დემოკრატია - განსასჯელის სკამზე

დემოკრატია - განსასჯელის სკამზე




თუ დემოკრატიაა ის, რომ, როცა შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ პირდაპირ ღია ეთერში აწყობენ შეთქმულებას და მისი დამხობის გეგმებს ერთმანეთში აზუსტებენ, შენ კი, დემოკრატიის ბორკილებით ხელებშეკრულს, მოქმედების უფლება არ გაქვს, მაშინ ძალიან ცუდი რამ ყოფილა ეს დემოკრატია;
თუ დემოკრატიაა ის, რომ არ დაემორჩილო კანონებს, პატივი არ სცე სასამართლოს, აბუჩად აიგდო სამართალდამცავი სტრუქტურები და აკეთო ის, რაც მოგეპრიანება, მაშინ ძალიან, ძალიან ცუდი ყოფილა დემოკრატია.
თუმცა, სანამ დემოკრატიას დავადანაშაულებდეთ და ყველაფერს მას დავაბრალებდეთ, იქნებ, იმაზე დავფიქრდეთ, სწორად გვესმის კი ჩვენ თვითონ დემოკრატია?
იქნებ, დემოკრატია არაფერ შუაშია და ყველაფერი ჩვენი უპრინციპობის, არასახელმწიფოებრივი აზროვნების, პასუხისმგებლობისგან გაქცევის და კონფორმიზმის ბრალია და არა დემოკრატიის?
რატომ უნდა ებრძოლო და ეომო ვიღაცას, რატომ უნდა აიტკივო აუტკივარი თავი - ილაპარაკონ, რაც უნდათ, აკეთონ, რაც უნდათ, შენ კი იქნები მშვიდად, თბილად, ტკბილად და თუ რამე გაფუჭდება, ყველაფერს დემოკრატიას გადააბრალებ და გადააწერ.
ისედაც 30 წელია, ამ საწყალ დემოკრატიას ბრალდება ყველაფერი და რა მოხდა, ახლაც რაღაც-რაღაცებს თუ დავაბრალებთ?
ასე, მაგალითად, დემოკრატიას ბრალდება ის ამბავი, მიშა სააკაშვილი და ნიკუტა გვარამია სახელმწიფო გადატრიალების ნაირ-ნაირ სცენარებს რომ გამოფენენ ხოლმე ღია ეთერში და მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების იგნორირებისკენ რომ მოუწოდებენ.
- რა ვქნათ, დემოკრატიაა, ბატონო და ადამიანებს სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ხომ ვერ შევუზღუდავთ? - ამბობენ ვიღაც-ვიღაცები, ამასობაში კი მორიგი მარცხისგან გაცოფებული სააკაშვილი ქვეყნის დამხობის ბრძანებებს ბრძანებებზე იძლევა კიევიდან და მისი უბადრუკი კლონები - მელიები, უდუმაშვილები, გვარამიები ამ ბრძანებების რეალობად ქცევისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას, ხელისუფლების მხრიდან კი ამ სახიფათო, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე რეაგირება კვლავ შემწყნარებლური და ლოიალურია.
მეცხრე წელია, ეს ამბავი სხვადასხვა ვარიაციებით და სხვადასხვა მასშტაბებით გრძელდება, ამასობაში კი „ნაცმოძრაობამ“ 27 პროცენტი მიიღო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რაც იმის დასტურია, რომ რაღაც ვერ არის წესრიგში ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში.
თუ შევთანხმდებით იმაში, რომ „ნაცმოძრაობა“ არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტია, ის ფაშისტურ-კრიმინალური ორგანიზაციაა, ქართული კოზა ნოსტრაა, რომელსაც უამრავი შემზარავი დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე და როცა ამ ბოროტ ძალას ამომრჩეველთა 27%, ანუ ნახევარი მილიონი ადამიანი აძლევს ხმას, ეს ეროვნული მასშტაბის კატასტროფის ტოლფასია.
ისიც ხომ საგულისხმო ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“ და უშუალოდ სააკაშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია, ანუ ეს არ არის ის შემთხვევა, როცა რაღაც არ იცი და უნებლიეთ შეცდომას უშვებ არჩევანში, არა, ამ 500 000 მოქალაქისთვის ყველაფერი ცნობილია და მაინც მკვლელებს, ყაჩაღებს, მოძალადეებს, ქვეყნის მოღალატეებს და გამყიდველებს უჭერს მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონაც ისეთივეა, როგორიც მისი რჩეულები არიან.
და როცა ნახევარი მილიონი ასეთი მოქალაქე ჰყავს ისეთ მცირერიცხოვან ერს, როგორიც ქართველი ერია, არ არის ეს ეროვნული კატასტროფა?
არის, ნამდვილად არის!
კი, მაგრამ, ვინ არის ამაში დამნაშავე? დემოკრატია?
კი, კი, თქვენ წარმოიდგინეთ და ეს უბედურებაც დემოკრატიას ბრალდება.
_ რა ვიღონოთ და როგორ მოვიქცეთ? დემოკრატიაა ქვეყანაში და „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერებს რა მოვუხერხოთ, როცა ნახევარი მილიონი მხარდამჭერი ჰყავთ? დემოკრატიის წმინდათაწმინდა კანონებს ხომ არ დავარღვევთ? - თავს იმართლებენ ვიღაც-ვიღაცები.
დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფას არავინ გთხოვთ, მაგრამ სად, რომელ დემოკრატიულ კანონში წერია, მკვლელებს, ყაჩაღებს, ბანდიტებს, მოძალადეებს პარტია შეუნარჩუნეთ, ნაძარცვი ქონება შეარჩინეთ, მოპარული მილიარდები შეარჩინეთ, ბიზნესები დაუტოვეთ, ტელევიზიები გაახსნევინეთ, ზოგიერთი თქვენთან გადმოაპორტირეთ და გვერდით მოისვითო?
_ კრიმინალები არიან ესენი, ქვეყნის მტრები არიან, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ამათ არჩევნებში დავასრულებთო, - განაცხადა ერთი წლის წინათ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა და ტაში დაუკრეს _ რა მაგარი კაცი ხარ, ეს რა მაგარი რაღაც თქვიო.
_ კი, მაგრამ, თუ ქვეყნის მტრები და კრიმინალები არიან, ქვეყნის მტრები და კრიმინალები ციხეში უნდა იჯდნენ, თქვენ კიდევ ამათთან არჩევნებში აპირებთ ღლაბუცობასო? _ არავინ დაუსვა ეს კითხვა ამ მაღალჩინოსანს, სხვათა შორის, ნიჭიერ და უნარიან კაცს, რომელმაც, როგორც ჩანს, მექანიკურად გაიმეორა მესიჯ-ბოქსად ჩამორიგებული ფრაზა და არც კი დაუკვირდა, რას ამბობდა!
თუ დემოკრატია უმრავლესობის ნების გამოხატულებაა, რატომ იქნა იგნორირებული თავის დროზე უმრავლესობის მოთხოვნა, შემდგარიყო ქართული ნიურნბერგის პროცესი და გასამართლებულიყო „ნაცმოძრაობა“, როგორც დანაშაულებერივი რეჟიმი?
„ქართული ოცნება“ წლებია „ნაცმოძრაობასთან“ გამართულ დისკუსიებში და დებატებში „ნაცმოძრაობას“ მოიხსენიებს, როგორც კრიმინალურ ორგანიზაციას და უამრავ მძიმე ბრალდებას უყენებს მათ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ეს ბრალდებები ზეპირსიტყვიერებას არ სცილდება და სიტყვას საქმე არ მოსდევს.
არადა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაა და ვალდებულია, ყველაფერი იღონოს, რომ დამნაშავე დაისაჯოს. მით უმეტეს, ვალდებულია, ეს გააკეთოს, როცა თვითონ აცხადებს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა თუ ცალკეული პოლიტიკური პერსონები დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი.
იმის ნაცვლად, რომ ეს დანაშაულები საფუძვლიანად იქნას გამოძიებული და დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, დამნაშავეებს არჩევნებში ეპატიჟებიან და იქ პირდებიან ბეჭებზე დანარცხებას.
არჩევნები რა, განსაწმენდელია, რომ იქ მონაწილეობით ცოდვილები ცოდვებისგან გათავისუფლდებიან და ასე განწმენდილ-გასუფთავებულნი შევლენ საკანონმდებლო ორგანოში?
დემოკრატია ამბობს რომელიმე თავში თუ ქვეთავში, რომელიმე პუნქტში თუ ქვეპუნქტში, კრიმინალები მართლმსაჯულების წინაშე კი არ უნდა წარსდგნენ, თამარ ჟვანიას ცესკოში უნდა დარეგისტრირდნენ და არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, იქნებ, გაიმარჯვონ კიდეც და პარლამენტშიც მოხვდნენო?
პარლამენტი შრომა-გასწორების კოლონია ხომ არ არის ან მკაცრი რეჟიმის ციხე?
_ ეგრეც არ არის საქმე _ ბევრი გავასამართლეთ, ბევრი ჩავსვით ციხეში, ზოგი გაგვექცა და ინტერპოლი ეძებსო, _ შემომედავებიან, ალბათ და მართლებიც იქნებიან, თუმცა რამდენად ადეკვატურია ის სასჯელები იმ დანაშაულებთან მიმართებაში, რაც მათ აქვთ ჩადენილი.
ასე, მაგალითად, ობიექტურად ასახავს თუ არა სასჯელის ის ზომა, რაც სააკაშვილს აქვს შეფარდებული, იმ დანაშაულებათა მთლიან სურათს, რაც მას აქვს ჩადენილი.
პიჯაკების საქმის გამო გასამართლებული სააკაშვილი რატომ არ დგას მართლმსაჯულების წინაშე, ვთქვათ და 2008 წლის აგვისტოს ომის და ამ ომის წინა და ომის შემდეგ მომხდარ ამბებთან დაკავშირებით, სადაც ნათლად იკვეთება სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულის ნიშნები საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი მოსახლეობის წინაშე.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლესის ერთი ნაწილის შესაძლო გასხვისების ფაქტის გარშემო დიდი ხმაურია ატეხილი და აბსოლუტურად სწორად და მართებულად, მაგრამ რატომ ვდუმვართ კოდორის ხეობის, ლიახვის ხეობის, სამაჩაბლოს, არაერთი ქართული სოფლის უკიდურესად საეჭვო გარემოებების ფონზე დაკარგვასთან დაკავშირებით?
უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში დახვრეტა, ათიათასობით ადამიანის ციხეებში გამომწყვდევა, პატიმრების წამება, სამასი ათასი პრობაციონერის, კერძო საკუთრების წართმევის და დაყაჩაღების უამრავი ფაქტი, შიში, ტერორი, ჩარეცხილი ინტელიგენცია, კაპიკების ფასად გასხვისებული ობიექტები, ადამიანების გადაგვარების და გადაჯიშების მიზანმიმართული კამპანია, ახალი ქართველების შექმნის შიზოიდური პროექტი - აი, ამის ჩამდენ, აი, ამის შემოქმედ არამზადებთან ერთად ვმონაწილეობთ დღეს ჩვენ არჩევნებში.
აი, ამის ჩამდენ, აი, ამის შემოქმედ არამზადებთან ერთად ვისხედით ჩვენ რვა წელი პარლამენტში და თუ წყალობა მოიღეს და პარლამენტში შემოსვლაზე დაგვთანხმდნენ, კიდევ ოთხი წელი ვაპირებთ მათთან ერთად კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას.
ნორმალურია ეს?!
ამ რვა წლის განმავლობაში ამ არამზადებთან მუდმივ ძიძგილაობასა და ბღლარძუნში ისე ავიზილეთ და ავითქვიფეთ ერთმანეთში, რომ არც მათთან თანამშრომლობა და ურთიერთობა გვეუხერხულება, არც მათი ხელებიდან ადენილი სისხლის სუნი გვაწუხებს, არც მათი ბაგეებიდან გადმოფრქვეული შხამის მწკლარტე გემო გვაღიზიანებს.
„ბილწთ არ შევეკვრი ზავითა!“ _ თქვა ერთმა დიდმა პოეტმა.
ბილწებს ზავით რომ შეეკვრები, ჩნდება საშიშროება, რომ შეიძლება თვითონაც ბილწი გახდე, იმიტომ, რომ ბილწობა გადამდებია…
როგორც ზემოთ ვთქვი, ბევრი უკეთურობა, რაც დღეს ტრიალებს, დემოკრატიას ბრალდება, განსაკუთრებით კი მის ერთ-ერთ მთავარ სეგმენტს _ სიტყვის თავისუფლებას ბრალდება „ნაცმოძრაობის“ ოცწლიანი ბოგინი ქართულ პოლიტიკაში.
„ნაცმოძრაობის“ კონტროლს დაქვემდებარებული სამი ტელევიზია უტევს დღეს საქართველოს სამივე მხრიდან და სიტყვის თავისუფლების იმუნიტეტით დაცული და ხელშეუვალი ნელ-ნელა და დაგემოვნებით ანგრევს ქართული სახელმწიფოს საძირკველს, რომ მერე ქვეყანა ერთბაშად ჩამოინგრეს და ნანგრევებზე „ნაციონალები“ ჩამოსკუპდნენ ყვავ-ყორნებივით.
როგორია სახელმწიფოს რეაგირება ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ამ დივერსიაზე?
როგორია და ფრიად მოკრძალებული, მორიდებული და უკიდურესად ფრთხილი _ სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების პრინციპები არ დავაზიანოთო.
ქართული სახელმწიფო რომ ზიანდება, საქართველოს მთელ მოსახლეობაზე მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ტერორი რომ ხორციელდება, ეგ არაფერი - მთავარია, გვარამიებს, მელაძეებს, გრიგოლიებს, კილაძეებს, კვესიტაძეებს და მათ მსგავს ზონდერ-ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ მათი შემკვეთების და დამფინანსებლების პოლიტიკური გეგმების გაპიარებაში და მათი ავი ზრახვების ხორცშესხმაში.
თითქოს გვეშინია, თითქოს დაკომპლექსებულები ვართ - ამათ რომ ზედმეტი სიტყვა ვუთხრათ, ამათ რომ მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი, ვაითუ „იქ“ გვიჩივლონ და დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების უგულებელყოდაში დაგვედოს ბრალი, რაც, შეიძლება, თანამდებობების დაკარგვად, პოლიტიკური კარიერის დასასრულად დაგვიჯდესო.
ამას წინათ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ეჭვმიტანილი სამი ტელევიზია დახურა, საქართველოში კი „ნაცმოძრაობის“ მიერ თავის დროზე მიტაცებული „რუსთავი 2“-ის მძევლობიდან გათავისუფლების შემდეგ მის ადგილას არანაკლებ აგრესიული და რეაქციული ორი ტელეარხი გაჩნდა _ „მთავარი“ და `ფორმულა~ _ დამფინანსებლები: „ბოროტების საძმოს“ ყოფილი წევრი გიორგი რურუა და მილიარდების მიტაცება-მითვისებაში ეჭვმიტანილი დავით კეზერაშვილი.
აი, ეს ორი ოდიოზური სუბიექტი მოგვევლინა სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის მებაირახტრედ და ბურჯად საქართველოში.
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური თავს იწონებს, ჩვენთან ტელევიზიის დაფუძნება საიტის დაარსებაზე უფრო ადვილიაო, ანუ მთავარია, ფული გადაიხადო და არავინ გკითხავს, მკვლელი ხარ, ყაჩაღი ხარ, მაფიოზი ხარ, უცხო ქვეყნის აგენტი ხარ თუ ვინ ხარ და რისთვის, რა მიზნებისთვის გჭირდება ტელევიზიის გახსნა.
არადა, ტელევიზია ისეთი მძლავრი იარაღია, რომლის საშუალებითაც ხელისუფლების დამხობა, ქვეყნის დანგრევა და გაპარტახება, ადამიანების გათახსირება, ადამიანებისთვის ფსიქიკის შეხვლა, ეროვნული იდენტობის ნგრევა შეიძლება.
და ანგრევენ, აპარტახებენ, ათახსირებენ კიდევაც და პასუხის მომთხოვნი არავინაა.
ქვეყნისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ტანკებით გადაუვლიან, ბომბდამშენებით დაბომბავენ, ქვემეხით გაასწორებენ მიწასთან თუ დემოკრატიის იარლიყმიწებებული ტელევიზიების საშუალებით გადაამტვრევენ ხერხემალში.
დემოკრატიას პატივი უნდა ვცეთ, სიტყვის თავისუფლება უნდა დავიცვათ, მაგრამ, პირველ რიგში, უპირველეს ყოვლისა და უწინარეს ყოვლისა, უნდა დავიცვათ ჩვენი ქართული სახელმწიფო და ყველაფერს, რაც მის წინააღმდეგ, მის საზიანოდ არის მიმართული, პრინციპულად და კატეგორიულად უნდა დავარქვათ თავისი ნამდვილი სახელი, მათ შორის, დემოკრატიული ღირებულებების მანიპულაციით და სპეკულაციით შენიღბულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს.
ზელენსკი თავის უკრაინას იცავს, ერდოღანი თავის თურქეთს, პუტინი თავის რუსეთს, ალიევი თავის აზერბაიჯანს, ჩვენ, ქართველებმა, ჩვენი საქართველო უნდა დავიცვათ, უნდა დავიცვათ ნებისმიერ ფასად და თუ ასე მოვიქცევით, მაშინ აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრის ადგილი პოლიტიკასა და პარლამენტში, ჟურნალისტიკასა თუ არასამთავრობო სექტორში კი არა - ციხეშია!
ჩვენ ისე გამოგვდის, თითქოს პენიტენციარული დაწესებულებების ფილიალები გვქონდეს გახსნილი პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში, არასამთავრობო სექტორში და ციხეში მოთავსების ნაცვლად ამ სფეროებში ვასაქმებთ დამნაშავე ელემენტებს.
როგორც ზემოთ ვთქვი, ყველა თავის სახელმწიფოს, თავის ეროვნულ ინტერესებს იცავს, ჩვენ, ქართველები კი საქართველოს ნაცვლად დემოკრატიას ვიცავთ, უფრო სწორად, მის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ვიცავთ, რომელიც, დროთა განმავლობაში, ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან და ქართულ სახელმწიფოს დანგრევის საფრთხეს უქმნის.
სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, კაცობრიობის მონაპოვარი და დიდი სიკეთეა, თუმცა ყველანაირი სიკეთე ბოროტი ძალების ხელში შეიძლება დიდ ბოროტებად იქცეს, როგორც ეს დღეს საქართველოში ხდება და ეს არ არის დემოკრატიის ბრალი, ეს ხელისუფლების ბრალია, რომელიც ვერ ახერხებს ბოროტი ძალების ხელში ბოროტების იარაღად ქცეულ სიტყვის თავისუფლებას ის კანონები დაახვედროს ჯებირად, რომელთა საშუალებითაც ხდება სამართლებრივად მოწესრიგებულ სახელმწიფოებში სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების ისეთნაირად რეგულირება, რომ სახელმწიფოს, საზოგადოებას, კონკრეტულ ადამიანებს ზიანი არ მიადგეთ.
ასეთი კანონები საქართველოშიც არის, მაგრამ ეს კანონები იმდენად არის დაქუცმაცებული და სხვადასხვა სამართლებრივ ნორმებში გაფანტული, რომ მათი ეფექტური გამოყენება ვერ ხერხდება, ეს კანონები, ფაქტობრივად, არ მუშაობს.
საქართველოში არსებობს სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი „კანონი პრესის შესახებ“, რომელიც 2004 წლით არის დათარირებული.
2004 წლიდან 16 წელია გასული, ანუ ქვეყანამ ამ ხნის განმავლობაში ოთხი მოწვევის პარლამენტი გამოიცვალა.
ძალიან მაინტერესებს, ამ 16 წლის განმავლობაში რომელიმე პარლამენტარმა, რომელიმე საპარლამენტო კომიტეტმა, რომელიმე მინისტრმა თუ ჩაიხედა ამ კანონში?
თუ ვინმემ ჩაიხედა, მაშინ რატომ არავინ არ ატეხა განგაში, რატომ არავის გაუჩნდა სურვილი, შეეცვალა და ნორმალურ ჩარჩოებში დაებრუნებინა ეს სატანისტური კანონი - საფუძველთსაფუძველი ყველა იმ უბედურებისა, რაც დღეს მედიასივრცეში ტრიალებს?
თქვენ რომ იცოდეთ, ეს გაუგონარი და ერთი შეხედვით დაუჯერებელი პასაჟიც დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას ბრალდება, არადა, სინამდვილეში, სააკაშვილის ნახელნაქნარია ეს, რომელსაც იმ პერიოდში, დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, ძალიან სჭირდებოდა თავისი ჯიბის ჟურნალისტების მეშვეობით მისთვის არასასურველი ადამიანებისთვის ჩირქი მოეცხო, ლაფში ამოესვარა, მორალურად მოეკლა და გაენადგურებინა.
რვა წელია სააკაშვილი ხელისუფლებაში არ არის და ამ რვა წლის განმავლობაში რით ვერ მოახერხეთ ამ იდიოტური პრესის კანონის შეცვლა, რომ ადამიანები გაგეთავისუფლებინათ კანონით ნებადართული ბულინგისგან?
მხოლოდ პრესის კანონი კი არა, რვა წელია საზოგადოება დაჟინებით მოითხოვს, შეიცვალოს სააკაშვილის რედაქტორობით შეკოწიწებული ჰიმნი და სახელმწიფო დროშად გამოცხადებული „ნაცმოძრაობის“ პარტიული დროშა, მაგრამ არც ეს თხოვნა იქნა შესმენილი.
არადა, „სააკაშვილის ჰიმნით, სააკაშვილის დროშით, ვერ გაიმარჯვებს ქვეყანა სააკაშვილთან ომში“.
***
წელიწადი და რვა თვეა, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროში გაჭიმული და გაწელილი პროცესი მიმდინარეობს.
2019 წლის 20–21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამით რომ დაიწყო გადატრიალების მცდელობა, დღემდე გრძელდება და არც არავინ იცის, როდის და რით დამთავრდება.
ამ ხნის განმავლობაში ერთი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც კი მოვასწარით, მაგრამ არც ამან უშველა საქმეს - გადატრიალების პროცესი გრძელდება და ეს ყველაფერი ისევ და ისევ დემოკრატიას ბრალდება.
არადა, დემოკრატია რა შუაშია, როცა ვიღაც-ვიღაცებს უმძიმეს ბრალდებას - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უყენებ და ისეთ მსუბუქ სასჯელებს უსჯი, თითქოს ფუნთუშები მოეპაროთ პურსაცხობიდან.
არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა, ხოლო, სადაც არ არის სამართალი და მშვიდობა, იქ ვერც დემოკრატია გაშლის ფრთებს.

ვახტანგ ხარჩილავა

"საერთო გაზეთი"