დავით ქართველიშვილი: ვარდების გადატრიალებიდან 18 წელიწადი გავიდა

დავით ქართველიშვილი: ვარდების გადატრიალებიდან 18 წელიწადი გავიდა

დავით ქართველიშვილი (ანალიტიკოსი):

დღეს "ვარდების გადატრიალებიდან" 18 წელიწადი გავიდა. იმ მოვლენებთან მიმართებაში, რატომღაც არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ საწყის ეტაპზე ის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იყო ქვეყნისთვის, ხოლო 2-3 წელიწადში - საქართველოსთვის უკვე უკუქცევად კოშმარად გადაიქცა. მე ამ მოცემულობას ვერ დავეთანხმები და მხოლოდ 2004 წელს განვითარებული მოვლენებით შემოვიფარგლები:

2004 წლის თაბერვალში ქ. მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან და ნიკოლოზ პატრუშევთან ისტორიული შეხვედრის შემდეგ - სულ რაღაც ერთ თვეში, მარტში, საქართველოში აუქმებენ ეროვნული უსაფრთხოების კადრების მოსამზადებელ ერთადერთ უმაღლეს სასწავლებელს - უშიშროების აკადემიას. ეს იყო ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისთვის იმდენად მნიშვნელოვანი დარტყმა, რომლის ნაყოფს ჩვენ დღემდე ვიმკით

სახალხო დიპლომატიის დონეზე გაუმჯობესებელ ქართულ-ოსურ ურთიერთობებს, 2004 წლის ივლის-აგვისტოში სამხედრო/პოლიციური უშედეგო "ბლიც-კრიგის" შედეგად ფატალური ზიანი მიაყენეს - თბილისისთვის ცხინვალი ჩაიკეტა, ხოლო ცხინვალისთვის - თბილისი. ცხინვალის ცენტრში კი დაუვიწყარი სირცხვილი მიაყენეს ქვეყნის პოლიციურ ძალებს - მათი საჯარო დაჩოქვით და შეურაცხყოფით

2004 წლის 4 ნოემბერს ქ. სოჭაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით, საქართველომ და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა - როგორც მხარეებმა, ხელი მოაწერეს "რეგიონის დემილიტარიზაციის" შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ზ. ჟვანიამ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან - დე-ფაქტო პრეზიდენტმა ე. კოკოითმა. სააკაშვილის მთავრობის მხრიდან, ფაქტიურად მოხდა სეპარატისტული რეჟიმის და მისი ლიდერის პირველი ოფიციალური აღიარება

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრ გიორგი ბარამიძის მხრიდან ქ. მოსკოვში შედგა შეთანხმება - 2004 წლის სექტემბრიდან რუსეთის თავდაცვის გენშტაბის აკადემიაში ქართველი ოფიცრებისთვის ყოველწლიური სასწავლო კვოტების გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული "ორიგინალური" გადაწყვეტილება, მხოლოდ საქართველოს დასავლელი პარტნიორების ჩარევის შედეგად ვერ განხორციელდა
ჩემთვის ეს ისტორიული ფაქტებიც საკმარისია იმისთვის, რომ იგორ ივანოვის ხელდასხმულ რეჟიმს "საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილებებიც" დავუწუნო, მათი დადებით კონტექსტში განხილვის თვალსაზრისით. ხოლო ის, რომ იუსტიციის სახლი შეიქმნა, ასფალტი დაიგო და სახელმწიფო ავტოინსპექცია გაუქმდა - კი ბატონო. მაგრამ ჩემს მიერ ზემოაღნიშნულ არგუმენტებს თუ გადაწონის - ეჭვი მეპარება.