აქვე, ერთ არსებით პრობლემაზეც გავამახვილებ ყურადღებას: სწავლება საფეხურებად ხომ დაიყო - დაწყებითი ოთხ-კლასიანი იყო და ექვსიანი გახდა. შემდეგ, მოდის საბაზო სწავლება - მე-7, მე-8 და მე-9 კლასები; შემდეგ, საშუალო, არასავალდებულო - მე-10, მე-11, მე-12 კლასები. ეს სისტემა დღემდე ვერ მუშაობს გამართულად. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დაწყებითი, ფაქტობრივად, ისევ ოთხ-კლასიანია, მერე, ასე თუ ისე, საგნობრივი სწავლება შემოდის. შემდგომ, საბაზო სწავლება სამწლიანია, რაც მნიშვნელოვანი საფეხურია; ახლანდელი სისტემის მიხედვით, ეს საფეხური ასრულებს სავალდებულო სწავლებას. მოსწავლემ პირველი სიმწიფის ატესტატი ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ უნდა აიღოს. არის კი ეს ასე? - თქვენ თვითონ განსაჯეთ. შემდეგი საფეხური სავალდებულო აღარ არის. ახალი მე-12 კლასი დღემდე თითქმის სრულიად ზედმეტი რგოლად დარჩა. საზოგადოდ, სწავლების საშუალო საფეხური არსებითად სკოლას აღარ ეკუთნის. ბავშვების უმეტესობა სკოლაში ფაქტობრივად კი დადის, მაგრამ "დასწრებისათვის" და არა განათლების მისაღებად; შედეგად რეპეტიტორობის კიდევ უფრო გაზრდილი ინსტიტუტი მივიღეთ.
არადა, ლომაია ამ რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მოტივად იმას ასახელებდა, რომ რეპეტოტირების ჯიბეებში „მილიონები ილექებაო“! მშრალი სტატისტიკით მაშინ ბევრად ნაკლები ბავშვი ემზადებოდა რეპეტიტორთან. რაც მთავარია, მისაღები გამოცდების მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით რეპეტიტორი უთუოდ მაღალი კატეგორიის სპეციალისტი იყო. აბიტურიენტი უმაღლესში შესვლისას სტუდენტის დონეს აკმაყოფილებდა. ახლა, როგორია სარეპეტიტორო სკოლა? _ ისეთივე, როგორიცაა ეროვნული გამოცდების მოთხოვნები და ის ურთიერთობები, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თანამედროვე ქართულ სკოლაში ჩამოყალიბდა. ერთი სიტყვით, გეგმამ, რომელიც სარეპეტიტორო ინსტიტუტის გამორიცხვას მოითხოვდა, სრული კრახი განიცადა.
შემდეგი საკითხი, რამაც სწავლება ფიქციად აქცია, სისტემიდან შეფასების კომპონენტის არსებითად გამორიცხვაა. განათლების ახალი კონცეფცია შეფასების არა გამორიცხვას, არამედ უფრო დახვეწილი სისტემის დანერგვას მოითხოვდა. ბავშვი დისკრიმინაციას არ უნდა გრძნობდეს, მაგრამ იგი ბუნებრივად უნდა იყოს ჩართული შეჯიბრებითობის ატმოსფეროში. პროგრესი გულისხმობდა იმას, რომ, მასწავლების შეფასებასთან ერთად, მოსწავლეები სწავლობდნენ ურთიერთშეფასებას, თვითშეფასებას და თვით პროგრესის შეფასებაც კი. ვთქვათ, თუ სუსტი მოსწავლე თავს გამოიჩენდა რომელიმე გაკვეთილზე, ამ პროგრესის შეფასება ცალკე ხდებოდა, რათა ბავშვი წახალისებულიყო. ბუნებრივია, იგულისხმებოდა, რომ ეს ყოველივე საგამოცდო უნდა დასრულებულიყო. როცა სკოლიდან გამოცდას და შეფასების მომენტს საერთოდ ამოიღებ, შეუძლებელია შედეგს მიაღწიო. თუ ბავშვებში შეჯიბრებითობა არ არის და იგი იმის უკუგებას არ იღებს, რასაც აკეთებს, ბუნებრივია, ეს შედეგს ვერ მოგვცემს. ამან განაპირობა ის, რომ ბავშვებმა, რომლებიც წარმატებისკენ მიილტვოდნენ, ინტერესი დაკარგეს და კერძო მომზადებაზე გადავიდნენ, სასკოლო სწავლება არ აკმაყოფილებთ. ბავშვები კი, რომლებიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ, თავს არხეინად გრძნობენ, დამაკმაყოფილებელს ხომ ისედაც მიიღებენ. აი, ეს ვითარებაა დღეს სკოლაში.
- ბატონო ავთო, დისტანციურ სწავლებაზე რას იტყვით?
- დისტანციურ სწავლებას მართლაც საოცრად მოვერგეთ. მგონი, არცერთ ქვეყანაში ისე წარმატებით არ შეჰგუებიან ონლაინ-სწავლებას - ბავშვებიც და მასწავლებლებიც, როგორც ჩვენთან. რატომ მოხდა ასე? _ ალბათ იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ბავშვების დიდი რაოდენობისა და საგნების მიმართ მათი დაუინტერესებლობის გამო, მასწავლებლისთვის კლასში გაკვეთილის ჩატარება უმართავი პროცესია. ახლა, ონლაინ-სწავლებისას ის ბავშვები აქტიურობენ, ვინც სწავლით დაინტერესებულია, დანარჩენი ნაწილი ფორმალურად ფიქსირდება. მასწავლებელი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ბავშვებიც ამ პროცესს არაჩვეულებრივად მოერგნენ. ბეჯით ბავშვს ურჩევნია მასწავლებელთან ინდივიდუალურ კავშირში იყოს, ზარმაცი ბავშვები ჩართავენ კომპიუტერს თუ მობილურს, მიესალმებიან მასწავლებელს, მერე გათიშავენ და საწოლში ნებივრობენ. ახლა, როცა არჩევანის შესაძლებლობა მიეცათ, აქტიური მოსწავლეების ნაწილმა სკოლაში დაბრუნება აღარ ისურვა. ესეც ჩვენი სკოლის კრახის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
- რას ენიჭებოდა მთავარი როლი სწავლების ახალ სისტემაში?
- იმ ახალ სისტემაში მთავარი, განსაკუთრებული როლი ეროვნული გამოცდების ინსტიტუტს - ახალ რგოლს უნდა შეესრულებინა. ის უნდა ყოფილიყო სკოლადამთავრებულთა სიმწიფის ერთიანი გამოცდები, ასე იყო ჩაფიქრებული. მაგრამ ახალი „ეფექტური“ ღონისძიებების დონეზე ის ახალ მისაღებ გამოცდებად იქნა რეალიზებული. ეროვნული გამოცდები უნდა ყოფილიყო ძირითად საგნებში სკოლის შედეგების შემოწმება. ამ შეფასების, ანუ ატესტატის მონაცემებს აბიტურიენტი გააგზავნიდა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, საიდანაც მიიღებდა დასტურს, ანდა დამატებით პირობას. ეს არის მომავალი სტუდენტისა და უმაღლესი სასწავლების ურთიერთობის ცივილიზებული ფორმა და არა ის, რომ ცოდნის თვალსაზრისით არასაურველი აბიტურიენტი გამზადებული ვაუჩერით მიადგეს თავისთვისაც ხშირად სრულიად გაუგებარ უმაღლეს სასწავლებელს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები, ერთი მხრივ, დაპირისპირებული აღმოჩნდა და თავისი წილი დარტყმა მიაყენა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას, ხოლო მეორე მხრივ, უმადურ სამსახურს უწევს უნივერსიტეტებს. ერთიანი, ცენტრალიზებული გამოცდების შემკვეთი უნდა ყოფილიყო სკოლა, სინამდვილეში კი შემკვეთი არის ეროვნული გამოცდები. ამდენად, ეროვნული გამოცდების შედეგებს, ერთი მხრივ, უმაღლესი სასწავლებელი აპროტესტებს, რომლის შეკვეთაც ამ დონის აბიტურიენტის მიღება არ ყოფილა, მეორე მხრივ, სკოლა არის დაზარალებული იმიტომ, რომ მას მთლიანად ჩამოართვეს შეფასების ფუნქცია. რას აკეთებს ამ პირობებში მასწავლებელი? - სკოლაში აქვს პროგრამა, რითაც ბავშვებს უნდა ასწავლოს. ხოლო როგორც რეპეტიტორი, ასწავლის იმას, რაც ეროვნული გამოცდებისათვის სჭირდება. სხვადასხვა ინტერესებია. ეს გახლავთ დანგრეული შისტემა და ისიც ნათელია, რამ განაპირობა ასეთი შედეგის მიღება?
იმის გათვალისწინებით, რა სურათიც დაიხატა, ბუნებრივია, სისტემა ძალიან სერიოზულ რეფორმას მოითხოვს. მთელი ამ მწარე გამოცდილების მიხედვით, აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა _ მთლიანი სისტემის ხედვით დაწყებული და პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით დამთავრებული. არსებითად ახალი სისტემა უნდა შეიქმნას. ამას დიდი ცოდნა და მოთმინება სჭირდება. როგორც აღვნიშნე, დაწყებით საფეხურზე ნაკლები პრობლემები გვაქვს, შემდეგი საფეხურების კონცეფცია ფუნდამენტურად უნდა დამუშავდეს.
- საკმაოდ ბევრი პრობლემა ჩამოთვალეთ: სასკოლო პროგრამიდან ეროვნული მასალის ამოღება, საატესტატო გამოცდების გაუქმება, ე.წ. პროფილური სწავლება და ა.შ. რას იტყვით, ე.წ. ფინურ მოდელზე?
- დიახ, იდეალურია ბავშვის ინდივიდუალური ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება. მიზნობრივი სწავლებისას სკოლა ძალიან განვითარებული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ფინურ მოდელში მასწავლებელი მთელი დღე სკოლაშია. შრომის ანაზღაურების პრობლემა არ უდგას და, უმთავრესად, ბავშვებთან ინდივიდუალურად, მათი ინტერესების შესაბამისად მუშაობს. თუ ვინმემ ძირითად დროში მოასწრო საჭირო საგნების მომზადება, სახლში მიდის, თუ ვერ მოასწრო, რჩება და მუშაობას აგრძელებს. მასწავლებელი იქამდე რჩება, სანამ ეს ბავშვებს სჭირდება. ჩვენს სკოლაში ხომ ეს წარმოუდგენელია. მასწავლებელს იმის შესაფერის ანაზღაურებას ვერ ვაძლევთ, რასაც სკოლაში აკეთებს. ისიც კი ვერ მოხერხდა, რომ კლასში ბავშვების ოდენობა 20-მდე შემცირდეს. კლასში 30–35 ბავშვია და ეს სრულიად უმართავი პროცესია. საზოგადოდ, ვერანაირი სხვისი, თუნდაც იდეალური, მოდელის მექანიკური გადმოღება ვერ შეუქმნის ვერავის სასურველ პერსპექტივას. ეს რომ შესაძლებელი იყოს, პირველ რიგში განვითარებული ქვეყნები აღარ იქნებოდნენ მუდმივად საკუთარი მიღწევების დაცვასა და გაუმჯობესების ძიებაში. ქვეყანას გოგებაშვილი და უზნაძე ჰყავდეს და სხვაგან დაეძებდეს ეროვნული განათლების აწყობის გასაღებს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ასეთი ძიება `ტაძრამდე ვერ მიიყვანს”. ხალხს გურამ რამიშვილისეული დედაენის თეორია, ანუ ენობრივი განათლების წმინდად ევროპული კონცეფცია, ჰქონდეს და თითისტოლა ბავშვებთან დედაენის დვრიტას კი არ აღვივებდეს, არამედ პირველივე კლასიდან უცხო ენის ინტენსიურ სწავლებას იწყებდეს (თანაც მხოლოდ ერთი პირის აფექტური გადაწყვეტილებით 2008 წლის შოკის საპასუხოდ!), მომავლის გზას რომ ვერ გაიგნებს, ნათელია; ერს რომ სააღმზრდელოდ უმდიდრესი ისტორია და ლიტერატურა ჰქონდეს და ამ საგნების ხარჯზე ისედაც გაჭედილ საგნობრივ ბადეში გაუგებარ „სამოქალაქო განათლებას“ ტენიდეს, უნდა იცოდეს, რომ საბოლოოდ დაკარგავს ადამიანურ, მაიდენტიფიცირებელ ორიენტირებს თანამედროვე გლობალურ სამყაროში.
- როცა ბავშვი სკოლაში დაინტერესებას ვეღარ ნახულობს, ქუჩაში ინაცვლებს. მათ ღირებულებები, ზნე, ხასიათი გაუკუღმართებული აქვთ, რაც წარმოშობს გაუნათლებელ, არაპროფესიონალ კონტინგენტს როგორც მასწავლებლებში, ისე ბავშვებში. ამას, ემატება ტექნოლოგიებისადმი ჭარბი ინტერესიც.
_ დიახ, სერიოზული პრობლემაა ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან, რაშიც ბავშვები ასე გათვითცნობიერებულები არიან. გახსოვთ, კომპიუტერის შეტანა პირველ კლასებში დიდ პროგრესად იყო მიჩნეული. გეხსომებათ, ერთი შუახნის მასწავლებელი ამბობდა: მე ბავშვებს წერაც და კითხვაც კომპიუტერით ვასწავლეო. ეს სწავლებაზე სრულიად არაადეკვატური წარმოდგენაა - პირველ კლასელ ბავშვს ასოების გამოყვანა კომპიუტერით როგორ უნდა ასწავლო?! ეს იყო წმინდაწყლის ქაჯობა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდივიდუალური კომპიუტერების კამპანიით გააკეთა. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში პატარა ბავშვებს კომპიუტერს არ აჯაჭვავენ. ევროპის ბევრ სკოლაში, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, მოსწავლეებს მობილურების შეტანა აუკრძალეს. ჩვენი ბავშვები მობილურებს ვერ შორდებიან და არაფერს სწავლობენ. მასწავლებელიც არ უშლის - ბავშვი მობილურით ერთობა და კლასში ნაკლებს ცელქობს!
ცალკე საუბრის თემაა პედაგოგის მდგომარეობა დღევანდელ სკოლაში. ტრადიციული სკოლა მასწავლებლის ავტორიტეტზე იდგა. იგი არა მხოლოდ საგნის მასწავლებელი, მოძღვარი და აღმზრდელიც იყო. მანდატურის ინსტიტუტის შემოღებამ სკოლას უზარმაზარი დარტყმა მიაყენა. დაჯერებით ვამბობ: ქართულ სკოლას ეს ინსტიტუტი არ სჭირდებოდა, ძალად მოახვიეს თავს. ეს იყო მაშინდელი ტოტალური მართვის პირდაპირი გამოხატულება. როგორც კი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის პოლიციელი დგება, სააღმზრდელო ურთიერთობაც მთავრდება. 
ის უზარმაზარი დრო და ხარჯები, რაც ცრუ სარეფორმო აქტივობებისათვის გაიფლანგა, მასწავლებელთა გადამზადებაზე რომ დაბანდებულიყო, დღეს ჩვენი სკოლა თვისობრივად მაინც ბევრად უკეთესი იქნებოდა. თუკი მონდომება იქნება, ამ მიმართულებით დღესაც შეიძლება რაციონალური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

თამარ შველიძე