გია გჩეჩილაძე: 9 აპრილს ათიათასობით ქართველი გამოვა რუსთაველის პროსპექტზე

გია გჩეჩილაძე: 9 აპრილს ათიათასობით ქართველი გამოვა რუსთაველის პროსპექტზე




„საერთო გაზეთის“ სტუმარია („უცნობი“) გია გაჩეჩილაძე:

- ბატონო გია, ევროპის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. რამ განაპირობა ყოველივე?
- რა გითხრათ, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: დიდი ხანია ნაციონალების და მისი სატელიტების მხრიდან საქმე გვაქვს დესტრუქციასთან, რაც უკვე, აბსოლუტურად, ყველას მობეზრდა და ერთი სული აქვთ როდის დამთავრდება ის საშინელება, რაც საქართველოში ხდება. ასე, მოლაპარაკებები ვერასდროს შედგება. განა შეიძლება დესტრუქციულმა ძალებმა ვინმესთან მოლაპარაკება გამართონ?!. ეს მოლაპარაკებები თავიდანვე განწირულია. კომპრომისი შეიძლება მაშინ მოინახოს, როცა ორი ცივილიზებული მხარე დიალოგს აწარმოებს. ამ შემთხვევაში, რა კომპრომისზე უნდა ვილაპარაკოთ? როცა თავიდანვე კომპრომისზე წასვლის წინააღმდეგი ხარ და დესტრუქციისკენ ხარ მიმართული, ეს საკითხი არასდროს მოგვარდება. სანამ ხალხი თავის სიტყვას არ იტყვის, მანამდე სასიკეთო არაფერი მოხდება და სულ ასეთ დღეში ვიქნებით.
- აშშ, ევროკავშირი გვეუბნება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ დგას.
- კი ბატონო, ასე გვეუბნებიან, მაგრამ ვინ უჯერებს? ნაცები მაინც დესტრუქციას მიმართავენ და ძალის გამოყენებით ხელისუფლების სათავეში მოსვლა სურთ. ამიტომაც ხდება პარლამენტში შევარდნები და ა.შ. მათ იციან, რომ სხვაგვარად ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ამიტომ, მიზნის მისაღწევად ყველაფერს კადრულობენ. აი, ასეთი ვითარებაა.
- როგორც თქვენ აღნიშნეთ: ეს პრო-რუსული ძალა და კაგებეშნიკების პროტესტია?
- დიახ, რა თქმა უნდა, ასეა. ეს ჩემი მოგონილი როდია, არამედ რეალობაა. ვინ არის თემურ ალასანია? - კაგებეშნიკი, ხომ. ყოფილი კაგებეშნიკები არ არსებობენ. კაგებეშნიკი კაგებეშნიკია და მორჩა. ეს ურცხვები ივანიშვილს უწოდებენ რუსულ პროექტს. ამ დროს, სააკაშვილმა თავისი მმართველობის დროს რაც გააკეთა, ეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა გახლდათ და სხვა არაფერი. რუსეთს რაც უნდოდა, ყველაფერი ლანგრით მიართვა - საქართველოს ტერიტორიები ჩააბარა, რაზეც პასუხი დღემდე არ უგია. ამ ყველაფრის მიუხედავად, უნამუსოდ გაიძახის: ჩემისთანა მმართველი საქართველოს არ ჰყოლიაო. წარმოგიდგენიათ, რა დონის მატყუარაა. მე ის უფრო მაკვირვებს, ხალხის გარკვეულ კატეგორიას, რომელიც სააკაშვილზე აფანატებს, მისი როგორ სჯერათ. 
ნაცების ქმედებები სწორედ რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს. რუსეთს უნდა ჩვენი ქვეყანა მუდმივ რყევებში და დესტრუქციაში იყოს. ნაცებიც მთელი ცხოვრება სწორედ ამას აკეთებენ. სხვა რა სახელი უნდა დავარქვათ. ძირითადად, სააკაშვილი თავის „ნაცმოძრაობიანად“ რუსეთის პროექტია იმიტომ, რომ ყოველი მათი ნაბიჯი რუსების ინტერესების გატარებას ემსახურება იქნება ეს ტერიტორიების ჩაბარება, ჰესების გადაცემა თუ სხვა. ახლა კი, ხელს მმართველი ძალისკენ იშვერენ. ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო - ხომ გაგიგონიათ. ასეა, მათი საქმე.
- სიტუაცია კონტროლიდან რომ გამოვიდეს, რუსეთი მაშინვე შემოვა…
- კი ბატონო, შემოსულები არ არიან?! უბრალოდ, 20 კილომეტრს გამოივლიან და ეგ არის. რუსეთი უკვე დიდი ხანია აქ დგას, რაც სააკაშვილის და მისი ხელისუფლების დამსახურებაა.
- სააკაშვილს მართლა ვადამდელი არჩევნების ჩატარება ადარდებს თუ დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნა? თუ რუსეთი ვითარების „განსამუხტად“ შემოვა, მიშასაც ხომ სწორედ მაშინ ეძლევა დაბრუნების შანსი?
- რა თქმა უნდა, ასეა. ნაცების ინტერესი ვადამდელი არჩევნები არ არის. ასე რომ იყოს, ხმების გადათვლას დასთანხმდებოდნენ. ეს არ აწყობთ, რადგან იციან, რომ არჩევნები წააგეს. მათ იმ ოდენობის ხმაც არ აქვთ აღებული, რაც ამჟამად უწერიათ. ხმები პატარა პარტიების ხარჯზე მოიმატეს. ერთკაციან პარტიებს უბნებზე წარმომადგენლები არ ჰყოლიათ. ამიტომ, ვისაც ჰყავდა, ისინი ერთმანეთში გარიგდნენ. 
რაც შეეხება სააკაშვილს, კი ბატონო, ზუსტად მაგას ცდილობს, რომ აქ, საფრთხე გაჩნდეს, რუსეთი შემოვიდეს და მერე, თავად ხელისუფლების სათავეში მოექცეს, მაგრამ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომაც, 9 აპრილს ხალხი შეიკრიბება, რათა ჩვენი ძალა დავანახოთ და ის თუ რამდენი ვართ. 9 აპრილი ქართველი ხალხის დღედ უნდა იქცეს. ამ დღეს ხალხი, ყოველწლიურად, გამოვა და ნებისმიერ მთავრობას შეახსენებს: ჩვენ, აქ, ვართო. ქვეყანაში პირველი პრიორიტეტი არის სწორედ ხალხი და არა რომელიმე პარტია, პოლიტიკოსი ან პარტნიორი ქვეყნები. სანამ ჩვენ ძალას არ დავანახებთ, მანამდე გააგრძელებენ ამ თამაშს, რასაც ახლა ვუყურებთ.
- ანუ, 9 აპრილს 100 ათასი ადამიანის მობილიზებას აპირებთ ვინც თვლის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა?
- არჩევნები რომ არ გაყალბებულა, ამის გამო არ ვაკეთებთ ამ აქციას. ეს იქნება მდუმარე აქცია, რათა უცხოელებსაც და ყველას დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში ხალხი არის პრიორიტეტი და ისე არ არის საქმე როგორც ამას ოპოზიცია წარმოაჩენს. იგი, ხალხის სახელით ლაპარაკობს, რაც რეალობას არ შეეფერება. ჩვენ, ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ხალხს აბსოლუტურად სხვა ინტერესი აქვს, პოლიტიკოსებს და ზოგიერთ პარტიულ ტელევიზიებს კი - სხვა. მათ უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია. მერე, თვითონაც სხვა კუთხით დაფიქრდებიან.
- ნაცებს ხელისუფლება პარლამენტში რატომ ეპატიჟება?
- ეგენი პარლამენტში მისაპატიჟებელი ხალხი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, დღეს ასეთი მოცემულობაა. სააკაშვილს არჩევნები არ აინტერესებს, მას რევოლუციის მოწყობა სურს. იგი მხოლოდ ქვეყნის გადატრიალებით თუ მოვა ხელისუფლებაში და ეს თავადაც ძალიან კარგად იცის. დიახ, იცის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვა. ამიტომ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა არიოს და მერე, რუსეთის დახმარებით ძალაუფლება ისევ დაიბრუნოს.
- დასავლეთი აცნობიერებს საიდან მოდის საფრთხე, თუმცა, ხმას არ იღებს. ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ იგი ეკონომიურად რუსეთზეა მიბმული და მასთან დაპირისპირებას უფრთხის?
- დასავლეთს საქართველოში, რუსეთისგან განსხვავებით, სტაბილურობა, სიწყნარე უნდა. აქ, არეულობა ერთადერთ ქვეყანას - რუსეთს აწყობს. დასავლეთს აქ, სიმშვიდე სურს, ამიტომაც, იბარებს ორივე მხარეს და შერიგებისკენ, კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდებს. მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, კომპრომისზე ვერ წავა ადამიანი, რომელსაც დესტრუქცია აქვს გადაწყვეტილი. ამიტომ, ახლა, ისევ და ისევ ხალხმა უნდა იაქტიუროს. მან დასავლეთს, სხვებსაც უნდა დაანახოს, რომ აქ, პრიორიტეტი ხალხია და სააკაშვილის ხელისუფლებაში უკან მობრუნებას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. სწორედ ამიტომაც იკრიბება ხალხი 9 აპრილს. ჩვენ, ვემიჯნებით ნაციონალებს, ყოველგვარ დესტრუქციას. უცხოელებს, დასავლეთს მინდა მივმართო: მელიას, რურუას პოლიტ.პატიმრებს რომ უწოდებენ, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ისინი პოლიტპატიმრები კი არა, დამნაშავეები არიან. ნუ, თხოვენ ხელისუფლებას მათ გათავისუფლებას და წნეხის ქვეშ ნუ აყენებენ, რათა დამნაშავეები ციხიდან გამოუშვან, რა. ეს სწორი საქციელი არ არის.
- ბატონო გია, მგონი, უკვე, მეორედ გვიპირებენ ნაცებზე ჯვარი დაგვწერონ?
- ვერ დაგვწერენ. თუ ხალხი მოწოდების სიმაღლეზე დადგება, "ნაცებზე" ჯვარს ვერავინ დაგვწერს ვერც ევროპა და ვერც აშშ. ხალხი თუ ძილს გააგრძელებს, კი ბატონო მაშინ ჯვარსაც დაგვწერენ და მეტსაც გვიზამენ. 
9 აპრილს, ტრადიციად უნდა დავამკვიდროთ ხალხის შეკრება. ეს ქართველი ხალხის დღე იქნება. ამ დღეს ქართველი ხალხი ყოველწელს უნდა გამოვიდეს, რათა არცერთ ხელისუფლებას მოდუნების საშუალება არ მისცეს. დიახ, ხელისუფლებას ხალხის უნდა ეშინოდეს და მას ანგარიშს უწევდეს. მთავარი აქ, ეს არის. რასაც მართლა ხალხი ჰქვია, იგი, 8 წელიწადია გარეთ არ გამოსულა. ქუჩაში მარტო „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები გამოდიან და დესტრუქციულ ქმედებებს სჩადიან. ჩვენ, დავანახებთ თუ რამდენი ვართ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ნაცების მსგავსად არ ფიქრობს.
- დაძინებული ხალხის გამოფხიზლების მუხტი უკვე არსებობს?
- კი, არსებობს. ჩემი აზრით, 9 აპრილს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ვნახოთ, რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრი წერილი მოდის და ვიცი, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს სურს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. ეს იქნება სამართლიანი ბრძოლა იმ გუნდის წინააღმდეგ, ვინც უკვე 30 წელია პოლიტიკაშია. ხალხის გარდა, ამ უმსგავსობას ვერავინ დაამთავრებს. 
- წეღან პატიმრები ახსენეთ. დასავლეთი სანქციებით გვემუქრება.
- არაფერი აღარ ხდება. გუშინ, სულ სხვა განცხადებებს აკეთებდნენ და მინდა გითხრათ, რომ მელია არავის აღარ ახსოვს. მათ შორის, თავის მომხრე უცხოელებსაც აღარ ახსოვთ _ კუბილიუსს და ა.შ. ისინიც კი ურჩევენ: პარლამენტში შედით და იქედან იბრძოლეთო. მელიას პატიმრობის გამო არავინ აღარ გამოხატავს აღშფოთებას. შეიძლება თავიდან იყო ასე, სანამ დასავლეთი გაერკვეოდა, რეალურად, რა ხდება. ახლა, ყველა ძალიან კარგად გაერკვა რაშიც არის საქმე. ეს სააკაშვილის და მისი ბანდის კიდევ ერთი, დამატებითი პროვოკაციაა. ეს არის და ეს.
მას უკრაინამაც გასცა, უკვე, თავისი პასუხი. მას არსად აღარ პატიჟებენ, მიგდებულია მარტო და ჰგონია, რომ საქართველოში შეძლებს სიტუაციის არევას. მინდა გითხრათ, რომ არაფერი გამოუვა, რადგან ყველამ იცის რასაც წარმოადგენს. სააკაშვილი ვა-ბანკზე მიდის, ბოლო გაფართხალება აქვს. იფართხალოს რამდენიც უნდა, მაინც ვერაფერს გახდება.
9 აპრილს გამოჩნდება, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის თუ არა. თუ ხალხი გამოვა, ასე თავის ქვეყანას გადაარჩენს, თუ ასე არ მოხდა, მაშინ მანქურთები გავმხდარვართ და აღარ გვქონია ქვეყანა, რა.
- ბატონო გია, დღეს, რა ფერებია ქვეყანაში?
- ფერები არ შეცვლილა, ისევ ის ფერებია - მუქი, მუქი და მუქი.

თამარ შველიძე