გელა ზედელაშვილი: ვანო, შოთა, მალხაზა, გოგია, ნოდარა, შალიკო, ვალიკო... მიდიან და მიდიან

გელა ზედელაშვილი: ვანო, შოთა, მალხაზა, გოგია, ნოდარა, შალიკო, ვალიკო... მიდიან და მიდიან




(უმძიმესი პროლოგი)

ძალიან ცუდი დრო დაგვიდგა. ცუდიც არის და ცუდიც. ყოველდღე 5 ათასზე მეტი ინფიცირებული და 50-მდე გარდაცვლილი. საშინელი სტატისტიკაა მხოლოდ ჩვენთვის, დღევანდელებისთვის. აღარ მინდა, იმაზე ვწერო, როგორ გადავიტანე კოვიდ-19, როგორ დავინფიცირდი, რა სიმპტომები იყო, რა სირთულეები გამოვიარე და ასე შემდეგ. ძველები იტყოდნენ ხოლმე, მე-20 საუკუნის დასაწყისში, უფრო მეტად 20-იან წლებში ხალხი ძაან მაგრად იკაჭებოდაო. სიტყვა ,,იკაჭებოდა" ჩვენზე მაინც და მაინც მძაფრ შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა, რადგან ის უკვე გაფერმკრთალებული წარსული იყო. მალარიაო, შავი ჭირიო, ციება და ცხელებაო, შიშით იტყოდნენ ხოლმე ბებიები და თავებს გადააქნევდნენ. ჰო, მაშ, მემრე იყო ,,ქინაქინა" და ,,სტრეპტოციდი". დუტუ მეგრელმა ,,ქინაქინას" მოთხრობაც კი მიუძღვნა, სადაც აღწერილია, თუ როგორ ოცნებობს პატარა მიხა ამ წამალზე, რათა დედას დაალევინოს და ფეხზე წამოაყენოს. მაშინაც ბევრი ხალხი გამწყდარა, მაგრამ უკვე მოგახსენეთ, როცა ბებიები ამაზე სწუხდნენ (ზოგიერთი ახლაცა სწუხს), ჩვენთვის, ბავშვებისთვის, თუნდაც შემდეგ ბევრს არაფერს ნიშნავდა. ალბათ გავა დრო, ეს უბედურებაც გადაივლის, კორონასაც დაამარცხებს კაცობრიობა და ჩვენც ხშირად გადავაქნევთ თავებს, გავიხსენებთ, რა იყო და როგორ იყო. ჩვენი შთამომავლები ალბათ მოგვისმენენ (შეიძლება არც მოგვისმინონ), მაგრამ არა მგონია, დიდად განიცადონ. ასეთია ცხოვრება, ყველა ეპოქას თავისი უბედურება სჭირს, ყოველ საუკუნეში რაღაც არასასიამოვნო ხდება და როგორ დავემდუროთ ან განგებას, ან ბუნებას, როცა ყოველივეში ადამიანის ხელი ურევია?!

ჩვენი ყოველდღიური ყოფა რაღაცნაირი გახდა, ნაცრისფერი და ცივი, გეგონება ირგვლივ ყველაფერი გახუნდა, გაცვდა, გაიცრიცა. ყოველ დილით კვდება ვიღაც ახლობელი - მეზობელი, მეგობარი, ნათესავი. ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში მეზობლები იხოცებიან, დილით გავიღვიძებ, ღმერთს მადლობას ვეტყვი, რომ თვალები გამახელინა, გავალ აივანზე, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ და რომელიმე მეზობელი გამომძახებს:

- გაიგე, ბიჭო, ვანო რომ მოკვდა?

- აბა ვანო?

- ეგე, მეექვსეზე რო ცხოვრობდა!

- ვააა, აუუუ... ეგეცა, კაცო, ეგეცა? რამ მოკლა, კორონამ?!

- არ ვიცი, რავი, სოფელში იყო და გული გაუჩერდაო!

- ოოოხ, რა უბედურებაა? ახალგაზრდა კაცი!

ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება - ვანო, შოთა, მალხაზა, ჯემალა, გოგია, ნოდარა, შალიკო, ვალიკო... მიდიან და მიდიან. ჩვენ ნელ-ნელა ვეჩვევით, სიკვდილი ისე გაგვიშინაურდა, თითქოს ყოველივე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რამ მოკლა, კოვიდმა? ააა... ჰოოო, მაშინ ჰოოო!

სოფელში ვიყავი ამ დღეებში, კახეთს ვესტუმრე. გავიხედე, ლამის მთელი უბანი ჩაწოლილა. ერთგან შევიხედე, კარი შევაღე, ეგრევე აყვირდნენ, გადი, გაგვცილდი, არ შემოხვიდე, კორონა შეგვეყარაო. ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, აქეთ საშუალო ასაკისანი ისხდნენ და ისხდნენ, აზრზე არ იყვნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. ეზოს კუთხეში, მოშორებით ბებია იჯდა, მიწას ჩასჩერებოდა, 86 წლისაა, სასწრაფომ გასინჯა, პირველ ჯერზე არ დაუდასტურდა, სამ დღეში ისევ უნდა გავტესტოთ, ალბათ დაუდასტურდება, სიცხეები აქვსო. იქით მიმჯდარიყო, კაცო, კუთხეში, საცოდავად, აშკარად ეტყობოდა, აღარაფერი აინტერესებდა, უკვე სულერთი იყო, გატესტავდნენ, გამოტესტავდნენ, დაუდასტურდებოდა თუ არ დაუდასტურდებოდა. იაპონური ფილმი გამახსენდა, ჩემ სიჭაბუკეში გადიოდა ხოლმე სოფლის კლუბში, ,,ლეგენდა ნარაიამაზე". იაპონიის ერთ-ერთ სოფელში, ნარაიამაში ჰქონდათ ტრადიცია, როდესაც მშობლები მოხუცდებოდნენ, შვილებს ზურგით უნდა აეყვანათ სადმე მაღალ მთაში და იქ დაეტოვებინათ. ფაქტობრივად, ეს იყო ზედმეტი ტვირთის თავიდან მოშორება. ზოგიერთი ჩვენებური ექსპერტი უკვე წერს, რომ დღეს მთელ მსოფლიოში სოფელ ,,ნარაიამას" წესი და ჩვეულება მკვიდრდება. ასეთი დასკვნების გაკეთება ცოტა ნაადრევი მგონია, ალბათ მეცნიერები უახლოეს ხანში შემოგვთავაზებენ ისეთ ვაქცინას, რომელიც აღარ იქნება საორჭოფო და საეჭვო.

რა არის პოსტკოვიდური პერიოდი?

პოსტკოვიდური პერიოდი არის... როგორ გითხრათ, ფილმებში მაინც ხომ გინახავთ, ავტომობილი კაი მაგარ ტლაპოში რომ ეცემა და ,,ზადნით" ძნელად გამოდის, ძალიან უჭირს. გინდა გამოსვლა, ბუქსაობ, გცივა, ხან გცხელა, ხან რა გაწუხებს, ხან - რა, შეიძლება უცებ ტემპერატურამ აგიწიოს, შეიძლება დაგიწიოს. სხვათა შორის, აფთიაქებში ელექტრონული სიცხის საზომები რომ იყიდება, მაინც და მაინც ბოლომდე ნუ ენდობით, ამან ხომ ცალკე გამაწამა და ამირია ჟამკარი. შემამცივნებს, გავიზომავ სიცხეს, 35-ს მიჩვენებს, თურმე ერთი პუნქტით იტყუება, უფრო მეტითაც, სინამდვილეში 36,7 გრადუსი მაქვს. კაიხანს მეშინოდა, ემანდ ტემპერატურა არ დამივარდეს, ამ გაგანია სიცხეში არ გავიყინო-მეთქი. ასე ვიყავი პანიკაში, სანამ ნორმალურ, ანუ მამა-პაპურ (დასაბერტყ) საზომზე არ გადავედი.

მოკლედ, პოსტკოვიდურ პერიოდში, რომელიც თურმე 6 თვე გრძელდება და დანამდვილებით არავინ იცის, მართლა 6 თვე გრძელდება თუ არა, პატივცემულმა კოვიდმა (თურმე ამ ვირუსის აუგად მოხსენიებაც არ შეიძლება, სულ უნდა ეფერო, რომ მშვიდობიანად დაგშორდეს) სიცივის შეგრძნება დამიტოვა, გრიპის დროს რომ აქვს ხოლმე ადამიანს. ამ ზაფხულს სიცხე არ მიგრძვნია, ჩემთან ხან გრილა, ხან ცივა. ერტი ხანობა ისიც კი ვიფიქრე, შეიძლება პატივცემული კოვიდი გამიმეორდა, ანუ ხელახლა დამეწყო-მეთქი. გავვარდი მე-8 საავადმყოფოში, გავიკეთე ტესტირება, არაო, არაფერი არ გჭირსო, ვეფხვივითა ხარო. ვააა... არადა, ვატყობ, ვეფხვივით კი არა, ნეფხვივითა ვარ, ვეფხვზე ერთი საფეხურით დაბლა. დავდივარ ექიმებში, ყველას ვეკითხები, ეს რა არი, ხომ შეიძლება, არ იყოს, რამე საშველი არის-მეთქი? ეგა კოვიდმა იცისო. ვიცი, რომ იცის, გავიგე, ვხედავ, ვგრძნობ, განვიცდი, მაგრამ რამე წამალი არსებობს, რომ ეს სიცივის შეგრძნება მომიხსნას? დაიკიდე, ეგრე იცისო, ისე მეუბნებიან, გეგონება პატივცემული კოვიდი ძირიძირობამდე აქვთ გამოკვლეული. ვათვალიერებ სპეციალურ ლიტერატურას, ვსწავლობ, ვეცნობი, ყველგან ერთი და იგივე წერია, შემცივნების შეგრძნება შეიძლება დაგრჩეთ ვირუსული ინტოქსიკაციის გამოო. ჩემი მიხვედრილობით, მე კოვიდმა რაღაც დონეზე მომწამლა. ახლა აღარ მაქვს, წავიდა, გამშორდა, გაქრა, მაგრამ ინტოქსიკაცია დამიტოვა. დრო უნდაო, გაქრებაო, ცოტა ხანს უნდა გაუძლოო. ვუძლებ, მეტი რა გზა მაქვს.

როგორც გამოცდილმა, უნდა გითხრათ, რომ პატივცემული კოვიდი ყველასთვის მაინც ინდივიდუალურია, ეს ვირუსი მსხვერპლს უტევს სუსტ ადგილებში და აუცილებლად ფილტვებში. ორი თვის თავზე ჩავიტარე ყველა სახის გამოკვლევა, ყველაფერი ნორმაში მაქვს, რენდგენი გადავიღე ფილტვებზე - საოცრად სუფთაა, რადგან კაიხანია აღარ ვეწევი. აგერ, სადაცაა მესამე თვე მიილევა და კიდევ ჩავიტარე გამოკვლევა, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ნორმაში მაქვს, ჩემს ორგანიზმში არც ერთი პარამეტრი არ არის დარღვეული, ყველა მონაცემი ჯდება სტანდარტში... ვააახ, არადა, ვიმეორებ, მაინც ვერ ვარ ვეფხვივით. ყველა მეუბნება, დრო უნდაო, დაელოდეო და მეც ველოდები. თქვენ, ვისაც არ გამოგიცდიათ, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ, სულ ჯანმრთელად გამყოფოთ, მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ, სად არის გამოსავალი? ჩემი ღრმა რწმენით, გამოსავალი ვაქცინაშია. მესმის, დღეს უამრავი ჭორი ვრცელდება: თითქოს გვჩიპავენ, თითქოს ანაცრელ ადგილზე მეტალი ეწებება, თითქოს ორ წელიწადში აცრილის სხეული დალპება და ასე შემდეგ. ფაქტია, ამ ეტაპზე ვაქცინაცია ამართლებს, გარდაცვალების შემთხვევები თითქმის არ ფიქსირდება. კი იგონებენ ვიღაცები, ჩვენი მეზობლის მამიდაშვილის მულის ბებია გარდაიცვალა აცრის შედეგადო, მაგრამ მსგავს ზღაპრებს არ უნდა დავუჯეროთ. დასაწყისშიც გითხარით, მსგავსი გასაჭირი კაცობრიობამ რამოდენიმეჯერ გამოიარა - იყო შავი ჭირი, ქოლერა, იყო ჩუტყვავილა, იყო მალარია და ასე შემდეგ. მოდით, გადავხედოთ სტატისტიკას, რამდენი დაავადებისგან გვიხსნა ვაქცინამ, ეს არის 14 დაავადება, რომელიც მხოლოდ ვაქცინით დამარცხდა:

1) პოლიომიელიტი,

2) ტეტანუსი,

3) წითელა,

4) წითურა,

5) ყბაყურა,

6) ჩუტყვავილა,

7, 8 ) A და B ჰეპატიტი,

9) ჰემოფილუსის გრიპის B კატეგორია,

10) სასუნთქი გზების გადამდები ინფექცია-Wooping Cough,

11) პნევმოკოკური დაავადება,

12) როტავირუსი,

13) დიფტერია,

14) გრიპი.

შეიძლება არ დაიჯეროთ, ყოველ ვაქცინაციას თან სდევდა ჭორები, რომ ეს იყო ეშმაკისეული, ადრე დაჩიპვის შესახებ არაფერი იცოდნენ. სხვათა შორის, ყოველი საუკუნის 20-იან წლებში კაცობრიობა დგებოდა ვირუსული საშიშროების წინაშე. მაგალითად, 1918 წელს დაიწყო ესპანური გრიპი, ე.წ. ,,ესპანკა" და 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. შემდეგ იყო ჩუტყვავილა, ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადება. ნახეთ, რას წერდა იმდროინდელი ქართული პრესა:

,,ჩვენ დროში, უცხო სახელმწიფოებში ძნელათ შეხვდებით იმისთანა ბავშს, რომ ყვავილი აცრილი არა ჰქონდეს. ამიტომაც ძლიერ იშვიათია რომ იქ კაცი ყვავილისაგან ჰკვდებოდეს. მეტადრე განათლებულ ქვეყნებში დიდი ყურადღებაა მიქცეული იმაზე, რომ ყველა ბავში უეჭველათ აცრილი იყოს. მაგალითათ ნემეცების სახელმწიფოში, გერმანიაში, ამ 24 წლის წინეთ იმისთანა კანონი გამოიცა, რომლის ძალითაც ყველა ბავშვისთვის ყვავილი უნდა აეცრათ და ხელმეორეთაც მეათე წელიწადზე. ნემეცების ქვეყანაში ყვავილი იშვიათათღა იჩენდა ხოლმე თავს, მერე კი მისი ხსენება სრულებითაც მოისპო. სამწუხაროთ ქართველებში დღესაც ძლიერ ბევრ ოჯახს იპოვით, სადაც არც ერთ ბავშს ყვავილი არა აქვს აცრილი. რაც შეეხება მეორეთ აცრას, ამაზე ხომ სრულებით არავინ ფიქრობს; არამც თუ გლეხებში, თავად-აზნაურობაშიაც ძნელათ თუ იპოვით ორჯელ აცრილ ბავშს. გაუნათლებელი ხალხი ცრუმორწმუნეობით არის შეჯაჭვული. ცრუმორწმუნე კაცს ყვავილის აცრა დიდი ცოდვა ჰგონია".

აჰა, გეცნობათ, მეგობრებო? მას შემდეგ, რაც ეს დაიწერა, საუკუნეები გავიდა, ტექნოლოგიები და ტექნიკა არნახული სისწრაფით განვითარდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენში და არა მხოლოდ ჩვენში აზროვნება საერთოდ არ დაძრულა ადგილიდან. აბა, რას მივაწეროთ იგივე მიდგომები და იგივენაირი, უფრო სასწაულებრივი ჭორიკნობა, ვითომც აცრილი ხალხი იხოცება და ხელისუფლება ამას მალავს? მაყვალა ძალოს მულს აცრის შემდეგ ნაპირა საკვერცხე ასტკივდა, აწი დროა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ. სხვათა შორის, ამ მხრივ ბევრი ექიმიც სცოდავს, ზოგიერთნი ფარულად, ზოგიერთნი ღიად ეწევიან აგიტაცია-პროპაგანდას, რომ არავინ არ უნდა აიცრას, რომ ეს არის ძალზედ საშიში, რომ მიდის საყოველთაო დაჩიპვა და ასე შემდეგ. დამიჯერეთ, ეს ყველაფერი დიდი სიბნელე და გაუნათლებლობაა.

 ***

გუშინ კიდევ გავეცანი პოსტკოვიდურ ნაშრომებს. თუ რამეს ტოვებს პატივცემული კოვიდი, უპირველესად უნდა ებრძოლოთ სითხით, დღეში მინიმუმ 2 ლიტრა წყალი. თუ სიცხე შეგაწუხებთ, დასაშვებია ,,პარაცეტამოლი" ან ,,ანალგინი". დანარჩენი, როგორც ამბობენ, დროის საკითხია.

მე ამ ეტაპზე ისეთი შეგრძნება მაქვს, გეგონება გამაციმბირეს და სასჯელს ვიხდი. ვნახოთ, ალბათ მალე დავბრუნდები მზიურ საქართველოში.

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი"