დავით ქართველიშვილი: ნაზარბაევი სააკაშვილის პოლიტიკური ნათლიმამაა

დავით ქართველიშვილი: ნაზარბაევი სააკაშვილის პოლიტიკური ნათლიმამაა




დავით ქართველიშვილი (ანალიტიკოსი):

,,ვაის გავეყარეთო და ვუის შევეყარეთ" - ძალიან არ მინდა, მასე იყოს ჩვენი ამბავი. ადამიანმა მე-20 საუკუნის კაცობრიობის ისტორიაში, სსრკ-ს დაშლა ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად დაასახელა. ადამიანს აღარ აქვს მოტივაცია მე-7 ან მე-10-ედ გახდეს რუსეთის პრეზიდენტი. მას სურს მსოფლიო ენციკლოპედიაში, როგორც ყოფილი საბჭოთა იმპერიის რეინკარნაციის სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი - ისე შევიდეს. და რას უპირისპირებს მას მისი სტრატეგიული მოწინააღმდეგე? ჯინ შარფის დაწერილ სახელმძღვანელოს "ფერადი რევოლუციების" შესახებ???
ეს ადამიანი სათავისოდ ოსტატურად იყენებს თავისი მტრების ყველა დაშვებულ შეცდომას, ვინაიდან მან ზედმიწევნით შეისწავლა მათი შიგთავსი. დღეს ანტისაბჭოთა დასავლური ძალების ყველაზე დიდი სისუსტე - გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ვექტორების აღრევაა ერთმანეთში. როგორც კი ამ უკანასკნელის მხარდაჭერა გამოდის პირველ პლანზე (და ჩვენ ამას საქართველოში თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით დასავლელი არა პოლიტიკოსების, არამედ იდეოლოგების მხრიდან) და ჩრდილავს გეოპოლიტიკურ ინტერესებს, როგორც კი პოლიტიკურ დოქტრინებს ანაცვლებს ჯინ შარფის ბროშურა - აი მანდ ჩნდება სსრკ-ს ამღორძინებელი და სათავისოდ იყენებს სხვისი ხელით შექმნილ და მის ინტერესებში შემავალ მომგებიან ვითარებას.
ასე მოხდა საქართველოში, სადაც მან ხელთ იგდო სტრატეგიული ობიექტების უმეტესობა, მოახდინა ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპირება, განალაგა აქ რეგიონში უმსხვილესი საჯარისო ფორმირებები. ასე მოხდა უკრაინაშიც, სადაც მან ყირიმის ანექსიით უპასუხა "ფერად რევოლუციონერებს", უკრაინის აღმოსავლეთი ფაქტიურად გამოიყვანა ცენტრალური ხელისუფლების ზეგავლენისაგან და დიდი ალბათობით უკვე წლევანდელ შემოდგომაზე მანდ საკუთარ მარიონეტ-პრეზიდენტსაც დასვამს .
ასე მოხდა ბელარუსშიც, სადაც ვერშემდგარმა სახელმწიფო გადატრიალებამ, მხოლოდ გააძლიერა რუსეთის პოზიციები ამ ქვეყანაში. ასე მოხდება ყაზახეთშიც, აუცილებლად მოხდება - იმიტომ რომ, სხვისი ხელით საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა და მოწინააღმდეგის იდიოტურ შეცდომებზე თავისი პოზიციების გამყარება, მისი ტაქტიკის უცვლელი ნაწილია ბოლო 20 წლის განმავლობაში. ხოლო სტრატეგია კი, მის საყვარელ გამონათქვამშია ასახული - ყოველ ცბიერ უკანალზე, ხრახნიანი პენისი მოიძებნება.
ყოველივე ამის ფონზე, რა უხარიათ ჩვენს ავადმყოფებს, რომლებსაც დიდი ხანია სახელმწიფოებრიობა სექტანტიზმში აქვთ არეული - მართლა გაუგებარია. ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც დღეს ცეცხლითა და სისხლით ახშობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას საკუთარ ქვეყანაში  - სააკაშვილის პოლიტიკური გამზრდელი ნათლიმამაა, რომელიც მან ერთი წლის წინ, მსოფლიოს გამოჩენილი ლიდერების ხუთეულშიც კი შეიყვანა. ხოლო დღეს ციხიდან - მის დამხობას გულშემატკივრობს, ამ ყველაფრით კი, მომდევნო ჯერზე სააკაშვილის კიდევ ერთი აღფრთოვანების ობიექტი - რუსეთის ლიდერი ისარგებლებს და როგორც მინიმუმ, ყაზახეთის შემადგენლობაში ბაიკონურის არსებობასაც დაავიწყებს მსოფლიოს.
ხანდახან სერიოზულად უფიქრდები, ვის ხელშია რეალურად ჩვენი პროდასავლური მისწრაფებების გზამკვლევი - პოლიტიკოსების, თუ იდეოლოგების. პირველ შემთხვევაში, გადარჩენის იმედი ოდნავ მაინც გეძლევა, მაგრამ თუ იმ, მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენი სტრატეგიული მეკავშირისთვის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ "გეოპოლიტიკურ კატასტროფად" - ლონდა თოლორაიას იფისის რეორგანიზაცია მიაჩნია, აი მაშინ კი ხვდები - რომ გადარჩენის შანსი არა გაქვს. მანამ - სანამ დასავლური გეოპოლიტიკური პრაგმატიზმი და სახელმწიფოებრივ ხედვებზე დაფუძნებული პარტნიორობა არ ჩაანაცვლებს აქ "ჯინშარფისეული" ბოდვებით მკვებავ საგარეო თუ საშინაო ფანატიკოსებს.