ბესო მიქავა: რა გაყიდა, რა გაასხვისა, რა დაკარგა ბიძინა ივანიშვილმა, იქნებ მითხრას ვინმემ?!

ბესო მიქავა: რა გაყიდა, რა გაასხვისა, რა დაკარგა ბიძინა ივანიშვილმა, იქნებ მითხრას ვინმემ?!




გვესაუბრება

იბერიულ-კავკასიური“

მოძრაობის ხელმძღვანელი

ბესო მიქავა:

- ბატონო ბესო, შექმნილი ვითარების მიხედვით, რას უნდა მოველოდეთ?

- ცოტა შორიდან დავიწყებ. 1991 წლის 28 ოქტომბერს მე წავედი არჩევნებზე და მივეცი ხმა ეროვნულ მოძრაობას - „მრგვალ მაგიდას“, მაგრამ ის ხელისუფლება იქნა დამხობილი. მაშინ მე თავზე დამამხეს ჩემი ხმა და ჩემი ნება.

დღეს რომ გაჰყვირიან, ხმები წაგვართვესო, სად წავიდა მაშინდელი ჩემი ხმა, დამიბრუნა დღემდე ვინმემ? - არა.

ბურჯანაძე გამოდის და იძახის: არჩევნების გაყალბება, ეს არის სახელმწიფოს დამხობის ტოლფასიო.

კანონიერად არჩეული ხელისუფლების იარაღით დამხობა დემოკრატიაა?

რა უკვირთ ახლა, ეს მაინტერესებს.

ყველა, ვინც მონაწილეობდა ახლანდელ არჩევნებში, მათი უმრავლესობა არიან ის პარტიები და პარტიული სუბიექტები, რომელთა თვალწინაც წლების განმავლობაში ხდებოდა გაყალბებების უპრეცედენტო შემთხვევები. შუქის გათიშვებს კი არ ვგულისხმობ მხოლოდ, არამედ ავტომატებით თავდასხმებს, ყუთების მოპარვას, წართმევას და ბეტეერებით მივარდნას საარჩევნო უბნებთან.

ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები, მაშინ ამ არჩევნების შედეგებით რა გამოდის, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავის წინააღმდეგ გააყალბა არჩევნები?

თუ ვინმემ გააყალბა, ეს ოპოზიციის გაყალბებული და ოპოზიციის მიერ მიტაცებული ხმებია სხვადასხვა მანიპულაციებით და ახლა ყვირიან, ისე, როგორც ქურდს კუდი ეწვისო.

ეს აპრობირებული მეთოდი გახდა უკვე მსოფლიოში, როგორც ბელორუსში იყო აურზაური, როგორც ვენესუელაში, მსოფლიომ რომ აღიარა პრეზიდენტად არჩევნებში დამარცხებული კანდიდატები.

აქაც იგივეს განმეორება უნდათ, მაგრამ არ გამოუვა არავის. ჩვენ, მოსახლეობა და ხალხი ამას არ დავუშვებთ.

- მაგრამ ხალხის ნაწილი ხომ მათ მხარეზეა?

- მათ გასაგონად ვიტყვი: ვინც მხარს უჭერთ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, გაიხსენეთ, ვინ არიან ისინი - ეს ის ხალხია, ვინც გაყიდა და გაასხვისა ქართული მიწები, დავით გარეჯი დაუკანონა უსამართლოდ სხვას, გაყიდა ენერგოობიექტები და სტრატეგიული მნიშვნელობის ქონება რუსებზე, ტერიტორიის 20% დაკარგა და ამის საპირწონედ, რა გაყიდა, რა გაასხვისა, რა დაკარგა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, მითხრას რომელიმე მათგანმა.

ტერიტორიების და სხვა ქართული სიმდიდრეების გაყიდვით მიღებული ფულით ჩადის ე.წ. ოპოზიცია დღემდე დესტრუქციულ და მოღალატურ საქმიანობას საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ხსნიან დეზინფორმაციული შხამების გამომყოფ, ცრუ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, აწყობენ საბოტაჟს, ებრძვიან ჩვენს სახელმწიფოს, დააკვირდით, თუ ასე არაა.

ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქიო, ბატონებო, ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტი ფული აქვს ოპოზიციას ერთად აღებულს და ეს ფული წაღლეტილია ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი შიმშილის და სიდუხჭირის ხარჯზე აქვთ ეს ფული ნაშოვნი, თორემ ბიძინა ივანიშვილი სანამ პოლიტიკურ პროცესებს ჩაუდგებოდა სათავეში, მანამდე ჰქონდა ფული, დააკვირდით სააკაშვილს, ბოკერიას, უგულავას, ოქრუაშვილს და სხვებს და სხვებს, იგივე ნათელაშვილს, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდნენ, ჰქონდათ ამდენი ქონება?

თქვენ თქვით, ხალხი უჭერს ე.წ ოპოზიციას მხარსო, ჩვეულებრივი, უბრალო მოქალაქე ამათ მხარს არ დაუჭერს. მხარდასაჭერად გამოდიან მათი მეგობრები მატერიალური ინტერესებით, მათი ნათესავები, პარტიის წევრები და ზოგიერთი უსაქმო, სეირის მაყურებელი და ფულით მოსყიდული ხალხი. აი, ესაა მთელი მიტინგი.

შეგიძლიათ შეამოწმოთ, გადაიღოთ ფოტოები, თუ ერთი და იგივე ხალხი არ იქნება აქციებზე.

დარწმუნებული ვარ, ქართველი კაცი, მამულიშვილი, ქვეყნის მოყვარული ადამიანი იმ აქციაზე არ მივა.

სამწუხაროა ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მკვდარი ორგანიზმი, „მოქალაქეთა კავშირი“ და მისი ნარჩენები გააცოცხლა და რეანიმაცია გაუკეთა კოჰაბიტაციით.

კოჰაბიტაციის, ამ უკანონო კავშირის შედეგად, ჩაისახა ახალი ორგანიზმი, რომლის დაბადება და გაჩენა ვერ ხერხდება და საკეისრო კვეთაა საჭირო, ხელოვნური გზით, რადგან ყველაფერი უკანონოდ ჩასახული არაბუნებრივად იბადება.

- ახლა რას უნდა ველოდეთ?

- დიდი ხანია ვამბობ, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა აიკრძალოს. გავყვიროდი: არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ უნდა მივცეთ-მეთქი.

თავად ხელისუფლებაც ამბობდა, რომ ეს იყო დამნაშავეთა ჯგუფი, მაშინ პროკურატურამ რატომ არ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ან ამის მთქმელზე, ან თავად კრიმინალურ ორგანიზაციაზე?

დავით გარეჯი გაყიდეს - აქ პოლიტიკაზე აღარაა საუბარი, ეს სს დანაშაულია და დამტკიცების შემთხვევაში, კანონი მოითხოვს დასჯას ქვეყნის ტერიტორიის გაყიდვის ბრალდებით.

ქალბატონი კალანდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, აცხადებდა, გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიააო. რით განსხვავდება მისი განცხადება, მაგალითად, „ჯავახკის“ განცხადებებისგან ან ოსი სეპარატისტების სიტყვებისგან?!

მე, როგორც იცით, 90-იანი წლებიდან პოლიტიკურ მოძრაობებში ვარ და ცოტა რამ გამეგება აქციების და - როდესაც პარტია ან პარტიათა ჯგუფი მილიონნახევრიან დედაქალაქში ვერ აგროვებს რამდენიმე ათას მომიტინგეს, ვსვამ კითხვას: როგორ აიღეს ის ხმები, რომელზეც დღეს დაობენ და აჯანყებებს აპირებენ? რაში სჭირდებათ რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანა თუ ამხელა ქალაქი მხარს უჭერთ? სადაა აქ ლოგიკა?

ირანდა კალანდაძე

"საერთო გაზეთი"