ვახტანგ გომელაური: 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 152 კიბერდამნაშავე

ვახტანგ გომელაური: 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 152 კიბერდამნაშავე




შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთისათვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და 2020 წელს საქართველო კვლავ პირველ კალათაშია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა, პროექტის “მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.
“რაც შეეხება კიბერდანაშაულს, მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში ვითარდება და იხვეწება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები და იზრდება კიბერდანაშაულის სახეობაც. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მთელი მსოფლიო ამ გამოწვევების წინაშე დგას.

2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 152 კიბერდამნაშავე.

შეგახსენებთ, სულ ახლახან, ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით, ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის, ქართველებიც, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონ ევროს ათეთრებდნენ. ამ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან ამ ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი”, – განაცხდა ვახტანგ გომელაურმა.