ამათი შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას!

ამათი შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას!




ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გენერალური პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკვე გამოითხოვეს.
„ამ დროისთვის არ ვფლობთ დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო (!) დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირებისა და გარემოებების შეასხებ, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
სხალთელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის (აბულაძე) კურთხევით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონში არ უშვებენ, არადა, შესვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლებას გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა დაავალა.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გაეროს დავალება სახელმწიფომ ვერ შეასრულა და პანსიონის კარი მათთვის დღემდე დახურულია.
`ძალიან სწორი იყო UNSEF-ის განცხადება, სადაც მათ აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ მსგავსი დაწესებულებების არსებობა მთლიანად ეწინააღმდეგება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გაზიარებული და აღიარებული აქვს ჩვენს ქვეყანასაც“, - ამბობს ნინო ლომჯარია და დასძენს: „ჩვენ არათუ შევალთ ამ ინსტიტუტში და განვახორციელებთ მონიტორინგს, არამედ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ საქმით მივაღწევთ იმას, რომ ამ ტიპის ინსტიტუციები საერთოდ დაიხურება საქართველოში“.
ამ ისტერიულ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული „ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ დირექცია და თავად დირექტორი, ქალბატონი მერი მაღლაფერიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის ქალიშვილი გახლავთ.
ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ ვასილ მაღლაფერიძემ თავად დაწერა განცხადება ბორდის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების თაობაზე და დღეს საქართველოს ტელევიზიის I არხზე ლიტერატურულ-ისტორიული ჟანრის გადაცემების თანაწამყვანია და ტელევიზიისთვის უჩვეულო სტილით _ „ბენდენით“ მოგვითხრობს საქართველოს ისტორიის ბედკრულ პერიპეტიებზე…
პანსიონის საქმეში ასევე აქტიურად არიან ჩართული, როგორც ქალბატონი ლომჯარია და ქალბატონი მაღლაფერიძე თავიანთი ინსტიტუციებით, ასევე, ვინმე, ანა აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, რომელიც ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის ადვოკატია ყოფილ მეუღლესთან სამართლებრივ ბრძოლაში.
კამპანიას მედიაუზრუნველყოფას უწევს „რუსთავი -2“ და მისი წამყვანი ირაკლი იმნაიშვილი.
სწორედ „რუსთავი -2“-ის ექსკლუზივი იყო პანსიონის სავარაუდო(!) სკანდალი და ირაკლი იმნაიშვილიც ავრელიუსის ფილოსოფიური სახით ჰყვებოდა ამბავს, საჩვენებელ თითს ლოყაზე იდებდა და ეს ინდაური, გაფუჭებული „სოჩიკივით“ მრავალმნიშვნელოვნად ატრიალებდა თვალებს. აშკარა იყო, ძალიან უნდოდა, ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენები სწორედ სავარაუდო კი არა, დადასტურებული ყოფილიყო…
მართალს ლაპარაკობს მეუფე სპირიდონი: ამათი „შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას“!
ქალბატონი სახალხო დამცველი კი, როგორც ვხედავთ, აპირებს მიუსაფარ ბავშვთა პანსიონების დახურვას საქართველოში, მაგრამ საინტერესოა, აქ ის მოიაზრებს თუ არა აჭარაში არსებულ თურქულ პანსიონებს, რომლებზეც საუბარიც კი არაა, არათუ მონიტორინგი.
მოგეხსენებათ, აჭარაში რამდენიმე თურქული პანსიონი ფუნქციონირებს, სადაც აჭარელ ბავშვებს, ძირითადად, ყურანს ასწავლიან. იქ, ფაქტობრივად, სრულად მიმდინარეობს ეროვნული სულის ჩაკვლა და გაქრობა ქართველ მოზარდებში. ჩვენ, ცხადია, არ დავამტკიცებთ, მოლები მორალურად და ზნეობრივად, უფრო მაღლა დგანან, ვიდრე ჩვენი ქრისტიანი მეუფეები და ხორციელდება თუ არა მორალური, ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობა ქართველ მოზარდებზე თურქულ პანსიონებში, მაგრამ სხვა საეჭვო ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანია ის, რომ მედრესეებში ყურანის სწავლების პარალელურად, როგორც ამბობენ, ბავშვები წევრიანდებიან სხვადასხვა რადიკალურ მუსლიმურ სექტებში და სრულიად წყდებიან ეროვნულ ცნობიერებას და მენტალობას.
მაგრამ, რა ხდება, კონკრეტულად, ნინოწმინდის პანსიონში?
იმის გარდა, რომ ქალბატონი სახალხო დამცველი პანსიონში არშეშვებას სახალხო დამცველის ინსტიტუციის დაკნინებად მიიჩნევს და თავს შეურაცხყოფილად თვლის: რას მიქვია, მეუფე სკოლაში არ მიშვებსო, არის კიდევ ერთი და მთავარი მიზეზი ამ აურზაურის - ეს არის საქართველოს ეკლესიის სრული და გამანადგურებელი დისკრედიტაცია.
ყველა გამოკითხვით, ქვეყანაში ყველაზე მეტი ავტორიტეტით ეკლესია სარგებლობს და ის არსებულ სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, მიუხედავად არაერთი შტურმისა, განხეთქილებისა და რყევებისა, ყველაზე სანდოდ ითვლება. ამას ებრძვის ვიღაცის უხილავი ხელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოროსის ძუძუზე მიბმული გაუმაძღარი ლეკვების სახით.
ყველაზე უმეცარიც კი მიხვდება, რომ, თუ საქართველოს ეკლესიას საბოლოოდ გაუტყდება სახელი იმით, რომ, თურმე, მეუფეები და მღვდლები დახურულ პანსიონში მოზარდებზე ძალადობით იყვნენ დაკავებული, ხალხს საბოლოოდ გაუტყდება გული ეკლესიაზე და ის აღარ იქნება ნდობის და რწმენის თავშესაფარი.
როგორც ღია კარში, „სკვაზნიაკს“ რომ ეძახიან ოკუპანტის ენაზე, ისეა დღეს ჩვენი ქვეყანა _ მტერს და მოყვარეს გააქვს და გამოაქვს _ ზოგი მიწას ჰყიდის, ზოგი სახლ-კარს და აქედან სამუდამოდ მიდის, ზოგი სინდის-ნამუსს და გვარს, ჯიშსაც და ჩამომავლობასაც.
ნიკო ლორთქიფანიძისა არ იყოს, ყიდის ყველა ყველგან ყველაფერს _ მასწავლებელიც, ექიმიც, დურგალიც, ხაბაზიც, ბიზნესმენიც და პარლამენტარიც; არავის ჩამორჩებიან ეს ჩვენი ე.წ. ჟურნალისტებიც, რომლებიც თავშეუკავებელი აღტყინებით არიან ჩართული, ამჯერად, ქართული ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით აგორებულ სამარცხვინო მარათონში.
კარგი, დავუშვათ და მოხდა მართლა უბედურება და დამტკიცდა პანსიონში ძალადობის საშინელი ფაქტი. ამით რა, ტელევიზიებს?! რა, ამით, ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს, თუ ის არსებობს კიდევ ჩვენი ცნობიერების მიღმა მაინც?
იმის გარდა, რომ ამ ფაქტის დამტკიცებით თავს გაიმართლებს სახალხო დამცველის აპარატი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და რამდენიმე ტელევიზია, შედეგად მივიღებთ პანსიონის კურსდამთავრებულთა ყველა თაობის შერცხვენას და ამ ახალგაზრდების ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
არავის ებრალება ისინი…
ამჟამად პანსიონში ყველაზე პატარა აღსაზრდელი 5 წლის ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის 5 წლის ბავშვი თავიდანვე არის დაღდასმული იმით, რომ, თითქოსდა, გარყვნილების ბუდეში ცხოვრობდა პატარაობიდანვე, ხოლო დიდები, ვინც იქ სწავლობენ, მათ, პანსიონიდან წასვლის მერე, ვიღაცამ ეჭვის თვალით უნდა შეხედოს, ანდა ამ ბავშვებმა უნდა დამალონ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სწავლობდნენ, თუ არა, მთელი ცხოვრება ამ სტიგმით უნდა იცხოვრონ.
ხმამაღლა რომ გაჰკივიან, სავალალო ამბავი მოხდაო, რას ეუბნებიან ბავშვთა უფლებების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები იმ ბავშვებს, თუკი მათზე, ღმერთმა არ ჰქნას და ფიზიკურად იძალადეს, მთელი მათი ცხოვრება ვიღაცამ მორალურად უნდა იძალადოს და ამ ბავშვებს, ჩვენი საზოგადოების მომავალ წევრებს, მუდმივად სირცხვილის გრძნობა უნდა ჰქონდეთ, სახელგატეხილი პანსიონის აღზრდილები და თავადაც სახელშერცხვენილი რომ არიან?! ესაა მათი უფლებების დაცვა?!..
საქმე კი ისაა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ, ვარაუდებზე დაყრდნობით, ქალბატონი ლომჯარია გაიძახის: პანსიონი უნდა დავხურო და ნინოწმინდის მსგავსი პანსიონი თუ სადმე კიდევ არის, იმათაც დავხურავო, ანუ მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ რწმენას რომ უნერგავენ ბავშვებს, ისეთ სკოლებს გავანადგურებო.
სკოლებში ხომ აკრძალეს რელიგიის სწავლება, პატრიოტიზმის ჩაგონება, წინაპრების პატივისცემა, ახლა მიადგნენ მართლმადიდებლურ პანსიონს და იქიდანაც უნდათ ამოშანთონ ღმერთი, სამშობლო, ადამიანების სიყვარული და ყველაფერი ეს ეჭვქვეშ დააყენონ, როგორც საძრახისი და საეჭვო…
რწმენას და ქვეყნის სიყვარულსაც რომ თავი დავანებოთ, ამ ეკონომიკური სიდუხჭირის პერიოდში სად „ვყრით“ ამ მოზარდებს, ქუჩაში თუ ტყვეთა სყიდვის ახალ ფორმას ვამკვიდრებთ?!
ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც მეუფე სპირიდონი პანსიონში შეჭრილ არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად ელაპარაკება პანსიონის აღსაზრდელს. 8–9 წლის ბიჭი ტირის და მეუფეს ეუბნება, რომ მას არ სურს პანსიონიდან წასვლა და თუ წაიყვანენ, დედის გარდა, სხვაგან არ უნდა წასვლა.
მეუფე ურეკავს ბიჭუნას დედას:
(ზუსტი ტრანსკრიპტი)
მეუფე სპირიდონი: „ქალბატონო ხათუნა, ესენი აიძულებენ, წავიდეს ბავშვი პანსიონიდან და სხვაგან უნდა გადავიყვანოთო. დაელაპარაკეთ თქვენს შვილს, ქალბატონო ხათუნა“.
მეორე ბავშვიც ტირის.
მეუფე სპირიდონი: „ესეც რატომ ტირის?“
პანსიონის თანამშრომელი ქალბატონი: „ესეც გადაყავთ“.
მეუფე სპირიდონი: „რატომ ტირიხარ, შვილო?“
პანსიონის აღსაზრდელი: „დედის უფროსთან მინდა“.
აღმზრდელი ქალი: „დედამისიც პანსიონში ცხოვრობს და პანსიონის უფროსზე ამბობს“.
პანსიონის აღმზრდელი: „მერე, რატომ ტირიხარ, ბებო, რა მოხდა, მითხარი“.
ბავშვი ტირილით: „სხვაგან არ მინდა“.
მეუფე იღებს ტელეფონს და აგრძელებს საუბარს:
_ „ქალბატონო ხათუნა, ჩვენ თქვენს გარეშე ბავშვი არავის არ გავატანოთ?“
ხათუნა, აღსაზრდელის დედა:
_ „მე წინააღმდეგი ვარ, პანსიონის გარდა ჩემი შვილი ვინმემ სადმე წაიყვანოს. მე თვითონ ჩამოვალ თუ საჭირო იქნება. ხვალ იქნება, ზეგ იქნება, თუ, როცა იქნება, 15-დან ხომ დაითხოვთ ბავშვებს?“
მეუფე სპირიდონი: „რა თქმა უნდა“.
ქალბატონი ხათუნა: „ჩემი შვილები სამი თვით მიმყავს ჩემთან ჩვეულებრივად, თუ, ღმერთით, ყველაფერი კარგად იქნება და ღმერთის წყალობით, კარგად იქნება, ჩემი შვილები ისევ მანდ განაგრძობენ სწავლას, იმიტომ რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ მაქაურობის“.
მეუფე არასამთავრობოებს და პანსიონში „შემოწმებაზე“ მისულ ფსიქოლოგებს: _ „ახლა მე თქვენ გეკითხებით: დედა არის წინააღმდეგი და რა უფლებით გაგყავთ პანსიონიდან ბავშვი, ვინ მოგცათ თქვენ ამის უფლება.
მე ვეკითხები ქართველ ხალხს, შეხედეთ ამ გოგონებს (არასამთავრობოების წარმომადგენელზე ამბობს _ ი.კ.), მეცოდებიან ესენი ძალიან. ბავშვების გაყვანა უნდათ, მშობელი ამბობს, არ მინდა შვილის გაყვანა, მინდა, რომ აქ იზრდებოდეს. ვკითხოთ: სად მიჰყავთ ბავშვები. შვილებს სტაცებთ მშობლებს?„
„მონიტორინგის“ მონაწილე: „ახლა ხომ არ არიან მშობლებთან?“
მეუფე: „მშობელს სტაცებთ შვილს? მშობელს უნდა, ბავშვი აქ იყოს. თქვენც გაიგონეთ… ამიტომ მე თქვენ გიცხადებთ, ეს არის ბავშვების დაყაჩაღება, რომელიც თქვენმა უწყებამ გააკეთა რამდენიმეჯერ, ყველას გვახსოვს 7-შვილიანი და 9-შვილიან ოჯახებს რომ წაართვეს შვილები. ნუ იქცევით, შვილებო, ასე. ეს არის დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე. ეს არის დანაშაული დედის და შვილის წინაშე“.
მეუფე ურეკავს სხვა მშობელს.
მშობლის პასუხი:
- „არავითარ შემთხვევაში არ გაატანოთ ბავშვები. მე რომ მდომოდა სოციალური მუშაკისთვის გამეტანებინა, თვითონ გავატანდი“.
მეუფე სპირიდონი: „აი, ახლა, წუხელ რომ 6 ბავშვი წაიყვანეს, რა ხდება, ბავშვებო, თუ იცით?“ - მიმართავს იქვე ოთახში მყოფ მოზარდ ბიჭებს.
დაახლოებით, 13–14 წლის ბიჭი:
- „ის 6 ბავშვი რომ წაიყვანეს, ეუბნებოდნენ, ექვსივე ერთად იქნებითო, როგორი პანსიონიც არის აქ, ისეთი იქნება იქაცო და ერთმანეთს ნახავთო, მაგრამ გადაანაწილეს თბილისის სხვადასხვა ადგილას, რის გამოც და-ძმები დაშორებული არიან ახლა“…
ამ სიუჟეტს რომ ვუყურე, ხვიჩას და გოჩას ისტორია დამიდგა თვალწინ.
ვინ იცის, ასე „გატაცებული“ ბავშვები ვის ხელში მოხვდებიან აქ, საქართველოში, თუ მის გარეთ, სადაც ოჯახს და ქვეყანას მოწყვეტას გარდა, მოსალოდნელია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ოჯახებშიც კი ამოყონ თავი…
სწორად შენიშნა მეუფე სპირიდონმა _ უგულო და უეროვნებო ადამიანები წაბილწავენ პანსიონსაც, ბავშვების სულსაც და ყველაფერსაცო.
ამას უფრთხილდებოდნენ მართლმადიდებელი მასწავლებლები და იმას ასწავლიდნენ, რაც ახლა არც ერთ სკოლაში აღარ ისწავლება _ ზნეობას, ღვთის შიშს, ქვეყნის სიყვარულს…ერთ ვიდეოსიუჟეტში ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელი 6–7 წლის ქართველი ბიჭუნა კამერის წინ დგას. აჩეჩილი მაისურით, გაღეღილი საწვიმარით, ქოჩორგაბურძგნული, გვერდით უფროსი ასაკის ბიჭი უდგას და აქეზებს: მიდი, აბა, კამერის წინ თუ იტყვი. ესეც რიხიანად, თუმცა დაძაბული, ხმამაღლა ამბობს 5-სტროფიან ლექსს საქართველოზე, ბოლოს ხმას უფრო უმაღლებს და გაიძახის: „რა ლამაზი ხარ მამულო, შენი გამჩენის ჭირიმე“.
აი, ეს ხომ უნდა მოსპონ.
ეს ხომ აღარ უნდა ისმოდეს არსად და არსაიდან.
არადა, სხალთელი მეუფის პანსიონში ამ კუთხით ვიღაცებისთვის, ეტყობა, „საეჭვო“ რაღაცები ხდებოდა…
თავად მეუფე სპირიდონი კი, როგორც ჩანს, დიდი ხანია ჰყავდათ მიზანში ამოღებული, რადგან ის ხმამაღლა დაუპირისპირდა გარეჯის გაყიდვას, რიონის ხეობის დამცველებს დაუჭირა მხარი, ღიად გმობდა ლგბტ პროპაგანდას და ქართულ სულიერებაში შექმნილ დღევანდელ მდგომარეობას. როგორც ამბობენ, ის გვერდით ედგა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს 90-იან წლებში, რის გამოც იმ პერიოდში დაპატიმრებულიც ყოფილა. მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით, მიუსაფარ ბავშვთა პანსიონში სულ აღზრდილა 500 ბავშვი. ცხოვრების დასაწყისში შექმნილი მძიმე წლები პატარებს გაუტარებიათ ეკლესიის მფარველობის ქვეშ სითბოში, ნორმალურ კვებაში, კეთილგანწყობაში, ისინი გადარჩენილან სასტიკ ქუჩის ცხოვრებას, მაწანწალობას, ქურდობას, გარყვნილებას და, რაც მთავარია, აღზრდილან მართლმადიდებლური მორალით. ამაზე პანსიონის არაერთმა ყოფილმა მოწაფემაც ილაპარაკა საჯაროდ, ძალდაუტანებლად სოციალურ ქსელში და ინტერნეტგვერდებზე გავრცელებულ ვიდეოებში.
სწორედ ეს არ აწყობს ლომჯარიას და ლომჯარიასნაირ ჭინკებს, ამიტომ ყველანარი ხერხებით ცდილობენ, საზოგადოება მოწამლონ და განაწყონ ყოველივე იმ სიკეთის წინააღმდეგ, რაც ზემოთ ვთქვი.
ამასწინათ 9 შვილის დედას შვილები წაართვა იუვენალურმა იუსტიციამ _ ახალმა ევროპულმა კანონმა, რომელიც, თითქოსდა, ბავშვთა უფლებებს იცავს _ იმ 9-შვილიან ოჯახს ბავშვების უზრუნველყოფის საშუალება არ აქვს და ჩვენ უნდა ვუპატრონოთო. სად არიან დღეს ოჯახებიდან მოწყვეტილი ეს ბავშვები. ჩაატარა მონიტორინგი ლომჯარიამ? ან რატომ არ ატარებს „მონიტორინგს“ სახალხო დამცველის აპარატი და არასამთავრობოები ქუჩის მაწანწალა ბავშვებთან, რომლებიც სად იზრდებიან, სად სძინავთ და სად ათენებენ ღამეებს, არავინ იცის? მათზე ვინმე თუ ძალადობს, ეს არაა საინტერესო და მართლმადიდებლურ პანსიონში ცხოვრება აპრიორი სავარაუდო ძალადობას ნიშნავს?!
მოკლედ, კითხვები ბევრია და პასუხები, სამწუხაროდ, ცოტა, მაგრამ ამ მიეთმოეთში და აურზაურში, რაც ხდება, კონკრეტულად, პანსიონის გარშემო, ყველაზე ცუდი არის ის, რომ სახელი გაგვიტყდა და ეს სახელი გაგვიტეხეს თვითონ ჩვენმა თანამემამულეებმა _ გარყვნილების ბუდედ იქცა მირონმდინარე ხატების სავანე, უდიდესი სიწმინდისა და ისტორიის ქართული ეკლესიაო. არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, სასულიერო პირებიც კი მორალური დაცემის ბინძურ ჭაობში ყურყუმალაობენო.
თავი შევირცხვინეთ მეზობლებში და მეგობრებშიც, ჩვენს ე.წ. სტრატეგიულ და არასტრატეგიულ პარტნიორებში და ეს სირცხვილი მხოლოდ ავტორიტეტის საკითხი არაა _ მორალურად გახრწნილ საზოგადოებას, ქვეყანას და ხალხს როგორ უნდა ელაპარაკო და როგორ უნდა მოექცე?! უავტორიტეტო, დაცემულ კაცს რომ უყურებენ, ისე შემოგვხედავენ აწი და გადაფურთხება ვისაც მოუნდება, აქეთ გამოიშვერს პირს.
მოკლედ, როგორც ნათქვამია, მტერი იმდენს ვერ გაგიკეთებს, რამდენსაც შინაურიო.
აჰა, საბოლოო სისხლის წვეთებს უწურავენ საქართველოს ლომჯარიები, იმნაიშვილები და აბაშიძეები, ეს სისხლით არაქართველები და საქართველო გდია ლაფში, როგორც წიქარა ხარი ყელგამოღადრული და დამცირებული.
ერთი ეკლესიაღა იდგა და დგას საქართველოს სახელით ჩვენს საყვარელ მამულში. სწორედ ეკლესია იყო, რაც ვერ დააქციეს 30-წლიანი ბრძოლით შინაურმა და გარეშე მტრებმა და ახლა თუ ლიბერასტების ხელით ჩვენი ეკლესია, ჩვენი ეროვნულობის საყრდენი, ჩვენი ერთადერთი გადარჩენა განადგურდება და ხერხემალში გადატყდება, მაშინ, ღმერთმა არ ინებოს და, მორჩენილია ყველაფერი.
სამი პოსტულატიდან _ ენა, მამული და სარწმუნოება, სარწმუნოებაღა გვქონდა შერჩენილი და ამასაც შეესივნენ არაერთხელ და ახლა გენერალურად გლეჯენ ძირფესვიანად.
სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა იქადაგა ორი დღის წინ და ასეთი სიტყვები თქვა: „ძალიან უნდათ საქართველოს განადგურება, მაგრამ ვერ ეღირსებიან, ღვთისმშობელი იფარავს თავის მიწას, აქ იესომ უნდა დაიდგას ტახტი და ღვთის მეოხებით ჩვენს განადგურებას ვერ ეღირსებიან. თუმცა წინ დიდი ბრძოლები გველისო“.
სულის მტაცებლები შემოგვესივნენ, თანამემამულენო, და ქრისტესთვის ვდგეთ მყარად და შეურყეველად.
ირანდა კალანდაძე
,,საერთო გაზეთი"