ბიძა და ძიძა

ბიძა და ძიძა




პუტინის, რუსეთის დაუძინებელ მტრებს, „ნაცარმიას“ რატომღაც არ გაუპროტესტებია მიხეილ სააკაშვილის ბიძის, ძიძის და „კრიშის“ ვიზიტი საქართველოში. არც მისი დაპატიმრება და გაძევება მოუთხოვია. მეტიც, მორჩილად მოისმინეს, რომ შეუძლებელი ვერ შეძლეს და ორ ოქტომბერს გადასატრიალებელი, ძიძას, ოცდაერთ დეკემბერს შეაჩეჩეს. როგორ შეასრულებს რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას ჩაშალოს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია ტექნიკის საქმეა. თუმცა, გაშიფრულ, მოფამფალებული ტექნიკა ციხესთან უფრო მალე მიიყვანს ვიდრე ხელისუფლებასთან... ბიძა და დისშვილი, რომ პუტინის დავალებების შემსრულებლები არიან არაერთი ფაქტი მოწმობს, ხშირ შემთხვევაში თვითონაც „წამოცდებათ“ ხოლმე.

წლების წინ ინტერვიუში თემურ ალასანია, რომლის საქმიანობას საბჭოთა „КГБ“-საც უკავშირებენ და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსაც, აღიარებდა, რომ სწორედ მან „ჩაუდო“ თავისი დისშვილი ამერიკელებს, რომლებმაც, საქართველოს შემდეგ, „უკრაინის აფეთქება“ დაავალეს. „მე ვიყავი პირველ მაიდანზე, როცა იუშჩენკო იყო. იუშჩენკოსთან ვმუშაობდი, როცა მიშას ინაუგურაციაზე ჩამოვიდა, მაშინ ჯერ პრეზიდენტი არ იყო. და მას მიმამაგრეს. ძალიან კარგად ვატარებდით დროს და ვსაუბრობდით. როცა აზერბაიჯანში ან სადმე ვხვდებოდით, მრავალსაათიანი საუბარი გვქონდა ხოლმე უკრაინელი ხალხის ბედზე. პირველად, როდესაც მაიდნის დროს შევხვდით — მე, მიშა, პოროშენკო და კიდევ ერთი კაცი — ეს ღამის ორ საათზე მოხდა სასტუმროში. და სადღაც ოთხის ნახევრამდე ვისხედით... მე ვიყავი პირველ მაიდანზე, ვიყავი მეორე მაიდანზე. არადა, კონტრაქტი უნდა შესრულდეს!“. რასაკვირველია, ინტერვიუში იმას არ აღიარებს, რომ უკრაინამ სწორედ „კგბ-ს რაზმეულის“ დახმარებით დაკარგა ყირიმი და კონტროლი დონბასზე...დისშვილის ისტორიაში საკუთარი პიროვნების როლზე სააკაშვილის ბიძა ბუნდოვნად ლაპარაკობს, მხოლოდ აღიარებს, რომ საწყის ეტაპზე ამერიკულ ელიტაში გარკვეულ ხალხს გააცნო: „მე მისი მრჩეველი ვარ. ვიყავი, ვარ და, ალბათ, ასეთად მოვკვდები. ყოველთვის მის გვერდით ვიყავი და ვიქნები, მაგრამ — არაოფიციალურად. ჩემი პირველი შეხვედრები ბრეჟნევიდან დავიწყე, აშშ-ის პრაქტიკულად ყველა პრეზიდენტით დამთავრებული, რეიგანის გარდა“...

ალასანია არც იმას მალავდა, რომ უკრაინაში სააკაშვილის მოღვაწეობა დროებითი იყო, საქართველოში დაბრუნებაზე დამიზნებით. „ამაზე დამელაპარაკა. მე უბრალოდ ვუთხარი: `დიახ, ასე უნდა იმოქმედო, იმიტომ რომ შექმნილ ვითარებაში ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“. პოროშენკოს მრჩევლობიდან სააკაშვილი ოდესაში გაასახლეს, მერე კი გადააყენეს. შემდეგ, ევროპაში მომაკვდინებელი კომპრომატი ამოტივტივდა — მაიდანზე „ციურ ასეულს“ ქართველი სნაიპერები ხვრეტდნენ სააკაშვილის სპეცრაზმიდან. უკრაინულ გამოძიებას სრულიად არადროულად გაუჩნდა ამ „არცთუ ხელსაყრელი“ დანაშაულის გამოძიების შანსი. საინტერესო დამთხვევაა, სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია ზუსტად ერთი დღით ადრე მოხდა მანამდე, როცა მას კიევის სასამართლოში ჩვენება უნდა მიეცა...

თემურ ალასანია თვითონ ამბობს, რომ 1974 წლის მაისიდან ვაშინგტონში ცხოვრობდა. ეს არის ბრეჟნევის დრო. ის მუშაობდა სსრკ-ის საელჩოში, დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი (მგიმო). კიევში ყოფნისას სააკაშვილმა აჩვენა მას კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი და უთხრა — ხომ იცი, მე მგიმო-ში არ მიმიღებდნენ, ვინაიდან იქ მხოლოდ კგბ-სთან შეკრულებს ან ძალიან კორუმპირებული ოჯახებიდან იღებდნენ. ამის შემდეგ სსრკ-ის კვოტით თემურ ალასანია დაინიშნა გაეროში, სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტში, ის ინტერვიუებშიც ამბობს, რომ მის გარეშე სააკაშვილი არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებს. „ბიძა“ რუსეთის დავალებებს ოცდაათი წლის წინაც, პირნათლად ასრულებდა. ირაკლი კაკაბაძე პროკურატურაში მიცემულ ჩვენებაში წერს „მე თემურ ალასანია გავიცანი 1991 წლის იანვარში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენ მათ ვეხმარებოდით აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხში. ამის მოწმეები არიან ბატონები აკაკი ასათიანი, თედო პაატაშვილი, მერაბ ურიდია და თუ არ ვცდები იქ იყო ბატონი თამაზ გამყრელიძეც. ბატონმა ალასანიამ მაშინ ბევრი დაპირება გააკეთა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საქართველოს ხელისუფლების დახმარებაზე, მაგრამ 1991 წლის განმავლობაში არც ერთი ეს დაპირება არ შეასრულა.

პირიქით, 1991 წლის სექტემბრიდან ბატონი ალასანია ახლო კონტაქტში იმყოფებოდა ნიუ იორკში ჩამოსულ პარტიული ნომენკლატურისა და კრიმინალური წრეების წარმომადგენლებთან, რომელთაც საბოლოო ჯამში განახორციელდეს გადატრიალება. ამასთანავე ბატონი თემური თვითონაც არ მალავდა საკუთარ ბიოგრაფიას და იმას რომ იგი საბჭოთა ორგანოებისთვის მუშაობდა და თვით იური ანდროპოვის აღზრდილი იყო. ამით იგი ხშირად ტრაბახობდა. 1991–1992 წლების განმავლობაში მე რამდენჯერმე შევხვდი თემურ ალასანიას პრეზიდენტ გამსახურდიას დავალებით და ვთხოვეთ მას დახმარება რუსული დეზინფორმაციული ქსელის გარღვევაში, რასაც თვით ჰპირდებოდა საქართველოს მთავრობას, მაგრამ მისი მხრიდან ამ მხრივ არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა.

1992 წლის მერე ნათლად გამოჩნდა მისი ახლო ალიანსი საბჭოთა ნომეკლატურის წევრებთან, რომელთაც სახელმწიფო გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. პრეზიდენტმა გამსახურდიამ 1991 წელს ჩემთან ერთ-ერთ ბოლო საუბარში ალასანია დაახასიათა, როგორც „სუკის გენერალი“. ასე, რომ ალასანია, რუსეთის სპეცსამსახურების შეკვეთილ მუსიკაზე, ოდითგანვე ცეკვავდა, საქართველოში გვამებზე.

2005 წლის 5 თებერვალს ჟვანია მოკლეს და ჩვეული სტილით „უბედურ შემთხვევას“ დააბრალეს... მიშას ძიძა, მუდამ ახლოს ყავდა და კანონის გვერდის ავლით, მას კაბინეტიც გაუხსნა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში. 2011 წელს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩევლად დაინიშნა რასაც ისევ, მედიის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა... ბიძამ და დისშვილმა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებების შესრულებით ასობით მილიონი დოლარი ჩაიჯიბეს არ ახალია. მათი ოჯახის ბიზნეს წილების და უკანონოდ მითვისებული სახელმწიფო ქონების შესახებ ამაოდ, არაერთელ უმსჯელია ქართულ მედიას.

თემურ ალასანიას და მისი მეუღლის ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ სააკაშვილის ამერიკული სახლებიდან ერთ-ერთს „იმედის კვირის“ გადამღებმა ჯგუფმა მაიამის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ ნაწილში მიაგნო. ქალაქის ამ მხარეს სახლები ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და ცნობილ ბიზნესმენებს აქვთ. აპარტამენტების ღირებულება კი მილიონი დოლარიდან იწყება. ამას ემატება ყოველთვიური სოლიდური გადასახადიც.

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, სადაც სააკაშვილის ბიძა და ბიცოლა საუბრობენ, ფლორიდაში ახლად შეძენილი სახლის ნომერი დასახელდა, სწორედ ამ ადგილზე მივიდნენ „იმედის“ ჟურნალისტები და გარე და შიდა ინტერიერის გადაღებაც მოახერხეს. გავრცელებულ ფარული ჩანაწერის მიხედვით, თემურ ალასანია სააკაშვილს ამ ადგილზე აპარტამენტის შერჩევაში ეხმარებოდა. როგორც ირკვევა, 2012 წლის ნოემბერში, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ ამერიკაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თემურ და ქეთევან ალასანია დაფარული პირის ნდობით აღჭურვილი პირები გახდნენ. ამის შემდეგ, ნებისმიერი შენაძენის ოფიციალურ დოკუმენტებში არა ამ გასაიდუმლოებული პიროვნების, არამედ ცოლ-ქმარი ალასანიების გვარი ფიგურირებს.

სწორედ ამით აიხსნება ფაქტი, რომ მაიამიში ძვირადღირებული სახლის მფლობელებად სამი ადამიანია დაფიქსირებული, თემურ და ქეთევან ალასანიები და კიდევ ერთი დაფარული პირი. სახლის შეძენის თარიღად 2017 წლის 29 ივნისი სახელდება. შესყიდვის სწორედ ეს ფორმაა გამოყენებული ნიუ-იორკში შეძენილი ორი აპარტამენტიდან ერთ-ერთზეც. აპარტამენტები ჯამში სამ მილიონამდე დოლარი დაჯდა. ერთ-ერთ მათგანში პერიოდულად მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს. თუმცა, აღნიშნული ქონებაც ზღვაში წვეთია მიშასთვის და მისი ძიძის ქონებიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის რღვევის და ნგრევის სანაცვლოდ მიიღეს. დიახ, სწორედ ამ „სიტკბოებისთვის“ ჩამოვიდა ჩამოსაწერად განწირული მიხეილი ტრაილერით უკანასკნელი დავალების შესასრულებლად თუმცა უშედეგოდ. ბოლო კოზირად ალასანიაც გამოისროლეს „შეუძლებელი რომ შესძლოს“...

გედის სიმღერით დაამთავრებენ მიშაც და ძიძაც, მაგრამ მათი დანგრეულის აღსადგენად, სამწუხაროდ ათწლეულებიც არ გვეყოფა...უკრაინაშიც კარგად გაიცნეს მიშა, მაგრამ ნაცმადიდებლების რაზმეული უტიფრად ცდილობს მის გათეთრებას. აი, რა განაცხადა გადაცემაში უკრაინის რადას მერვე მოწვევის დეპუტატმა, დიმიტრი გოლუბოვმა: „სააკაშვილი დახოცავს ადამიანთა ნებისმიერ რაოდენობას, სისხლში ჩაახშობს მთელ საქართველოს, რომ მიიღოს ხელისუფლება. ეს ცხოველი უნდა იყოს გალიაში სიცოცხლის ბოლომდე. მისი გამოშვება არ შეიძლება წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაანადგურებს მთელ თქვენ ქვეყანას. ადამიანებს ავიწყდებათ, ვინ იყო მათ ხელმძღვანელი, რა ადამიანია ის. თუმცა ადამიანსაც ვერ ვუწოდებ მას, რომელიც საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს“.

მარიამ ჯანჯღავა

,,საერთო გაზეთი"