დიმიტრი ლორთქიფანიძე: სააკაშვილთან და ,,ნაცმოძრაობასთან'' შერიგებაზე ლაპრაკიც კი დანაშაულია

დიმიტრი ლორთქიფანიძე: სააკაშვილთან და ,,ნაცმოძრაობასთან'' შერიგებაზე ლაპრაკიც კი დანაშაულია




გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი
დიმიტრი ლორთქიფანიძე:

- ბატონო დიმიტრი, სასამართლო პროცესზე სააკაშვილის წარმოთქმულ სიტყვას როგორ შეაფასებთ და თქვენი აზრით, კიდევ რა დანაშაულობებისთვის უნდა წაეყენოს მას ბრალი?
- სააკაშვილის მმართველობის პერიოდი სულ 1937 წელი იყო. გავიხსენოთ, როდის შედგა მისი ინაუგურაცია - 2004 წლის 25 იანვარს. ახლა, ისიც გავიხსენოთ, რა მოხდა მისი პრეზიდენტობის პირველივე თვეს - ბათუმის პლიაჟს ვერტმფრენმა გადაუფრინა, სადაც გულის წინა-ინფარქტით საწოლს მიჯაჭვული რკინიგზის დეპარტამენტის შეფი აკაკი ჩხაიძე იჯდა, რომელიც ჰოსპიტალიდან მოიტაცეს და დაკითხვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადმოყვანეს. ამის გამკეთებელ ადამიანს, დღეს, პრეტენზიები აქვს რომ აწამეს. თუკი აკაკი ჩხაიძე ერთი ვერტმფრენით ჩატარებული სპეც.ოპერაციით ჩამოიყვანა, პრეზიდენტობიდან მეორე თვის თავზე, მან როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, 12 ვერტმფრენის ჰაერში აწევის ბრძანება გასცა. ხაზგასმით ვამბობ: შსს უფლებამოსილი არ იყო კონკრეტული სპეცოპერაციის ჩასატარებლად საავიაციო ესკადრილია პრეზიდენტის ნებართვის გარეშე გამოეყენებინა. ამ ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა გულუას, შსს-ს ჯარების სპეც.რაზმები, რომლებიც სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ ეცერში აფრასიძეების ოჯახს თავს დაესხნენ, რისი აუცილებლობაც არ არსებობდა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, დიდთოვლობის პერიოდში, თავისი სამხიდიანი კამაზით ემსახურებოდა არამარტო სოფელ ეცერს, არამედ მთლიანად ზემო-სვანეთს. შეეძლოთ მისთვის გზა გადაეჭრათ და ისე დაეკავებინათ. მაგრამ ეს გახლდათ საჩვენებელი სპეც.ოპერაცია ისევე, როგორც ბასილ მკალავიშვილის დაჭერა. ეს რეაქციული დასავლეთის სანუკვარი ოცნება იყო. სააკაშვილმა ეკლესიაზე დარტყმის დემონსტრირება მოახდინა, რაშიც მონაწილეობდნენ იუსტიციის, შსს-ს მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადილე. შედეგად, დასავლეთის გარკვეული კაბინეტებიდან, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა მიიღეს. სააკაშვილმა ყველა საჯარო მოხელე, წინასწარ დადგმული სცენარით დააკავა. ადამიანს იჭერდნენ, მორალურად ანადგურებდნენ და მერე, საჩვენებელი დადგმა კეთდებოდა თუ როგორ დაიჭირეს ეს თუ ის პირი. სააკაშვილმა სპეც.სამსახურის უფროსს სოსო თოფურიძეს უტიფრად სიკვდილი ცელით უწოდა. იგი საჩვენებელი დაკავებების საქმეში, მიშას მარჯვენა ხელი გახლდათ. მოკლედ, ქვეყანაში საჩვენებელი ტერორი დაიწყო. აფრასიძეების ოჯახი პირველი, დიდი მსხვერპლი იყო. ამ სპეც.ოპერაციას შეეწირა ოჯახის უფროსი, ასევე, მისი შვილი, რომელიც ჯერ დაჭრეს, მერე დახვრიტეს, ძვირფასეულობა მოპარეს, ბეჭედი თითიდან რომ ვერ მოაძვრეს, ბავშვების თვალწინ თითი მოაჭრეს. ოჯახში პირწმინდად გაძარცვეს. მეტიც, ერთი იარაღიც არ არის ამოღებული, რაც ნივთმტკიცებულება იქნებოდა იმისა, რომ ოჯახი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა და მათი განეიტრალებისთვის საჰაერო თავდასხმა იყო საჭირო. არსებობს ვიდეო-მასალა, სადაც სააკაშვილი აცხადებს: მათი კოშკები ყველა საშუალებით, მათ შორის, რაკეტებით უნდა დაიბომბოსო. აფრასიძეების ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა _ 7, 9, 11, 12 წლისები, რომლებიც მამამ მოასწრო და საწოლქვეშ შეყარა, თან, ზემოდან რაღაცები დააყარა, რათა ტყვიას ადვილად არ გაევლო. მთელი საწოლი და მთლიანად სახლი დაცხრილული იყო. ეს არ უნდა გახდეს განსჯის საგანი?! მიშამ ამ ოჯახს ჯოჯოხეთი გამოატარა და ახლა, სასამართლოზე განაცხადა: მაწამებენ, არაადამიანურად მეპყრობიანო. ამის მერე, როგორ შევაფასო მისი გამოსვლა! წინა ინტერვიუში ბნელი ტრიადა, ეს ფსიქოლოგიური პორტრეტი ტყუილად როდი ვახსენე _ ნარცისიზმი, მაკიაველიზმი და ფსიქოპათია. ეს გახლავთ გამოუსწორებელი ადამიანის პორტრეტი, რომელიც ყველაფერზე მიდის. დიახ, ეს არის ტირანის სახე, რომელიც სხვისი წამებით სიამოვნებას იღებს. ციხის კადრებიც სააკაშვილის ერთ-ერთი ხელწერა და ავტოგრაფია. ამ კადრებს სპეციალურად სააკაშვილისთვის, ადეიშვილისთვის, მერაბიშვილისთვის იღებდნენ. ადამიანებს აბუ-გრეიბის ციხის მეთოდებით უსწორდებოდნენ.
- გარდა, საჩვენებელი დაჭერებისა კიდევ რა დანაშაულობებია 9-წლიანი რეჟიმის კისერზე?
- დიახ, ერთი - ეს გახლდათ ტერორი, ხოლო მეორე - კაპიტალიზირებული ქონება და თავად, კაპიტალის რაც შეიძლება სწრაფად ამოღება. ამისთვის, ფინანსური პოლიცია შექმნეს. კეზერაშვილი პირველი ფინანსური პოლიციის შეფი გახლდათ. იგი, ბაჩა და დათა ახალაიებთან და სხვებთან ერთად, ბიზნესს, პირდაპირ, ატერორებდნენ. მაგალითად, ასე დაემართა ქიბარ ხალვაშის ბიზნესს „პროქტერ ენდ გემბელს“, რომელიც ცეცხლს მისცეს, დაწვეს და გაანადგურეს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხალვაში მათთვის მიუღებელი პიროვნება გახდა მას მერე, რაც ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილს განუდგა. რას აკეთებდა კეზერაშვილი ფინანსურ პოლიციაში? _ ამ სტრუქტურაში ყველა გამომძიებელი, სამსახურის უფროსი დაკავებული იყო შემდეგით: პირველ რიგში, იმ პირებს იბარებდნენ, რომელთა წინაშეც სახელმწიფოს დებიტორული დავალიანება ჰქონდა და მათ ეუბნებოდნენ: ახლავე, ხელს მოაწერთ, რომ პრეტენზია არ გაქვთ აღნიშნული დავალიანება ჩამოიწეროსო. თუ ხელს არ მოაწერდნენ, ამ ადამიანებს შავი პერსპექტივა ემუქრებოდათ. ყველანი _ შსს, კუდი, სამხედრო სამსახური ფულის ამოღებაზე მუშაობდნენ. ვერ გაძღნენ და მერე, პროკურატურაც ამ სისტემით მუშაობაზე გადავიდა. დააფუძნეს კერძო პენიტენციური სისტემის განვითარების ფონდი. ის ვინც ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხას იხდიდა, პარალელურად, ვალდებული იყო სამჯერ მეტი თანხა „ეროვნულ ბანკში“ მითითებულ ანგარიშზე ჩაერიცხა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე მიდიოდა. პირადად, მე, ჩემი კლიენტებისგან, დაახლოებით, 25 ათასი ლარი მაქვს შეტანილი. კლიენტი ბიუჯეტში 3 ათას ლარს იხდიდა, დანარჩენი კი პენიტენციური სისტემის განვითარების ფონდში ირიცხებოდა. ეს ირაკლი ოქრუაშვილის დროს დაწყებული პრაქტიკაა. ამ თანხების ნაწილი, სწორედ, ირაკლი ოქრუაშვილმა წაიღო. ეს, რეალურად, პარტიული შავი ყულაბა გახლდათ. ასე წოვდნენ სისხლს ქვეყანას. ყველაზე განვითარებული პრაქტიკა იცით, რა იყო? _ ბიზნესმენებს ეუბნებოდნენ: მაგალითად, „ტოიოტას“ ცენტრიდან შენ, ახლა, იყიდი 10 მანქანას და შსს-ს შემოსწირავო. პროკურორები ამის შესახებ ბიზნესმენებს, პირდაპირ, ღია მესიჯებს უგზავნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი პროკურორი გახლდათ ბექა ბასილაია, რომელიც ამჟამად, სააკაშვილის ადვოკატია. ბასილაია გახლდათ ზონდერ-პროკურორი, რომელმაც გურჯაანში მოღვაწე ერთ-ერთ ბიზნესმენს ვალერი შოშიაშვილს მისწერა, რომ მას ყვარლის რაიონის სოფელში არსებული კლუბის დანგრეული შენობა 700 ათას ლარად უნდა შეეძინა. როცა ბიზნესმენმა მას უთხრა: ფული არ მაქვსო, იცით, ბასილაიამ რა ურჩია? - არაუშავს, ამ თანხას „საქართველოს ბანკი“ გამოგიყოფსო. წარმოიდგინეთ, ნოტარიუსის პალატის, ბანკების, განსაკუთრებით, „საქართველოს ბანკის“ უკან პარტიული ინტერესი იდგა. ბანკში მმართველი გახლდათ პრემიერ-მინისტრის გილაურის ძმა, რომლის წლიური ბონუსი 4 მილიონი ლარი იყო. მათ არაფრის ეშინოდათ _ ბევრი წლით იყვნენ ხელისუფლებაში მოსული. წარმოგიდგენიათ, ზონდერ-პროკურორი ბექა ბასილაია მსხვერპლს ემესიჯება თუ რა მეთოდით უნდა გადაიხადოს 700 ათასი ლარი რომელიც მას არ აქვს _ ბანკში სესხს აიღებ და ფულს გადაიხდიო. ესთანხები პარტიულ ყულაბაში შედიოდა. ასე დატერორდა ათასობით ადამიანი. ჯამში, სახეზეა 18 900 დაზარალებულის განცხადება. ამიტომ, ის რომ ვანო მერაბიშვილი 5 წელი ციხეში იჯდა, ან უგულავა, ეს არაფერს ნიშნავს. მათ უკანონოდ მოპოვებული ქონება, დღეს, „გაპრავებული“ არ აქვთ. ავიღოთ, დავით კეზერაშვილი _ წაგებული ომის მინისტრი, რომელმაც მოახერხა და ოფშორებში მილიარდები გაიტანა. მერე, მილიარდი დააბრუნა და ლატარიის კომპანიაში, სხვადასხვა ბიზნესებში გაათეთრა. დღეს, იგი, ოფიციალურ ხაზინადრად ითვლება. იგი, ტელეკომპანია „ფორმულას“ 30 მილიონი ლარით აფინანსებს. გიგი უგულავამ 48 მილიონი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პარტიულ ინტერესების დაფინანსებისთვის გამოზიდა. დღეს, იგი, ისე შეიწყალეს, რომ მის მიმართ სამოქალაქო სარჩელი არ წარუდგენიათ, რითაც მას, წესით, სახელმწიფო მითვისებული ქონების უკან დაბრუნებაში უნდა ედავებოდეს. როგორ შეიძლება გიგი უგულავას პრეტენზია ქართული პოლიტიკის მართვასა და მნიშვნელოვანი საკვანძო თანამდებობის დაკავებაზე ჰქონდეს. ამის უფლებას მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აძლევს. საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ღარიბაშვილი სწორ, ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს და პასუხს აგებინებს დავით გარეჯის გამყიდველს, აგვისტოს მოვლენების ინსპირატორ, ქვეყნის გამყიდველ ძალას. დიახ, არსებობს მოლოდინი რომ იგი პასუხს აგებინებს მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიაში დატრიალებული დიდი ტრაგედიის ავტორს. ხუჯაბის მონასტერს დე-ფაქტო ჩვენს მხარეს ვეღარ ვხედავთ. მონასტერში მისასვლელს ვეღარ ვაკონტროლებთ. იქ, დგანან სომეხი ჯარისკაცები და გეუბნებიან: საქართველოს მოქალაქეს უფლება არ აქვს მივიდეს და ძირძველ ქართულ ტაძარში მოილოცოსო. ღარიბაშვილმა დაპირება უნდა აღასრულოს და ყველა სამშობლოს მოღალატე პასუხისგებაში მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას პრეტენზია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ გაუჩნდება: კრიმინალებს ხელს აფარებთო. მამული უნდა დავიცვათ! როდემდე უნდა შევეგუოთ ცხინვალის, სოხუმის ოკუპაციას, მამულების გაყიდვას?! დავით გარეჯის მიმართულებით წითელი ხიდიდან ყველა 5 მწვერვალი დე-ფაქტო აზერბაიჯანის მხარისთვის არის გადაცემული. დემილიტაციის საზღვარი გავლებული არ არის. მაშინ, როგორ ჩაიბარა დე-ფაქტო აზერბაიჯანმა ეს ტერიტორია? ვინ მისცა მას იქ დგომის უფლება თუ არა, ისევ და ისევ, სააკაშვილის ხელისუფლებამ?! 
- სააკაშვილმა სასამართლოზე ბრძანა: ჩემთან მიმართებაში კორუფცია არ ახსენოთო, 7 ნოემბერი ტელევიზიით ვნახე, 26 მაისს კი გავეშებული პოლიცია თავისი სურვილით დაესხა მოსახლეობას თავს და მე გავაშველეო. რა ბრალეულობებზეც ახლა, თქვენ, ისაუბრეთ, ალბათ, უვადო პატიმრობას იმსახურებს, მაგრამ სად არის ეს ბრალდებები?
- რეპრესიული ქმედებების, რაც საბოლოო ჯამში, ადამიანის ხელყოფაზე გადიოდა, უკან პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგას. შეუძლებელია, თეთრაძის მკვლელობაზე ვსაუბრობდეთ და პასუხისმგებლად არ მოვიხსენიოდ ზედა ეშელონები, რომელთა გარეშე არაფერი მოხდებოდა. თეთრაძისგან სამშობლოს მოღალატის იმიჯის შექმნა სურდათ, როგორც შავაძისგან, რომელიც ერაყიდან ჩამოიყვანეს, შემდგომ ავტომატის ჯერით გადაჭრეს, მანამდე კი აწამეს. ორივე შემთხვევაში, მსგავსი მსხვერპლები სჭირდებოდათ. მათ შორის, ცინდელიანიც. წაგებული ომის საკითხებთან დაკავშირებით, ხელი ვინმესთვის ხომ უნდა შეეწმინდა თ. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების საბოლოო შედეგი ტოტალური ღალატია, რაც სათავეს არმიის რიგებიდან იღებდა. ამიტომ, სასურველი კანდიდატებიდან სამშობლოს მოღალატეების შექმნა, უმოწყალო ანგარიშსწორება დაიწყეს, რათა სასურველი ჩვენებები მიეღოთ. დახვრეტის მიზეზიც ეს იყო. მაგრამ გადააწყდნენ ისეთ ვაჟკაც ადამიანს, როგორიც თეთრაძე გახლდათ და ვერაფრით გატეხეს. ის ამბობდა: სამშობლოს ღალატის გარდა, ნებისმიერ რამეს დავიბრალებო. თეთრაძის მკვლელობის ყველა დეტალი ვიცი. ისიც ვიცი: ამ ადამიანს რომელ საათზე, რა ძალის გამოყენებით, რა მეთოდით და როგორ გაუხეთქეს გული. დეტალებისგან თავს შევიკავებ. ამ ადამიანებს, მხოლოდ, თეთრაძის წამებით მკვლელობის გამო ეკუთვნით უვადო პატიმრობა. ბუნებრივია, ამაში მარტო აღმსრულებლებს არ ვგულისხმობ. თეთრაძის წამებას პირველი ცე კორპუსის მთელი პატიმართა შემადგენლობა უყურებდა. იმიტომ, რომ ეს ადმინისტრაციული კორპუსის სარდაფში ხდებოდა. გამოძიებამ იცის ასჯერ მეტი, ვიდრე მე. ავიღოთ, იგივე, ბესო ხარძიანის მიმართ განხორციელებული რეპრესიები, რაც მას ციხეში მოუწყვეს. პირველად გვესმის, რომ სანოტარო აქტის შესრულება ღამის სამ საათზე მოხდა?! ხარძიანს კუს ტბის მთელი კომპლექსი შუაღამეზე სხვისთვის გადააფორმებინეს! სად არის ის ნოტარიუსი, ვინც ეს დოკუმენტი გააფორმა?! სად არის „თი-ბი-სი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ პასუხისმგებლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, როცა კრედიტების გაცემა ხდებოდა?! _ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბანკებს იყენებდნენ იმისთვის, რომ სასურველი თანხები კონკრეტული ბიზნესმენებისგან სასურველ დროს მიეღოთ. ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილის მაგალითი, ზემოთ გიამბეთ. ეს დანერგილი პრაქტიკა იყო. აქ, ლაპარაკია სისტემურ დანაშაულზე, რასაც 1937 წლის სტატუსი ჰქონდა. დიახ, 1937 წელი სააკაშვილის მმართველობის მთელი 9 წლის მანძილზე გაგრძელდა. ამ 9 წლის პერიოდში 20 ათასი ადამიანი გაატყავეს.
იცით, რა მითხრა ერთ-ერთი სატელევიზიო დებატების დროს ნიკანორ მელიამ? _ თქვენ რომ პარლამენტში შეხვედით, მე, „ნაცმოძრაობაში“ იმიტომ წავედი, დავკარგე იმის იმედი, რომ ოპოზიცია მონოლითური იქნებოდაო. თორემ, მანამდე 2007 წლის 7 ნოემბერს ხალხთან ერთად, ნაცების წინააღმდეგ, ქუჩაში ვიდექიო. წარმოიდგინეთ, ნიკანორ მელიამ ეს განცხადება პოლიტიკურ დებატებში გააკეთა. ნაცების ოპონენტი იყო და მათი წევრი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რწმენა დაკარგა. კრიმინალურ ქეისებზე პასუხგაუცემლობით, ხელისუფლება დაუსჯელობის სინდრომს ახალისებს.
- წინა ინტერვიუში მიშას გათავისუფლების შესაძლო ვარიანტებზე ვისაუბრეთ. რამდენად შესაძლებელია როგორც უკრაინის მოქალაქემ, სასჯელი სწორედ იქ, მოიხადოს?
- ნებისმიერი ახალი საქმის აღძვრაზე, ექსტრადირების შანსები ძალიან მცირდება. თუმცა, ყველაფერი პოლიტიკური გარიგების საგანია. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ეტაპზე სააკაშვილის საქართველოში ყოფნა მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს. შედეგად, ხელისუფლება დასავლელი ფასილიტატორების გზით უკრაინას გაურიგდება და მიშას ექსტრადირება მოხდება. მაგრამ ეს მალე არ იქნება, რადგან ბევრი დანაშაულია გამოსაძიებელი. 
- რა ეტაპზეა, დღეს, ქართულ- რუსული ურთიერთობები?
- ცოტა ხნის წინ გროზნოში კონფერენცია ჩატარდა, სადაც მეც ვმონაწილეობდი. საკითხი ეხებოდა რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის იდეის განხილვას 3+3 ფორმულით. მასში ყველა დარგის სპეციალისტი მონაწილეობდა. 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა. ჩვენ, არავინ გვეუბნება, რომ დასავლეთთან ურთიერთობაზე უარი უნდა ვთქვათ. პირიქით, აქ, დევს პირობა, რომ საქართველომ გეო-პოლიტიკურ ცენტრებს შორის მყარი ხიდის ფუნქცია უნდა შეასრულოს. საქართველოსა და რუსეთს შორის დახშული დერეფნების აღდგენის პერსპექტივა, მნიშვნელოვანია. ეს არის ჟანგბადი ჩვენი ეკონომიკისთვის. ვიღაცას დეოკუპაცია არ აწყობს. არც ის, რომ საქართველო აქ მცხოვრები ერების ჰარმონიის შესაკრებელი იყოს. დასავლეთში არსებობენ ძალები, რომლებიც დიპლომატიაში ღიად არ ერევიან, არამედ ეს ყველაფერი სამხედრო რიტორიკაშია თავმოყრილი. ვიღაცის ინტერესშია, რომ 40 მილიონიანი უკრაინა 140 მილიონიან რუსეთს დაუპირისპიროს. ღმერთმა დაიფაროს, იქ, ომი ატყდეს იმიტომ, რომ შემდეგი, უკვე, ჩვენ, ვიქნებით. ახლა თუ საქართველოში სტაგნაციაა, ხვალ, ამ ყველაფერს, საომარი ქაოსი დაემატება.
- ცოტა ხნის წინ, პუტინისა და ბაიდენის სატელეფონო დიალოგი შედგა, თუმცა, საქართველო არავის უხსენებია. რადარებიდან ჩვენი გაქრობა რაზე მიუთითებს?
- დიახ, როგორც ჟენევაში შეხვედრის დროს, ისე სატელეფონო დიალოგისას, საქართველო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს არ უხსენებია. რუსეთი რომ არ გვახსენებდა, ეს ცხადია. მაგრამ მაღალი რანგის შეხვედრებზე, სავალდებულოა, ქვეყანა სწორედ დასავლური მხარდაჭერით სარგებლობდეს და რადარებზე ჩანდეს როგორც ოკუპირებული და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომლოდინე. არაღიარების პოლიტიკა სხვა არაფერია თუარა, მსგავს შეხვედრებზე საქართველოს ხსენება. აბა, რად გვინდა ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა და ქარტია, რომელსაც აგვისტოს მოვლენებიდან მალევე მოეწერა ხელი, თუკი ეს გაჯერებული არ იქნება პირდაპირი ინვესტიციებით, მხარდაჭერით ან ამ დონის შეხვედრებზე დღის წესრიგში ჩვენი საკითხის შეტანი თ. გამოდის, რომ გაცვლითი მონეტის ფუნქციას ვასრულებთ და არა სუვერენული სახელმწიფოს უფლებების დაკმაყოფილებისთვის ვიბრძვით. გასაკვირი არაა, რომ ამ შეხვედრაზე არცერთი წუთი არ დაგვითმეს. ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს.

თამარ შველიძე
,,საერთო გაზეთი"