ევროპიდან ევროპისკენ და ცოტა მარცხნივ

ევროპიდან ევროპისკენ და ცოტა მარცხნივ





საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, დღეს იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლება, რომელსაც ღირსების გრძნობა გააჩნია.
ცხადია, ეს ამბავი ყველა თავმოყვარე და თავისი ქვეყნის პატრიოტ ქართველს უნდა უხაროდეს და უნდა ეამაყებოდეს, თუნდაც ოპოზიციაში იყოს ამ ხელისუფლებასთან, თუმცა სიხარული და სიამაყე კი არა, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უდიდეს ცოდვად და მკრეხელობად უთვლის საქართველოს მთავრობას, რომ მან გაბედა და ევროპავშირის სესხზე უარი თქვა.
- ეს არის დასავლურ ორიენტაციაზე და დასავლურ ღირებულებებზე უარის თქმა! „ქართული ოცნება“ საქართველოს რუსულ ორბიტაზე აბრუნებს! „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა ევროპას! - ასეთი მკაცრი ბრალდებები ისმის ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მისამართით, თუმცა ამ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულება და არგუმენტი არ ახლავს თან.
- სესხი კი არა, დახმარება იყო ეს და ამ გაჭირვების დროს „ქართულმა ოცნებამ“ დახმარებაზე თქვა უარიო, - ამტკიცებს ნიკანორ მელია, ერთდროულად სხვადასხვა ორბიტაზე რომ ატრიალებს მარჯვენა და მარცხენა თვალს და მკლავებს არასინქრონულად იქნევს.
კი, ბატონო, თუნდაც დახმარება იყოს... დახმარებაზეც შეიძლება უარი თქვა, გააჩნია, რისთვის გაძლევენ ამ დახმარებას.
მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი აჟიოტაჟი, დიდი განგაში, დიდი ისტერიკაა ატეხილი _ როგორ გაბედა „ქართულმა ოცნებამ“ და თუნდაც სესხზე, გნებავთ, დახმარებაზე, უარი როგორ უთხრა ევროკავშირს?
მე თუ მკითხავთ, ოპოზიციის მიერ გამოხატული ეს რეაქციაა ზუსტად მონური, ქვეშევრდომული, პატრონყმური ფსიქიკის გამოვლენა.
მართალია, ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი, ზოგჯერ თვითონ, ზოგჯერ დაქირავებული აქტივისტების პირით, მონებს ეძახის „ქართულ ოცნებას“, მაგრამ, როგორც გაირკვა, სინამდვილეში, თავად ოპოზიციაა მონური ფსიქიკით შეპყრობილი და დაკომპლექსებული.
როგორც გაირკვაო, კი ვთქვით, მაგრამ პირადად ჩემთვის, ისე, როგორც ქართველი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილისთვის, კარგა ხანია გარკვეულია, რომ „ნაცმოძრაობა“ მონური ძალაა, რომელიც საკუთარი ხალხის დამონების და დაბეჩავების გზით ცდილობდა პატრონების გულის მოგებას.
„ნაცმოძრაობა“ რამდენიმე პატრონის მონა იყო (და არის) ერთდროულად.
„ნაცმოძრაობა“ ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი დაქვემდებარების მონაა, საეგზეკუციო-სადამსჯელო დესანტია, რომელიც სასტიკად გაუსწორდა ქართველ ხალხს და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ისეთი მასშტაბების მორალური და მატერიალური ზიანი მიაყენა, ნებისმიერ გულქვა და დესპოტ დამპყრობელს გადაამეტა.
„ნაცმოძრაობისთვის“ საქართველო არასოდეს ყოფილა სამშობლო; აქედან გამომდინარე, მისთვის პრიორიტეტი სახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესები კი არა, არამედ ამ ინტერესების საკუთარი პოლიტიკური და კარიერული მიზნებისთვის, დიდი ფინანსური მაქინაციებისთვის ეფექტურად გამოყენების საშუალება იყო.
„ნაცმოძრაობა“ ფუღუროა...
ამ, გარეგნულად ომახიანი, ხაფი ხმით მოყვირალი, ვითომ მამაცი, გულადი და უშიშარი ძალის შიგნით ყოველთვის იმალებოდა მფრთხალი, მშიშარა, ქვეშაფსია მონა, რომელიც პირველსავე დაცაცხანებაზე მიწაზე ემხობოდა და ფორთხვას იწყებდა მტრის ფეხებთან.
აი, ასეთი ყაიდის ორგანიზაციისთვის, ცხადია, გულწრფელად გასაოცარი და გასაკვირია ის ნაბიჯი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა.
ნახეთ, რა გააკეთა „ნაცმოძრაობამ“, როცა „ქართულმა ოცნებამ“ სესხის აღებაზე უარი განაცხადა _ ეგრევე გავარდა და ფაცხაფუცხით მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, რითაც მკაფიოდ მიანიშნა დასავლეთს _ მე ვარ ის ძალა, რომელიც მზად არის, უსიტყვოდ შეასრულოს ყველა თქვენი სურვილი, უსიტყვოდ მოაწეროს ხელი ყველაფერზე, რაზეც მიგვითითებთ. „ქართული ოცნება“ ურჩი და თავხედი ძალაა, სამაგიეროდ, მე ვარ მონა, მიყმეთ და მიმსახურეთო.
„ნაცმოძრაობა“ მართლაც არის ის ძალა, რომელიც უყოყმანოდ გაწირავს საქართველოს, თუ ეს მის პოლიტიკურ ინტერესებს, მის ეგოისტურ ზრახვებს დასჭირდება.
„ნაცმოძრაობამ“ ერთხელ უკვე გააკეთა ეს, როცა 2008 წლის აგვისტოში რუსული ტანკის მუხლუხოებს დაუნანებლად შეუგდო საქართველო.
თუ უბრძანებენ, ის ახლაც იგივეს გააკეთებს და არც ახლა დავენანებით...
***
70 წლის განმავლობაში ზემოდან ბრძანებებს, პაჟალუსტა-პაჟალუსტას ძახილს და ყველაფერზე მორჩილად თავის კანტურს ნაჩვევი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება რთულად აღსაქმელი და რთულად მისაღები ღირებულებები აღმოჩნდა.
გაირკვა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებაზე არანაკლებ ძნელი მისი შენარჩუნება ყოფილა.
ისიც გაირკვა, რომ დამოუკიდებლობა ერთჯერადი აქტი არ არის და მისი შენარჩუნებისთვის თურმე ყოველდღიური ბრძოლა და თავდადებაა საჭირო.
დამოუკიდებლობა ყოველ წუთს, ყოველ საათს, ყოველდღე უნდა მოიპოვო, რომ არ დაკარგო და ხელიდან არ გამოგეცალოს.
აი, ამ მკაცრი განრიგით ცხოვრებისთვის კი საქართველო მზად არ აღმოჩნდა და ჩვენც სიმწრით და ტანჯვით მოპოვებული დამოუკიდებლობის ნაწილ-ნაწილ დათმობა და გასხვისება დავიწყეთ.
ვიღაც-ვიღაცები მალევე მიხვდნენ, რომ ეს ბიზნესი იყო, ძალიან უხვშემოსავლიანი, დიდი მასშტაბების ბიზნესი, რომელსაც, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ნაწილ-ნაწილ ეწირებოდა, სამაგიეროდ, მილიონები და მილიარდები მიედინებოდა და მოედინებოდა აქეთა მხრიდანაც და იქითა მხრიდანაც.
მართალია, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის სავალდებულო და აუცილებელი ყველა ატრიბუტიკა გვქონდა - სახელმწიფო დროშასაც ვაფრიალებდით, სახელმწიფო ჰიმნსაც ვაგუგუნებდით, მაგრამ ეს ყველაფერი ფიქცია იყო - სინამდვილეში, ჩვენი ქვეყანა უცხოელების ინსტრუქციებით და დირექტივებით იმართებოდა!
ბოლოს იქამდე მივედით, რომ ყოვლად დანაშაულებრივი, ყოვლად ანტისახელმწიფოებრივი ლოზუნგი „იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა“, მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს და ყიდეს და ყიდეს ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა და რასაც მუშტარი ჰყავდა.
ერთადერთი, სინდისი ვერ გაყიდეს, რადგან სინდისი მანამდე ჰქონდათ „გასუხარებული“, სანამ ამ ლოზუნგს გამოფენდნენ სამოქმედო გეგმად.
ბევრჯერ ვთქვი და ალბათ, კიდევ ბევრჯერ მომიწევს იგივეს განმეორება: რა გახდა რამდენიმე კვალიფიციური ეკონომისტი ან თუნდაც რამდენიმე კვალიფიციური ბუღალტერი, ავიღოთ და ჩამოვწეროთ, რა ქონება ჰქონდა, რა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რამდენი ფაბრიკა-ქარხანა, რამდენი საწარმო ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, ანუ ჩავატაროთ ქვეყნის სრული ინვენტარიზაცია და ბოლოს ისიც ვნახოთ, რა დარჩა ამ საერთო სახალხო ქონებიდან 2012 წლის 1 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეს.
დიდ დანაკლისს ვიპოვით, უზარმაზარ გაფლანგვას აღმოვაჩენთ, რომ არაფერი ვთქვათ 20%-ით დაპატარავებულ და შემცირებულ საქართველოზე.
აი, ამ ინვენტარიზაციას თუ ჩავატარებთ, მაშინ რეალურად ციფრებში გამოხატულს დავინახავთ, თუ რა ფასად გაიყიდა და გასხვისდა დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა.
დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, უმოკლეს დროში, სულ რამდენიმე წელიწადში, საქართველო, ერთ-ერთი უმდიდრესი რესპუბლიკა, უღარიბეს ქვეყნად იქცა.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი გახდა მიზეზი ქვეყნის გაჩანაგებისა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის.
მთავარი მიზეზი, როგორც ვთქვით, ის მონური, ქვეშევრდომული ფსიქიკაა, რის გამოც პასუხისმგებლობის აღების გეშინია და შენს უფლებებს და მოვალეობებს სხვებს გადააბარებ ხოლმე.
მონობა ადვილია, თავისუფლებაა ძნელი...
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი უნიჭო და უთავმოყვარო სატელიტები დღეს ისევ უსიტყვო მორჩილებისკენ და თავდადრეკისკენ მოგვიწოდებენ და „ქართულ ოცნებას“ დასავლური ორიენტაციის ღალატში ადანაშაულებენ, რაც სრული ნონსენსი და უტიფარი დემაგოგიაა.
***
- ისინი (იგულისხმება დასავლეთი - ვ.ხ.) ჩვენ იმიტომ გვეხმარებიან, რომ უკეთესები გავხდეთ, ჩვენ კი დახმარებაზე უარს ვამბობთ, - ასეთმა ფრაზამაც გაიჟღერა ბოლო ხანებში „ქართული ოცნების“ ოპონენტებისგან.
არის ამ ფრაზაში რაღაც ისეთი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ქვეტექსტი, რომელიც ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას ლახავს და აკნინებს, თუმცა ამის მთქმელებს ეროვნული თავმოყვარეობა დიდი ხანია ატროფირებული აქვთ.
როცა ვიღაც ცდილობს, რომ უკეთესი გაგხადოს, ამ კეთილშობილური სურვილის მიღმა ისიც იგულისხმება, რომ ამის მოსურნე ფიქრობს, რომ თვითონ არის შენზე უკეთესი, თვითონ დგას შენზე მაღლა და ცდილობს, შენც იმ სიმაღლეზე ამოგიყვანოს.
არადა, არავინ არავისზე უკეთესი არ არის, არავინ არავის არაფრით არ აღემატება.
ჩვენ შეიძლება ვიყოთ მეტ-ნაკლებად განსხვავებულები, მაგრამ არა ერთმანეთზე უკეთესები.
არც ამერიკელი, არც ევროპელი არაფრით არ არის ქართველზე უკეთესი, ისე, როგორც ქართველი არ არის ამერიკელზე და ევროპელზე რაიმეთი აღმატებული.
ევროპელები და ქართველები, ამერიკელები და ქართველები ბევრი რაღაცით ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ ბევრი რამით განვსხვავდებით და არც ერთი მხარე არ უნდა ცდილობდეს, ეს განსხვავებულობა მოშალოს და ერთმა მეორე დაიმსგავსოს, რადგან ეს არის იმ ღვთის ბეჭდის, ღვთის მიერ ბოძებული პირადობის მოწმობის გადაკეთების და გაყალბების მკრეხელური მცდელობა.
სამწუხაროდ, ჩვენი დასავლეთელი მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ზოგჯერ ირღვევა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის პრინციპზე აგებული ურთიერთობის ნორმები და ეს ნორმები უფროსისა და ხელქვეითის, ზემდგომისა და ქვეშევრდომის ურთიერთობის ფორმებს ემსგავსება.
ჩვენ სწორედ ურთიერთობის ასეთ ფორმებს გავექეცით, თორემ მოსკოვს ვაშინგტონი ჩაენაცვლებოდა თუ ბრიუსელი, რა შეღავათია ჩვენთვის.
უკეთესობისკენ უნდათ თქვენი შეცვლა, თქვე უმადურებო, თქვენ კი ამას ვერ აფასებთო, რომ გვეუბნებიან ვიღაც-ვიღაცები, თუ თავს არ მოვისულელებთ და თვალებს არ დავიბრმავებთ, ყოველთვის არ არის საქმე ასე მარტივად.
ვთქვათ და, პრაიდის ჩატარებას თუ დავთანხმდებოდით, უკეთესები გავხდებოდით?
როცა ამ „მნიშვნელოვან“ ღონისძიებაზე უარი ვთქვით, რატომ გახდა ეს დასავლეთის მხრიდან დიდი წყენის და საყვედურის საბაბი, რომელსაც ღია და დაუფარავი მუქარები მოჰყვა?
საქართველო კავკასიის რეგიონში დასავლეთის ერთადერთი საყრდენი და მართლაც ერთგული სტრატეგიული პარტნიორია, რასაც კინაღამ ხაზი გადაესვა იმის გამო, რომ ლგბტ თემის ხუშტურებზე არ გავიარეთ.
ნუთუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და პრაიდის ჩატარების საკითხი ერთი და იგივე მნიშვნელობის ღირებულებებია?
***
ყველაზე მძიმედ შესაგუებელი უსამართლობაა.
უსამართლობა მგონია, როცა „ქართულ ოცნებას“ უკიჟინებ, სასამართლო რეფორმები ჩაატარეო და ამ დროს სასამართლოს რეფორმების აუცილებლობაზე კრინტი არ დაგიძრავს მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ დროს სასამართლო განაჩენების 98% გამამტყუნებელი იყო და ციხეები უდანაშაულო ადამიანებით იყო გამოტენილი.
უსამართლობა და ორმაგი სტანდარტებით მოქმედება მგონია, როცა ჩვეულებრივ კრიმინალებს პოლიტპატიმრებს არქმევ და ხელისუფლებას მათ გათავისუფლებას აიძულებ, ხოლო პარლამენტის შენობაზე იერიშის მიტანის ორგანიზატორს თავად უხდი გირაოს, რითაც მსგავს უმძიმეს დანაშაულზე დაუსჯელობის პრეცედენტს ქმნი.
უსამართლობა მგონია, როცა ქვეყანას კოაბიტაციის ბორკილებით შებოჭავ, რომ კრიმინალურ-ფაშისტური რეჟიმის შემოქმედებმა ოპოზიციური პარტიის სტატუსი მიიღონ, ხოლო ამ რეჟიმის მთავარი რეჟისორი და სულისჩამდგმელი, უამრავი დანაშაულის ჩამდენი ავაზაკი, რეზერვში გყავდეს მოყუჩებული და ქვეყნისა და მისი ხელისუფლების დაშანტაჟების და ათასგვარი პროვოკაციის და ავანტურის აგორების უფლებას აძლევდე.
უსამართლობა, ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა და აბუჩად აგდება, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა მგონია, როცა გზამკვლევად და სახელმღვანელოდ სახელდებულ დოკუმენტში ჩაწერ, რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ანულირებული იქნება, თუ მმართველი პარტია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.
სად, როდის, რომელ სახელმწიფოში მომხდარა მსგავსი რამ, რომ საქართველოში მოხდეს?
არ არის ეს უდიდესი შეურაცხყოფა იმ მილიონამდე ადამიანის, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი?
ეს არის ის დემოკრატია, ძვირფასო ევროპელებო, რომელსაც თქვენ გვასწავლით, გვასწავლით და ჩვენ, გონებაჩლუნგებმა ვერა და ვერ ვისწავლეთ?
ვითომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და განვითარებას ემსახურება ეს დოკუმენტი, რომელსაც ქართველები ირონიით შარლ მიშელის ბიბლიას ეძახიან, თუ ოპოზიციური პარტიებისთვის, უფრო ზუსტად, „ნაცმოძრაობისთვის“ მეორე შანსის მიცემას, რომ არჩევნებში შვიდჯერ ჩაფლავებულმა „ნაცმოძრაობამ“ იქნებ, მერვე ცდაზე მაინც მიაღწიოს საწადელს.
კი, მაგრამ, რა დამსახურებისთვის ვაძლევთ ამ განსაკუთრებულ პრივილეგიებს „ნაცმოძრაობას“?
ნუთუ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში ქვეყანა ერთ დიდ ციხედ და გულაგად აქცია, სადაც ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ქონებას ართმევდნენ.
იქნებ, იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი მოღალატეობრივი და უგუნური პოლიტიკის წყალობით, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსებს უფეშქაშა.
ეს ამბავი შეიძლება მართლაც დიდ დამსახურებად ეთვლებოდეს „ნაცმოძრაობას“ ევროპარლამენტის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ წინაშე, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს და მეგობრობს რუსეთთან, პარალელურად კი წლებია, „ნაცმოძრაობის“ პარტნიორი პარტიაა.
ნუთუ საერთოდ არ აღგიძრავთ არანაირ ეჭვს ეს ფრიად უხერხული და საჩოთირო გარემოება?
ძვირფასო ევროპარლამენტარებო, „ქართულ ოცნებას“ რა პირით ეუბნებით, რუსული ორბიტისკენ იხრებითო, როცა შუაგულ ევროპაში, ევროპარლამენტში, „ევროპის სახალხო პარტიის“ სახით, რუსეთის დუმის პარტიული ფილიალია გახსნილი და რუსეთი სწორედ ამ „ფილიალის“ მეშვეობით ცდილობს, სერიოზული გავლენები მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
არ იცით თქვენ ეს ამბავი და ახლა პირველად გაიგეთ ჩემგან, პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო ევროპარლამენტიდან?
როგორ არის დაქსელილი მთელი მსოფლიო რუსული სპეცსამსასხურების და აგენტურის ქსელით და როგორ მოქმედებენ ისინი ამა თუ იმ სიტუაციაში დასავლური პოლიტიკური წრეების ეგიდით, არა მგონია, ეს მაინც არ იცოდეთ თქვენ, ყოვლისმცოდნეებმა.
რა ქნას ამ პატარა საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ - ცალკე რუსულ ოკუპაციას ებრძოლოს, ცალკე კიდევ ევროსტრუქტურებში მოკალათებული დასავლურად გადაცმული რუსული აგენტურის იერიშები მოიგერიოს, რომლებიც დემოკრატიის სახელით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების სახელით გვიტევენ და იქითკენ მიგვერეკებიან, სადაც ჩიხია?!
კარგად მიმოიხედეთ გარშემო და კარგად დაგვაკვირდით, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით.
რუსულ ალყაში ვართ ჩვენ, ბატონებო, თქვენ კიდევ, იმის ნაცვლად, ამ ალყის გარღვევაში დაგვეხმაროთ, სანქციების დაწესებით გვემუქრებით, დახმარების შეწყვეტით გვემურებით.
ბარემ ჩაგვაბარეთ ამ რუსეთს და თქვენც დაისვენებთ და ჩვენც.
***
ქვეყნის ინვენტარიზაცია ჩავატაროთ-მეთქი, ვთქვი ზემოთ.
ჩავატაროთ და ვნახავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი გაუსხვისებია, არაფერი გაუყიდია, ერთი მისხალი არ მოუკლია იმ ქვეყნისთვის, რომელიც 2012 წელს ჩაიბარა.
ყველა უბედურება 2012 წლამდე მოხდა, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფაქტობრივად, რუსეთზე გააჩუქა ნახევარი საქართველო, მაგრამ მისთვის არც ევროკავშირიდან, არც აშშ-ის კონგრესიდან არავის უთქვამს, ქვეყანას რუსულ ორბიტაზე აბრუნებო.
მაშინ „ქართულ ოცნებას“ რატომ ბრალდება ის, რაც მას არ გაუკეთებია, უფრო ზუსტად, რისი გაკეთება აზრადაც არ მოსვლია?
რატომ ხდება ასე? რა არის ამის მიზეზი?
ამ კითხვებზე პასუხი არსებობს და ეს პასუხი იმდენად გამაოგნებელი და შემაძრწუნებელი შეიძლება იყოს ქართველი ხალხისთვის, სჯობს, მოცემულ სიტუაციაში ამ თემაზე საუბრისგან თავი შევიკავოთ, თუმცა ეს საუბარი აუცილებლად უნდა შედგეს და უნდა შედგეს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ ქართველი საზოგადოების ფართო წრეების, ქართველი ხალხის აქტიური ჩართვით.
ერთხელ უკვე ნათქვამს კიდევ გავიმეორებ:
ქართველი ხალხი არ არის მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციების მხარდამჭერთა ერთობა, ქართველი ხალხი გაცილებით მეტია და გაცილებით სერიოზული ძალაა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.
ქართველ ხალხს ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს, რა ხდება მის თავს, რა ხდება მის სამშობლოში, რა არის ამ გაუთავებელი ორომტრიალის, ამ მუდმივი რყევების და არასტაბილურობის ნამდვილი მიზეზი.
***
- საქართველომ უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და ეს არჩევანი არის ევროპა! - ხშირად გაიგონებთ მსგავსი შინაარსის ფრაზას.
შეცდომაა ამის თქმა.
ევროპა საქართველოს არჩევანი კი არ არის, საქართველო თავად არის ევროპა, მისი ნაწილი.
ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ, ეს არის სწრაფვა ევროპიდან ევროპისკენ, ცოტა მარცხნივ, გულისკენ, რომელსაც ვერა და ვერ გავაგებინეთ, რომ ამ გულზე ბედისწერით მიერთებული ერთი ძარღვი ვართ.

ვახტანგ ხარჩილავა
,,საერთო გაზეთი''