ანდრია გვიდიანი: ახალი პოლიტიკის დამსახურებით, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ დაიწყო, დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჩვენს რეგიონში

ანდრია გვიდიანი: ახალი პოლიტიკის დამსახურებით, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ დაიწყო, დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჩვენს რეგიონში




ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ გასული წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის ახალმა პოლიტიკამ ქვეყანას დადებითი შედეგები მოუტანა. 

მისი თქმით, საქართველომ რეგიონში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

გარდა ამისა, ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკისგან გადაიდგა, ორიენტირებული იყო ინფლაციის დონის შემცირებაზე, თუმცა ინფლაციის გაზრდა საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია. 

„ახალი პოლიტიკა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ დაიწყო, ქვეყანაზე დადებითად აისახა. მხედველობაში მაქვს ის, რომ აქცენტი გაკეთდა ბიზნესების უფრო მეტ გახსნილობაზე, ნაკლებ შეზღუდვებზე და შესაბამისად მაქსიმალურ აქტიურობაზე. ყველა პარამეტრი, რომელიც ეკონომიკურ ზრდაში მონაწილეობს, არის გაუმჯობესებული და სწორედ ეს არის პანდემიის მართვის განსხვავებული მოდელის შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჩვენს რეგიონში, მათ შორის ევროპის მასშტაბითაც საკმაოდ კარგი პარამეტრი გვაქვს. ეკონომიკის გაჯანსაღება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

ინფლაციის მაჩვენებელი წინა წელს მაღალი იყო, ამას არავინ უარყოფს, თუმცა აქ არის მთელი რიგი გარემოებები - საერთაშორისო მასშტაბით გაძვირებულია სასურსათო პროდუქტების ფასები, ლოგისტიკისა და გადაზიდვის ხარჯები, ნავთობის ფასები, ამან იქონია გავლენა საქართველოში ინფლაციის ზრდაზე. ჩვენი ინფლაციის წილის 80% საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია. ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკისგან გადაიდგა, ორიენტირებული იყო ინფლაციის დონის შემცირებაზე, თუმცა საგარეო ფაქტორები არის ის გამონაკლისი, რომელზეც ჩვენ ზეგავლენას ვერ ვახდენთ. ჩვენ ვერ გვექნება დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებული ვითარება და ბუნებრივია, რომ პანდემიის პირობებში მსოფლიოში მიმდინარე პროცესები პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოზე“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.