ე.წ. ოპოზიციონერთა თავებში აღმდგარი советский союз-ი

ე.წ. ოპოზიციონერთა თავებში აღმდგარი советский союз-ი




ამხანაგებო, საქართველოში ახალი ერა დაიწყო!

იმ პარტიებიდან, სადაც "მოღვაწეობენ" დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გრიგოლ ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ კიკაბიძე, ფიქრია ჩიხრაძე, ბადრი ჯაფარიძე, ძმები ბერძენიშვილები, კოტე კემულარია, ელენე ხოშტარია, თაკო ჩარკვიანი, რომან გოცირიძე და სხვები, მაცნობეს, რომ აქ, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა კომუნისტური არჩევნები და დამყარდა საბჭოთა წეს-წყობილება. უფრო გასაგებად რომ გითხრათ (გახაროთ), საქართველოში აღსდგა საბჭოთა კავშირი.

ეხლა არ დამიწყოთ, ამ ერთი ციცქნა საქართველოში ვეებერთელა საბჭოთა კავშირი რანაირად ჩაეტიაო?

ჰმ... ამას წინებზე გიგი უგულავამ თქვა ტელევიზორში, თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმებაო. დიახ, თუ გული გულობს, არა მხოლოდ ქადა იჭმება ორივე ხელით, პატარა ქვაბში დიდი ქვაბიც ეტევა და საქართველოში საბჭოთა კავშირიც თავისუფლად თავსდება.

მოკლედ, შევთანხმდეთ, საქართველოში აღსდგა საბჭოთა კავშირი. სანამ მკითხავთ, ანაბრები როდის დარიგდებაო, უნდა მოგახსენოთ, რომ ჯერ გვჭირდება ცეკას პირველი მდივანი. დავსხდეთ, განვიხილოთ, დავადგინოთ. ჩემი ღრმა რწმენით, ამ თანამდებობას იმსახურებს ამხანაგი დავით უსუფაშვილი. იცით, რეიზა? იმიზა, რომა... ის კომუნისტურ პარტიაში შევიდა 1989 წლის 10 აპრილს, იმ დღის მეორე დღეს, როცა საბჭოთა ჯარებმა რუსთაველზე ჩვენი გოგო-ბიჭები აჩეხეს ნიჩბებით. ვაღიაროთ, ეს იყო დიდი შეცდომა და სწორედ ამიტომაც ჰქმნა უსუფაშვილმა მაი საქმე, მისი დიადი მიზანი იყო, შესულიყო პარტიაში და შიგნიდან დაელაგებინა სიტუაცია, გასაკიცხი გაეკიცხა, დასასჯელი დაესაჯა, დასაჯილდოებელი დაეჯილდოებინა. სამწუხაროდ, ამხანაგ დავითს არ დასცალდა, მის ჯინაზე საბჭოთა კავშირი დაშალეს.

სხვათა შორის, პირველი მდივნის თანამდებობაზე კიდევ სამი კანდიდატი გვყავს - ამხანაგი მიხეილ სააკაშვილი, ამხანაგი გრიგოლ ვაშაძე და ამხანაგი მამუკა ხაზარაძე. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ესენი ერთმანეთს ვერ იტანენ - მაგალითად, ამხანაგი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამხანაგი მამუკა ხაზარაძე არის ტლუ:

"ამ კაცმა ვერაფერი ისწავლა ცხოვრებაში. „გეპეისკომკავშირის მდივანი როცა იყო, გამოვარდნენ „გეპეიდანდუბინკით ის და მისი "ბოევიკები" და მერაბ კოსტავას, რომელსაც ერთადერთი პალტო ქონდა, საცოდავს, ცხოვრებაში, რადგან ციხიდან იყო ახალი გამოსული, მამუკა ხაზარაძემ ის პალტო მთლიანად შემოახია".

ვითომ დასაძრახი რამ წამოაძახა ამხანაგმა სააკაშვილმა ამხანაგ ხაზარაძეს, კოსტავა დაჩაგრაო. აბა, რა უნდა ექნა, უპრინციპობა გამოეჩინა? პარტიის ღირსება შეელახა? კომუნიზმის ნათელი იდეალებისთვის ეღალატნა? არა, მამუკა ხაზარაძე მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო, მან თავისი საქციელით დაგმო ძირგამომპალი კაპიტალიზმი და განავითარა დინამიური სოციალიზმის ფრიად საინტერესო სისტემა. სადაც სამართალია, ამხანაგი მამუკა უნდა დაინიშნოს ეკონომიკის მინისტრად, მისი გამწესება ცეკას პირველ მდივნად, იქნება ნიჭის ფუჭი ფლანგვა, რაც გამოიწვევს ანტაგონისტურ ურთიერთდამოკიდებულებას მშრომელთა მასებს შორის. რაც შეეხება თვით ამხანაგ სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ დაიბადა თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში (ასე უწერია ბიოგრაფიაში), მსახურობდა უკრაინის სასაზღვრო ნაწილში, რომელიც ყოველთვის იყო კაგებეს კონტროლის ქვეშ, მაინც აქვს მიდრეკილება ანარქიული ქმედებებისკენ - როდესაც საქმე ეხება პროლეტარიატსსა და კომუნიზმის ნათელ იდეებს, ახასიათებს ტვინის ამღვრეულობა და დორბლიანობა. მეტიც, ის ზოგიერთ საკითხს ისე უყურებს, როგორც ლენინი ბურჟუაზიას. ამას თავადვე აღიარებს, როცა საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი, პოლიტიკურად არასანდოობაში მადანაშაულებდნენო:

"ერთ-ერთმა რუსმა ოფიცერმა ჩემზე საჩივარიც კი დაწერა და მე პოლიტიკურად არასანდოობაში დამადანაშაულა, უკრაინელმა პოლკოვნიკმა კი ეს საჩივარი ხელში ჩაიგდო, მანახა ეს დოკუმენტი და ჩემს თვალწინ დახია".

სხვათა შორის, ამხანაგი მიხეილ სააკაშვილი თავისი დაუდგომლობით, ანცობით და ბიოგრაფიით ძალიან ჰგავს ამხანაგ ვლადიმერ ლენინს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორივენი 21 რიცხვში არიან დაბადებულნი, პირველი დეკემბერში, მეორე - იანვარში. რაც მთავარია, ორივე რევოლუციონერია, ერთმა რუსეთში დაამხო ნიკოლოზ მეორე, მეორემ საქართველოში დაამხო ედუარდ პირველი. ერთიც ვექილი იყო და მეორეც. ერთიც მაგარი მაწანწალა იყო და მეორეც მაგარი მაწანწალაა. ერთიც გადასახლებული იყო და მეორეც გადასახლებულია. ამხანაგებო, მიუხედავად ასეთი შესანიშნავი ბიოგრაფიისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ეტაპზე ამხანაგ სააკაშვილის კანდიდატურა უნდა უარვყოთ, საბჭოთა სისტემას ნამდვილად არ აწყობს შინაგანად წინააღმდეგობრივი და დაულაგებელი პიროვნებები. თუ ის კიდევ ერთხელ ჩაუჯდება ვლადიმერ ლენინის ნაშრომს, სადაც საუბარია ემპირიოკრეტინიზმზე, თუ კიდევ ერთხელ გადააფასებს საკუთარ რევოლუციურ იდეებს, შეიძლება დღის წესრიგში კვლავაც დადგეს ამ ჩემის გადანგრეულის კანდიდატურის განხილვა.

გრიგოლ ვაშაძე - ამ ამხანაგზე თამამად ვისაუბრებდი, რომ არა მისი ორსახოვნება. არა, ბიოგრაფია ნამდვილად საამაყო აქვს, მაგრამ არის ერთი "მაგრამ"... ამ გრიგოლის ბაბუა, ისიც გრიგოლ (გრიშა) ბესარიონის ძე ვაშაძე იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჭიათურაში. მართალია, შემდგომში ამ გრიგოლმა საგვარეულო ბიოგრაფია მკვეთრად გამოასწორა, 1981 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში, მაგრამ შემჩნეულია იმპულსურობასა და ვირეშმაკობაში - მას შეუძლია, ერთ დღეს პოლიციელებს უტყაპუნოს, ჟურნალისტებს "თქვე ჩემისებო" ეძახოს, მეორე დღეს კი დიპლომატიური ენით ამტკიცოს, რომ სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარქსიზმის მატერიალურ გაგებას. სხვათა შორის, ამხანაგ გრიგოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე ჯიბით ისე ატარა დიადი რუსეთის პასპორტი, ვერავინ ვერაფერს მიხვდა... რომ არა რუსების ჩამშვებობა, ვერც ვერავინ მიხვდებოდა. განა ეს არ არის დასაფასებელი, ამხანაგებო? ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, ამხანაგი გრიგოლი გავამწესოთ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად, შემდეგ კი ვნახოთ, შეიძლება პირველ მდივნობასაც გამოჰკრას ხელი.

საქართველოში არის ერთი პიროვნება, რომელიც აცხადებს, ცეკას პირველი მდივანი მე უნდა ვიყო, ოღონდ დავით აღმაშენებლის სტატუსითო. ეს გახლავთ ჯუნიორ (გიორგი) ვაშაძე. მისივე მტკიცებით, მდიდარი გამოცდილება აქვს ფუნდამენტური რეფორმების ინიცირების, დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით, რომელიც სათავეს იღებს კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიური და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის შრომებიდან. ჩემი აზრით, "მშვენიალური" კანდიდატურაა, მაგრამ მისი მერყევი ხასიათი მიგვანიშნებს, რომ ამ ეტაპზე ცოტა ადრეა ამხელა პასუხისმგებლობის დაკისრება. პრინციპში, ამხანაგ ჯუნიორს ისეთი მარჯვენა ხელი ჰყავს თაკო ჩარკვიანის სახით, ნებისმიერ საკითხს წამში გადაჭრის. თუმცა აქ არის კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი - ეს ადამიანი მოქმედებს დავით აღმაშენებლის სტრატეგიით, რაც წინააღმდეგობაში მოდის მარქსიზმ-ლენინიზმის დიად იდეებთან. მაგალითად, ამხანაგ დავითის სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სარზე გასმას. აი, აქ კი ვაწყდებით ძალიან დიდ პრობლემას - როგორც კულუარებიდან ხდება ცნობილი, სანამ ჯუნიორი თავის ახლობლებს დასვამს სარზე, თურმე დაიჟინა, მანამდე მე უნდა დავჯდეო, უნდა გამოვცადო, ეს რა შეგრძნებებთანაა დაკავშირებულიო. მე თანახმა ვარ, ჯერ დაჯდეს, დანარჩენზე კი შემდეგ ვიმსჯელოთ.

ამხანაგებო, როგორც ასლან აბაშიძის ძაღლის ყოფილმა გამსეირნებელმა, გიორგი თარგამაძემ შეგვატყობინა კეზერაშვილის უბორნიის პირდაპირ ეთერში, ამიერიდან საქართველოში დამყარებულ საბჭოთა სისტემას სჭირდება პლაკატები სკოლებსა და სახელმწიფო სამსახურებში, ღაჟღაჟა წითელ ნაჭერზე დაწერილი: Да здравствует созданный волей народов Единый, могучий Советский Союз!

სხვათა შორის, ასლან აბაშიძის ძაღლის ყოფილ გამსეირნებელს საერთოდ არ აქვს სურვილი, დაიკავოს რაიმე საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ამაყად აცხადებს, თუ ამხანაგი მიხეილ სააკაშვილი თავისი კატის გამსეირნებლად დანიშნავს, ამითაც ბედნიერი იქნება და ჩათვლის, რომ ვალი მოხდილი აქვს პროლეტარიატის წინაშე. არა, ამხანაგებო, არა და არა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ვლადიმერ ილიჩის უკვდავი სიტყვები - "კადრები წყვეტენ ყველაფერს". ჰოდა, რაკი კადრები წყვეტენ ყველაფერს, ასეთი გამოცდილების ადამიანს ვერ დავკარგავთ. გავრილოვის გამოზრდილმა კადრმა, ჰელენ ხოშტარიამ საკუთარ თავზე აიღო ამხანაგ თარგამაძის ე.წ. გადმობირების საკითხი. ამხანაგ სააკაშვილის კატის გასეირნება თავისთავად არ გახლავთ მარტივი საქმე, ესეც ფრიად საპასუხისმგებლო მისიაა, მაგრამ როცა ქვეყანაში კლასობრივი ბრძოლაა გაჩაღებული, ამას გაგებით უნდა მოეკიდოს ნებისმიერი პროლეტარი.

ამხანაგებო, ერთი საიდუმლოც უნდა გაგიმხილოთ: ამ წუთას დამირეკა ამხანაგმა ვახტანგ კიკაბიძემ, ერთ ერთმა ღვაწლმოსილმა მარქსისტმა და მთხოვა, აუცილებლად ჩავრთოთ დიად საქმეში ნიკოლოზ მაჭუტაძე. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, არც კი ვიცოდი, ამ ბიჭს უთქვამს: მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას! ხედავთ, ამხანაგებო, როგორი აღმაფრენა და შთაგონება გამოსჭვივის ამ პოეტური გამონათქვამიდან? დიახ, ჩვენ გვჭირდება ასეთი კადრები, ჩვენ ის უნდა გავამწესოთ კომკავშირის ცეკას პირველ მდივნად და მოადგილედ დავუნიშნოთ ხათუნა გოგორიშვილი, რათა არ ჰქონდეს გადაცდომები, ახალგაზრდაა მაინც, დედას რომ მოკლავს და მამას რომ დაახრჩობს, აქეთაც არ მოგვდგეს, ეს ქლიავი!

რაც შეეხება თვით ამხანაგ კიკაბიძეს, მას მიეცემა მითითება, რომ თვალყური ადევნოს როგორც მაჭუტაძეს, ასევე გოგორიშვილს, ეს უკანასკნელი კლიმაქსურ მდგმოიარობაშია და შესაძლოა, პერიოდულად ექსპლოატირებული იდეები მოეძალოს, რაც უცილობლად წყალს დაასხამს მავნებლების წისქვილზე. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ მავნებელთა წისქვილზე წყლის დასხმა ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია კლასობრივი ბრძოლის თეორიასთან.

ამხანაგი რომან გოცირიძე შემოდის წინადადებით, რომ ის დავნიშნოთ ხაზინის უმფროსად. მე საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ის ეკონომიკას განიხილავს არა როგორც დადებით ჯამოვან თამაშს, არამედ როგორც ადამიანების ექპლუატაციისა და კლასობრივი უპირატესობის ასპარეზს, რაც მეტად საშიშ მოვლენას წარმოადგენს როგორც ექსპლოატირებულთათვის, ასევე ექსპლოამტირებელთათვის. სხვათა შორის, ამხანაგ რომანს არ უნდა დავუკარგოთ ერთი ზოგადსაკაცობრიო თვისება - მას შეუძლია, ქვეყანაში ყველა გადააქციოს მილიონერად. მართალია, საბჭოთა საზოგადოებაში მილიონერები და მილიარდერები არ არსებობენ, არც სექსი არსებობს, მაგრამ თუ ვთხოვთ, პროლეტარიატის საერთო მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს, ანუ ყველას ჯერ გააკუპონებს, შემდეგ კი გამოაკუპონებს. რაც მთავარია, ამხანაგი რომანი ქვეყანაში საფუძველს ჩაუყრის ულვაშიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ამ წერილის დასრულებას ვაპირებდი, მაგრამ ბეგობარმა დამირეკა და ორიოდე წუთით შევყოვნდი:

- ალო, გავიგე, საბჭოთა კავშირი აღსდგა, მართალია? - მეკითხება ის.

- მა რააა! - ვპასუხობ მე.

- ერთმა მითხრა, თანამდებობები ნაწილდებაო.

- მა რააა!

- ჰოდა, ერთი თხოვნა მაქვს.

- მთხოვე.

- ბიჭო, შალვა ნათელაშვილი არ დამიტოვოთ ისე... ბოლო-ბოლო, საბჭოთა სკოლა აქვს გავლილი, ინსტიტუტიც მოსკოვში დაამთავრა, კოსმოსური სამართლის განხრით.

- კოსმოსური სამართალი არსებობს?

- აბა, რააა, დედამიწის გარეთაც ხომ არსებობს სამართალი, ადათი და წეს-ჩვეულებები? დიდი მკვლევარი, ყველგანმავალი გუგავა ამტკიცებს და შალვაც კვერს უკრავს, რომ კოსმოსი სივრცული ურთიერთობაა საგნებსა და პროლეტარიატს შორის. კოსმოსი გიგანტური კონტეინერია, რომელიც შეიცავს ყველას და ყველაფერს - ვარსკვლავებს, პლანეტებს, მეგი გოცირიძეს, პაატა დავითაიას, მიხეილ სააკაშვილს, ირინა სარიშვილს, თინა ბოკუჩავას, დავით ბაქრაძეს, გიგა ბოკერიას და ასე შემდეგ, გასაგებია?

- ჰო, მაგრამ...

- რაღა მაგრამ?

- ბიჭო, ამხანაგმა შალვამ არც ერთი ენა არ იცის ნორმალურად, არც რუსული, არც ინგლისური, არც ქართული, არც თურქული, კი განვიხილავდით მის კანდიდატურას გენპროკურორის თანამდებობაზე, მაგრამ რომელ ენაზე უნდა გველაპარაკოს?

- კოსმოსურ ენაზე.

- ანუ რა ენაზეც ეხლა ლაპარაკობს, ხომ?

- დიახ, სწორედაც რომ ეგრეა.

- კარგი, გავითვალისწინებთ.

- დიდი მადლობა.

უი, ნინო ბურჯანაძე? ანზორიკო ბიწაძე? - ჩამძახა ჩემმა მეორე "მე"-მ. არ ინერვიულოთ, ამხანაგებო, მშობლიური პარტია ყველას დაუფასებს ამაგსა და ღვაწლს, ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ გვჭირდება უამრავი კადრი - ცეკას მესამე მდივნები, რაიკომის მდივნები, რაიაღმასკომისა და კომკავშირის მდივნები... ჩვენ ასევე გვჭირდება ფქვილი, ქატო, ქერი, ნამჯა, იონჯა.  

***

ამხანაგებო, თქვენი არ ვიცი და... მე უკვე დავიღალე ამ კეთილებმოტ...ნულთა მაიმუნობით, პრეტენზია აქვთ ქვეყნის მართვაზე და ამ დროს თითზე წასასმელი ტვინი არც ერთს არ გააჩნია თავში.

ფუჰ!!!

P.S. რაც შეეხება ანაბრებს... როგორ გითხრათ, მამუკა ხაზარაძე რომ გახდება ცეკას პირველი მდივანი, ეგრევე დაგირიგებთ. მანამდე არაფერი გეტკინოთ.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"