ვახტანგ გომელაური: პოლიციელებს პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ

ვახტანგ გომელაური: პოლიციელებს პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ




„პოლიციას სჭირდება ფორმა, პოლიციას სჭირდება მანქანა, პოლიციას სჭირდება შეიარაღება და, აქედან გამომდინარე, ვყიდულობთ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯების შესახებ მედიის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.
„ჩვენ ვართ 43 ათასზე მეტი პოლიციელი, ყველაზე დიდი სამინისტრო ვართ და, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, 30 მანქანა არის ზღვაში წვეთი. არ შეიძლება, პოლიციელმა ფეხით ჩაატაროს შემოვლა ღამით. დაკავებულ დამნაშავეს, უკაცრავად და, ცხენებითა და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანები გვჭირდება. აქედან გამომდინარე, განვაახლეთ მანქანები და კიდევ უნდა ვიყიდოთ, არა 30, არამედ ასობით მანქანა უნდა ვიყიდოთ, რომ ჩვენმა პოლიციელებმა კომფორტულად შეასრულონ თავიანთი უფლება-მოვალეობა.
მე ფინანსთა მინისტრი არ ვარ, ალბათ, ბიუჯეტისა და ვალის შესახებ კითხვა ფინანსთა მინისტრს უნდა დაუსვათ. მე ერთი ვიცი, რომ პოლიციას სჭირდება ფორმა, პოლიციას სჭირდება მანქანა, პოლიციას სჭირდება შეიარაღება და, აქედან გამომდინარე, ვყიდულობთ. ბევრი შეკითხვაა პრემიებთან დაკავშირებითაც – დიახ, პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ იქედან გამომდინარე, რომ თითქმის გაორმაგებულია ჩვენი დატვირთვა.
ერთ-ერთი მთავარი თემა კრიმინალია, თუმცა, მეორე თემაა პანდემიასთან ბრძოლა და ჩვენი ბიჭები, ჩვენი თანამშრომლები თითქმის ყოველ დღე და ღამე მუშაობენ, გარეთ არიან. აქედან გამომდინარე, ვახალისებ ამ ადამიანებს და ვაძლევ პრემიებს”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.