გოგი თოფაძე: ქალაქის ასეთი ხელმძღვანელი, როგორიც კახა კალაძეა, აქამდე არ გვყოლია

გოგი თოფაძე: ქალაქის ასეთი ხელმძღვანელი, როგორიც კახა კალაძეა, აქამდე არ გვყოლია




გოგი თოფაძე ქართული ბიზნესის დრამატიზმით სავსე თავგადასავლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი და მისი მემატიანეა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საძირკველი დამოუკიდებლობის გზაზე ახლადფეხშედგმული ქვეყნის ადგილობრივ მრეწველობას.
გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად გაპარტახებულ და იავარქმნილ ქვეყანაში, უმძიმეს და უაღრესად სახიფათო პირობებში, მან პირველმა გაბედა და წარმატებით მოახერხა გამოეშვა ქართული პროდუქცია, რითაც უდიდესი სტიმული მისცა ადამიანებს.
ბატონ გოგის თავის თანამოაზრეებთან ერთად ბევრი ომი აქვს გადატანილი უვარგისი კანონების, არაკეთილსინდისიერი მეწარმეების, ქვეყნის ეკონომიკის მნგრეველების წინააღმდეგ, არაკონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შესაცვლელად.
ვფიქრობთ, გოგი თოფაძესთან საუბარი, მისი პოზიციები და შეფასებები უაღრესად საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის:

- ბატონო გოგი, რომ იტყვიან, ბევრი ქარტეხილი გაქვთ გამოვლილი. თითქმის მთელი ცხოვრება საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის იბრძოდით. როგორია ამ ბრძოლის შედეგები დღევანდელი გადმოსახედიდან?
- მრეწველობის აღორძინებისთვის, საქართველოს ეკონომიკური სიძლიერისთვის ვიბრძვი ნახევარი საუკუნეა. ვინ მოთვლის, რამდენ შემოტევას გავუძელი. რამდენ ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, გადალაგებას, ცვლილებებს და ამ გადასახედიდან მაინც გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ სასურველი შედეგები, ქვეყნის ფეხზე დაყენება და მისი გაძლიერება, ჯერჯერობით მაინც ვერ მოვახერხეთ.
ან როგორ შევძლებდით უკეთესად ყოფნას, როცა ჩვენი ხელით დავანგრიეთ აწყობილი სამრეწველო-ეკონომიკური სისტემა, ჯართად გავიტანეთ ქვეყნიდან უნიკალური მანქანა-დანადგარები, რომლითაც ახლა თურქეთში ქარხნები და ფაბრიკები ფუნქციონირებს. გავყიდეთ მიწები, გავანადგურეთ ყველაფერი.
სოციალიზმის დროს შექმნილ სიკეთეებზე ლაპარაკი ახლა, რატომღაც, დიდ ცოდვად ითვლება, თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა, რომ 1953–73 წლებში საქართველოს ჰყავდა მართლაც უნიკალური მმართველი _ ვასილ მჟავანაძე, რომლის დროსაც, იმ 20 წელიწადში, საქართველო აყვავდა და აღორძინდა.
დიახ, კომუნისტი იყო მჟავანაძე, მაგრამ პატრიოტი გახლდათ და მისი გაკეთებული ბევრი სიკეთით დღესაც სარგებლობს თბილისი და საქართველო.
2012 წლამდე მართლაც უმძიმესი პერიოდი გავიარეთ – ნელ-ნელა მცირდებოდა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამები, ნადგურდებოდა სახელმწიფო ქონება, უკანონოდ აპატიმრებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.
სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, ქართულმა ბიზნესმა ურთულესი და უმძიმესი გზებით იარა.
90-იანი წლებიდან 2012 წლამდე, 20 წლის განმავლობაში, მუდმივ ჭიდილსა და დაპირისპირებაში ვიყავი სახელისუფლო სტრუქტურებთან, არა იმიტომ, რომ რაიმეს ვაშავებდი ან კანონებს ვარღვევდი, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ნორმალური მუშაობის საშუალებას არ მაძლევდნენ და მუდმივი წნეხის და ზეწოლის ქვეშ მამყოფებდნენ.
ბიზნესსაქმიანობა, ბიზნესის კეთება ურთულესი საქმეა, რომელიც მუდმივ ყურადღებას, კონტროლს, სიფხიზლეს მოითხოვს და ამ დროს, როცა ხელისუფლების მხრიდან მეორე ფრონტი გაქვს გახსნილი და მოგერიების რეჟიმში გიწევს საქმიანობა, წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია, თუმცა წარმატებებს მაინც ვაღწევდი, მაგრამ მერე უკვე ღია რეპრესიების პერიოდი დაიწყო და უამრავი ობიექტი წამართვეს, უამრავი ბიზნესი გამიჩერეს.
ასე მივედი 2012 წლამდე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისადმი მიდგომა აბსოლუტურად შეიცვალა.
„ქართული ოცნება“ მეცხრე წელია, რაც ხელისუფლებაშია და ამ ხნის განმავლობაში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ ვინმესთვის ბიზნესი წაერთმიათ, ვინმე დაეჩაგრათ, ან ხელი შეეშალათ ბიზნესსაქმიანობაში. პირიქით, სახელმწიფო ბიზნესის ერთგული მხარდამჭერი და პარტნიორი გახდა.
ეს არის სიმართლე და ვისაც ამ სიმართლის დანახვა არ უნდა, ის არ არის კეთილსინდისიერი ადამიანი.
ისიც სიმართლეა, რომ ეს ყველაფერი, ბიზნესისთვის იდეალურთან მიახლოებული პირობების შექმნა, ადამიანებისთვის თავისუფალი მოქმედების და საკუთარი ნიჭიერების სრულად გამოვლენის შესაძლებლობა, ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
ბატონ ბიძინას უდიდესი მასშტაბების საქმეები აქვს გაკეთებული საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის.
ამის არდანახვა და არდაფასება, ამის არად ჩაგდება, მე თუ მკითხავთ, ძალიან დიდი ბოროტება და მავნებლობაა, რადგან ამით არა მარტო ბიძინა ივანიშვილს ვტკენთ გულს, არამედ სხვებს, ათასობით და ათიათასობით ადამიანს ხალისს და მოტივაციას ვუკარგავთ, აკეთონ სიკეთე უანგაროდ, ემსახურონ სამშობლოს და ხალხს.
ქართველები ავკარგიანი, სიკეთის დიდად დამფასებელი და დამნახავი ხალხი ვართ, სისხლში გვაქვს გამჯდარი შეგონება: „კარგი ქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდება“.
ასეთ ხალხს ზნისა და ბუნების გამოცვლას რომ დაუსახავ მთავარ ორიენტირად, ეს უკვე ძალზე სახიფათო და საშიში დანაშაულია და საბოლოოდ, ადამიანების სულიერ გახრწნას და გადადგვარებას ისახავს მიზნად.
– ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კარზე მოგვიკაკუნა, თქვენ თბილისის ბევრი ხელმძღვანელი გახსოვთ, რას იტყვით ახლანდელ მერზე, როგორ ხედავთ დედაქალაქის პერსპექტივებს?
- უკვე გითხარით, შევარდნაძიდან მოყოლებული, ყველა მერთან მიმუშავია, ყველა მათგანი კარგად მახსოვს და მინდა გითხრათ, რომ ქალაქის ასეთი ხელმძღვანელი, როგორიც კახა კალაძეა, აქამდე არ გვყოლია.
გაიხედ-გამოიხედეთ გარშემო - ქალაქი გალამაზდა, სწრაფი ტემპებით ვითარდება ისე, რომ კიდევ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ევროპულ ქალაქებსაც აჯობებს.
რაც კახა კალაძემ გასული ოთხი წლის განმავლობაში გააკეთა, ამას ბევრი ათ წელიწადში ვერ მოახერხებდა.
უცხოეთიდან სტუმარი ჩამომივიდა ამასწინათ. ის ადრეც იყო ნამყოფი თბილისში. გაოცებული და გაკვირვებული დარჩა - როგორ შეცვლილა თქვენი ქალაქი, როგორი სხვანაირი გამხდარაო.
ჩვენ, რადგან აქ ვართ და რადგან ჩვენს თვალწინ ხდება ეს ყველაფერი, სასიკეთო ცვლილებებს ვერ ვამჩნევთ. უცხო თვალმა კი იმწამსვე დაინახა.
ჩვენს მერს კახი კალაძეს ჰყავს შესანიშნავი გუნდი. ირაკლი ხმალაძე გამახსენდა ახლა, უცებ - შესანიშნავი ახალგაზრდა. ენერგიული, საქმის მკეთებელი გუნდი ჰყავს კახის შემოკრებილი. დღე და ღამე არ ისვენებენ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა დახვდათ ამ ქალაქში.
სამეურნეო პრობლემების გარდა იდეოლოგიური მოწინააღმდეგეებიც არ აძლევენ საშველს და მოსვენებას და საქმის კეთება ექსტრემალურ ვითარებაში უწევთ.
ქალაქი, ცხადია, არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ან ტრანსპორტი. თბილისში უამრავი გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს. მათ პატრონობა სჭირდებათ. ზოგს დაბინავება, ზოგს - გამოკვება, წამალი, რა ვთქვა - თბილისი პრობლემებით სავსე ქალაქია - სოციალურად დაუცველები, მარტოხელები, მოხუცები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თბილისში კალაძემდეც იყო, მაგრამ არავის იმდენი ყურადღება არ მიუქცევია მათთვის, როგორც ეს ბატონმა კახა კალაძემ გააკეთა, ყოველივე ამისგან კი ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - კახა კალაძე და მისი გუნდი ადამიანებზე, თბილისის მცხოვრებლებზე არიან ორიენტირებული და მათი კეთილდღეობისთვის შრომობენ და ზრუნავენ.
რა ჰქნას კახა კალაძემ, კაცმა, რომელსაც ახლანდელ არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავს, თავზე ნაცარი დაიყაროს და ნებაყოფლობით წააგოს?
- კალაძემ რომ თავისი ნებით დათმოს პოსტი, ეს უნდათ ოპონენტებს?
- „ნაცმოძრაობა“, მისი მხარდამჭერები და სხვა ოპოზიციური პარტიული გაერთიანებები, არჩევნებისთვის კი არ ემზადებიან, არამედ არეულობისთვის, რადგან მშვენივრად იციან, არჩევნებს ვერ მოიგებენ და სამარცხვინოდ ჩაფლავდებიან.
აქვე არ შემიძლია არ ვთქვა რამდენიმე სიტყვა ქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელობაზეც. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქმიანი, მაგრამ უხმაურო კაცია. არც ტელეკამერების წინ ჩნდება და პრესასაც თავს არიდებს, არ უყვარს საკუთარი ნამოქმედარის გამომზეურება, მაგრამ მის მიერ გაკეთებული საქმეები თვითონ ლაპარაკობენ გიორგის ტყემალაძის პიროვნებაზე.
გიორგი კარგი ორგანიზატორია, წესიერი, ყურადღებიანი. მთავარია, ვინმეს გასაჭირი მის ყურამდე მივიდეს, გადაატრიალებს ყველაფერს და თუ საკითხი მოსაგვარებელია, აუცილებლად მოაგვარებს.
ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ დაბალანსებული მმართველია. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც არიან, მაგრამ ვინმეს ახსოვს, რომ ურთიერთდაპირისპირება ან შეხლა-შემოხლა ყოფილიყო საკრებულოში? გიორგი ყველასთან ახერხებს საერთო ენის გამონახვას და აყალმაყალის გარეშე აგვარებს პრობლემურ საკითხებს.
თუმცა ვერც საკრებულო და ვერც მერია დამოუკიდებლად ვერ იარსებებენ, ორივე მათგანის ეფექტური მუშაობა კონსოლიდირებულ, ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებებზეა დამოკიდებული და ეს განაპირობებს წარმატებულ ეფექტს. თბილისიც ასე ვერ დამშვენდებოდა, ასეთი სწრაფადგანვითარებადიც ვერ იქნებოდა, მერია და საკრებულო შეთანხმებულად რომ არ მოქმედებდნენ და ამას აქვს, დამეთანხმებით, დიდი მნიშვნელობა.
ეს ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს.
- გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატია, ხომ?
- მისი მხარდაჭერა ვაკელებისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება. მე მჯერა, თუკი თბილისის ყველაზე დიდ რაიონში - ვაკეში გიორგი ტყემალაძე გაიმარჯვებს, ჩავთვლი, რომ ვაკეს გაუმართლა.
- ბატონო გოგი, ამასწინათ ერთ შეხვედრაზე  კულტურის მინისტრი მოვიდა თქვენთან და გულთბილად გადაგეხვიათ. მეგობრობთ მასთან?
- თეა არის ვაჟკაცი ქალბატონი. დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ის კულტურის მინისტრად დაინიშნა, მაგრამ ქალაქის კულტურულ ცხოვრებას მკვეთრად დაეტყო მისი ხელი.
სპორტსაც აქტიურად ქომაგობს.
ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მე მის კიდევ უფრო წინსვლას და მეტად მაღალ თანამდებობებზე ხილვას ვისურვებდი.
აქვე არ შემიძლია არ ვისაუბრო ჩვენს პრემიერ-მინისტრზე ირაკლი ღარიბაშვილზე.
კარგად ვიცნობ მის ოჯახს, მის მამას, კაცს, რომელსაც უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული  ბევრი ადამიანისთვის.
თავად ირაკლი ღარიბაშვილი ნიჭიერი და დიპლომატი კაცია. ხომ ხედავთ, წყობილებიდან ვერ გამოჰყავთ ნაციონალებს იმის მიუხედავად, რომ თავდაუზოგავად ლანძღავენ და ათას სისაძაგლეს აბრალებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი პატრიოტი კაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს.
ეს ე.წ. ოპოზიციონერები ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ, ვითომ, აი, ბიძინა ივანიშვილმა აღაზევაო. სინამდვილეში, ირაკლი არის დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, პრინციპული კაცი, რომელმაც შესანიშნავად იცის, რაც უნდა გააკეთოს. მისთვის მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ხალხის კეთილდღეობა. რაც მან თქვა 5 ივლისს - საქართველო ლგბტ პრაიდს არ მიიღებსო, იცოდა, მთელი მსოფლიოსგან წინააღმდეგობას რომ წააწყდებოდა, მაგრამ არ იკადრა უკან დახევა და რაც თქვა, გააკეთა.
პირადად მე დიდი იმედი მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის და მჯერა, რომ ის გაგვიყვანს სამშვიდობოს. ოღონდ გვერდით უნდა დავუდგეთ.
81 წლის კაცი ვარ, ბევრ ქარტეხილებგამოვლილი და რასაც ვამბობ, მგონი, დამეჯერება.
- ბატონო გოგი, ოპოზიციონერები აცხადებენ: უკეთესი იქნება, თუ არჩევნები გადაიდება - პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და იმიტომო…
- მაგათ 2020 წლის არჩევნებში რომ ვერ გაიმარჯვეს, ყიჟინა მორთეს - გაყალბდაო. მიზეზები არ ელევათ, თითქოს პანდემია ჩემი, თქვენი ან მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის გამოწვეული იყოს.
ბიძინა ივანიშვილის გახსენებაზე რომ ტანში აჟრიალებთ, ეს ცალკე საკითხია - კაცი ოფიციალურად წავიდა პოლიტიკიდან და მაინც მისი აჩრდილი ელანდებათ. კარგი, დავანებოთ ამას თავი, მოლანდებები აქვთ და ჩვენ ვერაფერს გავხდებით, მაგრამ `ქართული ოცნება~ მკვლელების პარტია რატომ არის, როგორც ესენი მოიხსენიებენ, ეს არ ვიცი. მკვლელობაში ეჭვმიტანილები ნაცებში ბევრნი არიან და როგორც ესენი იქცევიან, ეს რომ არ არის პოლიტიკური პარტიის ქცევა და სახე, ეს ცხადია.
ამას ხვდება გონიერი ქართველი ხალხი, ხვდება ყველა, ვისაც საღი გონება აქვს შერჩენილი და რა ჰქნას „ქართულმა ოცნებამ“, თუკი მას მხარს ერის ჯანსაღი ნაწილი უჭერს? იმის გამო, რომ ნიკა მელიას თანამდებობა უნდა, დაუთმოს „ქართულმა ოცნებამ“ პოსტები? არადა, ძალადობენ და ამ გზით უნდათ ხელში ჩაიგდონ მმართველობა და ძალაუფლება. კატეგორიულად მიუღებელია ეს.
ერთი ქალბატონი ქუთაისიდან გაჰკივის - მოგებული მაქვს არჩევნებიო. გიგი უგულავა იძახის - მე ფოთის მერი უნდა ვიყოო. კი, მაგრამ, რატომ უნდა იყოს უგულავა ფოთის მერი, რა დამსახურებისთვის, რა კავშირი აქვს უგულავას ფოთთან? - გასაკვირია, ღმერთმანი.
აღარ მინდა ერთი და იგივე ვიმეორო - მაგათი მმართველობის დროს რა უბედურებებიც გადახდა ჩვენს ქვეყანას. მარტო აგვისტოს ომი კმარა ნაცების მმართველობის „სავიზიტო ბარათად“. „ქართულ ოცნებაზე“ კი სალაპარაკო მართლაც ბევრია. რაც 2012 წლიდან დღემდე გაკეთდა, უდავოდ აღსანიშნავია. მართლაც საოცრებები განხორციელდა. რაც მახსენდება ახლა, აი, აჭარაში ექვსივე მაღალმთიან რაიონში სათხილამურო ტრასები გაკეთდა, აშენდა ტურისტებისთვის დასასვენებელი კოტეჯები, გაცოცხლდა იქაურობა, დასაქმდა ხალხი, სავსეა აჭარა ტურისტებით. ამას გარდა, უამრავი რამ. უცხოც ხედავს ამას და შინაურიც, მაგრამ ესენი არ იმჩნევენ…
- ბატონო გოგი, კახა კალაძემ წინასაარჩევნოდ დედაქალაქში ე.წ. საველე პუნქტები გახსნა, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მივიდეს და თავისი იდეა შესათავაზოს მომავალ მერს. თქვენ რას შესთავაზებდით, რა არის თბილისში გადასაწყვეტი პირველი რიგის ამოცანა?
- ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: კახა კალაძემ რაც 4 წელიწადში გააკეთა, ბევრი იმას ვერ შეძლებდა, მაგრამ მაქვს ერთი სურვილი - დედაქალაქმა უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა იქონიოს სოფელთან და ახლავე გეტყვით, რას ვგულისხმობ ამაში.
ჩვენ გვქონდა მაღაზიათა ქსელი „პატრიოტი“, რომელიც, ძირითადად, ადგილობრივი პროდუქციით ვაჭრობდა. ასე უნდა მოხდეს ახლაც. თურქული თუ სხვა ქვეყნის პროდუქცია კარგია, მაგრამ თბილისში ქართველი გლეხის მიერ მოწეულ პროდუქტსაც უნდა ჰქონდეს ღირსეული ადგილი.
როგორც ზემოთაც გითხარით, 110 ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობდა საქართველოში, ახლა თურქეთიდან მოაქვთ ყველანაირი პროდუქცვია და მათი უმრავლესობა უვარგისია.
მაღაზიათა ქსელი „პატრიოტი“ სააკაშვილის პერიოდში განადგურდა, მაგრამ ახლიდან შეიძლება ყველაფრის ორგანიზება. მერმა ეს ინიციატივები უნდა გამოიჩინოს და არა მხოლოდ, ვთქვათ, მე, არამედ ყველა საქმიან ადამიანს უნდა შეუწყოს ხელი მსგავსი პროექტების განხორციელებაში. ეს, ქალაქის ნატურალური პროდუქციით მომარაგების გარდა ქალაქისა და სოფლის დაახლოების, მეტი ინტეგრირების საუკეთესო პრეცედენტებს შექმნის.
ქართული ჩაის წარმოებას უნდა შეეწყოს ხელი, რომ თბილისის ბაზრებზე ქართული ჩაი გამოჩნდეს.
თურქული, ჩინური, ინდური და სხვა ქვეყნების ჩაი რომ იწონებს თავს დახლებზე, მათზე ნაკლები რით არის ქართული ჩაი? პირიქით, მეტიც არის.
კარგად მახსოვს, საბჭოთა კავშირის ქვეყნების 75% ქართული ჩაით იყო სავსე.
ქალაქის მერზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ მერი არ გახლავთ მხოლოდ მეურნე და მშენებელი, ქალაქის მერი არის პოლიტიკური ფიგურა, ის ბევრ პოლიტიკურ ორიენტირს გამოკვეთს თავის საქმიანობაში, იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და მისასალმებელია, რომ ბატონი კახა კალაძე ნამდვილად არის სერიოზული პოლიტიკური ფიგურა.
ერთი ისტორია გამახსენდა. ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი ხუთი წლის განმავლობაში. იმ პერიოდში კახა კალაძე იტალიაში, მილანის გუნდში თამაშობდა. ერთ-ერთი შეჯიბრების დროს ჩვენც ჩავედით მილანში საგულშემატკივროდ. სტადიონზე იტალიელები გავიცანით, რომლებიც გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს ქართველ ფეხბურთელს. რომ გაიგეს, საქართველოდან ვიყავით და თანაც ქართველები, შემოგვეხვივნენ: საქართველო და ქართველები შეგვაყვარა ამ ბიჭმაო.
ამასაც აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გვყავს მერი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი კარგი სპორტსმენობით, კარგი ფეხბურთელობით და კარგი კაცობით.
ასე რომ, პირადად მე, თბილისის და საქართველოს გონიერების იმედი და მომავლის დიდი რწმენა მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
გახსოვთ, ალბათ, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს! - ასეთი იყო ჩვენი პარტიის მთავარი სლოგანი, რომელსაც თავისი მნიშვნელობა და აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. დიახ, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და მრეწველობასთან ერთად გადაარჩენს სიყვარული, ქვეყნისთვის თავდადება, ურთიერთთანადგომა, დიდი ეროვნული თანხმობა და ერთიანობა.
- დიდი მადლობა, ბატონო გოგი, საინტერესო საუბრისთვის. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ქართველ ხალხს ძალიან უყვარხართ.
ხართ ლეგენდარული პიროვნება, ქართველი კაცის შეუპოვრობის, სიმტკიცის, გაუტეხლობის სიმბოლო და დიდხანს სიცოცხლეს, მხნეობას, ჯანმრთელობას და კვლავაც ბევრ წარმატებას გისურვებთ.

ირანდა კალანდაძე
,,საერთო გაზეთი"