ვახტანგ ხარჩილავა: მელიას პრემიერობა სურს, მას კი თბილისის მერობას აძალებენ

ვახტანგ ხარჩილავა: მელიას პრემიერობა სურს, მას კი თბილისის მერობას აძალებენ




ახდა „საერთო გაზეთის“ მორიგი წინასწარმეტყველება - არ გადაუხადოთ ამ ცუღლუტ მელიას ეგ ორმოცი ათასი ლარი, თორემ გადაგაგდებენ ნაცები - მელია ციხიდან გამოვა, მაგრამ ნაცები პარლამენტში მაინც არ შევლენო, რომ ვაფრთხილებდით ევროპარლამენტს.
ჩვენი ვარაუდით, მელია მალე აუჯანყდება მიშას და „ნაცმოძრაობაში“ ორი ფრთა გაჩნდება - ნიკანორისტები და მიშისტები.
განხეთქილების საბაბი კი ის არის, რომ მელიას პრემიერობა სურს, მას კი თბილისის მერობას აძალებენ.
ვერ გაიგო ამ ნიკანორმა, რომ პრემიერობა მის აღმატებულებას, თვით მიხეილ სააკაშვილს, თავისთვის უნდა.
პრემიერობის გამო არ იყო, სააკაშვილმა „შორეულ“ 2011-ში კონსტიტუცია ისე დაგლიჯა და დაანაკუწა, კობახიძემ ძლივს ააწყო თავიდან, ახლა კი ვიღაც ჩიტირეკია მელია ედავება და ეტოლება ამხელა და ამსიგრძე პოლიტიკოსს.
ასე რომ, „სამოქალაქო ომი“ „ნაცმოძრაობაში“ გარდაუვალია.
სხვათა შორის, საიდუმლოდ იმასაც გეტყვით, რომ სააკაშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მელიას ასე უცებ დაეტოვებინა ციხე - რა ეჩქარება, კოსტავა ათი წელი იჯდა, ეგეც იჯდეს ცოტა ხანსო, - უთქვამს.
ამიტომაც არ მოაწერა ხელი მიშელის დოკუმენტს „ნაცმოძრაობამ“ - თუ ჩვენ ხელს არ მოვაწერთ, მელიას ვინ გამოუშვებსო, - ფიქრობდნენ, მაგრამ გამოხტნენ ეს არამკითხე ოპოზიციონერები, ეს მოღალატეები და ნაცების დაუკითხავად არ მოაწერეს ხელი?
მელია გამოუშვეს.
აი, ამასაა, რომ ვერ პატიობენ ნაცები ოპოზიციას - რას ჰქვია, მელია გამოაშვებინეთ და გეგმები ჩაგვიშალეთო.
მელიაც ხვდება, „პლენში“ დატოვებას რომ უპირებდა ვერაგი და დაუნდობელი ბოსი, ხვდება და გული რისხვით აქვს სავსე, მაგრამ, ჯერჯერობით, ითმენს.
არ მოითმენს და შეიძლება ისევ იქ შეაბრუნონ, საიდანაც ძლივს დაიხსნეს.
როგორც ვთქვით, მიუხედავად იმისა, რომ „გამოსასყიდი“ გადახდილია და მელია გარეთაა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თქვა, მელია რომ გამოვა, პარლამენტში შევალთო, სააკაშვილმა, როგორც სჩვევია, სიტყვა გატეხა და „ნაცმოძრაობა“ არსადაც არ შესულა.
ბატონი შარლ მიშელი და მთელი ევროსაბჭო, თავის ევროპარლამენტიანად, ნაწყენები და, იმავე დროს, გაოცებულები არიან თურმე: ჩვენ ეგენი (ნაცები _ ვ.ხ.) სერიოზული ხალხი გვეგონა და როგორი არასერიოზულები და მატყუარები ყოფილანო.
ჯერ სადა ხართ, პატივცემულო მეგობრებო, წინ ისეთი სიურპრიზები გელოდებათ, გაოცება და გაკვირვება მერე ნახეთ თქვენ.
ისე, კაცმა რომ თქვას, კარგი იქნებოდა, ცოტა ახლოს გაცნობოდით იმ პარტიის შავბნელ წარსულს, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია და რომელსაც ასე დაჟინებით ეპატიჟებით პარლამენტში.
„ნაცმოძრაობა“ პარლამენტში კი არა, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა იდგეს, როგორც კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც, ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს თუ დავესესხებით, ისეთი შემზარავი დანაშაულები აქვს ჩადენილი, ფაშისტებს აზრადაც რომ არ მოუვიდოდათ თავში.
ჩვენ კი ასეთ ორგანიზაციას ისე ვეხვეწებით, პარლამენტში შემობრძანდით, თორემ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე შეექმნებაო, რომ გეგონება, დემოკრატიას და კრიმინალს, დემოკრატიას და ფაშიზმს რაღაც საერთო ჰქონდეს.
„ფერმერ“ ჟორიკა რურუას თუ დავუჯერებთ, საერთოც აქვთ და უფრო მეტიც, მეგობრობა და საერთო იდეალებიც აკავშირებთ, თურმე.
- ბევრი სიძნელეები გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან და ამ ხელისუფლებას დავამარცხებთო, - ბრძანა ჟორიკამ და ჩამოთვალა და ჩამოთვალა „მეგობრები“ - კელი დეგნანიო, კარლ ჰარცელიო, შარლ მიშელიო.
ჟორიკამა თქვა, კაცო, ჟორიკამა, ეგენი ჩვენი მეგობრები არიანო...
ამ ამბავმა ერთი ძველი ამბავი გამახსენა.
შევარდნაძემ ჟურნალისტებს „გაუმხილა“ - ჯაბა იოსელიანი ჩემი მეგობარიაო.
- ეგ როგორო? - გაიკვირვეს ჟურნალისტებმა.
- რა გაიკვირვეთ? მე ხომ არ მითქვამს, ჯაბას მეგობარი ვარ-მეთქი, ჯაბამ თქვა, შევარდნაძის მეგობარი ვარო და, რა ვიცი, ალბათ, არის...
თითქოს ისტორია მეორდება და ისევ იქ ვბრუნდებით, ოთხმოცდაათიან წლებში, ან 90-იანი წლები ბრუნდება ჩვენთან, რა მნიშვნელობა აქვს.
მელიამ გამოაცხადა, ერთი კვირა გვაცალეთ და გეტყვით, შევა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში თუ არ შევა. აზრი ორად არის გაყოფილი - ნაწილი თვლის, რომ უნდა შევიდეთ, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ არ უნდა შევიდეთ. ჩვენს მხარდამჭერებს უნდა ვკითხოთ _ დაე, მათ გადაწყვიტონო.
მხარდამჭერების აზრი ისე აინტერესებს „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიფს, როგორც შარშანდელი თოვლი.
მხარდამჭერები კი არა, თანამდებობებს ვერ იყოფენ მომავალ კოალიციურ მთავრობაში და ამაზე აქვთ დავა და ცილობა.
ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და აბრამს არქმევდნენო, ისეა ამათი საქმე.
ცალკე ერთმანეთს ევაჭრებიან, ცალკე დასავლეთს უნდათ, რაღაც გარანტიები დასტყუონ, თუ არადა, არ შევლენ პარლამენტში!
არ შევლენ და ნუ შევლენ, აი, დარდი!
***
სიმართლე გითხრათ, უკვე მერიდება ჩვენს ძვირფას მკითხველთან, „საერთო გაზეთის“ თითქმის ყველა ნომერში „ნაცმოძრაობაზე“ რომ ველაპარაკები.
ოც წელზე მეტს ითვლის „ნაცმოძრაობის“ მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების ისტორია და ამ ხნის განმავლობაში ისე მომბეზრდა ეს თემა, რომ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრის არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ, როგორც ხედავთ, მაინც ვსაუბრობ, მაინც ვწერ და, იცით, რატომ?
იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ქვეყნის ღალატია, თუ „ნაცმოძრაობას“ შეეგუები, რადგან უფრო ანტიქართული, უფრო ანტიადამიანური, უფრო ბოროტი და სასტიკი პოლიტიკური ძალა, ვიდრე „ნაცმოძრაობაა“, საქართველოს არ ჰყოლია და, ალბათ, არც ეყოლება.
სანამ „ნაცმოძრაობა“ იარსებებს, არ იქნება მშვიდობა საქართველოში.
სანამ „ნაცმოძრაობა“ ბოლომდე არ ამოიძირკვება, გაჩუმების, მოდუნების, ენის მოჩლექით საუბრის უფლება არ გვაქვს.
დაბოლოს, ჩემი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება ის აისბერგი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მეკობრული „ხომალდი“  საბოლოოდ შეელეწება და ნაწილ-ნაწილ დაიფშვნება.

,,საერთო გაზეთი"