ანზორ მელიას პოლიტიკური მომავალი - მადლობა, მამა!

ანზორ მელიას პოლიტიკური მომავალი - მადლობა, მამა!




ანზორმა ტაშტიდან ფეხები ხვნეშით ამოალაგა, რაღაცნაირად ეამა ნელ-თბილი წყალი. მამულის გამო გულზე შემოწოლილი ტკივილიც განუქარვდა და დაუცხრა. მართალია, დროებით, მაგრამ ესეც ხომ დიდი შვებაა? დივანზე გადაწვა, თავი საზურგეზე გადადო, ჭერს მიაჩერდა, სამი ცალი გარინდებული ბუზი შეამჩნია, არ იძვროდნენ. კარგახანს უყურა, ფიქრებში წავიდა, ნეტა ამ სამი ბუზიდან რომელი შეიძლება იყოს მამალი? არა, სამიდან ერთი ნაღდად მამალია, მაგრამ საკითხავი ის არი, რომელია? ტელეფონი რეკავს... უფრო სწორად, ტელეფონზე ვიღაც რეკავს. დახედა. შვილია. რომელი? ისა, ნიკანორი, გმირი.

- ალიოოო, - რაღაცნაირი სინაზით პასუხობს ბატონი ანზორი.

- დიდი მადლობა, მამა! - გაისმა გმირული ინტონაცია.

- რაზე მიხდი, შვილო, მადლობასა?

- იმაზე, რომ გამაკეთე, ფეხები დაიყვლიფე, ,,ნანინა" მიმღერე, ფაფა მაჭამე, ამსიგრძე გამზარდე, დამავაჟკაცე, ,,ლაგარტკასავით" მომზიდე, სააკაშვილის ხმალივით ამლესე, ,,გამშკურკე", გამაპრიალე!

- ვახ, შენ გენაცვალე იმაში!

- რაში?

- იმაში!

- დიდი მადლობა, მამა, რომ არ მიმატოვე ძნელბედობის ჟამს, გადამწყვეტი ბრძოლის დროს, ახალი ეპოქის დასაწყისის დროს!

- აბა, რა ეგონა ბიძინა ივანიშვილსა?! - წამოხტა დივნიდან ბატონი ანზორი და ხუთიოდ წამში ისევ დაუბრუნდა მჯდომიარე მდგომარეობას, წელკავმა გაახსენა თავი.

- მამა, რაღაც უნდა გითხრა... გთხოვ, არ აღელდე.

- არა, ნიკანორ, რაღა დროს ჩემი აღელვებაა, ბიჭო?

- მე ვამაყობ შენით!

- ჰმ... და მეუბნები, არ აჰღელდეო? ეს ხომ სასიამოვნო ღელვაა? - დაეწყო თვალთაგან ცრემლდენა ბატონ ანზორს.

- მამა.

- ჰო, შვილო.

- გამაგრდი.

- რამეს მიმალავ?

- არა, შენ ხომ ბავშვობიდანვე შთამაგონებდი, ადამიანებს და მით უფრო ელექტორატს არაფერი დაუმალოვო? მოკლედ, ზუგდიდში უნდა წახვიდე მერად, უარი არ მითხრა, შენ ხარ ერთადერთი, ვინც სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილს მოუგებს და ,,ქართულ ოცნებას" დაამარცხებს. შენ ეს შეგიძლია, მამა, დამიჯერე, მეგობრებმა ასე გადავწყვიტეთ.

დუმილი. ბატონი ანზორი დადუმდა. არა, რაღაც ახლის დასაწყისს კი ელოდა, მაგრამ მთლად ასეთ მნიშვნელოვანსაც არა, საქმე სახელმწიფოს გადარჩენას ეხება, წარმოგიდგენიათ? დიახ, ეს დუმილიც რაღაცნაირად ჟღერდა. გსმენიათ, როგორ ჟღერს ხოლმე დუმილი? ეგ ძალიან საინტერესო მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში.

- ვიცოდი, რომ ასეთი პრინციპული დღე აუცილებლად დადგებოდა... კი დააგვიანეთ ცოტა, წლები მომემატა, მაგრამ როგორც დიდმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ანუ სჯობს ზეგ, ვიდრე გუშინ.

- მადლობა, მამა... ესე იგი, თანახმა ხარ?!

- რაზეა ბაზარი, შვილო?

- კიდევ ერთხელ მადლობელი, მამა, ხვალ გამოგიყვან სცენაზე და თავს დაგაკვრევინებ მოსახლეობის წინაშე, ტელევიზორში გნახავს სრულიად საქართველო და არა მხოლოდ საქართველო, გნახავენ შენი ყოფილი ძმაკაცები ტუნდრიდან... გახსოვს, მასკოვში რომ სწავლობდი და პადმასკოვიეში კიდე ცხოვრობდი?

- ეჰ, როგორ არ მახსოვს, ტუნდრელ იურას რა დამავიწყებს?

- იცოდე, მასკოვი არსად ახსენო, თორემ დავიღუპებით, ვეღარ გავიმარჯვებთ.

- კარგი, როგორც მეტყვი, იმნაირათ მოვიქცევი, ეხლა თავი უნდა დავდო მუთაქაზე, ტვინი გამიცხელდა, შეიძლება მოკლე ჩართვა დემემართოს.

- მუთაქაზე არა, ბალიშზე დადე!

- არა, მუთაქა ყურის ძირში კარგადა ჯდება, ტვინის უჯრედებს მჭიდროდ აწვება და ეგრევე აყუჩებს.

ზუგდიდის მომავალი მერი გრძელ ტახტზე გადახოხდა, თავზე პირსახოცი შემოიხვია და მუთაქაზე ფაქიზად დადო. ტელევიზორის პულტს შუა თითით მისწვდა, თავისკენ მიიჩოჩა, წითელ ,,კნოპკას" დააწვა და ჩაირთო: გვარამია ლაპარაკობდა, მელია, მელიას, მელიამო, ათასნაირ ბრუნვაში ახსენებდა მის ვაჟკაცს. განა, სულ მცირე, ამის გამო არ ღირდა ამ დუნიაზე მოვლინება? დიახაც, ღირდა და ძალიან დიდადაც საამაყოა, ვის გაუზრდია კიდევ მსგავსნი გმირნი? არაფერს ამბობს 300 არაგველზე, 9 ძმა ხერხეულიძეზე, ის დრო წავიდა, გაქრა, ეხლა სხვა ეპოქაა, ერთი გმირის გაკეთება-გაჩენა-გაზრდას იმაზე მეტი ენერგია და ოფლისღვრა სჭირდება, ვიდრე უწინ 9 ძმის გაკეთებას და გაზრდას სჭირდებოდა. გვარამიას ფეხები მხრების სიგანეზე განედგა და ასე ლაპარაკობდა, ფეხების განდგომა მხრების სიგანეზე ძალზედ ვაჟკაცურ იერს აძლევდა... გეგონებოდათ, სადაცაა ერთ-ერთი ბუჩქიდან ძლევამოსილი ,,ნეფხვი" ამოხტება და მტერს ჰაერშივე გაფატრავსო. ნიკოლოზი ნიკანორთან ვერ მოვა, მაგრამ არც ჩამოუვარდება, ნიკანორი თუ ,,ვეფხვია", ნიკოლოზი ,,ნეფხვია".

ანზორს თავი მარჯვნივ გადაუგორდა, პულტი ხელიდან გაუვარდა, მარცხენა ფეხი რაღაცნაირად გაჭიმა და ეგრევე ჩასთვლიმა. გეგონება კინო დაიწყოვო... ანზორ მელია იქ იდგა, ზემოთ, ტრიბუნაზე, ქვემოთ მიმავალ მშრომელთა მასებს თავის დაკვრითა და ხელის ქნევით ესალმებოდა. ძნელი გასარკვევი იყო, 7 ნოემბრის ,,პარადი" იყო თუ 1-ლი მაისისა. ტრიბუნაზე მდგომს იმნაირი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ზუგდიდის რაიკომის მდივანი გახლდათ და სადაცაა ედუარდ შევარდნაძეს უნდა დაერეკა, თბილისიდან ზარს ელოდებოდა. მოდიოდნენ და მოდიოდნენ მშრომელთა მასები მწყობრი ნაბიჯით, მოჰქონდათ და მოჰქონდათ ტრანსპარანტები, წითელი ლოზუნგები, ბუშტები, დროშები... ყველგან ეწერა: ,,გაუმარჯოს მელიების დინასტიას"! ,,დიდება მელიებს"! ,,ჩვენ უნდა მივყვეთ მელიათა იდეალებს''! ,,გაუმარჯოს რევოლუციას"!

ტრიბუნაზე ასულ ანზორს ტუჩები ყურებამდე გადასჩაჩვოდა. ეს გახლდათ სასიხარულო გადაჩაჩულობა. აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ასეთ სასიამოვნო განცდას აღარ ელოდა. ზუგდიდი მის ფეხქვეშ იყო გართხმული, ყველა მზად იყო, მისი ნება აღესრულებინა. უცებ გულში უცნაურმა აზრმა გაჰკრა, ტრიბუნიდან მარჯვედ ჩამოხტა, მშრომელთა მასებს მიუახლოვდა და ყველას დაუწყო ხელის ჩამორთმევა. თუ გინდა, რომ ღირსეული ლიდერი იყო, თითოეულ ადამიანს უნდა მოეფერო. ომის ვეტერანების შემდეგ პიონერებმა ჩამოიარეს, ანზორს გული გადაეფურჩქნა, იგი ჭკუას კარგავდა მოზარდებზე. მზად იყო, თითოეული მათგანისთვის გურჯაანის ნაყინი ეყიდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. განა წაიწუწურაქა? განა არ გეემეტა? არა, უბრალოდ ზუგდიდის ეკონომიკაზე განეფიქრა და სწორედაც განეფიქრა: აბა, დაუკვირდით, თუ ის იყიდდა ორას, თუნდაც სამას ან ოთხას ნაყინს, დაახლოებით 300 ლარი წავიდოდა გურჯაანში. კი, ბატონო, სადღაც 150-200 ლარი სამეგრელოში დარჩებოდა, მაგრამ სად 300 ლარი და სად - 150 ან 200 ლარი? ამ შემთხვევაში ხომ გურჯაანის ეკონომიკა უფრო განვითარდებოდა?

არნახულად განიხარა ანზორ მელიამ, ლამის მთელი ქვეყნის სვე-ბედს განაგებდა. მოდიოდნენ და მოდიოდნენ მომლოცველები. ერთი ეგ იყო, მომლოცველებს სახეზე ვეღარა სცნობდა. ყველანი რატომღაც შეცვლილიყვნენ თუ გადაკეთებულიყვნენ. თუმცა რამოდენიმე იცნო, მთლად ეგრეც არ იყო საქმე... აგერ, მისი უბნელი გრამიტონა, წინა საუკუნეში მოკვდა, ნეტავ ,,პარადზე" რა უნდა?

- მამა, გაიღვიძე, ადექი, გვაგვიანდება! - შეანჯღრია ნიკანორმა ანზორი.

- ჰა, რა? სად გვაგვიანდება?! - იკითხა დამფრთხალმა ანზორმა.

- დაგავიწყდა? ზუგდიდის მერად უნდა წარგადგინო!

- ვიცი, ძალიან სასიამოვნო რამე მეზმანა, თითქოს უკვე ვიყავი ზუგდიდის თავი.

- იქნები, მამა, ,,ოცნების" კანდიდატს მხოლოდ 3 პროცენტი აქვს, შენ კიდე 97, არც კი მეგონა, სამეგრელოში ასეთი პოპულარული თუ იყავი.

- ეეე... შენ არც კი იცი, რა საქმეები მაქვს ნაკეთებ-ნატრიალები სამეგრელოში. მართალია, არც ერთი საქმე აღარ მახსოვს, მაგრამ სხვებს ემახსოვრებათ, რა დაავიწყებდათ? შვილო, ნიკანორ, იქნებ არ ღირს? - უცებ გაიღვიძა ანზორის ორგანიზმში წინააღმდეგობრივმა რეაქციამ.

- მამა, ეს ღალატი იქნება... ახლა, როცა ქართველი ხალხი გამარჯვების ფინიშს მიადგა, შენ მეუბნები, იქნებ არ ღირსო?!

- არა, ასაკი ვიგულისხმე, ხო იცი, ჭაბუკი აღარ ვარ.

- დიახაც, ჭაბუკი ხარ!

- კარგი, დამტოვე ჩემს სიჭაბუკესთან ერთად ცოტა ხნით, მოვემზადო. ისა და... გალსტუკი შევიბნიო?

- არა, ამ არჩევნებზე... უფრო სწორედ, რეფერენდუმზე გალსტუკებს არ ვხმარობთ.

- ყოლისფერი გავიგე ერთის გარდა, თუ არჩევნებია, რეფერენდუმს რეიზა უძახით?

- არ ვიცი, დიდმა მიხეილმა ინდომა ასე.

- ააა... თუ დიდმა მიხეილმა ინდომა, მაშინ მაგ სიჭკუიანეს ჩვენ საუკუნეების შემდეგ გავიგებთ. ბიჭო, ნიკანორ, დედაშენს რა ვუთხრა? - ისევ შეფიქრიანდა ანზორი.

- რა უნდა უთხრა? - დაიბნა ნიკანორი, იფიქრა, ეხლა ამას თავი ჯარისკაცის მამა ჰგონია, თუ ადგა და ფრონტზე წავიდა ჩემ საძებნელად, მერე ვნახავთ სეირსო.

- რა ხდება, იცი? დედაშენმა მთხოვა, ამ საღამოს არსად წახვიდე, ბაზრიდან ღოღონოშო უნდა მოვიტანო, საწებლის გაკეთებაში მომეხმარეო.

- დავურეკავ და ვეტყვი, რომ დღეს არ მოიტანოს, ხვალისთვის გადადოს.

- დაურეკე, მე რომ ვუთხრა, არ დაიჯერებს, ხო იცი, როგორი ჯიუტია.

- კარგი, შენ მაგაზე არ ინერვიულო, მე მივხედავ.

- ისე, ძაან კაია, ზუგდიდის მერი რომ ხარ და სარდაფში ღოღონოშოს საწებელიც გეგულება.

- მიშას უყვარს ძალიან, სუ იძახის, დედაშენის გაკეთებული ღოღონოშო მომენატრაო. ამას წინებზე რო ვიყავი, ორი ბოთლიღა იყო დარჩენილი, წავუღე, თავზე დაისხა.

- თავზე?

- ჰო, ეს იგეთი რამეა, ნელ-ნელა უნდა ვწრუპოვო.

- გენიოსია ეგ ბიჭი, ოღონდ შენს მერე.

- ეგ აღარსად წამოგცდეს, თორემ მიუტანენ ამბავსა და გედემეკიდება, ხო იცი, ზოგჯერ როგორი უხასიათოა.

- ჰმ... მაგის უხასიათობაშიც კი ჩანს გენიოსობა, სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, მიშას ახასიათებს უხასიათო გენიოსობა.

- მოკლედ, მე წავედი, გელოდები საღამოს 6-ზე იქა.

- სად იქა?

- კახეთის ტრასაზე.

- ააა, გასაგებია, - მოიქექა თავი ანზორმა და ისევ გუშინდელივით ჩაჰკიდა თავი.

 ***

როლანდ ახალაიას ეგიდით ჩატარებულმა შიდა გამოკვლევებამ აჩვენა, რომ ადგილობრივ არჩევნებში „ნაცმოძრაობისა“ და ოპოზიციის საერთო კანდიდატ ანზორ მელიას 39%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ოცნების" კანდიდატს - 32%".

როგორც ავი ენები ამბობენ, ბატონ ანზორს უფრო მეტი ამოუვიდა, მაგრამ ამ ეტაპზე არ ეუბნებიან, პოლიტსაბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, ნელ-ნელა შეაპარონ, რათა სიხარულისგან ორგანიზმის რომელიმე უბანზე პრანჭვა არ დეემართოს.

თამარ კორძაიას მტკიცებით, სჯობს, მხცოვან კანდიდატებს ნაწილ-ნაწილ შევაპაროთ, ვიდრე ერთბაშად მივახალოთ.

სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემმა მზემ.

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა გელა ზედელაშვილმა

 ,,საერთო გაზეთი''