გმირები და მანქურთები

გმირები და მანქურთები




დილით გამოაცხადეს, რუსთაველის გამზირზე უწესრიგობას ოცი ახალგაზრდა ემსხვერპლაო. თან ისე გამოაცხადეს, თითქოს ისინი ტყუოდნენ, მათ შექმნეს ცუდი სიტუაცია, მათ არ დაუჯერეს ზემდგომ ორგანოებს, უფროსებს, ამხანაგებს, უგულებელყვეს პატრიარქის მოწოდება, რომ დაშლილიყვნენ და დაბრუნებოდნენ ოჯახებს. მეტიც, აქციის მონაწილეები გამოდიოდნენ ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებით, ამიტომ, საბჭოთა ჯარმა აღადგინა წესრიგი... არ გამოუცხადებიათ, მთვრალმა ჯარისკაცებმა, დუჟმორეულებმა, საიდანღაც მოყვანილებმა, გადმოსროლილებმა ნიჩბებით აჩეხეს ახალგაზრდებიო.

მაშინ ჯერ ისევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, ოღონდ უკვე ძირგამომპალსა და ჩამონგრეულში. ყოველ საღამოს დავდიოდი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. იმ ღამეს ვერ წავედი, მეუღლეს უნდა ემშობიარა დღე-დღეზე, მთხოვა, სახლში დარჩიო და... შესაძლოა, ამით გადამარჩინა კიდეც.

უმანკოთა სისხლი იმ ადგილას დაიღვარა, სადაც ამჟამად შარდისა და ნაგავის სუნი ტრიალებს. ქვეყნის მტრებმა დედაქალაქის ცენტრალური უბანი (ადგილი) გაიპიროვნეს, კარვები გაშალეს და იქაურობა ერთ დიდ უბორნიად აქციეს. უკვე თვეები გადის, რაც სააკაშვილის მცირე ჯოგი რუსთაველზე ბინადრობს... იქვე ჭამენ, იქვე სვამენ, იქვე საქმობენ, ღლაბუცობენ, კარტს თამაშობენ და ეს ყველაფერი ხდება დემოკრატიის სახელით. დასუფთავების სამსახურიდან ყოველდღე მიდიან, ხვეტავენ, ასუფთავებენ, დეზინფექციასაც ატარებენ, მაგრამ მაინც ყარს იქაურობა... ყარს ყველანაირი გაგებით - მორალურად, ადამიანურად, პოლიტიკურად, მოქალაქეობრივად, სამართლებრივად. ხალხი შეწუხდა, ირგვლივ მაცხოვრებლები ჩივიან, განიცდიან, ხელისუფლებას მიმართავენ, მაგრამ კარვების აყროლებულ ,,დასახლებაში" ბუზსაც არავინ აფრენს. მიზეზი? ისეთი არაფერი... შეიძლება დემოკრატიას საფრთხე შეექმნას, ეგ არის და ეგ. არადა, დემოკრატია არაფერ შუაშია, ამ უჯიშოებს გასდით და აკეთებენ - მივიდნენ, მოიზომეს, გაშალეს, მოფსეს, ხმას არავინ იღებს... აეგრე, ჩასახლდნენ, დაშლას არ აპირებენ, ტერიტორია პრივატიზებული აქვთ.

სააკაშვილის ხელის ბიჭებისა და გოგოების უნამუსობას აღარ აქვს საზღვარი. არც ადრე ჰქონდა, მაგრამ თავზე ასე არ/ვერ ასხდნენ ქვეყანას!

წესით, 9 აპრილს მაინც უნდა მოსულიყვნენ გონს, აეშალათ კარვები და ხალხისთვის ეთქვათ: მობრძანდით, პატივი მიაგეთ გმირულად დაღუპულებსო. არ გააკეთეს, არ მოიქცნენ ასე. ფეხებზე ჰკიდიათ და იმიტომ.

აქეთ, ევროპის მოედანზე (რიყეზე) გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გამართა აქცია. რუსთაველზე არ მისულან აქციის მონაწილეები, პროვოკაციას მოერიდნენ. სადაც ,,ნაციონალია" იქ არის ჩასაფრებული პროვოკაციაც, შარიც და ხათაბალაც - უბრალოდ ხელი რომ აუქნიოთ, ეგრევე პოლიციაში გარბიან განცხადებით, ,,მავნებმა" ნეკნები ჩაგვიმტვრიეს და ხეხემლები დაგვიზიანესო, გაგვაუპატიურესო. გვერდით რომ ჩაუარო და შემთხვევით მხარი გაჰკრა, მთელ მსოფლიოს მოსდებენ, დაგვარბიესო, ევროპის წამყვანი ქვეყნების მთავრობებს არ იკმარებენ, აშშ-ის კონგრესს, სენატს და აზია-აფრიკის ქვეყნებს მისწერენ. არ დარჩება არც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო, საქმის კურსში რომ არ ჩააყენონ და დასკვნები არ გამოაქვეყნებინონ. აღარაფერს ვამბობ ინგა გრიგოლიას ,,რეაქციაზე", ნოდარა მელაძის ,,შაბათზე", ეკა კვესიტაძის ,,კვნესაზე", ნიკირტუმ გვარამიას ,,მონოლოგზე", ნინო ჟიჟილაშვილის ,,ჟივჟივზე", ეკა მიშველაძისა და მისი ქმრის გადაცემაზე, პარასკევობით როა ხოლმე, გუგულებივით რო გამოსხდებიან ხოლმე... რომელი ერთი ჩამოვთვალო?

ე.წ. ოპოზიცია სულს ღაფავს, გასაგებია, ვხედავთ და რაკი სულს ღაფავს, ანუ კვდება, თუ არ დავმარხავთ, ცხადია, აყროლდება კიდევაც. ვინ უნდა დამარხოს? წესით, ხელისუფლებამ. როგორ? კანონითა და სამართლით. ის, რაც არ შეიძლება ჩემთვის და თქვენთვის, არ უნდა შეიძლებოდეს მათთვის, ,,ნაციონალებისთვის". არადა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რაც არ გვეპატიება ჩვენ, ეპატიებათ მანქურთებს. რატომ? ჩემი აზრით, ხშირად ხელისუფლებაც შარსა და ხათაბალას ერიდება. თუმცა ეს ძალიან ცუდია... ამიხსენით, რატომ უნდა იყოს თვეების განმავლობაში, მაგალითად, გამოთაყვანებული კობა ხაბაზი წამოპლაკული რუსთაველის გამზირზე და ხეთქავდეს გლდანიდან მიტანილ შაურმას? რატომ უნდა არღვევდნენ ,,ნაცები" და მათთან გათანაბრებული პირები კომენდანტის საათს, რატომ უნდა იკიდებდნენ ფეხებზე კანონსა და სამართალს? მერე იტყვიან, რატომ დაგროვდა მოსახლეობაში ამდენი აგრესიაო? აი, აქედან, ბატონებო, აქედან! როდესაც ადამიანი ხედავს, როგორ ირღვევა კანონი მანქურთებისა და ძონძების მიერ, ის ადამიანი, ოდესღაც ნორმალური, ხდება აგრესიული და შეურაცხადი.

საქართველოს ტერიტორიაზე ვერავინ გამართავს აქციას, მანიფესტაციას, ვერ გაშლის კარვებს, თუ არ შეიტანა განაცხადი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ამჯერად საუბარია თბილისის მერიაზე. განაცხადში მითითებული უნდა იყოს აქციის, მანიფესტაციის გამართვის ვადა, უვადო არ არსებობს. ამოცანა გვეკითხება: ამ მანქურთებმა რანაირი განცხადება შეიტანეს მერიაში, რომ არც ვადა გასდის, არცა ძველდება? რაღა დაგიმალოთ და... როცა ამ წერილის წერა დავიწყე, პარალელურად, როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, სამჯერ გადავლანდრე, ანუ წავიკითხ-შევისწავლე. ნახეთ, რა მაგარი სიტყვაა: ,,გადავლანდრე". სხვათა შორის, ეს სიტყვა არსად არ იძებნება, არც ლექსიკონებში, არც გუგლში, მაქვს ეჭვი, რომ ბებიაჩემის მოგონილია. ჰოდა, იმას ვამბობდი... კანონი წავიკითხე და საერთოდ არ არის ნახსენები, თუ რა ვადაა დაწესებული ამა თუ იმ აქციისთვის ან მანიფესტაციისთვის, შეგიძლია, შეიტანო განაცხადი რუსთაველზე წამოწოლის თაობაზე და მორჩა, თვეებისა და წლების განმავლობაში შენია. თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოთ ან ,,ნაცი", ან ,,გნაცი", ან ,,შმაცი"... თუ ხართ ,,ქოცი", ეგეთი რაღაცები არ შეგრჩებათ, თქვენ სამაგალითოდ დაისჯებით. ბებიაჩემი იმასაც ამბობდა ხოლმე, მედალს ორი მხარე აქვსო, ერთი ისეთი, მეორე კიდე ასეთიო, თუ დავუკვირდებით, ,,ქოცის", ანუ ,,ქართული ოცნების" სამაგალითო დასჯის საკითხში მართლაც არის სიმართლის მარცვალი. დავუშვათ, ,,ნაცის" მსგავსად ,,ქოცმაც" მოიწადინა რუსთაველზე კარვების გაშლა, წამოკოტრიალება, შაურმის ჭამა და მოფსმა, რა გამოდის, რით იქნება განსხვავებული ,,ნაცისგან"? არაფრით, ისიც აყროლდება!

ჰო, კინაღამ დამავიწყდა... იმ დღეს, 9 აპრილს, როცა ,,უცნობმა" რიყეზე გრანდიოზული შეკრება გამართა, ,,ჭუტავიზიის" (,,ტვ პირველის") კოლექტივი აღშფოთდა, იმანო, გია გაჩეჩილაძემ, პარლამენტის წინ აქციას რომ მართავენ, იმათ სუნიანები უწოდა, ეს რა წესი და ეთიკააო?

გაიგონეთ?!

აყროლებულებმა იუკადრისეს, ,,გრეჩიხამ" სუნიანები რატომ გვიწოდაო? კი ვართ სუნიანები, განა არ ვართ, მაგრამ ადამიანს რომ ნაკლზე უთითებ, ეგ ხომ არაეთიკურიაო? ეგ ხომ დაბულინგებააო? ბოლო-ბოლო, დაგუგლეთ, თუ ორი ღერი ინგლისური იცით, წაიკითხეთ, მსოფლიოს უარესებიც ახსოვსო, 1905 წელში დაბადებული პოზნერი რომ ჩამოიყვანეთ და ელარჯი აჭამეთ, ეგ როგოღა იყოვო?

აუუუუუ!

,,ჭუტავიზიას" რომ ჭურნალისტები ჰყავს, ეგეთებს ამ დუნიაზე ვერსად ნახავთ, უბრალოდ ეგეთები არ არსებობენ. არ ვიცი, სად ჩეკავენ, საიდან მოჰყავთ? ყველას, 17-18 წლის გოგო-ბიჭებს შავნოდარას მიხვრა-მოხვრა, ჟესტიკულაცია და გადატყლარჭული მეტყველება აქვს. ამათ, ამ საცოდავებს ან ნოდარა უტარებს ლექციებს... უფრო სწორად, ინსტრუქტაჟს, ან კიდევ თვითონ ბაძავენ ნოდარას. მე უფრო მეორე ვერსიას ვემხრობი, ,,ჭუტავიზიაში" მიღებული ყველა ჭურნალისტი ვალდებულია, მიჰბაძოს ინგა გრიგოლიას, ნოდარა მელაძეს, ავთო წერეთელს (კევის ღეჭვასა და შესაბამისად, ტუჩების მოძრაობაში) და აქედან გამოდის ჰიბრიდი - ,,ჭუკი ჭურნალისტი".

მოკლედ, ძალიან სამწუხაროა, რომ სადაც უმანკოთა სისხლი არაერთხელ დაიღვარა, ახლა შარდის სუნი ტრიალებს. იუნკერები გახსოვთ? გადმოცემით ხომ ვიცით? საქართველოში სიტყვა ,,იუნკერის" გაგონებისას მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგებიან 18-20 წლის ახალგაზრდები, ქართული სამხედრო სკოლის მსმენელები, რომლებმაც თავდადებისა და გმირობის მაგალითები აჩვენეს 1921 წლის თებერვალში, როცა თბილისს იცავდნენ. არ გამოუვიდათ დედაქალაქის დაცვა, დამარცხდნენ, მაგრამ ეს მაინც იყო გმირობა. შემდეგ იყო 9 აპრილი, შემდეგ - სამოქალაქო ომი...

ისტორიული წყაროს თანახმად, სადაც ახლა პარლამენტის შენობაა,  ადრე ტაძარი იყო. მართლმადიდებლური

საკათედრო ტაძარი ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთა წინააღმდეგ რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუა საუკუნეების რუსი წმინდანის, ალექსანდრე ნეველის სახელს ატარებდა. მშენებლობა 1871 წელს დაწყებულა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მალევე შეჩერებულა. თუმცა მოგვიანებით განახლებულა და 1897 წელს უკვე მზა ტაძარი საზეიმოდ უკურთხებიათ. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაკრძალეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები, ე. წ. იუნკერები. როცა საბჭოთა საქართველოს მთავრობის დადგენილებით თბილისის მთავრობის სასახლის აგება გადაწყდა, მის ადგილმდებარეობად ქალაქის მთავარი მაგისტრალი, ნეველის ტაძრის შენობის ადგილი შეირჩა და 1930 წლის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ ტაძრის დემონტაჟი დაიწყო.

თბილისელთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ მრავალი უბედურებისა და სისხლისღვრის მიზეზი, რაც ამ ადგილას მომხდარა, შენობის საძირკველში მოქცეული ტაძრის ნაშთებია.

არ ვიცი, მე პირადად ვერაფერს ვიტყვი ამ თემაზე, შეიძლება მართლაც არსებობს რაღაც, რაც მოსვენებას არ აძლევს აქაურობას.

თუმცა!

მე ყველაფერი მაინც იმის გამოძახილი მგონია, რომ საქართველოს ძალიან ბევრი შინაური და გარეული მტერი ჰყავს.

დიახ, მტრები!

შინაურები და გარეულები, უფრო შინაურები მაშინ მძლავრობენ და იქ მძლავრობენ, სადაც კანონი არ კანონობს, სამართალი არ სამართლიანობს, ადათი არ ადათობს და წესი არ წესობს.

როგორც გია გაჩეჩილაძემ თქვა, ეს გაფრთხილებააო, ამდენ ხალხს არ ველოდიო, ახლა საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა შეიქმნასო. მე არ ვიცი, რა პოლიტიკური მიზნები აქვს ამ ადამიანს და თუ აქვს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ რასაც ვერ აკეთებს ხელისუფლება, უნდა გააკეთოს ხალხმა - საქართველოში უნდა დასრულდეს გადატრიალებებსა და დამხობებზე საუბარი, უნდა დამთავრდეს და დამთავრდება კიდევაც!

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი"