არსებობს ვარაუდი, რომ სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს რაჭის ნაწილიც უფეშქაშა

არსებობს ვარაუდი, რომ სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს რაჭის ნაწილიც უფეშქაშა




საქართველოს ჩრდილოეთის საზღვარზე არსებული პრობლემების შესახებ გვესაუბრება პროფესიონალი მესაზღვრე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მაიორი ამირან მელაშვილი.

საუბარი მამისონის უღელტეხილით (რაჭა) დავიწყეთ, რომელიც ნაცრეჟიმის უგუნური, გამყიდველური პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ და ჩვენი მესაზღვრეები რამდენი კილომეტრით არიან უკან დახეული ისტორიული საზღვრიდან.
ამირან მელაშვილი: მამისონი ძალზე მნიშვნელოვანი უღელტეხილია, გადასასვლელია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. სტრატეგიულად იმითაცაა კარგი, რომ ყაზბეგის (სტეფანწმინდა) მიმართულებით გადასასვლელი, ჯვრის უღელტეხილი ზამთარში თითქმის მთლიანად იკეტება. ზემოხსენებული უღელტეხილიც იკეტება ხოლმე, მაგრამ ყაზბეგისგან განსხვავებით, აქ ზვავსაშიშროება თითქმის არ არსებობს, რადგან მამისონზე ფაქტობრივად არ ჩამოდის ზვავები. სხვათა შორის, ახლაც არის საუბარი კავკასიონის ამ გადასასვლელის გახსნის თაობაზე, რადგან აქედან არის უმოკლესი გზა ფოთამდე, ეს გზა მიყვება რიონის სათავიდან, რომელიც მამისონის გვერდითაა, ბოლომდე, ანუ შავ ზღვამდე. ფოთის პორტიდან რუსეთისკენ მიმავალი ტვირთები ზამთარში თვეობით რომ დგას ყაზბეგის რაიონში, აქ ეგ პრობლემა არ იარსებებს და ტვირთბრუნვაც გაიზრდება, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. ამ მხარის უნიკალურობა ზუსტად იმაშია, რომ გზაზე ზვავი არ ჩამოდის და გაწმენდითი სამუშაოებიც ყაზბეგთან შედარებით იოლია. თავის დროზე, პომპეუსიც კი იბრძოდა კავკასიონის ამ გადასასვლელის მოსაპოვებლად, იმდენად მნიშვნელოვანი ადგილია. ერთი სიტყვით, კავკასიონზე გადასასვლელად ყველაზე უსაფრთხო გზაა, რომელიც კომუნისტების მმართველობის დროსაც ფუნქციონირებდა და შემდგომ პერიოდშიც. 1996 წელს, პირველი სასაზღვრო სექტორი მე გავხსენი მამისონის მონაკვეთზე, მაშინაც მოქმედებდა გზა და რუსეთში გადასასვლელი, ყველანაირი ავტომანქანა მოძრაობდა, უბრალოდ გრუნტიანი (მოუასფალტებელი) გზა იყო, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია. რუსეთის მხარეს გადასასვლელთან ყველაზე ახლოს დასახლება „ნიჟნი“ (ქვემო) ზარამაგია, ჩრდილო ოსეთის, აქედან გადიხარ ვლადიკავკაზისკენ. ვიმეორებ, უპრობლემოდ გავდიოდით აქედან რუსეთში.
ერთი პერიოდი (1996–1997 წწ) მამისონზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნაც უნდოდათ, რამდენადაც მახსოვს ნიკო ლეკიშვილის ინიციატივა იყო, რომელიც თუ არ ვცდები, მაშინ სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა. რუსეთთან მიდიოდა მოლაპარაკება, რომ გახსნილიყო ჩვეულებრივი გამშვები პუნქტი, გზებსაც რომ იტყვიან, მხოლოდ ხელის შევლება ჭირდებოდა და თავისუფლად შეიძლებოდა მოძრაობა. სამწუხაროდ, ეს მოლაპარაკება ჩაიშალა, მოგვიანებით როგორ განვითარდა რუსეთთან ურთიერთობები, თავადაც მოგეხსენებათ. მგონია, საზღვრის ამ მონაკვეთზე გამშვები პუნქტის გახსნა, ახლაც აქტუალური ხდება, არის ამაზე საუბარი, მაგრამ რამდენად იქნება შესაძლებელი, არ ვიცი. ჩვენ ძალიან დაშინებული ვართ რუსეთის ფაქტორით, აჟიტირებული ვართ რაღაცა სხვა მოტივებით, არადა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას. რაჭისთვის ეს იქნება ნომერ პირველი ხსნა, რომელიც შეიძლება ჰაბადაც კი გადაიქცეს, მით უმეტეს თუ ყაბარდოსა და ბალყარეთის მიმართულებითაც გაიხსნება გზები.
თურმე იმიტომ უნდა გვეშინოდეს, რომ ახალი გზებით რუსეთი „თავისუფლად“ შემოვა საქართველოში. რუსეთს ისეთი დონის და იმდენი ტექნიკური საშუალებები, ისეთი სამხედრო პოტენციალი აქვს, იმხელა სამთო ბატალიონები ყავს მომზადებული, რომ თუ დასჭირდა აგრესია, დედაქალაქშიც შემოვა. ეს გზები თუ არ იყო აღდგენილ-გახსნილი, ვერ ჩამოვიდნენ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო შენაერთები თბილისამდე? ასე რომ, აბსურდული მოტივაცია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსებს ორი უზარმაზარი სამხედრო ბაზა აქვთ შიდა ქართლში. ამიტომ უმჯობესია რუსეთთან ურთიერთობით, რომელსაც უზარმაზარი გასაღების ბაზარი აქვს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ვნახოთ. ამ კუთხით მამისონი ძალიან დიდი პოტენციური საშუალება შეიძლება გახდეს, რადგან კავკასიონიდან ფოთის პორტამდე მისასვლელი უმოკლესი გზაა აქ გადის ჩრდილო ოსეთისა და ყაბარდო-ბალყარეთისთვის, ანუ რუსეთისთვის, გზა რომელიც ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში არ ჩაიკეტება. 
- ბატონო ამირან, ფაქტია, რომ მამისონის უღელტეხილთან ქართველი მესაზღვრეები აღარ დგანან. ზოგიერთი ინფორმაციით, 15 კილომეტრითაა საქართველო-რუსეთის საზღვარი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწეული. თვითონ დავტოვეთ იქაურობა თუ დაგვახევინეს, რა ხდება რეალურად მამისონზე?
- სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდე, გეტყვით, რომ ეს უღელტეხილი მნიშვნელოვანია იმითაცაა, რომ მხოლოდ ერთხელ გადმოლახეს საჯარისო ნაწილებმა. 1921 წელს რუსეთის მე 11 არმიის შენაერთები აქედან გადმოვიდნენ, აქედან დაიწყო საქართველოს გასაბჭოება ჭიათურის მიმართულებით. მამისონიდან შემოვიდა დიგორის რაზმი, დიგორა ჩრდილო ოსეთის ერთერთი რეგიონია. სხვა შენაერთები თბილისისკენ წავიდნენ, ეს რაზმი კი ჭიათურასა და ქუთაისში შევიდა. დიდი სამამულო ომის დროს (მეორე მსოფლიო ომი), მამისონი კავკასიის ფრონტის ძირითადი მომმარაგებელი გზა იყო, აქედან მიეწოდებოდა ყველა საშუალება, რაც კი ფრონტისთვის იყო საჭირო.
თავის დროზე, ვგულისხმობ კომუნისტების მმართველობის პერიოდს, ეს ტერიტორია ოლქის შემადგენლობაში იყო. მანდ ჩამოდის პატარა მდინარე ჭანჭახი და ამ მდინარეს მიუყვებოდა ადმინისტრაციული საზღვარი. 1996 წლის ოქტომბერში დავდექით ქართველი მესაზღვრეები მაგ ტერიტორიაზე, ავიყვანე ჯარისკაცები და დავბინავდით მეტეოსადგურის შენობაში, რომელიც პირდაპირ კავკასიონზე, უღელტეხილზე მდებარეობს და შესაბამისად, მაშინაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო. ჩვენ ხელმძღვანელობამ გვითხრა, რომ მეტეოსადგურის შენობაში უნდა განვლაგებულიყავით. რუსები მაშინაც წინააღმდეგები იყვნენ ჩვენი იქ განლაგების და რომ გაიგეს იქ ავედით და პოზიციები დავიკავეთ, მოგვადგა რუსი სამხედროების შეიარაღებული 5-კაციანი ჯგუფი, ოფიცერი ოთხი ჯარისკაცით. რუსმა მესაზღვრეებმა მოგვთხოვეს ეს ტერიტორია გავეთავისუფლებინა, რადგან ასეთი ბრძანება ჰქონდათ მიღებული.
მაშინ ხელმძღვანელობა გვყავდა ისეთი, ვიცოდით უკან არ დაიხევდნენ, მხარდაჭერას ვგრძნობდით. გენერალი ვალერი ჩხეიძე იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი. მერე დაიწყო წერილობით საკითხის მოგვარება, რამდენადაც მახსოვს, მოსკოვიდან მოსწერეს ბატონ ვალერის.ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ იჩივლა კრემლში და იმიტომ წამოვიდა ეს წერილი, მაგრამ ვალერი ჩხეიძემ თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოა და ამით დამთავრდა. ასეთი პოზიცია იყო, გვითხრა ხელმძღვანელობამ, დაიკავეთ მეტეოსადგურის შენობაო და ჩვენ მაშინ ეს გამოგვივიდა. მერეც არ გვქონია პრობლემა, რაც ფაქტობრივად 2008 წლამდე გრძელდებოდა. რაც შეეხება ომის დროს საზღვრის გადმოწევას, დაზუსტებით ვერ გეტყვით რამდენი კილომეტრითაა გადმოწეული რაჭის ტერიტორიის სიღრმეში, რადგან კაი ხანია, იქ აღარ ვყოფილვარ. ვერ ვიტყვი, მე მაგარი ვიყავი და შევინარჩუნე ეს ტერიტორია-თქო, მაგრამ ფაქტია, უკან დაიხიეს ჩვენმა მესაზღვრეებმა იმ მიმართულებით, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში იყო და კიდევ უფრო მეტითაც, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც დაიხიეს. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსებმა მანამდე ჩვენი მესაზღვრეების სადგომს რაკეტები ესროლეს, იმ წუთას არავინ დაღუპულა, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ დაშინება ნამდვილად იყო. ასეთ პირობებში ისინი მეტეოსადგურის ტერიტორიაზე ვეღარ ადიოდნენ და ფაქტობრივად გამოდევნეს რუსებმა იქიდან. ქართველი მესაზღვრეები მერე მწყემსების ბინაში იყვნენ დაბანაკებული, მაგრამ ამ ნაგებობასაც ესროლეს რუსებმა რაკეტა. ამის მერე დაიხიეს ჩვენებმა რამდენიმე კილომეტრით.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ რთულ პირობებში მოუწიათ ჩვენს მესაზღვრეებს ყოფნა, იმ პერიოდში ქართულმა მხარემ აქაც დაუშვა შეცდომა, თვითონვე ააფეთქეს ე.წ. ნიკოლოზის ხიდი. ეს იყო მეფე ნიკოლოზის დროს აშენებული ხიდი, რომელიც მამისონიდან 10–15 კმ-თაა დაშორებული, მართლა ძალიან კარგი ხიდი იყო. ახლა იმ ტერიტორიამდე არიან დახეული ჩვენი მესაზღვრეები. ეს ხიდი თითქოს იმიტომ ააფეთქეს, რომ რუსები ტანკებით არ შემოსულიყვნენ. ესეც აბსურდული მოტივია, მაგ ხიდის აშენების და საფორტიფიკაციო საშუალებები რუსებს არ უჭირდათ, სურვილის შემთხვევაში, ნახევარ საათში აღადგენდნენ. ამიტომაც ვამბობ, რომ არ უნდა აეფეთქებინათ საუკუნოვანი ხიდი. რასაც არ ცნობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად მტერ-„მოყვარენი“, იქ მიახლოებაც შეიძლება და ქართველი მესაზღვრეების დგომაც, რატომ არ ვიცვლით პოზიციას, ეს უკვე ხელისუფლების მაღალი ეშელონების ხედვის თემაა, მესაზღვრეებს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ. რა წერია იმ ხელშეკრულებაში, რასაც 2008 წლის ომის შემდეგ მოაწერა ხელი ნაცხელისუფლების ლიდერებმა, საზოგადოებამ დაზუსტებით არაფერი ვიცით, თავიდანვე გაასაიდუმლოეს. ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას, რომ არ არის გამორიცხული მაოხრებელმა სააკაშვილმა, რესპუბლიკის სტატუსში აღდგენილ ე.წ. სამხრთ ოსეთს, რაჭის ტერიტორიის ნაწილიც „უფეშქაშა“.

მანანა სუხიშვილი

"საერთო გაზეთი"