გივი მიქანაძე: მოვუწოდებთ ნეიტრალურ ორგანიზაციებს, რომლებიც სადამკვირვებლო მისიას ეწევიან, დაინტერესდნენ არჩევნებზე რეგისტრირებული 15 ადგილობრივი ორგანიზაციის დაფინანსებით

გივი მიქანაძე: მოვუწოდებთ ნეიტრალურ ორგანიზაციებს, რომლებიც სადამკვირვებლო მისიას ეწევიან, დაინტერესდნენ არჩევნებზე რეგისტრირებული 15 ადგილობრივი ორგანიზაციის დაფინანსებით




მოვუწოდებთ ნეიტრალურ ორგანიზაციებს, რომლებიც სადამკვირვებლო მისიას ეწევიან, დაინტერესდნენ არჩევნებზე რეგისტრირებული 15 ადგილობრივი ორგანიზაციის დაფინანსებით, გამჭვირვალობითა და მათი საქმიანობით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციასთან აფილირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ საჯაროდ მოვუწოდებთ ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, თუკი ისინი ასეთი გამჭვირვალე არიან, საზოგადოების წინაშე წარმოადგინონ ინფორმაცია იმ დაფინანსებების შესახებ, რომლითაც მათ გასულ წელს სადამკვირვებლო მისიებში მყოფი ადამიანების მხარდაჭერა განახორციელეს. ისევე როგორც, ჩვენთვის ძალიან გასაკვირი იყო, რომ ფაქტობრივად, არცერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიში არ მოხვდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მხილებები გავაკეთეთ ჩვენ ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით 2020 წლის არჩევნებამდე. ჩვენ ამ ორგანიზაციებს ახლაც მოვუწოდებთ, რომლებიც ნეიტრალური ორგანიზაციები არიან და ეწევიან სადამკვირვებლო მისიას, დაინტერესდნენ ამ ორგანიზაციების დაფინანსებით, გამჭვირვალობით, მათი საქმიანობით. თუნდაც, მოხალისეობრივი თემა რომ იყოს, ეს გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუნდაც, ტრანსპორტირების, კვების, გარკვეული ეკიპირებით უზრუნველყოფასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ჩვენთვის საინტერესოა, საიდან აქვთ ამ ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებადცნობილი არია, ეს თანხები და ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდი იკვეთება, რომ ისინი პირდაპირ კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, ჩვენ ამის მტკიცებულებები წარმოვადგინეთ. სავარაუდოდ, მათ ამ პოლიტიკური ორგანიზაციებიდან ფინანსური მხარდაჭერა აქვთ. სხვა შემთხვევაში, მათ წარმოადგინონ ფინანსური მხარდაჭერის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს აღქმული იმად, რომ ეს უნდა იყოს ირიბი დაფინანსება და მხარდაჭერა იმ ორგანიზაციების, რომლებიც პირდაპირ პროპორციულად აფილირებული არიან ოპოზიციურ ძალებთან“, - განაცხადა მიქანაძემ

მისივე თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი სამი კვირის განმავლობაში ისინი გააგრძელებენ იმ ორგანიზაციების მიყურადებას, რომლებიც ცესკოსა თუ კონკრეტული ოლქების მიერ იქნებიან დარეგისტრირებული, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

მიქანაძის განმარტებით, აღნიშნულის მიზანია, საზოგადოების წინაშე ამხილონ ის ორგანიზაციები, რომლებიც არა საარჩევნო პროცესის დაკვირვებაზე არიან ორიენტირებული, არამედ დესტრუქციაზე და წარმოადგენენ ფილიალებს იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადება.

მიქანაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნებზე რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაციებიდან 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 კი „ევროპულ საქართველოსთან“.

ჩამოტვირთე ფაილი