გელა ნიკოლაიშვილი: ასეთი ჟურნალისტები - მედიატერორისტები, თვითონ კლავენ ჟურნალისტიკას

გელა ნიკოლაიშვილი: ასეთი ჟურნალისტები - მედიატერორისტები, თვითონ კლავენ ჟურნალისტიკას




გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, იურისტი  გელა ნიკოლაიშვილი:

- ბატონო გელა, კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ 2004 წლიდან არსებობს. რამდენად სწორად არის, ჩვენთან, სიტყვის თავისუფლება გააზრებული?
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე როცა ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, აქ, ორმაგი სტანდარტების გამოყენება, დაუშვებელია. ზოგადად, ეს ნებისმიერ საკითხს ეხება და განსაკუთრებით, ამ თემას. მაგალითად, მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შემდეგი გაგება: ჟურნალისტის სტატუსის მქონე პირს, თურმე, შეუძლია კონკრეტულ პირს დედა აგინოს, უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართოს, მასზე ფსიქიკურად იძალადოს ან მორალური ტანჯვა მიაყენოს, ხოლო იგივეს ჩვეულებრივი ადამიანი თუ გააკეთებს, მის მიმართ, შესაძლოა, არამხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრება, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნაც კი დაიწყოს. რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტი საზოგადოებისთვის, ყოველთვის, დამანგრეველი იქნება. შედეგად, გარკვეული კასტა, ჯგუფი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ეგიდით, თავის უპირატეს მდგომარეობას მუდამ გამოიყენებს და დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, თავისუფლების სახელით შეფუთავს იმ ქმედებებს, რაც ადამიანს, პირდაპირ, ანგრევს. საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს კონკრეტული მუხლები, რაც არამხოლოდ ჟურნალისტის, არამედ ადვოკატის პროფესიისთვის ხელისშეშლას ითვალისწინებს, რაც შეიძლება სისხლის სამართლის დევნის საფუძველიც გახდეს. ანუ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის მიმართ პროფესიული ნიშნით დევნას. 
ავიღოთ შემთხვევა, როდესაც თავად ჟურნალისტები დევნიან პროფესიული ნიშნით, თუნდაც, პოლიტიკოსებს, რომელთაც ქუჩაში გასაქანს არ აძლევენ ან პარლამენტის სხდომაზე იჭრებიან და სხდომას შლიან. ვკითხულობ: რატომ არ უნდა დაიწყოს, ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დევნა ჟურნალისტების მისამართით ან იმ პოლიტიკოსების, რომელთაც არაერთხელ ჩაშალეს სხდომა?! მეტსაც გეტყვით: როცა ამერიკაში, კაპიტოლიუმის შენობაში ასეულობით ადამიანი შეიჭრა, პოლიციამ ხუთი ადამიანი მოკლა, ბევრს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. არცერთი პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. თავდამსხმელები დამნაშავეებად გამოაცხადეს, ხოლო როდესაც საქართველოში 20 ივნისს ანალოგიური რამ მოხდა, შტურმავიკები - გმირებად, პოლიციელები კი - დამნაშავეებად გამოაცხადეს. აქაური - ქართველი შტურმავიკებისთვის, ეს, გამოხატვის თავისუფლება იყო, ამერიკელი შტურმავიკები კი სისხლის სამართლის დამნაშავეებად სცნეს. 500-ზე მეტი პიროვნება დაკავებულია და მათზე სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული. საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან. აქედან გამომდინარე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაინტერესებული პირებისთვის - პოლიტიკოსებისთვის, ჟურნალისტებისთვის ხელში ისეთი იარაღია, რომლითაც როგორც უნდათ ისე მანიპულირებენ. ეს ჟურნალისტები პოლიტიკური პარტიების დანამატები და იდეოლოგები არიან. რეალურად, მიდგომა ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს. არადა, ერთ შემთხვევაში, ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მეორე შემთხვევაში, პირიქით. ეს უკევ ორმაგი სტანდარტია.
- საოცარია, მაგრამ ამ კანონის თანახმად თუ იჩივლე, იქეთ უნდა ამტკიცო, რომ დამნაშავე არ ხარ. ცილისწამებისთვის რა სასჯელი არსებობს?
- ეს საკითხი, ყველგან, სხვადასხვაგვარად, რეგულირდება. თუმცა, ცილისწამებისთვის, რა თქმა უნდა, პასუხს აგებენ. ძირითადი აქცენტი ფულად ჯარიმებზე გადატანილი, რაც 10 და 100 ათასობით თანხას შეადგენს, ზოგჯერ, მილიონსაც. ამიტომ, ცილისმწამებლები ცრუ ბრალდებებს ერიდებიან, რათა საკუთარ ფინანსებს დარტყმა არ მიაყენონ. ამის გამო, ზოგ ქვეყანაში, სისხლის სამართლის დევნაც იწყება.
- სად გადის ზღვარი, თუნდაც, გამოხატვის თავისუფლებასა და ხულიგნობას შორის?
- მთავარი ის გახლავთ, რომ ასეთი ჟურნალისტები - მედია-ტერორისტები, თვითონ კლავენ ჟურნალისტიკას, მედიას. მათდამი ნდობა, თანდათან, ქრება. საერთოდ, მედია, უკვე, ხალხის თვალში როგორც ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პროპაგანდისტული დანამატი, განყოფილება, ისე ითვლება. ობიექტურ მედიას ძალიან უჭირს. ერთი მხრივ, ადამიანების დამუნათება, ცილისწამება, ტალახის სროლა, გინება მიუღებელია, მეორე მხრივ, ეს ჟურნალისტის, როგორც პროფესიის, დისკრედიტაციას იწვევს.
- უკუღმა გააზრებულ სიტყვის თავისუფლებას ვინმემ ხომ უნდა „უშველოს“?
- დიახ, ზღვარი უნდა გაივლოს უწმაწურობას, მიუღებლობას, საზოგადოებრივი მორალის წითელი ხაზების გადაბიჯებასა და ჟურნალისტიკას შორის. რა თქმა უნდა, ჟურნალისტს შეუძლია ნებისმიერი კითხვა დასვას. თუ ეს შეურაცხმყოფელი შინაარსის იქნება, ასევე, შეიძლება, პასუხიც ანალოგიური მიიღოს. მაგალითად, როცა ადამიანთან მიდიან და ეუბნებიან: შენ პუტინისტი, სამშობლოს მოღალატე ხარ, რუსეთიდან ფინანსდებიო. ეს ხომ შეურაცხყოფა, ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედება და მორალური დარტყმის მიყენებაა. ასეთ შემთხვევაში, რესპონდენტმა, შეიძლება, ასევე, უხეშად უპასუხოს. მაგალითად, მან შეიძლება უთხრას: იცით რა, მე, მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ, ხართ ბოზი და პანელზე დგახართ და აქვე, პირდაპირ, უხეშად ჰკითხოს: ხომ ვერ მეტყვით, საათში რამდენს იღებთო? ეს კითხვა, მოეწონება იმ ჟურნალისტს? - მაგრამ ეს პასუხი ისეთივე დაუშვებელია, როგორც ის კითხვა, რაც მოგახსენეთ. ამაზე, ხომ უნდა დაფიქრდნენ. ან ხომ შეიძლება შეურაცხყოფილმა რესპონდენტმა მამაკაც ჟურნალისტს ჰკითხოს: მე, ვიცი, რომ თქვენ, მამათმავალი ხართ, ვინ არის თქვენი საყვარელი მამაკაციო? აქედან გამომდინარე, ქმედება იწვევს უკუქმედებას. რაც კითხვაა, ძალიან მალე, პასუხებიც იგივე იქნება. თუ ამ პოლიტიკური პარტიის იდეოლოგებს, რომლებიც საკუთარ თავს ჟურნალისტებს ეძახიან, ასეთი ლანძღვა-გინება სურთ, კი ბატონო, საქმე შეიძლება აქამდეც მივიდეს, მაგრამ ეს იქნება ჟურნალისტიკის როგორც პროფესიის სიკვდილი. კორესპონდენტი და რესპონდენტი ერთმანეთს უნდა ეხანჯლაონ?! ეს, უკვე, ჟურნალისტიკის სფეროდან გასვლაა, რაც ძალიან ცუდია.
- ხელისუფლების მიმართაც არაერთი შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის. ხელისუფალთ აქვთ თმენის ვალდებულება, მაგრამ ზღვარი ხომ არსებობს?
- ვინ თქვა, რომ მხოლოდ ხელისუფლებას აქვს თმენის ვალდებულება?! ეს ყველა საჯარო პირს მოეთხოვება. ჟურნალისტებიც საჯარო პირები არიან. კი ბატონო, ხელი არ უნდა შეახონ და ცემა-ტყეპა მიუღებელია, მაგრამ როგორც შეურაცხყოფასაც სხვას აყენებენ, ანალოგიურს მიიღებენ მისგანაც. ამ მხრივ, ისინი დაცულნი არ არიან და არც უნდა იყვნენ.
- 5 ივლისის მოვლენების მერე არასამთავრობოები, უცხო ქვეყნების ელჩები ლგბტ-ს უფლებებს იცავდნენ. რატომ არავინ იცავს მეორე მხარეს?
- ჟურნალისტები მოძალადეების დასჯას კი არა მოითხოვენ, არამედ ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს ვინც კი, თუნდაც, მშვიდობიანად პროტესტი გამოხატაო. დიახ, ეს ადამიანებიც უნდა დაისაჯონო - აცხადებენ. გესმით, რა ხდება?! - გამოხატვის თავისუფლების ეგიდით ცდილობენ სწორედ მის შეზღუდვას. მათ გამოხატვის თავისუფლება, მხოლოდ, თავისთვის უნდათ. ამიტომაც თქვა სააკაშვილმა - ყველანი ციხეში, არავითარი დანდობაო. ყველანი ციხეში - ამ ლოზუნგს პირნათლად ასრულებდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ახლა, სურთ, იგივე ოპოზიციაში ყოფნისას გააკეთონ. მათი იდეოლოგიური ფრონტის ჟურნალისტებიც ამას მოითხოვენ _ ყველანი ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ლაშქარავას ექსპერტიზისას მათივე ექსპერტმა განაცხადა: შეუძლებელია ოპერატორი ცემის შედეგად გარდაცვლილიყოო, მაინც გაიძახიან: ქუცაში გამოსულმა ხალხმა მოკლაო, მის უკან კი, ხელისუფლებას გულისხმობენ. ხელისუფლებამ მოკლა ლექსო ლაშქარავაო, ეს აქვთ დროშად აფარებული. ანუ, მათ ხომ გვამებზე ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვთ. მერაბიშვილის გამოთქმა გავიხსენოთ: ორი გვამი მჭირდება. მათ სჭირდებათ ეს გვამები - სარალიძის, შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილის, მაჩალიკაშვილის და ა.შ. გახმაურებული მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, ყველა შემთხვევაზე ეცადნენ, თავიანთი პოლიტიკური დივიდენდები მიეღოთ და კამპანია ეწარმოებინათ. ასევე, ია კერძაიაზე, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების ერთი თვის თავზე გარდაიცვალა. ესენი ამბობენ: მთავრობამ მოკლა, ანერვიულაო. სრულიად ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენებია. რასაც `ნაცები~ აკეთებენ, ამას ნეკროფილია ჰქვია. ოღონდ, გვამი იყოს და ამ საცოდავი ადამიანების ცხედრებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. თავიანთი ხელისუფლების დროს უამრავი გვამები დატოვეს და ამის გამო კომპლექსი აქვთ - უნდათ მკვლელობა ახალ ხელისუფლებას დაბრალდეს, რათა მათკენ ხელი ვეღარ გაიშვირონ. ეს არის მიზანი. 

თამარ შველიძე

,,საერთო გაზეთი"