ვახტანგ ხარჩილავა: იმდენი იძახა „ნაცმოძრაობამ“ ყველა, ერთის გარდაო, თვითონ აღმოჩნდა ის ერთი

ვახტანგ ხარჩილავა: იმდენი იძახა „ნაცმოძრაობამ“ ყველა, ერთის გარდაო, თვითონ აღმოჩნდა ის ერთი




იმდენი იძახა „ნაცმოძრაობამ“ „ყველა, ერთის გარდაო“, რომ თვითონ აღმოჩნდა ის ერთი, რომელიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მივიღეთ, არის ის, რომ დამთავრდა „ნაცმოძრაობის“ დიქტატურა ქართულ ოპოზიციაზე.
მთავარი ის კი არ არის, რომ მელია და რურუა გათავისუფლდებიან, არამედ მთავარია, ოპოზიციურმა პარტიებმა სააკაშვილის ტყვეობიდან რომ დაიხსნეს თავი.
შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, უკიდურესად დამაკნინებელი იყო ეს ტყვეობა პარტიებისთვის, რომლებიც ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ მათ საქმიანობას „ნაცმოძრაობის“ ოკუპაციის პირობებში წინსვლა და წარმატება არ ეწერა.
ალბათ, დროა, ეს ოპოზიციური პარიტები და მათთან ერთად დანარჩენი პოლიტიკური ორგანიზაციები იმას მიხვდნენ, რომ „ქართული ოცნება“ კი არა, სწორედ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ არის ის ძალა, რომელმაც მათი საარსებო სივრცე მიიტაცა და ქართულ პოლიტიკას განვითარების პერსპექტივა დაუკარგა.
მოლაპარაკებათა ამ ექვსთვიანმა მარათონმა ის დადებითი შედეგიც გამოიღო, რომ, როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთიც მიხვდა, რა დესტრუქციულ და ავანტურისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა საქმე და ვინ არის სინამდვილეში მათი ბელადი.
რატომღაც ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ შორს არ არის ის დრო, როცა სწორედ დასავლეთი ჩამოხსნის ნიღაბს სააკაშვილს და მის ცხრაწლიან კრიმინალურ-ფაშისტურ რეჟიმს.
იმდენად დიდია და მასშტაბური სააკაშვილისა და მისი ბანდის მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რომ მისი მიჩქმალვა და მიფუჩეჩება შეუძლებელია.
ქართული ნიურნბერგის პროცესი აუცილებლად უნდა შედგეს და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო კარგი საქართველოსთვისაც და ქართულ-დასავლური ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცებისთვის.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „ნაცმოძრაობა“ ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიაა, ეს რეალობა თანდათან იცვლება და სოციალურ კვლევებს თუ დავუჯერებთ, მის მხარდამჭერთა რიცხვი კატასტროფულად კლებულობს.
„ნაცმოძრაობას“ პირწმინდად გაკოტრებული რამდენიმე პარტიის გარდა არც საქართველოში დარჩა პოლიტიკური მოკავშირეები და არც დასავლეთში და ეს ყველაფერი მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, დამსახურებაა.
„ნაცმოძრაობას“ სააკაშვილთან ერთად მომავალი არ აქვს.
დრო გვანახებს, მიხვდება თუ არა ამას „ნაცმოძრაობის“ საღად მოაზროვნე ნაწილი და იმ ბნელი მხარიდან გადმოვა თუ არა აქეთ, საქართველოსკენ.

ვახტანგ ხარჩილავა

,,საერთო გაზეთი"