ამირან სალუქვაძე: 2024-მდე ყველამ თავისი გზით უნდა იაროს

ამირან სალუქვაძე: 2024-მდე ყველამ თავისი გზით უნდა იაროს




ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანასთან და რევოლუციურ მოლოდინებთან დაკავშირებით

1. საქართველოში ჩამოსვლა (შემოპარვა)

მის მომხრეებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ მთავარი იყო სააკაშვილს საქართველოს მიწაზე დაედგა ფეხი და ამოაყირავებდა ხელისუფლებას. 
როგორც ხედავთ, საქართველოშია. ხელისუფლებაც ადგილზეა. ოპოზიცია კი ამოაყირავა, ჭამენ ერთმანეთს. ვინც მოახერხა და გვერდზე გადგა, საკუთარ მომავალზე და 2024-ზე ფიქრობენ.
იყო სერიოზული საფრთხე, 1 ოქტომბერს რომ ვერ აეყვანათ და მიტინგზე ან ენმ-ის ოფისში გამოჩენილიყო. ისიც განა იმის გამო, რომ მისი დაკავება იქნებოდა შეუძლებელი, ეს უფრო ფსიქოლოგიური და რეპუტაციული დარტყმა იქნებოდა და არჩევნების შედეგსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.
დაპატიმრებამ მის ფანებში არსებული მითები დაანგრია.
რა ჰქონდა ჩაფიქრებული, ვინ შთააგონა ჩამოსვლა და სხვა, ცალკე თემაა, თუმცა არსებობს გარკვეული მოსაზრებები.
2. სასამართლიში გადაყვანა.
სასამართლოში გადაყვანა საწყის ეტაპზე სარისკო იყო. არავის უარყვია იმ ჩანაწერების არსებობა, რაც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. დღეს ვნებები ჩამცხრალია და კანონის საწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას ბევრი არ მოისურვებს.
ამ ეტაპზე, შიმშილობით, თავადაც შეუშალა ხელი გადაყვანას. ასევე გავიხსენოთ განცხადებები, დამიხსენით და 10 დღეში დავამხობ მთავრობასო. ისე, გარეთ იყო, თურმე, 3 დღე და სელფების მეტი არაფერი უკეთებია.
მოკლედ, შესაბამისმა სამსახურებმა, გადაყვანისას, მაქსიმალურად უნდა დააზღვიონ ყველა რისკი. დააზღვევენ კიდეც.
მაგრამ, დავუშვათ, მოხდა ის, რაზეც სააკაშვილი ოცნებობს და რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოახერხა მისი დახსნა. მერე რას აპირებს?
ჯერ ერთი, იმის მოლოდინი, რომ მის გამო მთელი ქვეყანა ფეხზე დადგება, არ უნდა ჰქონდეს.
მეორე. არსებულ სასერლებს და ბრალდებებს დაუმატებს კიდევ ერთ მუხლს, გაქცევას. ის რომ შენ მომხრეებმა დაგიხსნეს, არ ნიშნავს, რომ შენ უნდა გაიქცე. ამასთან, იმავე შარში გახვევს საბადრაგო მანქანაზე თავდასხმის ორგანიზატორებს და მოქმედ პირებს.
თავდასხმის, ან გზის გადაკეტვის შემთხვევაში, ჩაერთვებიან საპოლიციო და უსაფრთხოების ძალები და აღკვეთავენ საბადრაგო სამსახურზე თავდასხმას, ან, ყველაზე უარეს სიტუაციაში, გაქცევის შემდეგ დააკავებენ. 
ასეთი მცდელობის შემდეგ, შესაძლოა, შემდეგი სასამართლო პროცესები ან "ონლაინ" გაიმართოს, ან საპატიმრო დაწესებულებაში.
მოკლედ, რევოლუციური მოლოდინები სასამართლოში გადაყვანის გამო არ უნდა ჰქონდეთ. 
3. "რევოლუციას ახდენს კრიტიკული მასა."
ხშირად გვსმენია ეს ფრაზა.  ჩემი აზრით, კრიტიკული მასა რევოლუციისთვის საკმარისი არაა. ვენესუელაში მილიონობით ადამიანი დადგა ფეხზე. გარე მხარდაჭერაც იყო. შარშან ბელარუსი დუღდა. ალბათ კრიტიკულზე გაცილებით მეტი ადამიანი გამოდიოდა ყველა დაძახებაზე.  ასევე შარშან იყო, სომხეთში, წაგებული ომის შემდეგ, საკმარისზე მეტი ხალხი გამოვიდა. თუმცა, პაშინიანმა უფრო მეტი მომხრე გამოიყვანა. ხელისუფლებაც შეინარჩუნა და გაიხანგრძლივა კიდეც.
ამ დღეებში ბევრ ტელევიზიაში იყო განხილვები, არსებობს თუ არა რევოლუციური განწყობები.
მივყვეთ ამ თემას.
ჩვენნაირ ქვეყნებში, ყოველთვისაა რევოლუციური განწყობები. მოსახლეობას სურს სწრაფი ცვლილებები, უკეთესობა.
ამავე დროს ცუდად გვაქვს დაცდილი როგორც 1992 წელს ხელისუფლების ცვლილება, ასევე 2003 წლის რევოლუციად წოდებული. შუქის ჩართვას და გზების დაგებას რაც მოჰყვა, გამეორება აღარავის სურს, 27%-ს გარდა.
2003 წელს კრიტიკულმა მასამ კი არ გადაწყვიტა, არამედ ხელისუფლების განულებულმა რეიტინგმა. მოქკავშირმა, როგორც მერე გაირკვა, ბარიერიც ვერ გადალახა.
ასევე იყო რუსეთის როლიც. ბევრი ითხოვს უკვე და მეც მაინტერესებს, რა საუბარი შედგა კრწანისის რეზიდენციაში, შევარდნაძე, რომელიც არ აპირებდა გადადგომას, ივანოვმა რა არგუმენტებით დაიყოლია?
მოკლედ, ფაქტი ისაა, რომ შევარდნაძეს ხალხის მხარდაჭერა არ ჰქონდა.
დღეს "ქართულმა ოცნებამ" ერთ წელიწადში ზედიზედ ორჯერ დააფიქსირა 47-48%-ანი მხარდაჭერა. რამდენიც არ უნდა ედაონ თითო-ოროლა პროცენტზე, მეორე ადგილზე მყოფს როცა ლამის ორჯერ უსწრებს, ხოლო დანარჩენი პაეტიები სოციოლოგიური კვლევის ცდომილების ფარგლებშია, რევოლუციურ მუხტს ვერ შექმნი, თუნდაც ყველა მომხრე გამოიყვანო ქუჩებში.
ახლა ერთმანეთს ედავებიან, 14 ოქტომბრის აქცია რატომ დავშალეთო. რომ არ დაეშალათ, რა მოხდებოდა? 30 ლარად რაიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი რუსთაველზე უფულოდ არ დაგიდგება. ვერც მუხტს შეგიქმნის. თუ ათიათასობით ადამიანს ყოველ დღე ფულს გადაუხდი, მეორე კითხვა იბადება, ვინ აფინანსებს რევოლუციას? აღარაა 2003 წელი.
თუ ხალხის გამოყვანაზეა, "ქაეთულმა ოცნებამაც" გამოიყვანა ხალხი და გაცილებით მეტი. არ აქვს მნოშვნელობა, სამჯერ მეტი იყო, თუ ხუთჯერ და არც იმას, რომ პარტიული რესურსით მოხდა. მომხრეებს ყოველთვის პარტიები უკეთებენ ორგანიზებას. ფაქტი ისაა, რომ არჩევნებმაც და აქციებმაც ერთი შედეგი აჩვენა.
კიდევ ერთი. რევოლუციებს ვერ ახდენენ ნირწახდენილი და გაბუტული პოლიტიკოსები. აბა დააკვირდით, სასტვენებით და სირენებით ხმაურის გარდა, რას სთავაზობენ ხალხს.
რევოლუცია, "კრიტიკული მასის", ფულადი რესურსების და მხარდაჭერის გარდა, იდეაა.
ჰოდა რა იდეა აქვს ოპოზიციას?
პუტინის და კრემლის იარლიყებად გამოყენება, გაცვდა. აღარც დასავლეთს სჯერა მაგ სისულელეების და აღარც მათ მომხრეებს, მცირედი ფან-კლუბის გარდა.
სხვა რა? ადამიანს თუ რევოლუციის სურვილი აქვს, უნდა რომ მოქმედი უკეთესით შეცვალოს, როგორც მინიმუმ, წარსულში არ დაბრუნდეს.
ეს ოპოზიცია რას და ვის სთავაზობს ხალხს?
"სწრაფად დავიწყებთ განვითარებასო", ჩამოვიდა და ვერც ბათუმი იცნო, ვერც ავტობანები.
ფასებით სპეკულირებენ და დაავიწყდათ შევარდნაძის დანატოვარი ფასები რომ გაასამმაგეს 9 წელში. ზუსტად გაასამმაგეს, 3,5 ლარიანი ხორცი მინიმუმ 12 ლარი გახადეს. რა დღეში ჩააგდეს საზოგადოება და როგორ გათელეს დემოკრატია, ყოველ დღე გვახსენებს ტელევიზია, ვისაც დავიწყებული აქვს.
წინასაომარი რიტორიკა, ისტერიები, შემდეგ ომი და მისი შედეგები, ცალკე თემაა. იგივეს რომ დაიწყებენ, ამასაც ხვდება ხალხი.
ახლა რა რეალობაში არიან? აქამდე ფიქრობდნენ, ჩამოვა მიშა და აადუღებს აქაურობას. ახლა რა დღის წესრიგი აქვთ? გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს სასამართლოში. მერე შემოგვთავაზებენ მორიგ დესტრუქციებს სასამართლოს შენიბასთან და პროცესებზე.
მოსამართლის ზომბირება უკვე დაიწყეს.
ორ დასრულებულ საქმეზე 2-3 წელი სტრასბურგში ექნებათ დავა. ორ ბრალდებაზე 1-2 ან მეტი წელი, აქ იქნება პროცესები. ამ პროცესებს დაემატება სასჯელი საზღვრის უკანონო კვეთისთვის და ა.შ.
ამასობაში მორიგი არჩევნები მოვა.
მთელი დასავლეთი მოგვიწოდებს შევცვალოთ დღის წესრიგი. მთავრობამაც ეს დაპირება გასცა. თუმცა ამ სასამართლო პროცესებს ვერ გააქრობ და რიგით სასამართლო სხდომებად ვერ აქცევ. არც არის საჭირო. ყველამ უნდა იხილოს გამჭვირვალე პროცესები და დავინახოთ სიმართლე. ვინც არ იცის, მათ რომ დაინახონ, თორემ ვინც მომსწრე ვიყავით, ცოტა მეტი ვიცით.
მოკლედ, მოქმედის უკეთესით ჩანაცვლების ობიექტურ რეალობას ვერ ვხედავ. ამიტომ, 2024-მდე ყველამ თავისი გზით უნდა იაროს, ოპოზიცია უნდა გადალაგ-გადმოლაგდეს, კარგი იქნება თუ ახალი რესურსი გამოჩნდება, ხოლო ხელისუფლებამ გააგრძელოს საქმეზე ორიენტირება. საქმეებზე და შედეგებზე იქნება დამოკიდებული რა მონაცემებით მივლენ მესამე ვადის ფინიშზე და რა შანსები ექნებათ სამომავლოდ.
ვისაც ეს მაქსიმალურად შერბილებული და კორექტულად დაწერილი ანალიზი არ მოგწონთ, გულში ჩაიხედეთ.