ავთანდილ არაბული: ტალახიანი კოკისპირული თავს დაატყდა ქართულ ენას!

ავთანდილ არაბული: ტალახიანი კოკისპირული თავს დაატყდა ქართულ ენას!




ავთანდილ არაბული (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი):

მოვიდა კიდევ ერთი 14 აპრილი – უკვე 43-ე!.
„რა მივულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო?“
„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!..“
დიახ, კიდევ ერთხელ გაგვახსენებს თავს ილია მართლის პირუთვნელი სიტყვაც და არნოლდ ჩიქობავას გაფრთხილება-ანდერძიც: თუ „დედაენის დღეს“ დავაწესებთ, მხოლოდ იმისათვის, რათა ეს იყოს არა ზეიმის, არამედ ანგარიშგების დღე მშობლიური ენის წინაშე!
ჩვენ კი რა პირით, რა ანგარიშით წარვდგებით მისი უდიდებულესობის – ქართული ენის წინაშე, როდესაც ყოველწლიურად – უარესი და უარესი!
ხუთი წლის წინ მივიღეთ კანონი სახელმწიფო ენის შესახებ.
სამი წლის წინ შეიქმნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
თუნდაც ოდნავ თუ დაეტყო რაიმეს?
გადით თბილისის ქუჩებში (რეგიონებს ნუღარ ვიტყვით);
შედით დაწესებულებებში (კერძო სტრუქტურებს ნუღარ ვიტყვით);
შეიხედეთ უნივერსიტეტებში;
ჩართეთ ტელევიზორი;
წაიკითხეთ გაზეთი;
შედით ინტერნეტში…
და თქვენ დარწმუნდებით, რომ ის ტალახიანი კოკისპირული, რომელიც ახალ დროში თავს დაატყდა ჩვენს განათლებულ ენას, უკვე ვერეს ხეობის ნიაღვრად ქცეულა და წალეკვით ემუქრება ჩვენს უმთავრეს ქონებას, ჩვენს საუკუნოვან საგანძურს!
2015 წლის 22 ივლისი საქართველოს ისტორიაში ისეთივე გამორჩეული ასოებით ჩაიწერა, როგორითაც 1978 წლის 14 აპრილი. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო ენის შესახებ.
არ შეიძლება არ ითქვას, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. მანამდე ხომ ამ კანონის იდეამ, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა არ იყოს, რამდენიმე განსაცდელის შრე გამოიარა და ბოლო – ეს იყო ნაცხელისუფლების პერიოდი. მათ არათუ ეს საკითხი გააქრეს დღის წესრიგიდან, არამედ ყველა ის სტრუქტურაც გაანადგურეს, რომელიც სახელმწიფო ენის დასაცავად იყო შექმნილი…
დიდი მოვლენები ისტორიულ გარემოებათა გადამწყვეტი დამთხვევებით ხდება და, როგორც ჩანს, ამ მრავალტანჯული კანონის მიღებაც ამგვარ ბედნიერ დამთხვევას უნდა მივაწეროთ.
ამ წლებში პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი.
ამ დროს მუშაობდა „ქართული ოცნების“ პირველი მოწვევის პარლამენტი.
მაშინ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში იღვწოდნენ: ალ. ქანთარია, გ. ქავთარაძე, თ. ჭკუასელი, შ. ხაბარელი, ზ. პაპუაშვილი, თ. ჯაფარიძე, ფ. ხალვაში, ე. ჩაფიძე, ფ. საყვარელიძე… კომიტეტს კი ხელმძღვანელობდა აკად. ივ. კიღურაძე, ვისმა ნებამაც დიდწილად განაპირობა ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარმატება.
და მაინც… ამ პირობებშიც ორ-ნახევარი წელიწადი დასჭირდა ამ კანონის მიღებას.
რა გასაკვირია და ენის მდგომარეობა ყველაზე პირდაპირი ამსახველია ქვეყნის ბედისა და ისტორიისა.
არცერთ პოსტსაბჭოურ (ახალ) სახელმწიფოში არ გაძნელებულა ისე ენის კანონის მიღება, როგორც ჩვენს ქვეყანაში.
ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1989–90 წლებში მიიღეს სახელმწიფო ენის კანონები.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა – 90-იანი წლების დასაწყისში…
საზოგადოებას ახსოვს, ჩვენი ეროვნული მოძრაობა მხარს უსწორებდა და ზოგჯერ უსწრებდა კიდეც ბალტიისპირულს.
ქართული სახელმწიფო ენის კანონის პირველი მონახაზიც, ბალტიისპირელთა კვალად, 1989 წელს შეიქმნა.
მაგრამ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და მის სულსა და გულს – სახელმწიფო ენას არაერთი საბედისწერო, ღალატიანი და მარცხიანი გამოცდა დახვდა წინ.
90-იან წლებში კიდევ რამდენიმე ცდა იყო ენის კანონის შემუშავებისა, ისე, რომ 2002 წლისათვის კანონპროექტი საკმარისად იყო მზად განხილვისათვის, მაგრამ კვლავაც გარემოებათა უარყოფითმა ბალანსმა შეაფერხა ეს საქმე.
ამიტომაც აღვნიშნავთ 2015 წლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ამ ბოლო მცდელობას ნაკლები წინააღმდეგობა არ დახვედრია წინ. საზოგადოებას უთუოდ ახსოვს, როგორი გამძაფრებით აღუდგნენ წინ ამ ინიციატივას პილიტიკურად ანგაჟირებული ჩვენივე კოლეგები, ცალკეული პარტიები და პოლიტიკოსები, არასამთავრობოები (თითქმის უგამონაკლისოდ), სახელმწიფო სტრუქტურებში მყოფი განსხვავებული იდენტობის სუბიექტები (საკმაოდ მოურიდებლად), უცნაურად ირჯებოდა უშიშროება… არც მაშინდელი „ქართული ოცნების“ კოალიცია იყო ერთგვაროვანი. კანონპროექტი ჯერ ინიცირებულიც არ იყო (მხოლოდ საკანონმდებლო წინადადების სახით არსებობდა), როდესაც „წინასწარი დასკვნისათვის“ აღმოჩნდა მიჩუმათებით გაგზავნილი ვენეციის კომისიაში. იქიდანაც არ დაუყოვნებია უკიდურესად უარყოფით დასკვნას, რომელიც მხოლოდ მოცულობითაც კი სამგზის აღემატებოდა ჩვენს კანონპროექტს და ამ ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფ იდეას მომავალ მრავალმხრივ უბედურებათა სათავედ სახავდა. რაც მთავარია, დასკვნების უმეტესობა არაობიექტური, უსამართლო და, ზოგჯერ, უცერემონიოც კი იყო; ისეთი პათოსით იყო დამუხტული, თბილისში დაწერილი გეგონებოდათ! ამიტომაც გადავდგით თითქმის უპრეცედენტო ნაბიჯი – გავეცით არანაკლები მოცულობის, დეტალური პასუხი ამ კომისიის ექსპერტთა დასკვნაზე. დასათანხმებელს დავეთანხმეთ, მაგრამ ღიად მივუთითეთ, რომ ან ჩვენი კანონპროექტის მათთვის მიწოდებულ ვერსიაში იყო პრობლემა, ანდა უკიდურესად ტენდენციურად უყურებდნენ ეს ექსპერტები საქართველოს სურვილს, მოეწესრიგებინა საკუთარი ენობრივი „მეურნეობა“; კერძოდ, იმას, რასაც ისინი სხვა ქვეყნებში სანიმუშოდ სახავდნენ, საქართველოსთვის ლამის დანაშაულებრივ, დისკრიმინაციულ განაზრახად წარმოაჩენდნენ. საბედნიეროდ, რეაგირებამ გაჭრა და კანონპროექტის ინიცირების სივრცეც გაიხსნა…
აღნიშნული წინააღმდეგობების საპირწონედ მხარდამჭერი საზოგადოების აქტიურობაც გამოიკვეთა: კანონპროექტი რამდენიმეგზის განიხილეს და მხარდაჭერა გამოხატეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, სასულიერო აკადემიამ, რუსთაველისა და დემოგრაფიულმა საზოგადოებებმა, მწერლებმა, მასწავლებლებმა… რაც მთავარია, მოულოდნელად გამოჩნდა მხარდაჭერა ევროსაბჭოს თბილისის ოფისიდან. ამ ახალგაზრდებმა, რომელთაც მართლაც აჩვენეს საქართველოს მომავლის საღი ხედვა, სპეციალური კონფერენცია გამართეს ყვარელში ჩვენი ქვეყნის უმცირესობათა ენობრივ პრობლემებზე და სახელმწიფო ენის კანონი სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ ამ ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთა შორის უმცირესობათა წარმომადგენლებიც იყვნენ, მართლაც ევროპულად, ანუ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე აღმოჩნდა. ეს გარდატეხის წერტილს ნიშნავდა…
აქ ერთი უნდა აღინიშნოს: ამ მიმართულებით ხანგრძლივი საკანონმდებლო წარუმატებლობის მიზეზი ისიც იყო, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ არსებითად ვამუშავებდით არა სახელმწიფო ენის კანონს, არამედ კანონს ენობრივი პოლიტიკის შესახებ საქართველოში და საკმაოდ გვიან ვიპოვეთ ამ იდეის სწორი ფორმულირება. ამის აღნიშვნა იმიტომაც არის საჭირო, რომ ზოგიერთს დღესაც ვერ გაუგია, თუ რას ემსახურება 2015 წლის კანონი – სახელმწიფო ენას თუ ენობრივ პოლიტიკას საქართველოში! მეტიც, მათ ვერ დაუნახავთ პრინციპული განსხვავება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის არსსა და ენის სახელმწიფო პალატას შორის, რომელიც ვარდების რევოლუციის დამანგრეველ ტალღას შეეწირა.
ქართული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ საკმაოდ გაწონასწორებული გამოვიდა, ის ადეკვატურად ასახავს იმ ენობრივ ვითარებას, რასაც შესაბამისი დროისათვის არსებული სინამდვილე წარმოგვიდგენს. მას, როგორც ყველა ანალოგიურ კანონს, აქვს სუსტი წერტილებიც და ძლიერი მხარეებიც. მაგალითად, ჩვენი კანონის მონაპოვარია მუხლი ქართველური ენების შესახებ: 4.3. „სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე“. ვისაც ენობრივ პოლიტიკა ესმის, უთუოდ დაინახავს, რომ ამით სახელმწიფო ენაზე მეურვეობის არეალში მოექცა ქართველი ერის მთლიანი ენობრივი მემკვიდრეობა და, იმავე დროს, ხელშესახები ზღვარი გაევლო ჩვენი ქვეყნის ენობრივი მრავალფეროვნების სივრცეში მიმდინარე და შესაძლებელი პროცესებისაგან. რა გასაკვირია, თუ კანონის აღსასრულებლად მოსულმა ამავე კანონის მოწინააღმდეგეებმა უწინარესად სწორედ ამ მუხლს შეუტიეს!
მიღებული კანონის ამოქმედება უნდა უზრუნველეყო იმ სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელსაც კანონის საფუძველზევე ეწოდა „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი“ და მთლიანად განესაზღვრა ის ფუნქციებიც, რომელთა აღსრულებაც კანონის სიცოცხლისუნარიანობის გარანტი იქნებოდა. კანონის ინიციატორმა კომიტეტმა იმაზეც იზრუნა, რომ დეპარტამენტის სტრუქტურა და დებულება კანონის მიღებისათვის უკვე შემუშავებული ყოფილიყო. დეპარტამენტი უნდა შექმნილიყო 30 კვალფიციური პირის შემადგენლობით, ოთხი ძირითადი სტრუქტურით, რომელთაგან თითოეული გადამწყვეტ როლს შეასრულებდა კანონის მოთხოვნათა განხორციელებაში; რაც მთავარია, სახელმწიფო ენის კომისია დეპარტამენტის ერთ-ერთ უმთავრეს სტრუქტურად იყო მოაზრებული. დეპარტამენტი 2016 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო!..
კანონის მიღებას საბედისწეროდ დაემთხვა მთავრობის მეთაურის ცვლილება და ახალმა პრემიერმა კვირიკაშვილმა მთელი ორი წლის განმავლობაში უარი თქვა მიღებული კანონის აღსრულებაზე. ამასობაში პარლამენტიც შეიცვალა და კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ მ. ჯაშმა დავალება მიიღო, რევიზია ეყო ჯერ აუმოქმედებელი კანონისათვის. კანონს ვერაფერი დააკლეს, მაგრამ თავიანთი უკანონობის დასაფარად ის კი მოახერხეს, რომ კულუარულად მიიღეს შესწორება დეპარტამენტის შექმნის ვალდებულების გადაწევის შესახებ 2018 წლისათვის.
რაკი კანონის შეჩერება ვერ მოახერხა, კვირიკაშვილმა გადაწყვიტა ისეთი სტრუქტურა შეექმნა, რომელსაც ქმედუნარიანობა საფუძველშივე დაკარგული ექნებოდა.
ამასობაში სრულად ამოქმედდა ქართული დეიდა-მამიდური პროტექციონიზმი და ის ადამიანები, ვინც ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა კანონის მიღებას, ახლა საკუთარი შვილებისა და ბიძაშვილების გასაყვანად უტალახებდნენ ხელისუფლებას კარს. – ბევრი კანდიდატია, – თქვა ერთხელ მ. ჯაშმა, – ხან ვფიქრობთ, კონკურსი ხომ არ ჩავატარო თ. – ვერ ჩაატარებთ, – ვუთხარი მე, – რადგან, 50-კაციანი სიაც რომ გქონდეთ, ვინც თქვენ გინდათ, ის სულ ბოლო აღმოჩნდება!
დეპარტამენტის 30-წევრიანი შემადგენლობის დაკომპლექტების არსებითი პირობა იყო ნამდვილი პროფესიონალების შერჩევა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ შეიძლება დაკომპლექტდეს არაპროფესიონალებით, ასევე დაუშვებელია სახელმწიფო ენის „დაავადებათა კონტროლის ცენტრი“ შედგეს სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირებისაგან. ასეთი პროფესიული კვალიფიკაცია აქვს ფილოლოგთა ორიოდე ჯგუფს: სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის სპეციალისტებსა და ტერმინოლოგებს. სამწუხაროდ, ინსტიტუტების დანგრევის გამო მათი რაოდენობა მეტად შემცირებულია. ორი ხელის თითები გვეყოფა ნორმების ექსპერტთა ჩამოსათვლელად, ხოლო კვალიფიციურ ტერმინოლოგებს ერთი ხელის თითებზეც აღვნუსხავთ. და როგორი წარმოსადგენია ის, რომ არცერთი მათგანი არ არის დეპარტამენტის წევრი!..
დიახ, კვირიკაშვილმა დეპარტამენტი შექმნა არა 30 კაცით, არამედ ამისი მესამედით და ეს შემადგენლობა დააკომპლექტა არა პროფესიონალური, არამედ პოლიტიკური ნიშნით. ეს ნიშანი (პროფესიულის საპირისპიროდ) „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაც რომ გატარებულიყო, მაინც კატეგორიულად მიუღებელი იქნებოდა ჩვენთვის; მაგრამ როცა ეს პოლიტიკური ნიშანი სრულიად საწინააღმდეგო ფრთას წარმოადგენს, მართლაც გაუგონარი უტიფრობაა!
სად არიან ახლა „ოცნების“ რჩეულნი – ჯაში და კვირიკაშვილი? როგორც იტყვიან, ისინი კი არიან თავიანთ გზაზე, მაგრამ რა ეშველება მათ მიერ ქართული ენის საზიანოდ გავლებულ უკუღმართ ხნულს?! როდის მიეხედება ამ მახინჯად შექმნილ სტრუქტურას? თუკი ვინმეს ინკოგნიტო დამსახურებაა დასაფასებელი, რაღა სახელმწიფო ენის ინტერესების ხარჯზე, განა ამისათვის რომელიმე მარეგულირებელი კომისია არ აჯობებდა?!..
კიდევ ერთი არსებითი პირობა დაირღვა სახელმწიფო ენის კანონისა და შესაბამისი სტრუქტურის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის: კანონის აღსრულება ორი სტრუქტურის – დეპარტამენტისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის – ტანდემს უნდა დაჰფუძნებოდა. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ეს პოზიცია ისტორიულ კანონზომიერებად ჩამოყალიბდა და არა – მიკერძოებულ უპირატესობად, როგორც იმ დროს ზოგიერთმა მოახერხა ამ საკითხის წარმოჩენა. კერძოდ, კოორდინაციის ეს გამოცდილება ყალიბდებოდა მას შემდეგ, რაც 1953 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან შეიქმნა „სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია“ და მისი საბაზო კვლევითი დაწესებულების ფუნქცია ენათმეცნიერების ინსტიტუტს მიენიჭა, მეტიც, მომდევნო წლიდან ამ ინსტიტუტში შეიქმნა სპეციალური (ჯერ – სალიტერატურო ენის ნორმების, შემდეგ კი – ქართ. მეტყველების კულტურის) განყოფილება, რომელიც უწყვეტად ემსახურებოდა ქართული ენის ნორმატიული უზრუნველყოფის საქმეს.
რაღა ბევრი გავაგრძელოთ, მიზანმიმართულად დაირღვა ყველა ის პრინციპი, რასაც ჩვენს არცთუ დალხენილ პირობებში მეტ-ნაკლებად უნდა შეესხა ხორცი იმ განაზრახისათვის, რაც უკვე წარმოჩენილ საკანონმდებლო იდეაში იყო ჩანერგილი.
არ შეიძლება ამ კონტექსტში კიდევ ერთი ფაქტი არ აღვნიშნოთ: იმავე დროს, როდესაც სახელმწიფო ენის კანონისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა, კიდევ ერთი „მონათესავე“ პროექტი განხორციელდა კულტურის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით. ეს იყო ნომინაცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, რომელსაც 2016 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკაცობრიო ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ეს დოკუმენტი, რომლის არსებობაც ბევრისთვის დღემდე უცნობია, წარმოადგენს მნიშვნელოვან ეროვნულ პროგრამას ქართული ენის მომავალი განვითარებისათვის, მხარდაჭერილს იუნესკოს მიერ. დეპარტამენტში კი კვლავაც ორბორბლიანი ველოსიპედის გამოგონებით არიან გატაცებულნი!..
მაშინ, როდესაც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დაფუძნებას საეჭვოდ აჯანჯლებდნენ, კომიტეტის თავმჯდომარეს (მ. ჯაშს) მიუკიბავ-მოუკიბავად ვუთხარი: ჯობია სულაც არ შეიქმნას ეს სტრუქტურა, ვიდრე ისეთი შეიქმნას, რომელიც იდეის დისკრედიტაციას გამოიწვევს!
ახლა ყველა ხედავს, რას წარმოადგენს ეს დიდი სახელის, მაგრამ მკვდრადშობილი სახელმწიფო უწყება: სამი წელი ისე გავიდა, არათუ რაიმე ხმამაღალი განცხადება, ერთი წამოკნავლებაც არავის გაუგონია დეპარტამენტის სახელით. ყველაფრის მცოდნე ჟურნალისტებსაც კი ვერ მიუგნიათ, სად არის და რას აკეთებს ეს ნაოცნებარი „სანიტარი“ ჩვენი სავალალო ენობრივი მდგომარეობისა.
არადა მაშინ, როდესაც ჩვენი კანონპროექტის ბედი ჯერ კიდევ სასწორზე იდო (2014 წ.), საკუთარ ქვეყანას იკლებდა სომხეთის შესაბამისი უწყების (იქ სამინისტროსთან არსებობს სახელმწიფო ენის დაცვის ინსპექცია) ხელმძღვანელი, – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კანონით განსაზღვრული ჯარიმა უნდა დაეკისროს, რადგან მან სახელმწიფო ენის კანონი დაარღვია, კერძოდ, რუს კოლეგასთან დიალოგი რუსულ ენაზე წარმართაო. ხომ ცნობილია სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ რუსული ენის ექსპანსიაზე საუბარსაც კი არ ერიდებოდნენ ინტერნეტში თუ პრესაში. 
იქნებ ჩვენი სახელმწიფო ენაა ისეთ იდეალურ მდგომარეობაში, რომ შესანიშნი და გამოსასწორებელი არაფერია?
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს:
სამი წელია დეპარტამენტი არსებობს და ჯერ არცერთი მიმართულებით არ შეუმჩნევია ქვეყანას მისი არსებობა:
არც გარე წარწერების (რასაც თვალი უწინარეს ხედავს) სფეროში;
არც მასმედიის სფეროში;
არც განათლების, კერძოდ, სახელმწიფო ენის სწავლების სფეროში;
არც არაქართულენოვანი რეგიონების ენობრივი ადაპტაცია-ინტეგრირების მხრივ;
არც ოფიციალურ-საქმიან სფეროში;
არც სამეცნიერო-პრატიკული რესურსებით, სპეციალური პროგრამებით უზრუნველყოფის მიმართულებით…
არადა, მაშინდელი საკუთარი სიტყვების მრცხვენია – სკეპტიკოსებს ვარწმუნებდი: კანონს მივიღებთ თუ არა, ორიოდე თვეში დაეტყობა ჩვენს დედაქალაქს, შემდეგ კი – რეგიონებს…
ზემოქმედების ბერკეტები არა გვაქვსო, – მიზეზს რა დაულევს უგერგილოს! საკმარისი ბერკეტები არსებობს ამ კანონშიც და რეკლამისა და მაუწყებლობის კანონებშიც, რომ დარღვევების უმეტესობა აღმოიფხვრას.
გარდა ამისა, კანონი ყველა წვრილმანს ვერ მოიცავს. სამაგიეროდ კანონი დეპარტამენტს აკისრებს მოვალეობას, – დაადგინოს წესები გარე წარწერების სფეროში: 25.2: „ამ წარწერათა არასახელმწიფო ენაზე (მათ შორის – უმცირესობის ენაზე) წარმოდგენის წესებს განსაზღვრავს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.“
მაშ, სად არის ეს წესები?!
დეპარტამენტს უნდა დაეწესებინა მუდმივი ზედამხედველობა მასმედიის ძირითადი საშუალებებისათვის და გარკვეული პერიოდულობით (კვარტალში ერთხელ მაუნც) ჰქონოდა მათთან პრინციპული საუბარი ძირითადი პრობლემების შესახებ. თუ მხოლოდ დეპარტამენტი ვერ ხედავს, ნორმების დაცვას ვიღა ჩივის, სიძულვილის ენისა და სკაბრეზის რა ნიაღვარი მოდის მედიასაშუალებებიდან?!
დეპარტამენტს ევალება იზრუნოს იმაზე, რომ სახელმწიფო ენის სწავლების ვალდებულება აღასრულოს ყველა ტიპის უმაღლესმა და პროფესიულმა სასწავლებელმა.
დეპარტამენტმა უნდა შეიმუშაოს ღონისძიებები, რათა სახელისუფლებო სტრუქტურებმა უზრუნველყონ რეგიონების მოსახლეობის მოთხოვნები სახელმწიფო ენის ცოდნის გასაღრმავებლად (კანონის 6.5: „საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთათვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დაუფლების შესაძლებლობას“.). არადა, გასული ერთი წლის კოვიდპანდემიამ უმწვავესად წარმოაჩინა მოსახლეობასთან ელემენტარული კომუნიკაციის პრობლემები. ამას ყველა ამჩნევდა და აღნიშნავდა, დეპარტამენტის გარდა.
დეპარტამენტს ევალებოდა სამი ძირითადი მიმართულებით შეემუშავებინა სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფო პროგრამები. ეს სამი მიმართულებაა: ა) სახელმწიფო ენის შესწავლა-სწავლება; ბ) სახ. ენის კვლევა, მისი ერთიანი ლექსიკოგრაფიული უზრუნველყოფა, ნორმებისა და ტერმინოლოგიის შემუშავება; გ) სახელმწიფო ენის ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. რა გასაკვირია, თუ ამათ სახელმწიფო პროგრამაც ისე გაიგეს, თითქოს იმ პროექტებისა და გამოცემების ნუსხა უნდა შედგინათ სახელმწიფო დაფინანსებისათვის, რომლებიც პირად გეგმებში ჰქონდათ.
დეპარტამენტს კანონით ევალება შეიმუშაოს და საზოგადოებას მიაწოდოს ის აუცილებელი ენობრივი ნორმები და ტერმინოლოგიური სტანდარტები, რაც ყველაზე აქტუალურია ჩვენი თანამედროვე ენობრივი მეურნეობისათვის. განსაკუთრებით ტერმინოლოგიის სფეროში შეიქმნა გამოუვალი მდგომარეობა, უსანქციოდ შემოჭრილმა ტერმინებმა, ბარბარიზმებმა გაავსო საინფორმაციო სივრცე. დეპარტამენტს, კერძოდ, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიას ევალებოდა შეემუშავებინა ტერმინოლოგიის დადგენისა და გამოყენების ნორმები.
სად არის ეს ნორმები?! თუ დეპარტამენტისთვის ის აქტუალური არ არის? თუმცაღა, დეპარტამენტმა ამ მიმართულებით მაინც გადადგა ორიოდე კუს ნაბიჯი – გამოსცა ე.წ. „გავრცელებული ენობრივი შეცდომების ლექსიკონი“ და მართლწერის მცირე ბიულეტენი. ეს უკანასკნელი ოდნავადაც ვერ უპასუხებს ამ სფეროს თანამედროვე მოთხოვნებს. რაც შეეხება კომპილაციურ-პლაგიაციურ ლექსიკონს (თურმე კვირიკაშვილის შეკვეთით მოხლაფორთებულს), უზუსტობებს რომ თავი დავანებოთ, ის თავისი არსით ბრომლეის ინსტიტუტის შეკვეთით გაკეთებული გეგონებათ. დიახ, იყო რუსეთში ასეთი შოვინისტური ბუდე – ბრომლეის ინსტიტუტი, რომელიც რესპუბლიკებში რუსული ენის გავრცელების ინტენსივობას შეისწავლიდა. გზადაგზა ის აქვეყნებდა მკაცრ მამხილებელ წერილებს, ქართულში ამდენი სიტყვაა რუსულიდან შესული (სტოლი, პოლი, პატალოკი, ფეჩი, სპიჩკა, რული, გრუზავიკი…) და ქართველი მეცნიერები კი ამას ლექსიკონებში არ ასახავენო. მართლაც, არა მხოლოდ სალიტერატურო ენის, დიალექტურ ლექსიკონებშიც არ შეჰქონდათ ჩვენს ლექსიკოგაფებს რუსული ბარბარიზმები და ამით ქმნიდნენ ქართული ენის განვითარების გონივრულ სტრატეგიას. დეპარტამენტში კი, თუ სადმე ვინმეს რამე უცხო სიტყვა წამოსცდა, ყველას დაფიქსირება გადაუწყვეტიათ, რითაც დამატებით არხს უხსნიან ამ „ბარბარიზმების“ დამკვიდრებას. ნუთუ მართლა ჰგონიათ მათ, რომ ისეთი სიტყვები, როგორიცაა სთოქი, სიქლივი, სტაფი, სფიჩი, სქილები, ტანტიემი, ფეისი, ფიდბექი, ჩელენჯი, ლოგაუთი, ლუგერი… მათ შორის – რუსული: ჟეშტი, ჟიდკოსტი, რემენი, რიჩაგი, რუჩნიკი, ტორმუზი და სხვ. და სხვ. მართლაც ასე გავრცელებულია ქართულ ენაში? არა გვჯერა, რომ ნამდვილად ასე ჰგონიათ, ამიტომაც ვეჭვობთ, რომ ბრომლეურ საქმეს ემსახურებიან.
სულ ახლახან (19.03) საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ანგარიში მოისმინეს. სამწუხაროდ, ისე დაემთხვა, რომ ეს აღმოჩნდა ქალბატონ თეა წულუკიანის ყოფნის ბოლო დღე ამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე; ამიტომაც პრობლემის არსში გარკვევის ამ მცდელობამაც ამაოდ ჩაიარა. იმ ცაიტნოტში სათქმელის თქმაც ვერ მოხერხდა… როგორც ჩანს, დესტრუქტივისტებსა და დეკონსტრუქტივისტებს ჩვენს ქვეყანაში კვლავაც ამინდი უდგას. ნიშანდობლივია, რომ ამ საკანონმდებლო სივრცეში სულაც არავის გახსენებია ის ახალი რეალობა, რომელშიც გვიწევდა სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება სახელმწიფო ენის სფეროში. სახელდობრ: საქართველოს ახალმა კონსტიტუციამ მნიშვნელოვნად შეცვალა სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი, თანაც – ცვლილება მოხდა გაუმჯობესების კუთხით…
გავიხსენოთ: 1978 წლის 14 აპრილის გამოსვლა საბჭოთა იმპერიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას მოჰყვა. საგულისხმოა, რომ მაშინდელი საქართველოს საბჭოურ კონსტიტუციაში, კომუნიზმის გაბუქულ იდეალებს შორის, შესაბამისი ფორმალური მუხლი მხოლოდ 75-ე ადგილს იკავებდა! მაგრამ ფაქტია, რომ ის მაინც იძლეოდა ეროვნული ენის დაცვისა და, თუნდაც, საკანონმდებლო უზრუნველყოფის საშუალებას. სწორედ მის საფუძველზე ვცდილობდით 80-იანი წლების ბოლოს სახელმწიფო ენის კანონის შემუშავებას…
დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია უკვე მე 8 მუხლს განუკუთვნებს სახელმწიფო ენას, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს. სწორედ ამ მუხლის საკანონმდებლო უზრუნველყოფას წარმოადგენს 2015 წელს მიღებული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ.
საქართველოს უახლესმა კონსტიტუციამ კიდევ უფრო აამაღლა სახელმწიფო ენის რანგი, მას მიუჩინა მე 2 მუხლის („სახელმწიფო სიმბოლოები“) მე 3 პუნქტი და იქვე ისიც განსაზღვრა, რომ „სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით“.
ეს უკვე სრულიად ახალი რეალობაა. ამიტომაც ამ ეტაპზე (კანონის მიღებიდან 5 წლის შემდეგ) უკვე იმაზე უნდა ვმსჯელობდეთ, რა საკანონმდებლო ინიციატივებს მოითხოვს სახელმწიფო ენის ახალი კონსტიტუციური სტატუსი და არა იმაზე – როგორ ვიხსნათ სახელმწიფო ენის იდეა სრული დისკრედიტაციისაგან! ცხადია, ცდის ახალი ეტაპი წინაა, მაგრამ ვისთან ერთად – ვისაც კანონების წაკითხვაც არ შეუძლია?!..
გულისხმიერი მკითხველი უთუოდ ხვდება, რომ ბევრი ფრჩხილი ჯერაც გაუხსნელი რჩება, მაგრამ ერთი რამ, ვფიქრობთ, აშკარაა: სახელმწიფო ენის კანონის იდეა უკვე გადარჩენას საჭიროებს, უპირველესად კი – იმ გაურკვეველი სტრუქტურისაგან, რომელსაც დეპარტამენტი ჰქვია.

,,საერთო გაზეთი"