ვახტანგ ჭარაია: ხელის გაშვერა და იმის თქმა, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, არასწორია, ინფლაცია მსოფლიო ტენდენციებით არის გამოწვეული

ვახტანგ ჭარაია: ხელის გაშვერა და იმის თქმა, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, არასწორია, ინფლაცია მსოფლიო ტენდენციებით არის გამოწვეული




ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ინფლაცია მსოფლიო ტენდენციებით არის გამოწვეული.

ამასთან,  ექსპერტმა 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, „2022 წელს დიდია მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“.

„მთლიანობაში 2021 წელი მთელი რიგი ეკონომიკური მიღწევებით იყო აღსანიშნავი და აგრეთვე საკმაოდ დიდი სირთულეებითაც. მოდი სირთულეებით დავიწყოთ,  ინფლაცია მთელ მსოფლიოში პრობლემური იყო 2021 წელს და მათ შორის საქართველოშიც, ძირითადად იმპორტირებული ინფლაციის ხარჯზე ორნიშნა იყო და შესაბამისად ამან სირთულეები შეუქმნა ჩვენს მოსახლეობას.

თუმცა, მთლიანი ეკონომიკის აღდგენის კუთხითაც საკმაოდ პოზიტიური წელი იყო.  აქვე აღსანიშნავია ექსპორტის გაზრდა დაახლოებით 1.3%-ით, ტურზმიდან მიღებული შემოსავლებით გაორმაგება წინა წელთან შედარებით, ფულადი გზავნილები საკმაოდ დიდი მოცულების იყო, აგრეთვე ინვესტიციების მაჩვენებლის გაუმჯობესება სამი კვარტლის მონაცემებს თუ შევადარებთ.

ამიტომ, შეიძლება ითქვას და თან ამასთან ერთად ცალკეულ პარამეტრებში 2019 წლის შედეგებსაც ვუსწრებთ ანუ მთლიანობაში წელი საკმაოდ პოზიტიური იყო. მთლიანობაში თუ ავიღებთ გაჯანსაღების კუთხით. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ მდიდრები გავხდით და ავყვავდით, მაგრამ სერიოზული ძვრები არის გაუმჯობესებისაკენ და კოვიდპანდემიის გადალახვისკენ.

იმედი მაქვს, რომ 2022 წელს თუ განსაკუთრებულმა კოვიდსირთულემ თუ ხელი არ შეგვიშალა და იმასაც დავამატებ, რომ რეგიონში თუ სტაბილურობა იქნება, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება არ მოხდა, წესით მოსალოდნელია ჩვენ სრულფასოვნად გადავასწროთ 2019 წლის შედეგებს და გვქონდეს მნიშვნელოვანი ძვრები როგორც სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ასევე ეკონომიკური და ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით, მათ შორის ფასების დასტაბილურების კუთხით მოლოდინები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც აქტუალურია. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ უკეთესი წელი გვექნება, ვიდრე იყო თუნდაც შარშანდელი ამის მაღალი ალბათობა არსებობს.

გავიმეორეთ, კოვიდმა თუ კონფრონტაციებმა და მათ შორის შიდა დაპირისპირებამაც ხელი არ უნდა შეგვიშალოს ამ მიზნის მიღწევაში. სხვა მხრივ შესაძლებელია ნამდვილად, რომ 2022 წელს არა მარტო ძველი შედეგები გავაუმჯობესოთ, არამედ მათ შორის საუბრები არის, მაგალითად ახალი მიმართულბების განვითარებაზე.

მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ციფრული ტექნოლოგიების კუთხით რამდენიმე ათასი კადრი მომზადდება, აიტი კომპანიების საქართველოში ჩამოყვანაზე და კიდევ ბევრ სხვა საკითხებზე, რაც საკმაოდ რეალისტურია და მაღალი მოთხოვნა არის მსოფლიოში და მაღალ ანაზღაურებადი პროფესიებია ზოგადად.

ხელის გაშვერა ხელისუფლებისკენ, რომ  არაფერი კეთდება და უმოქმედობით არის ინფლაცია გამოწვეული, არასწორია. დიდწილად მსოფლიო ტენდენციები და მათ შორის კოვიდვირუსის გავლენაზეა დამოკიდებული არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ის ეკონომიკური შედეგები რაც ფიქსირდება. იმის თქმა რომ მთავრობა არაფერს აკეთებს ნამდვილად არასწორია. იმიტომ რომ მთავრობის საკმაოდ კარგი ნაბიჯები მახსოვს, მაგალითად იგივე მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების კუთხით“, - განაცხადა ვახო ჭარაიამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს; 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

რაც შეეხება ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებებს, ნათია თურნავას თქმით, ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას. 

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ პირველი კვარტლის ბოლოს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოს მიზნობრივი მაჩვენებლისგან შორს არ იქნება.