გახარიას ,,პერესტროიკა''

გახარიას ,,პერესტროიკა''




მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ. ბარემ ისიც მითხარი, ვინ გაპიარებს და კიდევ უფრო ზუსტად გეტყვი, ვინ ბრძანდებით, თქვენ, ბატონო, თუმცა ადამიანის ამოცნობის ამ საინტერესო და ორიგინალურმა მეთოდმა, შეიძლება, გიორგი გახარიას შემთხვევაში ვერ იმუშაოს, უფრო მეტიც – შეიძლება შეცდომაშიც კი შეგვიყვანოს.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა და „სამუშაოდ“ ოპოზიციაში გადავიდა, მას აქტიურად აპიარებენ ე.წ. ოპოზიციური ტელეარხები, რომლებიც, სინამდვილეში, სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ კონტროლს დაქვემდებარებული არხებია.
პიარი სხვა სიტყვაა – აპიარებენ კი არა, გამალებულ აგიტაცია-პროპაგანდას ეწევიან და საათნახევრიან, ორსაათიან გადაცემებს უძღვნიან ხან პერსონალურად გახარიას, ხან გახარიას გუნდის წევრებს.
ამასწინათ ეკა კვესიტაძეს ჰყავდა მიწვეული „მთავარში“ გიორგი ხოჯევანიშვილი და ნათია მეზვრიშვილი.
ეგეთი ლმობიერი, ეგეთი კეთილი და რესპონდენტების მიმართ დედობრივი მზრუნველობით განწყობილი კვესიტაძე ჯერ არ მინახავს.
ეს არ იყო ინტერვიუ ჟურნალისტსა და პოლიტიკური პარტიის წევრებს შორის, ეს იყო სემინარი, ტრენინგი, რომელსაც ქალბატონი ეკა დამწყებ პოლიტიკოსებს ღია ეთერში უტარებდა.
განსაკუთრებული მზრუნველობით ეპყრობოდა იგი ახალბედა პოლიტიკოსს, ხოჯევანიშვილს, დელიკატურად უსწორებდა, მისი აზრით, არაკვალიფიციურ მოსაზრებებს და იქვე დასძენდა: არა უშავს, არა უშავს, ჯერ ახალგაზრდაა, გამოუცდელია და ყველაფერს გამოასწორებსო.
იმდენჯერ თქვა კვესიტაძემ, ხოჯევანიშვილის მისამართით, გამოუცდელიაო, რომ გიორგის ეწყინა კიდევაც – რა იყო, ქალბატონო ეკა, გამოუცდელობას ნაკლად მითვლითო?
როგორც გაირკვა, პოლიტიკაში გამოუცდელი გიორგი ბიზნესში საკმაოდ გამოცდილია და სერიოზულ კომპანიებში სერიოზულ წილებსაც ფლობს თურმე, შეთავსებით კი ორი წელი გუბერნატორობდა კიდევაც.
„სემინარის“ ხელმძღვანელი კვესიტაძე ხშირად უსვამდა ხაზს, რომ მას პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში მუშაობის ოცწლიანი სტაჟი აქვს და, ამდენად, მის სიტყვას, მის გამოცდილებას ახალბედა პოლიტიკოსები უნდა ენდონ.
ამ გადაცემას რომ ვუყურებდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს კვესიტაძე გახარიას პარტიას შტატგარეშე პედაგოგად ჰყავს მიწვეული, რომელმაც დამწყებ პოლიტიკოსებს უნდა ასწავლოს, სად რა უნდა თქვან, სად რა არ უნდა თქვან, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, სად დასვან მთავარი აქცენტები და ა. შ.
„მთავარზე“ რომ ასეთი ამბები ხდება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სალამ-ქალამი, რაა მობრძანდი-დაბრძანდია გაჩაღებული სხვა ტელეარხებზე.
მარტო იმის გახსენება რად ღირს, როგორ ერთხმად, როგორ ორგანიზებულად, როგორ ფართოდ გააშუქეს ამ ე.წ. ოპოზიციურმა ტელეკომპანიებმა გახარიას პარტიის პრეზენტაცია.
თითქმის ყველა ტელეკომპანიამ ღია ეთერში, პირდაპირი ჩართვით გადასცა გიორგი გახარიას გამოსვლა, როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა.
მართალია, გახარიას პარტიის პრეზენტაცია ძალიან ჰგავდა გორბაჩოვის დროინდელი „პერესტროიკის“ პარტაქტივის სხდომებს, სადაც პარტიული ხელმძღვანელი ამხანაგები ძალიან ცდილობდნენ, მწვავედ გაეკრიტიკებინათ კომპარტიის ადრინდელი ქმედებები, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, რადგან თვითონ იყვნენ იმ დროის შემოქმედები, რაც ახლა კრიტიკის ქარ-ცეცხლში უნდა გაეტარებინათ, თუმცა, როგორც ვთქვით, ამის გაკეთება, ფაქტობრივად, ხარაკირს და თვითმკვლელობას უდრიდა, ამიტომაც, სერიოზული და საფუძვლიანი კრიტიკის ნაცვლად, პარტმუშაკები წკიპურტების სროლით კმაყოფილდებოდნენ.
ესეც, ეს ახალი დროის გორბაჩოვი – გიორგი გახარია, წკიპურტებს ისროდა, ხანდახან მომცრო-მომცრო კენჭებსაც გაუქანებდა უჩინარ და უსახელო, მოდელირებულ ოპონენტებს, თუმცა ეს კენჭებიც, საბოლოო ჯამში, მის ბოსტანში ხვდებოდა.
გორბაჩოვის „პერესტროიკიდან“ არაფერი გამოვიდა, ვნახოთ, რა გამოვა გახარიას „პერესტროიკიდან“, თუმცა ეს არ არის მთავარი – მთავარი ისაა, ვინ მისცა ბრძანება ოპოზიციური ტელეარხების მესვეურებს: იმუშავეთ გახარიაზე, გააშუქეთ ყველა მისი ღონისძიება, სისტემატიურად მოიწვიეთ გახარია და მისი გუნდის წევრები თქვენს გადაცემებშიო!
ხომ საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და რატომ გაუსკდათ ასე ერთბაშად სიყვარულის გუდა ამ ტელეარხებს აქამდე მიუღებელი და საძულველი გახარიასადმი?
„შერატონში“ გამართულ გახარიას პრეს-კონფერენციაზე ყველა ოპოზიციური არხი მივიდა, სამაგიეროდ, არ მივიდა „იმედი“ და „პოსტ-TV“, რომლებიც „ქართული ოცნების“ სატელიტ ტელევიზიებად ითვლებიან.
ნახეთ, რა სურათი დაიხატა? გახარიას მხარს უჭერს და თავისი ტელევიზიებით აქტიურად ეხმარება „ნაცმოძრაობა“, რითაც „ფაქტებით“ ამყარებს გავრცელებულ ხმებს, რომ გახარიამ უღალატა „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ შეეკრა.
ამ ვერსიას ხშირად იმეორებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის მტკიცებითაც, გახარიამ თავისი მოულოდნელი გადადგომით ზურგში ლახვარი ჩასცა „ქართულ ოცნებას“ და ეს გააკეთა არა ემოციურ ფონზე, არამედ შეგნებულად, წინასწარი განზრახვით, გააზრებულად.
ამ დროს ექსპერტები, ანალიტიკოსები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ არჩევნებში გიორგი გახარია შეეცდება, „ქართული ოცნების“ იმ მხარდამჭერთა ნაწილი გადაიბიროს, რომელიც სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო განაწყენებულია „ქართულ ოცნებაზე“ და ახალ საყრდენს, ახალ პოლიტიკურ ძალას ეძებს, ამ ახალ ძალად კი შეიძლება სწორედ გიორგი გახარიას პარტია მიაჩნდეს.
ვარაუდების ამ ხაზს თუ გავყვებით, ნათელი ხდება, თუ რატომ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გახარიას გაძლიერებას – მან იცის, რომ გახარია ნაცების ელექტორატზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ არსებობს შანსი, გაძლიერებულმა გახარიამ „ქართული ოცნება“ დააზარალოს და დააზიანოს და, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ – ხმები წაგლიჯოს.
არსებობს მეორე ალბათობა – რატომ არის გამორიცხული, რომ „ნაცმოძრაობის“ ხაზგასმული, ზედმეტად აჟიტირებული მხარდაჭერა გახარიას მისამართით, „ქართული ოცნების“ ყოფილმა მხარდამჭერებმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგონ და მართლაც ირწმუნონ, რომ გახარია ნაცებთან არის შეკრული.
ამ შემთხვევაში, ისინი, ცხადია, გახარიას სათოფეზედაც არ გაეკარებიან და არჩევანს სხვა ვინმეზე გააკეთებენ, რითაც „ქართული ოცნება“ თავიდან აიცილებს გარკვეულ საფრთხეს გახარიას მხრიდან.
გამოდის, რომ „ნაცმოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და, ფაქტობრივად, ეხმარება მას გახარიას განეიტრალებაში.
თუმცა „ნაცმოძრაობაში“ სულელები არ არიან, რომ ამ მარტივ კომბინაციას ვერ ხედავდნენ და ვერ ხვდებოდნენ.
ჩვენი აზრით, ნაცები ცდილობენ, აცდუნონ გახარია და აჩვენონ, რომ მათთან კარგია! თუ მათთან ხარ, საინფორმაციო უზრუნველყოფა გარანტირებული გაქვს – თითს დაიქნევ და რამდენიმე ტელევიზია მყისვე შენთან გაჩნდება, არც ყვირილსა და დებოშის ატეხვაში დაოსტატებული სამოქალაქო აქტივისტები მოგივარდებიან ყოველდღე და „თვალთხარიას“ არ დაგიძახებენ, არც ინგა დაგჭყივლებს ხაფი ხმით და არც ნიკუტა გვარამია გიკბენს მორიელივით, იქნები მშვიდად და მოყვები ზღაპრებს, თუ როგორ გინდოდა ქართული სახელმწიფოს აშენება და როგორ არ დაგანებეს მავნებელმა „ქოცებმა“.
ჩემი ვარაუდით, ნაცები ცოტა ხანს კიდევ აცლიან გახარიას, ცოტა ხანს კიდევ დააკვირდებიან და, თუ ჭკუას არ მოეგება და იმის ლაპარაკს არ დაიწყებს, რაც ნაცებს სურთ, ერთბაშად გადაუკეტავენ ყველა საინფორმაციო საშუალებას.
ე.წ. ოპოზიციური ტელეარზები – არა! „იმედი“ და „პოსტ-TV“ ისედაც არა! რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში სრულ საინფორმაციო ალყაში მოქცეულმა გახარიამ?
უკან უნდა დაბრუნდეს თუ წინ წავიდეს, წინ კი ყრუ კედელია, რომელსაც ერთხელ უკვე გამოექცა?
რთულ მდგომარეობაშია ბატონი გახარია, თუმცა ამ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა, ამაზე მაშინ უნდა ეფიქრა, როცა თავისი პოლიტიკური კარიერა „აბრაგ“ მელიას შესწირა და ბრძოლის ველიდან თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა.
ქართველ საზოგადოებას დიდი თავსატეხი გაუჩნდა: ვინ არის გახარია? ქოცია თუ ნაცია?
ძველი ანეგდოტი გამახსენდა და უნდა მოგიყვეთ:
„გეპეის“ სტუდენტი ჰყვება: ცოლს ჰგონია, რომ საყვარელთან ვარ, საყვარელს ჰგონია, რომ ცოლთან ვარ. მე კი ვზივარ და ვხაზავო.
გახარიას საქმეც ასეა – ქოცებს ჰგონიათ, რომ ნაცია, ნაცებს ჰგონიათ, რომ ქოცია, ის კი ზის და ხაზავს თავისი ბუნდოვანი პოლიტიკური მომავლის კონტურებს.

ვახტანგ ხარჩილავა

,,საერთო გაზეთი"