ვახტანგ ხარჩილავა: ამათ ჰგონიათ, აქ ისევ ხელჩაქნეული შევარდნაძე დახვდებათ

ვახტანგ ხარჩილავა: ამათ ჰგონიათ, აქ ისევ ხელჩაქნეული შევარდნაძე დახვდებათ




ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება, ოპოზიცია - რევოლუციისთვის. 
გამოუვათ რევოლუცია თუ არა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ მზადებით რევოლუციისთვის რომ ემზადებიან, ფაქტია. 
რევოლუცია თუ არა, არეულობის და დაპირისპირების მცდელობა, სხვადასხვა მოთხოვნებით ქუჩა-ქუჩა სირბილი, მივარდნები და შევარდნები რომ იქნება, ესეც ვიცით. 
ისიც წინასწარ არის ცნობილი, რომ ოპოზიცია აუცილებლად იტყვის, არჩევნები გაყალბდაო, თუნდაც ეს არჩევნები ზედმიწევნით ობიექტურად და სამართლიანად ჩატარდეს. 
ოპოზიციაო, კი ვამბობთ, მაგრამ, სინამდვილეში, „ნაცმოძრაობა“ და მისი პოლიტიკური ნაბიჭვრებია ეს ე. წ.  ოპოზიციური ერთობა, რომელსაც ერთობა კი არა, უფრო უპრიანია, ოპოზიციური „შანტრაპა“ ერქვას. 
„შანტრაპა“ იმიტომ, რომ, როგორც ესენი იქცევიან, ასე იქცევა „შანტრაპა“ და არა პოლიტიკური ორგანიზაციები და პოლიტიკოსები. 
მოკლედ რომ ვთქვათ, ზუსტად ვიცით, რას მოიმოქმედებს ეს „შანტრაპა“ 3 ოქტომბერს და რა სცენარით განვითარდება პროცესები. 
წესით და რიგით, რამდენიმე დღით ადრე საიდან უნდა ვიცოდეთ, ან რატომ უნდა ვიცოდეთ, რას იზამენ ესენი, მაგრამ ვიცით, რადგან მეცხრე წელი მიდის, „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად ერთი და იგივე სცენარით, ერთი და იგივე ხელწერით მოქმედებს ყველა არჩევნებში. 
თუ კარგად დავაკვირდებით „ნაცმოძრაობის“ მიერ ამ შვიდ არჩევნებში გამოყენებული პოლიტპიარტექნოლოგიების სიუჟეტურ ქარგას, შვიდივე შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა, რაღაც ფორმით გაემეორებინა „ვარდების რევოლუციის“ სცენარი. 
ახლა „ნაცმოძრაობა“ რიგით მერვე „ვარდების რევოლუციისთვის“ ემზადება. 
მიუხედავად იმისა, რომ 18 წელი გავიდა, 2003 წელს მოპოვებული გამარჯვების ხიბლისგან ვერა და ვერ გათავისუფლდა „ნაცმოძრაობა“, ვერა და ვერ გამოფხიზლდა იმ დროს მოპოვებული წარმატების მათრობელა ბანგისგან. 
არადა, ისე, როგორც ორჯერ ვერ შეხვალ ერთსა და იმავე მდინარეში, შეუძლებელია, ერთი და იგივე მეთოდებით გადაცურო ნიადაგ ცვალებადი პოლიტიკური მდინარე და გამარჯვებული გახვიდე მეორე ნაპირზე. 
ესენი კი ყმაწვილკაცობისას ნასწავლი მხარულით თუ ბაყაყურით მიაპობენ ქართული პოლიტიკის მღვრიე ტალღებს და ჰგონიათ, გაღმა ნაპირზე კვლავ შევარდნაძე დახვდებათ, რომელიც ამათ დანახვაზე ხელს ჩაიქნევს და ძველებურად იტყვის: წავედი მე, სახლში. 
წლები გავიდა, თმაში ჭაღარა მოემატათ, შუბლზე ღარები, მაგრამ ამათ სიბრძნე და სიდინჯე არ მომატებიათ - ძველებურად აღრჭიალებენ აწ უკვე „დაპლომბილ“ კბილებს, ძველებურად სწყურიათ სისხლი და კვლავ შურისძიებისა და ანგარისშწორებისკენ მიუწევთ გული. 
არ იქნება ამათი შეცვლა, ამათი გარდაქმნა, ამათი გამოსწორება - ისინი ან თვითონ უნდა დამთავრდნენ და პოლიტიკური ასპარეზიდან უნდა გაირეკონ, ან ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს შეიწირავენ. 
***
არ მჯერა მათი მეგობრობის, მათი სტრატეგიული პარტნიორობის, მათი გულწრფელი თანაგრძნობისა და თანადგომის, ვინც „ნაცმოძრაობას“, ამ ბოროტ, სასტიკ ფაშისტურ-კრიმინალურ ძალას, პირდაპირ თუ ირიბად, მხარს უჭერს, პოლიტიკურ ასპარეზზე საარსებო სივრცის შენარჩუნებაში ეხმარება და ამას დემოკრატიის განვითარების, დემოკრატიული ღირებულებების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და დამკვიდრების კეთილშობილური მიზნებით ხსნის. 
არ მჯერა და არ მწამს ისეთი დემოკრატიის, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვეულებრივ კრიმინალებს, მკვლელებსა და ბანდიტებს, თავიანთ ბანდას პოლიტიკური ორგანიზაცია დაარქვან სახელად, ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, ქვეყანა რვა წლის განმავლობაში ძარცვონ და ყვლიფონ, ხოლო მათ, ვინც მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მებაირახტრეებად, დემოკრატიის მისიონერებად წარმოაჩენენ საკუთარ თავს, ამ უბედურებასა და უმსგავსობაზე თვალები დახუჭონ და მათ შემაძრწუნებელ საქმეებს სათანადო შეფასება არ მისცენ. 
არ მჯერა და არ მწამს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მათი კეთილგანწყობის, ვინც ისევ და ისევ დემოკრატიის სახელით, ადამიანის უფლებების სახელით, გამოხატვის თავისუფლების სახელით ოპოზიციაში გადასულ ამ კრიმინალურ ძალას მთავარ ოპოზიციურ ძალას უწოდებს და ხან აშშ-ის კონგრესში, ხან ევროპარლამენტში ღიად და ხმამაღლა ექომაგება, რომ ვინმემ ზედმეტი სიტყვა არ უთხრას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო პასუხის მოთხოვნა არ გაუბედოს. 
ძვირფასო მეგობრებო დასავლეთიდან, „ნაცმოძრაობა“, მისი შეშლილი ლიდერის, სააკაშვილის, მეთაურობით, რვა წლის განმავლობაში აუპატიურებდა, ძარცვავდა და აყაჩაღებდა ამ ქვეყანას, თქვენ კი ვერ ხედავდით და ვერ ამჩნევდით.  „ნაცმოძრაობა“ რვა წლის განმავლობაში ქუჩაში ხვრეტდა, ციხეებში ყრიდა უდანაშაულო ადამიანებს, თქვენ კი არც მათი და არც მათი ჭირისუფლების სასოწარკვეთილი გმინვა არ გესმოდათ. 
„ნაცმოძრაობამ“ 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციული ომის შედეგად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% უფეშქაშა, ომამდე და ომის შემდეგ კი უამრავი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი რუსებს გადაულოცა, თქვენ კი მათ ისევ დემოკრატიისთვის მებრძოლ პროდასავლურ ძალად მიიჩნევთ, ხოლო „ქართულ ოცნებას“, რომელსაც არაფერი გაუსხვისებია, არაფერი დაუკარგავს და რუსებისთვის არაფერი დაუთმია, პრორუსულობაში სდებთ ბრალს. 
ესაა თქვენი სამართლიანობა და ობიექტურობა?
რა უნდა იფიქროს ყოველივე ამის შემდეგ ქართველმა ხალხმა, რომელსაც განსჯის და შავის თეთრისგან გარჩევის უნარი ჯერჯერობით არ დაუკარგავს. 
როგორ უნდა გენდოთ, როგორ უნდა ირწმუნოს თქვენი ქართველმა ხალხმა, როცა სისხლიანი რეჟიმის მთავარ შემოქმედს, სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს, კაცს, რომელსაც 3 მილიარდამდე დოლარი აქვს გაღებული ხალხისა და ქვეყნის დასახმარებლად, ერთმანეთს ადარებთ, ერთმანეთის საპირწონედ თვლით და უფრო მეტიც - ივანიშვილს სანქციებით ემუქრებით და პოლიტიკიდან დისტანცირებას სთხოვთ, სააკაშვილს კი პოლიტიკაში ტოვებთ და კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნების იმედს უტოვებთ. 

***
„ნაცმოძრაობას“ იმედი არ აქვს, რომ ამ არჩევნებს მოიგებს, მაგრამ მას იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ 43%-იან ზღვარს ვერ გადალახავს, რაც იმის საბაბს აჩენს, რომ „ნაცმოძრაობამ“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვოს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ეს ავადსახსენებელი 43% იმ დოკუმენტში წერია, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ჰქვია. 
მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ ამ დოკუმენტის ანულირება მოახდინა და მკაფიოდ განაცხადა, რომ 43 კი არა, თუნდაც 1%-ზე მეტი ვერ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც არ დაინიშნება, მაგრამ „ნაცმოძრაობისთვის“ ეს მყარი არგუმენტი სულაც არ არის - ისინი თვლიან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ძალაშია და რაც იქ წერია, უნდა აღსრულდეს. 
- ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ, მერე კი წავალთ წინ, რიგგარეშე არჩევნებისკენ, შევქმნით კოალიციურ მთავრობას და ერთად შევუდგებით ქვეყნის აღმშენებლობას, - აცხადებს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია და ავად აბრიალებს თვალებს. 
ნიკანორ მელია პოლიტიკოსი არ არის, ნიკანორი ძველი ბიჭია, უფრო ზუსტად, შეჭრისა და შევარდნის სპეციალისტია და სწორედ ამისთვის ჰყავს დაქირავებული „ნაცმოძრაობის“ ბოსს, სააკაშვილს. 
ნიკანორი იგივე როლს ასრულებს დღეს, რა როლსაც თავის დროზე ასრულებდა კეზერაშვილი. 
კეზერაშვილი შორს წავიდა, მაგრამ, ეჭვი გვაქვს, რომ ნიკანორი მამამისთან ერთად ცუდად დაასრულებს - ერთიც და მეორეც ამ არჩევნებში ჩაფლავდება და მამა-შვილს პანღურით გამოაგდებენ „ნაცმოძრაობიდან“, თუმცა, სანამ ეს მოხდება, მანამდე მელიებს განსაცდელების რამდენიმე საფეხური აქვთ ასავლელი. 
რიგგარეშე არჩევნები და კოალიციური მთავრობა - ეს არის „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებული მთავარი ოცნება. 
ოცნების უფლება ყველას აქვს, მათ შორის „ნაცმოძრაობასაც“, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ ამ ოცნების აღსრულების მექანიზმები ვიღაცამ პირდაპირ, გამზადებული სახით ჩადო დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტმა სავალდებულოდ შესასრულებელ დოკუმენტად დაგვიდო მაგიდაზე. 
შარლ მიშელის დოკუმენტი - ეს არის გეგმა, პროგრამა იმის შეახებ, თუ როგორ და რა გზებით უნდა დაბრუნდეს სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში. 
ცოტა მიხვეულ-მოხვეული და ოღროჩოღრო გზა კი არის, მაგრამ მთავარია, რომ გზის ბოლოს ის ნანინანატრი მიზანი იკვეთება, რისკენაც „ნაცმოძრაობა“ რვა წელია ავადმყოფური აკვიატებით მიისწრაფვის - ძალაუფლება!
სასამართლო რეფორმის დაჟინებული მოთხოვნა, სამართლებრივად აბსოლუტურად აბსურდული და ალოგიკური ჩანაწერი 43%-იანი ბარიერის შესახებ, რაზეც პირდაპირ არის მიბმული რიგგარეშე არჩევნები - რა არის ეს, თუ არა ერთმანეთზე მიჯრილი ბარიკადები „ქართული ოცნების“ დასაბრკოლებლად და „ნაცმოძრაობისთვის“ ახალი შანსის მისაცემად?
- რა შუაშია „ნაცმოძრაობა“, ჩვენ რიგგარეშე არჩევნები იმისთვის გვჭირდება, რომ დავასრულოთ ოლიგარქიული მმართველობა და შევქმნათ კოალიციური მთავრობა, სადაც სხვა პარტიებთან ერთად „ნაცმოძრაობაც“ იქნება წარმოდგენილი, - დაზეპირებულებივით იმეორებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აგერ უკვე მესამე წელია. 
სრული იდიოტიზმია, აბსოლუტურად გაუაზრებელი და დემაგოგიური ბოდვაა ეს ყველაფერი. 
როგორ ცუდად უნდა იცნობდე საქართველოს და ქართულ ხასიათს, რომ დაიჯერო, შეიკრიბებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, გაინაწილებენ პორტფელებს, გაინაწილებენ ფუნქციებს და მშვიდობიანად, მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობით შეუდგებიან ქვეყნის მშენებლობას. 
კოალიციური მთავრობების არსებობა საქართველოში კი არა, ეკონომოკურად მდიდარ, პოლიტიკური ცხოვრების, პოლიტიკური კულტურის უდიდესი გამოცდილების მქონე სახელმწიფოებშიც კი ვერ ამართლებს და გამუდმებით ისეთ ახალ-ახალ პრობლემებს ქმნის, რომელთა დაძლევა ამ სახელმწიფოებსაც კი უჭირს.  საქართველოში ნებისმიერი კოალიციური მთავრობა 3–4- თვეზე მეტს ვერ გაძლებს, რაც ავტომატურად ნიშნავს ახალ-ახალ საპარლამენტო არჩევნებს, მუდმივ რყევებს, მუდმივად უწონადობის მდგომარეობაში ყოფნას. 
კოალიციური მთავრობის იდეა თავის დროზე ,,ნაცმოძრაობამ'' შემოაგდო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მის კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზიების საშუალებით ამ იდეის აქტიური პროპაგანდა და რეკლამირება დაიწყო. 
მკითხველს ემახსოვრება, რა ფართომასშტაბიან კამპანიას ატარებდა „მთავარი“ ამ მიმართულებით და როგორ აფიცებდა თავის „ხატზე“ ურჯულო გვარამია პოლიტიკოსებს და როგორ აწერინებდა ხელს ერთგულების ფირმანზე, რომ არავითარ შემთხვევაში კოალიციას არ შექმნიდნენ „ქართულ ოცნებასთან“, რა იმაც ნიშნავდა, რომ მომავალი კოალიციის მთავარი ღერძი „ნაცმოძრაობა“ იქნებოდა და პროცესები მის გარშემო იტრიალებდა. 
მთავარი მზაკვრობა, მთავარი ნაღმი, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის იდეაში იმალება, სწორედ აქ დევს - „ნაცმოძრაობა“, რომელიც კოალიციის პოლიტიკური ცენტრი იქნება, სულ მცირე ხანში ჭილყვავებივით დაიფრენს კოალიციაში დროებით შემოხიზნულ პოლიტიკურ პარტიებს და ძალაუფლების სრულ უზურპაციას მოახდენს. 
სააკაშვილს მეტი საქმე არ აქვს, ძალაუფლება ხაზარაძეს, ნათელაშვილს, გირჩი-ჯაფარიძეს, ან სამნიძე-კორძაიას გაუყოს. 
ის იგივეს გააკეთებს, რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გააკეთა - ყველა თანამებრძოლს ჩამოიშორებს და მართვის სადავეებს ერთპიროვნულად აიღებს ხელში. 
სააკაშვილი თავისი ბუნებით შუასაუკუნეების სასტიკი და სისხლისმოყვარე ფეოდალის პროტოტიპია, რომლისთვისაც დემოკრატია ისეთივე უცხო ხილია, როგორც ვირისთვის ხურმა. 
დასკვნის სახით რომ ვთქვათ, მთელი ეს აბრაკადაბრა, თავის შარლ მიშელის დოკუმენტიანად, თავისი 43%-იანი ბარიერით და კოალიციური მთავრობის შექმნის უტოპიური იდეით, როგორც ვთქვით, სხვა არაფერია, თუ არა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმა. 
კი, მაგრამ, მაშინ რას მივაწეროთ ის აჟიოტაჟი, რაც შარლ მიშელის ამ დოკუმენტის გარშემო შეიქმნა, რა იყო ის გაუთავებელი ვოიაჟები, ის ინტენსიური ვიზიტები ევროპარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან და ის დაჟინებული მოთხოვნები, რომ, თუ გინდათ, საქართველო გადარჩეს, ამ დოკუმენტის ყველა პუნქტი ზედმიწევნით ზუსტად უნდა შესრულდესო. 
საქართველოს გადარჩენა იმაზეა დამოკიდებული, საქართველოში ხელმეორედ დამყარდება თუ არა „ნაცმოძრაობის“ ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმი და სადისტი, ნახევრადშეშლილი სააკაშვილი ხელმეორედ დააჯდება თუ არა ქართველ ხალხს კისერზე?
ეს არის ის ნათელი და დიადი მიზანი, რისკენაც ქართველი ხალხი უნდა ისწრაფვოდეს და საითკენაც ევროპარლამენტი გვიბიძგებს?
ზოგჯერ არსებობს მომენტი, როცა ფაქტების ობიექტური, ლოგიკას დაქვემდებარებული ანალიზი, შენდაუნებურად, ისეთ მოულოდნელ დასკვნამდე მიგიყვანს, შენ თვითონვე გაოგნდები. 
ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ ახლა მე - გაოგნებული, შეძრწუნებული და, ამავე დროს, ცოტათი შემკრთალი და შეშინებულიც საკუთარი „აღმოჩენით“. 
მოდი და ნუ შეშინდები, როცა მიხვდები, რომ ისიც კი, ვინც შენი მეგობარი და კეთილისმყოფელი გეგონა, ზურგს უკან სამარეს გითხრის, სამარეს, რომელსაც რიგგარეშე არჩევნები და კოალიციური მთავრობა ჰქვია. 
არ არის გამორიცხული, ამ სამარეზე სააკაშვილის მონუმენტური ძეგლი დაიდგას წარწერით: დედამოტ...ლო ერო, ხომ დაგაფსი თავზე!
***
რა ეშველება ამ სიტუაციას?
სად არის გამოსავალი?
სად არის გამოსავალი და ისევ იქ არის, სადაც ყოველთვის იყო - ქართველ ხალხში, ქართველ ერში, რომელიც დიდი კრიზისისა და გაჭირვების ჟამს ყოველთვის პოულობდა შინაგან ენერგიას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. 
- კი, მაგრამ, ამ ცხრა წლის განმავლობაში რამდენჯერ უნდა მივიღოთ ეს სწორი გადაწყვეტილება და რამდენჯერ უნდა ვიხსნათ საქართველო შლეგი სააკაშვილისა და მისი ბანდის ხელისუფლებაში დაბრუნებისგან? არჩევნების დროს რომ გვიხმობენ საშველად, არჩევნების შემდეგ მომავალ არჩევნებამდე რატომ ვავიწყდებით და რატომ არავის ახსოვს ჩვენი მოთხოვნა: „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს! „ნაცმოძრაობა“, როგორც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, გაძევებული უნდა იქნას პოლიტიკური ასპარეზიდან! - ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იკითხავს გულისტკივილით და საყვედურით და, სამწუხაროდ, მართლებიც იქნებიან, მაგრამ ეს არავის არ აძლევს იმის უფლებას, რომ ხელი ჩავიქნიოთ და ეს ქვეყანა ნაცებს გადავაბაროთ. 
ეს ქვეყანა არც „ნაცმოძრაობისაა“, არც „ლელოსი“, არც „გირჩის“, არც „ევროპელი დემოკრატების“, არც „ევროპელი სოციალისტების“ და არც სხვა პოლიტიკური პარტიების, ეს ქვეყანა ქართველი ხალხისაა, ეს ქვეყანა ჩვენია და ის იმდენჯერ უნდა ვიხსნათ, რამდენჯერაც საჭირო იქნება - ხუთჯერ, ათჯერ, ოცჯერ, ასჯერ. 
ქართველი ერი არჩევნებზე მეტ-ნაკლებად სწორ და გონივრულ არჩევანს აკეთებს, მაგრამ მან არ იცის, როგორ იმოქმედოს არჩევნების შემდეგ და როგორ დაიცვას ის მონაპოვარი, რომელსაც არჩევნებზე მიაღწია. 
არადა, სწორედ ეს არის მთავარი და ამ მთავარი პრობლემის გადაწყვეტა რომ შეძლოს, ერი სამოქალაქო საზოგადოებად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელმაც ყველაფერზე ოპერატიულად და პრინციპულად უნდა მოახდინოს რეაგირება, ყველაფერი უნდა აკონტროლოს. 
 „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პერსპექტივები ნამდვილად არსებობს, რასაც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის სტილი აბსოლუტურად გამორიცხავს. 
„ნაცმოძრაობა“ ნეობოლშევიკური, ნეოფაშისტური ძალაა, სრულიად მიუღებელი და ანომალიური მოვლენაა, რომელიც შუა საუკუნეების ინკვიზიციური მეთოდებით ცდილობს, მართოს 21-ე საუკუნის საქართველო, რასაც ქართველი ერი ვერასოდეს შეეგუება. 
***
სხვა გზა არ არის - კიდევ ერთი ომი უნდა მოვუგოთ „ნაცებს“!
ეს არ არის ომი „ქართული ოცნების“ გასამარჯვებლად - ეს არის ომი საქართველოსთვის, ომი საქართველოს გადასარჩენად. 
არაფერი პათეტიკური და გაზვიადებული ჩემს ნათქვამში არ არის - ეს მკაცრი რეალობაა, რომელსაც აუცილებლად დაინახავ მთელი სიცხადით, თუ გულის ხმას გონების ხმასაც მიაშველებ და იმ საშიშროებას გაიაზრებ, რაც ჩვენს ქვეყანას ამ ომის წაგების შემთხვევაში ელოდება. 
ის, რაც დღეს ხდება, პოლიტიკური პარტიების დაპირისპირების ფარგლებს სცდება. 
მტერია „ნაცმოძრაობა“, ოღონდ ერთი მტერი კი არა, ისეთი მტერია, რომელშიც ჩვენი სამშობლოს ბევრი მტერი და მათი საერთო ინტერესებია ერთად თავმოყრილი.  
მტერია „ნაცმოძრაობა“ – ის სადამსჯელო-საეგზეკუციო დესანტია და მათ დავალებებს ასრულებს, ვინც თავის დროზე ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა. 
რატომ გახდა ეს ძნელად გასაგები იმ ადამიანებისთვის, „ნაცმოძრაობას“ რომ უჭწერენ მხარს და იმას კი ვერ ხვდებიან, რომ, როგორც წინა წერილში ვწერდი, „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა იგივეა, თემურ-ლენგის, შაჰ-აბასის, მურან-ყრუს ლაშქარს დაუჭირო მხარი. 
სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ოცნებაა - საქართველო იყოს ქვეყანა ყველასი და არავისი, მათ შორის - არც ქართველების. 
აი, ამას აძლევთ ხმას 2 ოქტომბერს, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერო ქართველებო?
დიახ, მტერია „ნაცმოძრაობა“, რომელიც 18 წელია, ებრძვის საქართველოს. 
ეს მტერი 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავამარცხოთ - სხვა გზა, სხვა საშველი არ არის!