აკლდამა

აკლდამა




აკლდამაში იმ დღესაც ჩვეულებრივად გათენდა, შეინიშნებოდა რაღაც არაჩვეულებრივიც. ქართველ პოლიტიკურ გვამთა პალატებიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, ირგვლივ სრული დუმილი სუფევდა. ვიწრო, სამკუთხედი ფანჯრებიდან მონაცრისფრო შუქი შემოდიოდა. ჯერ ადრე იყო, ყველას ეძინა, წუხელ გრძნეული ღამე გამოვიდა, მიხარაბ სააკაშვილის ლექციამ წაიღო ბევრი დრო. შემდეგ თიმურ ალასანიამ მოინდომა სიბრძნეთა ფრქვევა, ქურუმთ ქურუმმა. წუხელ საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა, მთავარ ქურუმ თიმურის მრჩევლად კოტე კემულარია დაინიშნა. ბატონ კოტეს უთხრეს, ამიერიდან აკლდამის ახალ წევრთა მოზიდვა გევალებაო, ასევე გააკონტროლებ, ვინ გადის აქედან და ვინ შემოდის იქიდანო, ანუ რა დროს იღება და იხურება სარკოფაგებიო. კოტემ თავიდან იუარა, დავბერდი, ძვლები გამიცვდა, ხორცი გამიმყიფდა, სული დამიმძიმდა, ამდენი სად შემიძლიაო? თუმცა, გაიგო რა, ამ საქმეში ქურუმ თიმური კაი მაყუთს იძლევაო, ეგრევე დასთანხმდა.

დღის 12 საათი წამოსულიყო. აკლდამაში მავნებმა ფუთფუთი დაიწყეს. ბოლო სარკოფაგიდან თენგიზ კიტოვანის ხვნეშა გაისმა: ამის დედის პროჭიცაო, ერთი სურათის ხატვა დავიწყე, 80 წელიწადია ვხატამ და ჯერაც ვერ დავამთავრეო.

- მაიცა, რა, თენგოჯან, რა გეჩქარება? - გაისმა ნაცნობი ხმა.

- ვა, ბუბაჯან, აქ საიდან გაჩნდი, შე ჩემა, ეხლა შენა პარლიამენტში არ უნდა იჯდე? - ჩაიხითხითა თენგომ.

- ჩუუუ!

- რა ჩუუუ?

- ქურუმ თემურმა არ გაგვიგოს, თორემ ეგრევე დაგვსჯის, მაგ თემაზე ღადავს ვერ იტანს, ვერან.

- ეეეჰ, რა დრო დადგა? აქეთ გორას რო წიხლსა ვკრამდი, იქით გორას კიდენა ძვრას ვუზამდი ხოლმე, რკონში რო გავვარდი, გახსომს?

- მახსომს, თენგოჯან, მაგას რა დამავიწყებს? ისე, ქურუმ თემურმა კოტე რო დანიშნა მთავარ მრჩევლად, შენ რა, არ გეკუთვნოდა ეგ თანამდებობა? ვერ გავიგე, გამოცდილება გაკლია თუ ჭკუა და გონება?

- რავი, მაგაზე ველაპარაკე და ეგრევე დამახალა, სანდო არა ხარ, რკონში ან სადმე რო გავარდე, მერე სადა გდიოვო? მართალია გავარდნის ტრაკი აღარ გაქვს, მაგრამ მაინც ვერ გენდობი, შე ჩათლახოვო, მე და შენ ერთნაირი ჩათლახები ვართო.

- ჰოოო, ეგ კი მართალი უთქვამს, აი! - გადაიხაჩხაჩა ბუბამ.

პირველს რომ პრაწი-პრუწი აკლდა, ზარი დარეკეს. კიდევ გავიდა ცოტაოდენი პრაწი-პრუწი და კოტე კემულარიამ საგანგებო ტონით, გრძნეულებმა რომ იციან ხოლმე, გამოაცხადა:

- ძვირფასო ამხანაგებო, ქურუმთ ქურუმ თიმურის, დიდი მიხარაბის ძიის სურვილია, სიმაღლის მიხედვით დარბაზში მოეწყოთ, რათა ამოვიკითხოთ გრძელი სია ჩვენი არსობისა!

- აუუუ, თქვენ თუ შიგ არა გქონდეთ, რააა! - აკვნესდა გორისრაიონელი ჰირაკლა.

- ხმა ჩაიკმინდე, რუსეთის მონავ! - წაისისინა მაია ნადირაძემ.

- შენა, გოგო, თავი ხო არაფერ მიარტყი?! - იუკადრისა ჰირაკლამ.

- არა, ბიჭო, მე მოვხრიგინობდი რუსეთიდან ,,ზილით", არა? შე სპორტულებიანო პეპელავ! - ისევ წაისისინა ნადირაძემ.

ორ საათს რამდენიმე პრაწი-პრუწიღა აკლდა, დარბაზი კარამდე გავსებულიყო. აკლდამის წევრნი მთლად სიმაღლის მიხედვით ვერ დამდგარიყვნენ, მაგრამ წესრიგიანობა მაინც იგრძნობოდა. დარბაზში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. თუმცაღა, რა უნდოდა ბუზს აკლდამაში? არა, კი იყვნენ ბუზები ადრე, სანამ ქურუმთ ქურუმად თიმურს აირჩევდნენ... იყვნენ და მშვენიალურადაც დაფრინავდნენ, მაგრამ ამან, ამ ახალმა ვერ ვიტანო, ხშირად ხაშლამის ჯამში ცვივიანო, თანაც პანდემიააო, გარეთ მიფრინავენ, მერე მოფრინავენ და დიდად საშიშნი არიანო. პრინციპში, მართალიც იყო, ჭკვიანურად მოიქცა, კაკებეში მაგის მეტს რას ასწავლიდნენ? ამაზეა ნათქვამი, კაცმა ძველი ცოდნა ჭკვიანურად გამაიყენაო.

- სმენა იყოს და გაგონება! - დასჭყივლა კოტე კემულარიამ, - ვკითხულობ სიასა: მერაბიშვილი ივანე!

- აქა ვარ, თუ ამას ყოფნა ჰქვია, - ჩაიბუყბუყა ივანემ.

- რა პრეტენზია გაქვს ამ ცხოვრებასთან, მერაბ? - გაისმა მოულოდნელად კულისებიდან ნაცნობი ხმა. ის იყო, ქურუმთ ქურუმი თიმური.

- არა, არაფერი... თუმცა...

- რა თუმცა?!

- სახელის გადაკეთება მინდა.

- რათა?

- ის ივანიშვილია, მე კიდე ივანე, ნერვები მეშლება.

- ჰოოო... ნამდვილად მოსაშლელია, შენი სახელი იმის გვარს ემთხვევა... კარგია, რომ ეს საკითხი წამოჭერი, მე და მიხარაბი რამეს მოვიფიქრებთ, - მბრძანებლური ტონით დაასრულა ქურუმთ ქურუმმა.

- ბურჯანაძე ნინო! - განაგრძო კოტემ.

- არ არი, პუტინს ხვდება მოსკოვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორღობეში, გაერთიანებული ოპოზიციისთვის ისრები უნდა ჩამოიტანოს, - ,,გააპრავასავით" ხათქუნა გოგორიშვილმა.

- ისრები რა ფეხებად გვინდა? - გადმოკარკლა თვალები ჰირაკლამ.

- ჯერ სათითაოდ უნდა დავამტვრიოთ, შემდეგ შევკრათ და ვერ უნდა გადავამტვრიოთ, - მიუგო ხათქუნამ.

- ჰო, მერე?

- ვერ მიხვდი?

- ვერა, ჭურჭლის მტვრევა გამიგია, ქვევრისაც, ისრების მტვრევა არ გამიგია!

- ჰირაკლ... ძველად ცხოვრობდა მეფე, რომელსაც ოცდაათი შვილი ჰყავდა. ერთ დღესაც, როდესაც იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მან უხმო შვილებს და სთხოვა მათ 30 ისრის მოტანა. შეკრა ისინი ერთ კონად და გადატეხა დააპირა, მაგრამ ვერ გადახეტა. შემდეგ თითო-თითოდ სცადა ისრების გატეხა, და ადვილად შეძლო ეს. ამის შემდეგ შვილებს უთხრა, თუ ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ გაგტეხთ, როგორც მე ვერ გავტეხე შეკრული ისრების კონა. თუ დაშორდებით ერთმანეთს, ცალ-ცალკე მტერი ადვილად დაგლეწავთო, - აუხსნა ქურუმთ ქურუმმა ოფიციალური ტონით.

- რავი, არ მომწონს ეგ ზღაპარი, ,,კომბლე" უფრო დამაჯერებელია.

- ქურუმთ ქურუმო, ჩემი გაგებით, ჰირაკლა უნდა ჩავსვათ ნაუბახტში და ვაიძულოთ, წაიკითხოს სულხან-საბას იგავები და არაკები, - მიმართა უმფროსს კოტემ.

- მე არ ვარ ასეთი მკაცრი სასჯელის მომხრე! - გადმოდგა ერთი ნაბიჯი გრიგოლ ვაშა-ვაუშაძემ.

- არადა, აშკარად დასასჯელია ეს სამგლე, ესა! - გამოსძახა თიმურმა.

- მაშინ ჯერ ,,ნაცარქექია" გაიზეპიროს... სხვათა შორის, თავის დროზე მეც ეგრე დამსაჯეს, - ჩაეღიმა ვაშა-ვაუშაძეს.

- კარგი, დაე გაიზეპიროს ,,ნაცარქექია" ჰირაკლამ, წაათრიეთ გამკაცრებულ სარკოფაგში, თუ ვერ გაიზეპიროს, სპორტულები ჩააცვით, წიხლი ჩააზილეთ და მარჯვენა ყურში ჩააფსით!

- ეეეჰ, ეს უფრო მკაცრი გამოდის, - ჩაიდუდუნა ვაშა-ვაუშაძემ, მაგრამ მეტად აღარ გაუპროტესტებია, გულში გაიფიქრა, ერთი თქვენი კეთილებიცო.

- ხაბაზი კობა!

- ქობულეთშია წასული, ფუტკრის ნახირი უნდა გეიყვანოს მინდვრის ყვავილნარში! - დაიძახა გიგილო უგულავამ.

- ჰოოო... კარგია, გაზაფხულის თაფლი გვექნებააა, - ჩაიღიღინა ქურუმის გვერდით მჯდომმა მიხარაბმა.

- ბარამიძე გია!

- აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს! - დაიღრიჯა წინა რიგში მდგომი ბარამიძე.

- მარტო დგომა არაფერს ნიშნავს, უკვე წლებია, არავინ გაგიგორებია, ეგ არ დაგავიწყდეს! - გაუწყრა მიხარაბი.

- ჰო, რავი, სისხლი კი მწყურიან, მაგრამ რავი, ეგრე მოხდა, რომა... - დაიბნა ბარამიძე.

- დაჩლუნგდა გონება შენი! - დაუსვა წერტილი კოტემ.

- ჰო, რავი, - ლამის ,,პადვალში" ჩაძვრა ყოფილი მინისტრი.

- კირკიტაძე დავით!

- რუსთავშია, დაიბარა, მალე მოვალო! - განაცხადა გიგა ბოკერიამ და მაღლა აიხედა, გეგონება რამეს დაინახავდა.

ქურუმთ ქურუმი დარბაზის ცენტრში გამოვიდა, კვერთხი ზე აღმართა, შემდეგ ,,პოლზე" დაუშვა, დააბაკუნა და დაიწყო:

- აღარ აქვს ჰაზრი სიის ამოკითხვას... ვისაც როგორ და ვისაც სად უნდა, იმნაირად დაბოდიალობს, ზოგი საფუტკრეშია, ზოგი მოსკოვის მიდამოებში, ზოგი იქა, ზოგი აქა... ამ დროს ჩვენი საერთო საქმე რჩება გაუკეთებელი. რევოლუცია, ამხანაგებო, რევოლუცია და დამხობა, რაც თავისთავად უკავშირდება წუმწუმას. დიახ, როდესაც რევოლუცია მოხდება, დასაწყისში მართლაც იქნება წუმწუმა, მაგრამ შემდეგ, რამდენიმე წელიწადში ყველაფერი დალაგდება და ამავდროულად გამოიდარებს!

- ყველანი ციხეში! - წამოხტა მიხარაბი.

- მაიცა, დიშვილო! - დაადო ხელი მხარზე ქურუმთ ქურუმმა.

- რაღა მაიცა? შავღონდი, ამი დედა კი ვატირე!

- მაიცა-მეთქი... ქართველ ხალხს ზედ თუ არ დააკუკნე, სხვანაირად არაფერი გამოა!

- ჰო, ჰო. სწორედაც რო ეგრეა... აი, მე რო პრეზიდენტი ვიყავი...

- დამაცა! - ჩაჰყვირა ყურში ძიამ დიშვილს, - არავითარი დათმობა, მისტერ აკუ, ხვალვე გახვალ აქედან, მიხვალ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ევროპიელებს განუცხადებ, რომ ჩვენ მაგათგან არცა რაი გვინდებლარიან და არცა რაი მაგათ უნდა უნდებლარიან მომავალში ჩვენგან, გასაგებია?!

- დიახ, გასაგებია, მზად ვარ, ევროპიელებს სათითაოდ გამოვეცხადო და თითო ალიყური ვაჭამო! - გადმოდგა ერთი ნაბიჯი აკუ მინაშვილმა.

- მაიცა, არ გინდა, ჯერ ადრეა, - მიუგო თიმურმა.

- ჰო, რავი, მე მზად ვარ.

- მაგას შალო ნათელჰასშვილი გააკეთებს, მაგან იცის, როგო უნდა ჩხუბოს ევროპიელებსა და ამერიკელებს.

- დიახ, ამხანაგებო, მე მინდა, ვიდგე აქ და ჩემი ქვეყნისა მედგას უღელი! - დაიბუბუნა შალომ.

- მე მჯერა შენი! - დასჭექა მიხარაბმა.

- დაუნდე დიქტეიტე, დაუნდე დიქტეიტე და ტაში, კუკური! - გამოაცხადა შალომ.

- მე რა გავაკეთო? ამ ბოლო დროს უსაქმოდ გახლავართ, - თქვა პაატა ბურჭულაძემ და ნუგზარ წინკლაურს გადახედა.

- შენ და წინკლაური ორ დღეში ერთხელ გახვალთ გლდანში, დაეხდავთ იქაურობას და მომხასენებთ, არის თუ არა რევოლუციური განწყობა ბაზრობებში, - გადაჭრა საკითხი თიმურმა.

- მეც მინდა გლდანში, - თქვა გიგი წერეთელმა და გაწითლდა.

- შენ ნახალოვკაში გახვალ კვირაში ერთხელ, კარგად დააკვირდები სიტუაციას, შეისწავლი და ევროსტრუქტურებს აცნობებ. თუმცა სანამ იმათ აცნობებ, მეც ჩამაბარებ ანგარიშსა, - უთხრა თიმურმა.

- ვენეციის კომისიასაცა? - ჩაეკითხა წერეთელი.

- რავი, მაგასაცა...

- ჯანი ბუკიკიოსაცა?

- ჰო-მეთქი, ჰო! - ამოუვიდა ყელში ქურუმთ ქურუმს.

- დადგა დრო, ახალი წევრები ჩემოვიმატოთ... განცხადებები შემოტანილი აქვთ ბაქრაძე დავითს, ბოკუჩავა თინას, ბობოხიძე კაკოიეს, კაპანაძე სერგის და მათნაირებს, სია გრძელია, - გამოაცხადა კოტე კემულარიამ.

- კარგია, თუკი გრძელია, მაგრამ ეს მეტად რეიტინგული ბაქრაძე დავითი რატომ ხდება ჩვენი აკლდამის წევრი, ჯერ ხომ მას წინ უდიდესი მომავალი აქვს? - იკითხა თიმურმა.

- იძახის, შავღონდიო, - მიუგო კოტემ.

- რითაო?

- რეიტინგითაო?

- ვააა, რეიტინგითაო?

- ჰო... თურმე ეგრეცა ხდება ცხოვრებაში, - გადააქნია თავი კოტემ.

- ქურუმთ ქურუმო, მე ხალხის პულსზე ხელი მიდევს და მედოს? - იკითხა აკუმ.

- რა თქმა უნდა, უნდა გედოს, აბა, ეხლა აშვება შეიძლება?

- კარგი, ეგრეც ვიზამ.

- და შენ დარწმუნებული ხარ, რომ ხელი პულსზე გიდევს?

- დიახ, მიხევს კი არა, ხელში მიჭირავს.

- რაც გიჭირავს, ნამდვილად პულსია?

- დიახ, რავი, ადრე პულსი მეჭირა და...             

კრება დასრულდა. ქურუმთ ქურუმმა და აკლდამის წევრებმა დაადგინეს, რომ როგორც კი გამოიდარებს, სარკოფაგები გაიხსნება, გარეთ გამოვლენ... უფრო სწორად, ამოვლენ და რევოლუციას მოახდენენ. ეს იქნება 15 მაისს. ვნახოთ, შეიძლება სარკოფაგები არც გაიხსნას და ვერც ამოვიდნენ.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ყველაფერი კარგად იქნება.

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი"