დემოკრატია ბრუნდება - ყველანი თავშესაფარში!

დემოკრატია ბრუნდება - ყველანი თავშესაფარში!




საპროტესტო აქციები დღევანდელი სამყაროს ქვეყნებში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მთიან ყარაბაღში თვენახევრიანი საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ჩვენს მეზობელ სომხეთში საპროტესტო აქციები არ შემწყდარა. მოსახლეობა მოქმედ ხელისუფლებას, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანს ადანაშაულებს ყარაბაღში 8 რაიონის დაკარგვაში.
დღემდე ერევანში გამართულ აქციებზე მოსახლეობა ითხოვდა პაშინიანის გადადგომას. გასულ კვირას პრემიერ-მინისტრს უკვე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა დაუპირისპირდა და გადადგომისკენ მოუწოდა. მიზეზი ნიკოლ პაშინიანის სატელევიზიო ინტერვიუ გახდა. საუბარში არცთუ კარგად მოიხსენია სამხედროები, რომლებიც მონაწილეობდნენ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში. ექს-პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი თავის ინტერვიუებში განვიფრებული იყო, რატომ არ გამოიყენეს „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აქვს. ამის პასუხად პაშინიანმა განაცხადა, კომპლექსის 10%-იც არ იყო ვარგისიო. სწორედ მისმა განცხადებამ გააღიზიანა სამხედროები. გენერალური შტაბის ხელმძღვანელების განცხადებით, პაშინიანს სურს ყარაბაღში წარუმატებლობის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და ყველაფერს სამხედროებს აბრალებს.
გენერალური შტაბის პაშინიანის გადადგომის მოთხოვნას, მოსახლეობასთან ერთად მხარი პოლიტიკოსებმა ექს-პრეზიდენტებმაც დაუჭირეს. რობერტ ქოჩარიანმა მოსახლეობას მოუწოდა, მხარი სამხედროების მოთხოვნას დაუჭირონ. ამის გარდა, მისი დამხობა პირდაპირ მოითხოვა. მოქმედი პრეზიდენტის არმენ სარქისიანის განცხადებით, პაშინიანს არ შესწევს კრიზისულ სიტუაციაში ქვეყნის მართვის ძალა, ამიტომ უნდა დატოვოს თანამდებობა.
თავის მხრივ, ნიკოლ პაშინიანმა მისი გადადგომის მოთხოვნა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და თავის მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ერევნის ცენტრში პაშინიანის მომხრე-მოწინააღმდეგებს შორის მოხდა ხელჩართული ჩხუბი. პოლიცია ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და ცდილობს, არ დაუშვას მოქალაქეებს შორის რაიმე სახით შეტაკება. სომხეთის ეკლესია და ეროვნული უშიშროების სამსახური დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისა და დიალოგისკენ მოუწოდებენ. პაშინიანის შეფასება ერთია, მაგრამ შეიარაღებული ძალები იარაღით არ გასულან სომხეთის დედაქალაქში. მართალია, ერევნის ცაში დააფიქსირეს სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენები, მაგრამ საფრენმა აპარატებმა მხოლოდ გადაიფრინეს, მეტი არაფერი. ამიტომ ძნელია სომხეთში მიმდინარე მოვლენების სამხედრო გადატრიალებად შეფასება.
სომხეთში განვითარებულმა მოვლენებმა საერთაშორისო საზოგადოება, განსაკუთრებით რუსეთი, გულგრილი არ დატოვა. სწორედ რუსეთის შუამავლობით შეწყდა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები. ამიტომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტელეფონით ესაუბრნენ სომხეთის ხელისუფლების პირველ პირებს. უცნაური ფაქტი მოხდა _ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მას უპირობოდ უჭერს მხარს. მისმა გამოსვლამ აშკარად გააღიზიანა რუსეთის მხარე. პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და პრესსამსახურის უფროსმა დმიტრი პესკოვმა სასწრაფო წესით გაავრცელა კრემლის პოზიცია. მისი თქმით, პუტინი ყურადღებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე მოვლენებს, პაშინიანთან სატელეფონო საუბრისას მოუწოდა ვითარების დეესკალაციისკენ და დაპირისპირებულ მხარესთან დიალოგისკენ. რუსეთის თავდაცვის სმინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სიცრუეა, რომ „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსი უვარგისი ყო, რადგან მთიან ყარაბაღში საერთოდ არ გამოუყენებიათ და დღემდე საწყობში აქვთ შენახული. საერთოდაც, „ისკანდერის“ სარაკეტო დანადგარები ერთ-ერთი საუკეტესოა მსოფლიოში, რასაც ნატოს ექსპერტებიც აღიარებენ. „…მთიან ყარაბაღში ომის შემდეგ ბევრს ვფიქრობდი, გადადგომაც დავაპირე, მაგრამ თანამდებობაზე ჩემი ნებით ხომ არ მოვსულვარ, ხალხმა ამირჩია“, - თქვა თავის ინტერვიუში ნიკოლ პაშინიანმა.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილე. ბრძანება დასამტკიცებლად პრეზიდენტ არმენ სარქისიანს წარუდგინა. ამასთან, დაემუქრა, თუ არ გადააყენებს თანამდებობიდან გენშტაბის ხელმძღვანელებს, სამხედრო გადატრიალების თანამონაწილედ დაასახელებს. პრეზიდენტმა ბრძანებაზე ხელი არ მოაწერა და უკან დაუბრუნა. თუმცა პაშინიანმა ხელმეორედ მოითხოვა მათი თანამდებობიდან გათავისუფლება. სომხეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, რით დასრულდება ის, უცნობია. პაშინიანის მხარდამჭერი საერთაშორისო არენაზე არავინ გამოჩენილა. სავარაუდოდ, რუსეთის დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ იქაური ხელისუფლება სომხეთის შინაურ საქმეებში ჩარევას ჯერ არ აპირებს და მოვლენებს შორიდან აკვირდება.
ორშაბათს, 1 მარტს ოპოზიცია მთავრობის სახლში შეიჭრა, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები. პაშინიანმა ჩვეულებას არ უღალატა და დასახმარებლად მხარდამჭერებს კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
მსოფლიოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა არაბი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშუღის მკვლელობა. ჰაშუღი თურქეთში ცხოვრობდა და ამერიკულ პრესაში მუშაობდა. 2018 წელს იგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის საჭირო საბუთების მისაღებად მივიდა. ამის შემდეგ ჯამალ ჰაშუღი აღარავის უნახავს - არც ცოცხალი და არც მკვდარი. გაუჩინარების შემდეგ განგაში მისმა საცოლემ ატეხა. მოგვიანებით ჟურნალისტი გარდაცვლილად აღიარეს, მაგრამ გვამი დღემდე ვერ იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გვამი დაანაწევრეს და ისე გაიტანეს საკონსულოს შენობიდან. საქმესთან დაკავშირებით 5 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა საუდის არაბეთის სასამართლომ, რომლებსაც მოგვიანებით 20–20 წლით პატიმრობით შეუცვალეს.
ჟურნალისტის მკვლელობას მის საქმიანობას უკავშირებდნენ. ჰაშუღი საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე კრიტიკულ წერილებს აქვეყნებდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა გამოცემებში. მკვლელობის შეკვეთას თავიდანვე მეფის მემკვიდრეს მუჰამედ ბენ სალმანს აბრალებდნენ, თუმცა მტკიცებულება ვერ წარუდგინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყოველივე იცოდა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მაგრამ დუმდა. გასაკვირი არც არის, რადგან დონალდ ტრამპმა თავისი ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი 2017 წელს სწორედ საუდის არაბეთში განახორციელა, არაბულ ქვეყანასთან მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა. ექსპერტების შეფასებით, ეს გარემოება გახდა მისი დუმილის მიზეზი. ისიც სათქმელია, რომ გახმაურებული საქმის შემდეგ სალმანი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა ვიზიტით და გულთბილადაც მიიღეს.
პირველი საბრძოლო ბრძანება გასცა პრეზიდენტის რანგში გასულ კვირას ჯო ბაიდენმა. აშშ-ის ავიაციამ საჰაერო შეტევა განახორციელა სირიაში. პენტაგონის მაღალჩინოსნების განცხადებით, დაიბომბა ირანელებთან დახლოებული ექსტრემისტების ბაზა. მსხვერპლსა და ზარალზე არაფერს ამბობენ. საინტერესიოა ის გარემოება, რომ სირიაში განთავსებული რუსეთის ბაზის ხელმძღვანელობა შეტევამდე 5 წუთით ადრე გააფრთხილა აშშ-მ. შეტევის შემდეგ ჯო ბაიდენმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „…დაუსჯელი არავინ დარჩება. ამიტომ ყველანი იყავით ფრთხილად“.
განხორციელებულ შეტევაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ გაღიზიანებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ შეტევამდე მხოლოდ 5 წუთით ადრე გააფრთხილეს. სამხედროების ნაცვლად შეფასება რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინ კოსაჩოვმა გააკეთა. მისი თქმით, მსგავსმა გაუფრთხილებელმა მოქმედებამ, შესაძლოა, მხარეები საომარ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რაც დააზარალებს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების დაწყების მცდელობას. სირიაში განხორციელებული შეტევა ექსპერტებმა ირანის, რუსეთის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნების ერთგვარ გაფრთხილებად შეაფასეს. ფრანგულმა გაზეთმა „პრეზენტმა“ შეტევის შემდეგ დაწერა: „დემოკრატია ბრუნდება! ყველანი თავშესაფარში!“
ერთი თვის შემდეგ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა ფართო საზოგადოებაში. რესპუბლიკურმა პარტიამ ოფიციალურად მიიწვია ყოველწლიურ ტრადიციულ ყრილობაზე. პარტიის ის წევრები, რომლებმაც ტრამპის წინააღმდეგ გაილაშქრეს, ღონისძიებას არ ესწრებოდნენ. იყო მოსაზრება, თითქოს ტრამპი ახალი პარტიის დაარსებას აპირებდა, მაგრამ ყრილობაზე მან ეს უარყო. ტრამპის განცხადებით, ახალი პარტია დაასუსტებს რესპუბლიკურ პარტიას, რაც დაუშვებელია. 
ქართული რეაქციული ე.წ. ოპოზიცია კი გულმხურვალედ უჭერს მხარს რუს ადამიანს, რომელიც რადიკალური ნაციონალიზმის გამო გარიცხეს პარტია „იაბლოკოს“ რიგებიდან - პარტიიდან, რომელსაც თვით რუსეთშიც კი ექსტრემისტულად აღიარებენ; ადამიანს, რომელიც ქართველებს „გრიზუნებს“ (მღრნელებს) გვიწოდებდა, რომელსაც გასულ კვირას „ემნისტი ინტერნეშნლმა“ სინდისის პატიმრის სტატუსი მოუხსნა და ეს გახლავთ ჩვეულებრივი კრიმინალი ალექსანდრ ნავალნი. ასეთი თვითმარქვია, ვითომ პოლიტიკოსების იმედით არის აქაური ოპოზიცია, რომელიც თითქოს რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებს.

გია ბურდული