გზა ,,ბოროტების საძმოს'' წევრობიდან ,,ნელსონ მანდელას სტატუსამდე''

გზა ,,ბოროტების საძმოს'' წევრობიდან ,,ნელსონ მანდელას სტატუსამდე''




„ღრმად პატივცემულ პოლიტპატიმარ“ჟორიკა რურუას წლების წინ მედია იშვიათად ახსენებდა. ბოლო წლებში იგი მეტად აქტუალური ფიგურა გახდა. მისი კრიმინალური წარსულის ძირეული გახსენების აუცილებლობა მისი დამცველების და გულშემატკივრების უტიფარმა განცხადებებმა განაპირობეს“. სოციალურ ქსელში დღემდე იხსენებენ მის წარსულს და სამართალდამცავების მისამართით უამრავ კითხვას სვამენ. გასულ წელს მის შესახებ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა დავით ზარდიაშვილმა: „ჟორიკა რურუა არ არის „ჩვეულებრივი“ კრიმინალი, მხოლოდ სასტიკი მკვლელი, ბანდიტი, მაფიოზი ან სხვა. იგი განსაკუთრებით საშიში ტერორისტია. „ბოროტების საძმო“ არ გახლდათ ოდენ „ბანდიტური“, „მაფიოზური“ და სხვა „ორდინარული“ კრიმინალური დაჯგუფება, იგი განსაკუთრებით საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. მისი მიზნები იმთავითვე, როგორც კი შეიქმნა, გამორჩეულად ტერორისტული იყო.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით (იხ. სსკ-ის 323-ე მუხლის შენიშვნა) ტერორისტული მიზანი მკაფიოდ და ცალსახად განიმარტება: „ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება“.
ტერორისტული განზრახვა პოლიტიკური შინაარსისაა და ნიშნავს ძალადობრივი, ტერორისტული აქტით (მკვლელობით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით, მძევლად აყვანით და სხვ.), რომელსაც მოჰყვება მასობრივი შიშის დათესვა, ხელისუფლების ორგანოების, სულ ცოტა – იძულება, უარეს შემთხვევაში – საერთოდ მათ დამხობა და განადგურება, ძალაუფლების მოპოვებისა და მთლიანად საზოგადოებაზე, ანდა მის ნაწილზე გაბატონებისთვის. ტერორიზმის იდენტიფიკაციისთვის არსებითია როგორც ტერორისტული მოტივი – მასობრივი შიშის დათესვით გაბატონება, ასევე ტერორისტული მეთოდიც – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ისეთი ძალადობა, რაც შიშის ზარს დასცემს ხელისუფლებასაც, მოსახლეობასაც და ამ გზით ტერორისტთა ნებას გააბატონებს.
„თორაძეების საქმე“ სწორედ ასეთ ტერორისტული აქტის მკაფიო მაგალითია. თორაძეების ოჯახის გაჟლეტის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ პირადი ანგარიშწორება, შურისძიება, ეს არ იყო კრიმინალური გარჩევის გაგრძელება; ეს იყო საჯაროდ, არა მხოლოდ უამრავი მოწმის თანდასწრებით, არამედ მთელი ქვეყნის დასანახად და მასობრივი შიშის დასათესად დემონტრაციულად ჩადენილი არაადამიანური სისატიკე, რასაკვირველია – ტერორისტთა პოლიტიკური ნების, მათი გაბატონების უზრუნველსაყოფად. იგივეს თქმა შეიძლება სვანაძისა და ვეფხვაძის სასტიკ მკვლეობებზეც, რომელთა მიზანი ასევე ტერორისტულია – ეს არ იყო მხოლოდ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი „ორმაგი“ პოლიტიკური მკვლელობა, არამედ – სწორედაც თავზარის დაცემა მაშინდელი „პოლიტიკური კლასისთვის“, რათა „ბოროტების საძმოს“ ნებას წინ ვერაფერი აღდგომოდა.
ასევე, ტერორისტულ აქტებს წარმოადგენდნენ მაშინდელი გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობები, უწინარესად – გია ჭანტურიას, უსასტიკესი მკვლელობა. რასაკვირველია, „ბოროტების საძმო“ უფრო მსხვილი ორგანიზაციის – „მხედრიონის“, რომელიც იმდროინდელ ნახევრად-ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეზრდილი ნახევრად-ტერორისტული ორგანიზაცია იყო, სტრუქტურულ ერთეულსა და მის ერთგვარ „დამკვრელ ბრიგადას“ წარმოადგენდა. ტერორისტული ძალადობა მაშინ, იმ საშინელ დროში, ძალაუფლების განხორციელების „საბაზისო მეთოდოლოგიად“ იქცა. ტერორიზმის ეპოქა, ეგრეთ წოდებული „მხედრიონობია“, საქართველოში, რასაკვირველია, 1995 წელს, როცა კონსტიტუცია მივიღეთ, ფორმალურად თითქოსდა დასრულდა. თუმცა, როდესაც 2003 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციით ქვეყანა ისევ ასცდა კონსტიტუციურობის გზას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გამოიხმო და „გააცოცხლა“ ტერორიზმი და ტერორისტები. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება – ძმები რურუები არიან, მაგრამ არა მარტო. რა უნდა გაკეთდეს? რასაკვირველია, თორაძეების საქმე, ისევე, როგორც ვეფხვაძე-სვანაძის მკვლელობები, რაც აშკარად ატარებს ტერორისტული აქტებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, დასაბუთებული ეჭვისთვის, საკმარისზე მეტი სამართლებრივი საფუძველია, რათა ჟორიკა რურუას და მთლიანად, „ბოროტების საძმოს“ მიმართ, დაიწყოს და წარიმართოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ უმძიმესი დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის 38-ე თავით – „ტერორიზმი“.
აქ ისიც არსებითია, რომ ტერორისტულ დანაშაულთა აბსოლუტური უმრავლესობა განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ასეთი დანაშულებისთვის 30 წელია. ამიტომ, იმთავითვე მცდარია აზრი, რომ ხანდაზმულობის გამო ჟორიკა რურუას, ანდა „ბოროტების საძმოს“ რომელიმე სხვა წევრს, რომელსაც ასეთი დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. პირადად ჩემთვის არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ჟორიკა რურუა ტერორისტია. ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს და ჩემი, თუ თუნდაც, საზოგადოების დიდი ნაწილის ეს ეჭვი არაფერს ნიშნავს, სანამ ჟორიკა რურუას ტერორისტობას სასამართლო არ დაამტკიცებს. მაგრამ თუ სასამართლო მას მსჯავრს დასდებს ტერორიზმში, მაშინ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, პოლიტიკურადაც აბსოლუტურად აშკარა და ბრმათათვისაც ნათელი გახდება: „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო დარაზმული ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ბანაკი არის ტერორიზმისა და ტერორისტების, რომელთა სახე და სიმბოლოცაა ჟორიკა რურუა, თავშესაფარი და მფარველი ორგანიზაცია! წარმოუდგენელია, ასეთ ორგანიზაციას, რომელიც მფარველობს და პოლიტიკურ საქმიანობაში იყენებს ტერორისტებს, მხარს უჭერდეს კეთილი ნების რომელიმე ადამიანი, იქნება იგი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ტერორისტების მფარველთა არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ მათთან რაიმე პოლიტიკური თანამშრომლობა უდიდესი სირცხვილი და თავის მოჭრაა!“
ვფიქრობ, ავტორმა შესანიშნავად ჩამოაყალიბა დანაშაულის კვალიფიკაცია და არ იქნება ურიგო, პროკურატურამ ყურად იღოს საზოგადოების მოთხოვნა და ოცდაათი წლის განმავლობაში ტერორისტების „პარპაშს“ წერტილი დაუსვას. სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახლავთ „ბოროტების საძმოს“ სხვა წევრების დანაშაულებრივი წარსულიც – „25–26 წლის ბიჭები რეგიონში უმსხვილეს ნავთობკომპანიას აკონტროლებდნენ. ნავთობბიზნესში ჩართვა და, რაც მთავარია, მისი შენარჩუნება, არ გინდოდა 1994 წელს? რურუებიდან ერთი ძმა მინისტრი იყო, მეორე ეფ-ბი-აი-მ გამოგვიგზავნა ჩარტერული რეისით და შედეგად არც კი დაიჭირეს და იქით მოკვდა მისი გამომძიებელი საეჭვო ვითარებაში. თან იპოდრომის წილებს ფლობდა და ეხლა პოლიტპატიმარს ეძახის ნახევარი ევროპარლამენტი და აშშ-ის კონგრესი…
მაგრები ყოფილან, ძმაო, ვაღიარებ. უბნის ძველი ბიჭობიდან ტრამპის ბიზნეს-პარტნიორობამდე და ნელსონ მანდელას სტატუსამდე ასვლა არ გინდა 15 წელიწადში?~ 
მიუხედავად იმისა, რომ „ბოროტების საძმოს“ წევრებს ნიკა რურუა და, უშუალოდ სააკაშვილი მფარველობდნენ, 2008 წელს მისი ორი ყოფილი წევრი, იმჟამად უკვე ცნობილი ბიზნესმენები, მაინც დააპატიმრეს, თუმცა, მათი დაპატიმრება სამართალდამცავებს ოფიციალურად არ გაუხმაურებიათ. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, რადგან ერთმა `ბიზნესმენმა~ თავისუფლების სანაცვლოდ, საკუთარი წილი „თბილისის წყალში“ პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენების სასარგებლოდ დათმო. უცნობია, კონკრეტულად რა წილი „დათმო“ მეორემ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დაკავების შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, ყაზახებმა საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობა, ანუ „სილქროუდ გრუპი“ გააუქმეს. იმ პერიოდში „სილქროუდ გრუპს“, კონკრეტულად თბილისში, „ტრამპთაუერი“ უნდა აეშენებინა. როგორც ჩანს, ყაზახები ამ ფაქტმა აღაშფოთა, რადგან „სილქროუდ გრუპს“, ოფიციალურად, „ტრამპთაუერის“ აშენების ვალდებულება არ ჰქონია.
საოცარია, ისეთ სუპერსახელმწიფოში, როგორიც ამერიკაა, სამართალდამცავებმა ათწლეულების ბრძოლის შემდგომ მოახერხეს, სისასტიკით განთქმული ალ კაპონეს დაკავება. კრიმინალურ იმპერიას, რომელსაც იგი განაგებდა, წელიწადში 60 მილიონი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა. ეკონომიკური კრიზისის წლებში, საზოგადოებაში პოპულარობის მოსახვეჭად, ალ კაპონემ პირველმა გახსნა უოლ-სტრიტზე უფასო სასადილოები უმუშევრებისთვის. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი პრესის მოსყიდვას. მისი კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში იყო „ჩიკაგო ტრიბუნის“ რეპორტიორი ჯეკ ლინგლი, რომელიც ყოველ კვირაში „აცხობდა“ ალ კაპონეს სადიდებელ სტატიებს. ალ კაპონეს „მეფობის“ 14 წლის განმავლობაში ჩიკაგოში მოხდა 700 დაკვეთილი მკვლელობა, მათგან 400 უშუალოდ მის მიერ იყო ნაბრძანები. ჩვიდმეტ პროფესიონალ მკვლელს სასამართლომ ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება, მაგრამ განგსტერების დაპატიმრება და ციხეში გაგზავნის შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო. 1930-იან წლებში გამოძიების ფედერალურ ბიუროს სათავეში ჩაუდგა ედგარ გუვერი. მან შეიმუშავა მაფიასთან ბრძოლის ახალი მეთოდები. რადგან დადანაშაულება მაფიოზების მკვლელობაში თითქმის შეუძლებელი გახდა, მათ ციხეში უფრო მცირე დანაშაულისთვის გზავნიდნენ. 1929 წელს ალ კაპონეს იარაღის ტარებისთვის ათი თვე მიუსაჯეს. ციხეში ის თავისუფლად იღებდა მნახველებს, ლაპარაკობდა ტელეფონით და განაგრძობდა „იმპერიის“ ხელმძღვანელობას. მეორედ „ჩიკაგოს მეფეს“ გადასახადების გადაუხდელობის ბრალდება წაუყენეს. კაპონემ მოისყიდა თორმეტივე ნაფიცი მსაჯული, მაგრამ სასამართლოს დანიშნულ დღეს მსაჯულები შეცვალეს. 1931 წლის 22 ოქტომბერს კაპონეს მიესაჯა დიდი ფულადი ჯარიმა და 11 წლით პატიმრობა. როგორი „დამთხვევაა“ – მინიმუმ, 400 კაცის მკვლელი და სხვა უამრავი დანაშაულის ჩამდენი ზედემოკრატიულ სახელმწიფოში ჯერ იარაღის უკანონო ტარებაზე იხდიდა სასჯელს და შემდეგ გადასახადების გადაუხდელობის გამო. ცნობილი კრიმინალების ისტორიას თუ გადავხედავთ, მათთვის მავანთა დახმარება უცხო არ არის, მაგრამ ცუდი ბიჭები კარგების როლს მაინც ვერ ირგებენ და უმრავლესობის აზრით, მაინც პირსისხლიან მკვლელებად, ტერორისტებად რჩებიან.
და ბოლოს, უილიამ პირსის სიტყვებით დავასრულებ, რომელმაც დროს და სივრცეს გაუძლო: „როდესაც განაგრძობ ცხოვრებით ტკბობას და იფიქრებ, რომ ყველაფერმა ჩაიარა, გახსოვდეს – მე ვიცი, სად ცხოვრობ, მე მახსოვს, რა ჩაიდინე“.

მარიამ ჯანჯღავა

,,საერთო გაზეთი"