ვახტანგ ხარჩილავა: გამაგებინეთ, ვინ გვიზის რუსთავის ციხეში?

ვახტანგ ხარჩილავა: გამაგებინეთ, ვინ გვიზის რუსთავის ციხეში?




მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს: ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ, ვინ გვიზის რუსთავის მე 12 დაწესებულებაში - გიჟი, ქართული ფაშიზმის ფუძემდებელი, საერთაშორისო მასშტაბების ბოროტმოქმედი თუ ერთი რიგითი ნაძირალა და ავაზაკი? 
რა განსხვავება და რა მსგავსებაა მწერალსა და მოსამართლეს შორის?
მოსამართლე ასამართლებს და იჭერს, მწერალი ასამართლებს და უშვებს.
აი, ეს შედარება გამახსენდა რატომღაც, სააკაშვილი რომ დაიჭირეს და ციხეში რომ მიაბრძანეს.
ცხრა წელია, მეც სხვებთან ერთად ვამბობდი, რომ სააკაშვილი დასაჭერია, მაგრამ ახლა, როცა დაიჭირეს, რააღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა - ბრაზმა და აგრესიამ ამ კაცის მიმართ თითქოს ერთბაშად გამიარა და რაღაც უცნაური სიცარიელე დამეუფლა.
იმიტომ კი არ დამემართა ეს, რომ შემეცოდა და შემებრალა, არამედ უფრო იმიტომ, რომ მთელი ამ პროცესის აბსურდულობა დავინახე უცებ.
რამდენი წელიც არ უნდა ჩავსვათ სააკაშვილი ციხეში, მას იმდენი ცოდვა აწევს კისერზე და იმდენი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, სამაგიეროს მაინც ვერ გადავუხდით.
უფრო ნათლად რომ ვთქვათ, რამდენი წელიც არ უნდა მივუსაჯოთ სააკაშვილს, ეს მაინც არ იქნება იმ ბოროტების საპირწონე, რაც მას აქვს ჩადენილი.
***
ჩამთავრდება ეს არჩევნები, ვნებები დაცხრება და ქვეყანაში აუცილებლად დაიწყება დიდი დისკუსია და დებატები იმის შესახებ, თუ ვინ დავიჭირეთ ჩვენ და ვინ გვიზის ციხეში სააკაშვილის სახით?
თუ სასამართლოს იმ განაჩენებს დავეყრდნობით, რომლებიც საფუძვლად დაედო სააკაშვილის დაჭერას, ციხეში ზის ერთი ჩვეულებრივი, რიგითი დონის კრიმინალი და თაღლითი, რომლის მსგავსი უამრავი ყოფილა მსოფლიოში, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკურ მოღვაწეთა რიგებში, რომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა შორის სააკაშვილის დანაშაული არაფრით არ არის გამორჩეული.
მართლაცდა, რამდენი შემთხვევა ვიცით, როცა ამა თუ იმ სახელმწიფოების პრეზიდენტები თუ პრემიერები დიდი რაოდენობის თანხებს იპარავდნენ ხაზინიდან, მფარველობდნენ დამნაშავეებს, სხვადასხვა ფორმით სჯიდნენ არასასურველ პირებს და ა. შ. და ა. შ.
სააკაშვილისთვის წარდგენილი ოფიციალური განაჩენის მიხედვით, ეს ასეა, მაგრამ რა ვუყოთ იმ წარმოუდგენელი მასშტაბების დანაშაულებს, რომლებიც სააკაშვილის „მეფობის“ დროს ქვეყანაში ხდებოდა და რომელთა ანალოგი 21-ე საუკუნის მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება.
ოფიციალური განაჩენის მიხედვით ციხეში ზის ერთი საშუალო კალიბრის ავაზაკი სააკაშვილი, ხოლო მეორე სააკაშვილი, მთავარი სააკაშვილი, რომელმაც შექმნა სისასტიკით, სადიზმით, მხეცური დაუნდობლობით გაჟღენთილი დანაშაულებრივი სისტემა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათიათასობით ადამიანს ცხოვრება დაუნგრია, ჯერჯერობით ისევ გარეთაა.
სააკაშვილს ექვსი წელი აქვს მისჯილი, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც მიუსაჯეს ერთ ჩემს ნაცნობს, რომელმაც 500 ლარი ქრთამი აიღო სავაჭრო „ბუტკის“ აშენების ნებართვის გაცემაში, რომელიც, სხვათა შორის, არ აშენებულა.
ამან ნახევარი საქართველო დაანგრია, უამრავი ადამიანი ჩააწვინა მიწაში, ქვეყნის ტერიტორიის 20% ქარს გაატანა და მხოლოდ ექვსი წელი?
სასჯელია თუ წამახალისებელი სიგელი „სანიმუშო ყოფაქცევისთვის“?
***
ის სადისტური, მანიაკალური სისტემა, რომელიც სააკაშვილმა შექმნა და რომლითაც ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, წარმოუდგენელია ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს შეექმნა.
მხოლოდ შეშლილს, გიჟს, სულით ავადმყოფს, ბოროტებით, ადამიანების მიმართ ზიზღით და სიძულვილით შეპყრობილ მანიაკს შეეძლო გამოეყენებინა ის არაადამიანური მეთოდები, რასაც სააკაშვილი იყენებდა ქვეყანაში „წესრიგის“ დასამყარებლად.
არსებობს გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილს უმძიმესი ფსიქიკური პრობლემები აქვს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილი შეშლილია, პარანოიკია.
თუმცა რაღა ეჭვი, არსებობს მსოფლიოში ცნობილი შვიდი ფსიქიატრის დასკვნა, რომ სააკაშვილი შეურაცხადია.
რა გამოდის? ქვეყანას 9 წლის განმავლობაში გიჟი მართავდა, ახლა კი რუსთავის მე 12-ში გიჟი გვყავს გამომწყვდეული?
თუ ეს ასეა, მაშინ გიჟს რა უნდა ციხეში, გიჟი საგიჟეთში უნდა იყოს და არა ციხეში.
ხედავთ, რა ხდება? სააკაშვილი ოცდახუთ წელზე მეტია, პოლიტიკაშია და ჩვენ დანამდვილებით ისიც კი არ ვიცით, ნორმალურია თუ გიჟია ეს კაცი?
სამაგიეროდ, ეს ზუსტად იცის იმ ადამიანმა, ვინც სააკაშვილისგან პოლიტიკოსი, უფრო ზუსტად, პოლიტიკური ურჩხული, პოლიტიკური ზომბი შექმნა და ქვეყანას მიუსია.
მე თუ მკითხავთ, ვინც ეს გააკეთა, სწორედ ის კაცი უნდა იჯდეს ციხეში, სააკაშვილი კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა იწვეს ფსიქიატრების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.
საწყალ მიშიკოს მსახიობობა და კინორეჟისორობა უნდოდა, ამან კი, ამ სასტიკმა და ულმობელმა კაცმა, მისგან კგბ-ის ოფიცერი გამოჩორკნა, თუმცა ამ მცდელობისგან მაინცდამაინც დიდი ვერაფერი შედეგები მიიღო _ კგბ-დან პოლიტიკაში გადმოპორტირებული მიშა მაინც მსახიობად და კინორეჟისორად დარჩა, რომელმაც საშინელებათა უამრავი ფილმი დადგა პოლიტიკაში და უამრავი როლი მოირგო _ გმირის, მასხრის, აღმშენებლის, დამანგრევლის, ლაჩრის, სუპერმენის.
ვინც მსახიობობაზე და კინორეჟისორობაზე მეოცნებე მიშიკოსგან პოლიტიკოსი „გამოძერწა“, ეს კაცი სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანიაა, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, რას წარმოადგენდა მისი დისშვილი, იცოდა, რომ ასეთი ადამიანისთვის პოლიტიკაში ყოფნა და მისთვის ძალაუფლების მიცემა უაღრესად სახიფათო და საშიში იყო როგორც მისთვის, ასევე იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ის პოლიტიკოსად უნდა მოვლინებოდა, მაგრამ მაინც უკან არ დაიხია და იმდენი ქნა, ეს ნახევრად შეშლილი დისშვილი საქართველოს პრეზიდენტად დაასვა თავზე, რომელმაც მოკლე ხანში სისხლის ტბები დააყენა ქვეყანაში.
რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო ლაბორატორიებში სისხლგამოცვლილ და გადაგვარებულ თემურ ალასანიას საქართველო რომ არ ყვარებოდა, რა გასაკვირია, მაგრამ როგორ გაიმეტა მან საკუთარი სისხლი და ხორცი, საკუთარი დისშვილი, ეს სულით ავადმყოფი კაცი, ისეთი სახიფათო და სარისკო საქმისთვის, როგორიც პოლიტიკაა.
ვფიქრობ, თემურ ალასანიამ იმოქმედა უკიდურესად ეგოისტური ინტერესებით და დისშვილის სახით შექმნა პირადი პოლიტიკური ზომბი, რომელიც მის ნებისმიერ მითითებას უსიტყვოდ შეასრულებდა და ფულზე დახარბებულ ბიძას მომავალში მილიონებს მოუტანდა.
ასეც მოხდა _ დისშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძამ და დისშვილმა მილიონები, მილიონები კი არა, მილიარდები აკეთებს საქართველოს გაუბედურების ხარჯზე და ისედაც გატყავებულ ქვეყანას დამატებით ცხრა პირი ტყავი გააძვრეს.
არც ბიძას და არც დისშვილს საქართველო არასდროს მიაჩნდათ სამშობლოდ, მათთვის ის ყოველთვის იყო ფულის საჭრელი საამქრო, აღებ-მიცემობის საგანი, სარფიანად გასაყიდი საქონელი.
ჰოდა, ყიდეს ეს „საქონელი“ ბიძამ და დისშვილმა, ჭრეს და ჭრეს მილიონები, ყველა სერიოზულ ბიზნესში წილი დაიდეს, საიდანაც დღემდე მისდით დივიდენდები.
შედეგი: დისშვილი ციხეში ზის, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ კი არა, სინამდვილეში, ბიძამისმა ჩასვა და მაშინ გამოუწერა ციხის საგზური, როცა ამ შეშლილს პოლიტიკაში უკრა თავი.
ახლა ბიძამისი ყველაფერს გააკეთებს, ცას და მიწას შეძრავს, რომ პატიმრობაში მყოფი დისშვილი დროზე გამოაგდონ ციხიდან.
მან იცის, რომ მისი დისშვილი ციხისთვის უვარგისი კაცია და შეიძლება ძალიან მალე პირი მოაღოს და ყველაფერი დაფქვას და მათ შორის, არც ბიძა დაინდოს.
ბიძას კი არა, თუ დასჭირდა, სააკაშვილი არც დედას დაინდობს, არც მამას, არც _ ძმებს, არც _ თანამებრძოლებს, არც თავის უცხოელ მეგობრებს და პარტნიორებს, ყველას ჩაუშვებს, ყველას გასწირავს, ოღონდ ციხეს დააღწიოს თავი.
ჰოდა, დროზე მიეცით ამ კაცს ბევრი ქაღალდი და საწერ-კალამი და როცა წერას მორჩება, საგიჟეთში გადაიყვანეთ, მის ადგილას კი ბიძამისი ჩასვით.
***
როგორც გითხარით, მეც იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც წლებია, აცხადებენ, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია.
სააკაშვილი უკვე ციხეშია, მაგრამ ამის გამო სულაც არ ვგრძნობ თავს ბედნიერად.
ახლა უკვე იმაზე ვდარდობ, რომ დავიჭირეთ, აწი რა ვუყოთ ამ პოლიტიკურ ცხოველს, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩავწეროთ მსოფლიოს უდიდეს ბოროტმოქმედთა სიაში.
იმაზეც ვფიქრობ, იქნებ, მართლაც გიჟია ეს უბედური?
თუ გიჟია, იმ ჭკვიანებს არ უნდა მოეთხოვოთ პასუხი, ამ გიჟს რომ აგულიანებდნენ და ხან აღმაშენებელს ეძახდნენ, ხან ჯორჯ ვაშინგტონს და მის ზურგს ამოფარებულნი თავიანთ შავ-ბნელ საქმეებს რომ აკვარახჭინებდნენ?
ამ გიჟის დაჭერა და გასამართლება რას გვიშველის, თუ მასთან ერთად არ გასამართლდება ის სადისტური სისტემა, რომელიც ამ გიჟმა შექმნა და ქართველ ხალხს ამდენი საშინელება დაატეხა თავს.
90 წელი გავიდა გერმანული ფაშიზმის დაფუძნების მომენტიდან და გერმანელს დღეს რომ გერმანულ ფაშიზმზე ჩამოუგდო სიტყვა, უტაქტობად ჩაგითვლის, შეურაცხყოფად მიიღებს.
გერმანელს დღემდე რცხვენია მისი წინაპრების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო.
„ნაცმოძრაობის“, ანუ ქართული ფაშიზმის მხარდამჭერ ქართველს რატომ არ რცხვენია ქართული ფაშიზმის გამო, თავმომწონედ რომ იძახის, ნაცი ვარ მეო და ხატების გვერდით თავისი საყვარელი ფიურერის, მიშას, გადიდებული სურათი რომ უკიდია?
მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს: ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ, ვინ გვიზის რუსთავის ციხეში _ გიჟი, ქართული ფაშიზმის ფუძემდებელი, საერთაშორისო მასშტაბების ბოროტმოქმედი თუ რიგითი ნაძირალა და ავაზაკი, რომელსაც იმდენივე აქვს მისჯილი, რაც 500 ლარის ქრთამის ამღებ ნოდარას „ნახალოვკიდან“.