ვახტანგ მაისაია: ესენი არიან მესამე რაიხის ტელევიზიები

ვახტანგ მაისაია: ესენი არიან მესამე რაიხის ტელევიზიები




გვესაუბრება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 
პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია:

- ბატონო ვახტანგ, რას გვეტყვით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით?
- დღეს საქართველოში უმაღლეს ფაზაშია შესული სამოქალაქო ომი, უფრო ზუსტად, საინფორმაციო, სამოქალაქო ომი, რომელშიც მთავარი ფიგურანტები არიან ე.წ. წითლები და თეთრები. თავად განსაჯეთ, „ქართული ოცნებაა“ არიან წითლები თუ „ნაცმოძრაობა“, მე ვიცი, რომ ვარ „მწვანე“.
ამ ფონზე გახსნილია საინფორმაციო შტურმი ტელევიზიებიდან. გებელსის ნაცისტური მესამე რაიხის ტელევიზიები არიან: „ფორმულა“, ტვ 1, „მთავარი“.
სტალინის და გებელსის პროპაგანდისტულ მანქანას ჰგავს დღეს ჩვენი ტელე-მედია.
მე ვალდებული ვარ, ვუყურო, თორემ ნამდვილად მიჭირს ამ ტელევიზიების ყურება, საიდანაც ამაზრზენი ინფორმაციები მოდის.
ეს არის აგიტაცია-პროპაგანდა, პირდაპირი გაგებით.
- რატომ მოხდა ასე?
- სამწუხაროდ, საქართველო იქცა დაბალი პოლიტიკური სისტემის ქვეყნად, აფრიკის პოლიტიკური სახელმწიფო მოდელის მსგავსი ვითარებაა დღეს ჩვენთან.
ფარისევლობამ „ქართული ოცნების“ მხრიდან, „ნაცმოძრაობის“ დაუსჯელობამ, მურუსიძის დაბრუნებამ, მერაბიშვილი თითქოს ვაჟკაცი რომ ყოფილა, ღირსეულად რომ მოუხდია ციხე და ა. შ. კოჰაბიტაციამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ჩვენ ვართ კლასიკურ საინფორმაციო-სამოქალაქო ომში, ჩართულია სტალინის აგიტპრომი. უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში, მაგრამ კიდევ კარგი, არსებობს თავისუფლების კუნძულები, მაგალითად, „უცნობის“ ტელევიზია, მაგრამ ბეჭდურ მედიაში უფრო მეტი თავისუფლებაა. ესეც რომ არ იყოს, ჩვენ მედიის თავისუფლების ინდექსიდანაც ვიქნებოდით ჩამოწერილი. ამაში დიდი წვლილი აქვს „საერთო გაზეთს“, ბეჭდურ მედიაში არის სხვებიც. ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს რედაქტორს, ბატონ ვახტანგ ხარჩილავას და პირადად თქვენ, ირანდა, რომ დგახართ სწორედ იმ გზაზე, რომელიც ადამიანის თავისუფლებას ემსახურება. ეს დიდი საქმეა, სხვათა შორის.
კიდევ ვიმეორებ, დანარჩენი ყველა, თითქოს წარღვნააო, ისეა წალეკილი მათში სიმართლის არსებობა, ამ პოლიტიკურ-სამოქალაქო ომში. დიახ, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური, პოლიტიკურ-სამოქალაქო ომია გაჩაღებული ქვეყანაში. კიდევ კარგი, შეიარაღებულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა ეს დაპირისპირება, თორემ მაშინ საბოლოოდ დაიქცეოდა საქართველო.
ამ ვითარებაში რომ ვართ, სამწუხაროდ, პოლიტიკური სპეკულაცუიების თემა გახდა დავით გარეჯის თემა საინფორმაციო ომის ინსტრუმენტის სახით.
- აზერბაიჯანული მხარე თითქმის არ რეაგირებს ამაზე.
- იმიტომ რომ, ეს მათთვის არის სასაცილო ამბავი. ისინი არც უყურებენ ამას სერიოზულად.
ჯერ ერთი, ერთი მხარეც და მეორეც საკითხისადმი აბსოლუტურ უცოდინარობას ამჟღავნებენ.
ჯერ ერთი, აზერბაიჯანულმა მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ ეს ორი ადამიანი რაღაცას იქ არასწორად აკეთებდნენ, რადგან, სანამ არ არის გავლებული საზღვრები, ეს ტერიტორია არ შეიძლება გაიყოს, არც ერთი და არც მეორე მხარის სასარგებლოდ. ეს არის, როგორც იტყვიან, სადაო ტერიტორია და სასამართლოთი უნდა დაამტკიცო ყველაფერი.
მაგრამ, საერთოდ, არც არავინ გვედავება არაფერს.
მოგეხსენებათ, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ და შემიძლია თამამად გითხრათ: რაზეც დაობენ, ეს არ არის დავის მიზეზი.
აზერბაიჯანულ მხარეს არსად დაუწერია და არ უღიარებია ეს ტერიტორიები თავისად.
არც სახელმწიფო დონეზე განხილულა არაფერი.
თუ განიხილეს, გახსნან არქივები და დაამტკიცონ, სახელმწიფო კომისიის სხდომების დროს რაზე იყო საუბარი, რაზე მიდიოდა დებატები და ა. შ.
ამ დოკუმენტებს არ ამზეურებენ და აბრალებენ ადამიანებს აბსურდულ რამეებს, მე ყველა ადამიანი მეცოდება ციხისთვის, თავად გამოვიარე სააკაშვილის საპატიმრო, მაგრამ, როცა ადამიანს აპატიმრებ უმძიმესი ბრალდებით და მერე გირაოთი უშვებ, ეს რა ლოგიკას ემსახურება, ვერ გავიგე.
2007 წელს გიგა ბოკერიას გეგმით, საქართველოს კონსტიტუციაში 307-ე მუხლი სამშობლოს ღალატის შესახებ ამოღებულია, გაუქმდა. ამიტომ ვერც სამშობლოს ღალატის კვალიფიკაციას მივცემთ მელაშვილის ქმედებებს და, მით უმეტეს, არც გმირია ეს ადამიანი. გიორგი მაზნიაშვილი იყო ეროვნული გმირი და მის გვერდით რომ აყენებენ ნაცები მელაშვილს, უკაცრავად და, ცოტა აზრი მოიკრიფონ.
საუბედუროდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ მორალურ-ეთიკურ ჩიხში აღმოვჩნდით.
პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჩიხში რომ ვართ, გასაგებია, ეროვნული უსაფრთხოების ჩიხი რომ არის, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ მორალურ-ეთიკურ ჩიხშიც ვართ და ეს არის მთავარი უბედურება.
- ამ ვითარებაში ედროღანი კავკასიის პლატფორმის იდეას აყენებს.
- ეს პლატფორმა ემსახურება რეგიონალური ჰეგემონის ინტერესს, ცხადია, რუსეთს ვგულისხმობ.
მათ ეს გადმოიღეს აღმოსავლური მოდელიდან, სადაც თურქეთმა და ირანმა მშვენივრად განახორციელეს თავიანთი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესები, რითაც ევროპა და ამერიკა განდევნეს რეგიონიდან და დღეს მათ გავლენებს ემორჩილება სიტუაცია სირიაში. ამ მოდელის კომპილირება მოხდა კავკასიის რეგიონზე.
აღნიშნული მოდელის განვითარება საქართველოს ინტერესების საზიანოდ ხდება.
საინტერესო ისაა, რომ საქართველოს მაგივრად პირდაპირ ლაპარაკობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაუშოღლუ. ჩვენ არც კი გვეკითხებიან არაფერს.
ლავროვმა კიდევაც განაცხადა, რომ საქართველო თანახმაა ამ მოდელის განხორციელებაზე.
საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი კი ხმას არ იღებენ.
აქ რომ ყოფილიყო ამერიკა და ევროკავშირი, კი, ბატონო, კარგი ფორმულა იქნებოდა, მაგრამ ეს გახლავთ დაუბალანსებელი რეგიონული წყობის ფორმულა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეიმუშავა კავკასიური პოლიტიკა. ჩვენ, ელემენტარულად, აფხაზებთან და ოსებთან ვერ ვახერხებთ დაახლოებას, არ შევდივართ დიალოგში და არ გვაქვს ურთიერთობები და რეგიონულ ვითარებაში, რა გავლენებზეა, საერთოდ, საუბარი.
ჩვენ დღეს ვიმყოფებით ეროვნული უსაფრთხოების ჩიხში.
ეს ტერმინი მე შემოვიტანე 2018 წელს და არ მეგონა, რომ ორი წლის მერე ჩემს მიერ დანერგილი ეს დეფინიცია რეალურ კონტურებს მიიღებდა.
თავად ეროვნული უსაფრთხოების ჩიხი, ეს არის მდგომარეობა, რომლის შედეგადაც, ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც ხელმძღვანელობს ქვეყნის მთავრობა, კიდევ უფრო ზრდის საფრთხეების მასშტაბებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
- პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა ხომ არ დაგვიდგა?
- ჩვენ, როგორც ყოველთვის, ყველგან ვაგვიანებთ.
პოლიტიკური პულსიდან ხელი გვაქვს აღებული.
ჩვენს წინაშე დგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სახელმწიფო კრიზისში გადადის _ ერთპარტიული პარლამენტი და ა. შ. სწორედ ამ პოლიტიკურ ბრძოლებს შეეწირა დავით გარეჯის თემა.
აზერბაიჯანმა გამარჯვებას მიაღწია ყარაბაღის ომში, ახლა აღლუმის პირობებში იმყოფება და ნაკლებად აქცევს ყურადღებას საქართველოში არსებულ სიტუაციას. დღეს მას საქართველოში მიმდინარე პროცესები არც აღელვებს და არც აინტერესებს, მაგრამ მოსალოდნელია, დადგეს დრო და გარეჯის საკითხი რეალურად წამოსწიოს აზერბაიჯანმა, თუმცა ჯერჯერობით მეგობრული პოზიცია უკავია და არ იმჩნევს, რაც ხდება დავით გარეჯთან დაკავშირებით.
დავით გარეჯის საკითხი შიდა პოლიტიკური სპეკულაციის თემაა.
ზოგადად, სამოქალაქო ომის მთელი უბედურება ისაა, რომ ვერ არკვევ, ვინ ვინ არის. ასეთ მდგომარეობაშია დღეს საქართველო.
გასათვალისწინებელია, რომ 2016 წელს რუსეთის ხელმძღვანელობამ და თურქეთმა გაიფორმეს თავიანთი სტრატეგიული ინტერესები აღმოსავლეთში, ახლა იფორმებენ კავკასიაში.
- ამ მოცემულობაში საქართველოს რა მოელის, ბატონო ვახტანგ, დასავლეთი არ დადგება ჩვენს გვერდით?
- შეიძლება დასავლეთს და აშშ-ს ჰქონდეთ საქართველოს დახმარების სურვილი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება თუ გააგრძელებს პირში წყლის ჩაგუბებას და, როგორც „არაჩვეულებრივ გამოფენაშია“: ანგელინამ ცოტა უკანალი გაუქანოს პერის, მამაკაცია მაინცო - ჩვენს მაგივრად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არ ილაპარაკებენ.
- მათ აღარ სჭირდებათ დასაყრდენი კავკასიაში?
- ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ თუ საქართველოს თავისი პოზიცია ვერ გაურკვევია, მათ რა ჰქნან?
კი, ბატონო, ისინი გვთავაზობენ, დაგეხმარებით, თქვენს გვერდით ვართო, მაგრამ თუ ჩვენი მხარე ხმას არ ამოიღებს, რა გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობამ.
თუ ევროკავშირის სახელმწიფოები ჩაერთვებიან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, მათი ძალისხმევით, რუსეთის და თურქეთის ინტერესები გვერდზე გადაიწევს რეგიონში.
პოლონეთმა და აშშ-მა უკვე წამოაყენეს ე.წ. „სამი ზღვის ინიციატივა“, სადაც შედის ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვის პროგრამა, რაც ითვალისწინებს ჩრდილოეთ და სამხრეთ დერეფნის მშენებლობას. ამ პროექტში უნდა ჩაჯდეს საქართველო. აშშ და პოლონეთი უნდა გახდნენ რეგიონული უსაფრთხოების აქტორები და აიძულონ თურქეთი და რუსეთი უკან გასწიონ თავიანთი ინტერესები.
აი, ამ სამი ზღვის ინიციატივის ფორმატში უნდა მოვხვდეთ და ამაში დახმარება დასავლეთს, აშშ-ს, პოლონეთს უნდა ვთხოვოთ, რათა გადავრჩეთ და ფუნქცია არ დავკარგოთ, თორემ, როგორც ზემოთაც გითხარით, სირაქლემას პოზიციაში დგომას თუ გავაგრძელებთ, მოვა „ლომი“, გადაყლაპავს ამ ტანს და თავი დაგვრჩება მიწაში ჩარგული.

ირანდა კალანდაძე
"საერთო გაზეთი"