ვახტანგ ხარჩილავა: რამდენი მეხუთე კოლონაა საქართველოში?!

ვახტანგ ხარჩილავა: რამდენი მეხუთე კოლონაა საქართველოში?!




აღმოხდების მზე

გაზეთის ახალი ნომრისთვის ახალი წერილის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ ძველ წერილებს რომ გადავავლე თვალი, გადავიფიქრე - რასაც ათი-თხუთმეტი წლის წინათ ვწერდი, იმდენად ზუსტად მიესადაგება დღევანდელ დღეს, ახლის დაწერას რაღა აზრი აქვს?
ეს ამბავი კი იმის მიმანიშნებელია, რომ ამ ხნის განმავლობაში არაფერი შეცვლილა - თითქოს ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ, საიდანაც გამოსავალს ვერ ვპოულობთ.
და მაინც, „აღმოხდების მზე და წარხდების მზე და უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება“ (ეკლესიასტე. 1.6.).
საქართველოს მზეც აუცილებლად ამობრწყინდება და ამობრწყინდება იქიდან, საიდანაც ამობრწყინდებოდა ხოლმე _ თავისი ქვეყნის ერთგული და თავდადებული მამულიშვილების გულებიდან.
ქართული იდეა
ხშირად ვსვამთ კითხვას: - როგორ გადარჩა ქართველი ერი, როდესაც ისტორიის ქარტეხილებმა პირისაგან მიწისა აღგავა მრავალი ერი, ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანი, გაცილებით ძლიერი და მონოლითური?
ამ კითხვაში გაოცებაც არის და გაკვირვებაც: - მართლაც რამ გადაგვარჩინა? როგორ მოვედით აქამდე? როგორ შევძელით დავსხლტომოდით ხელიდან ჩვენს გადანადგურებლად შემოსულ უზარმაზარ იმპერიებს?
ჰო, მაგრამ, ხმალი არც სხვა ერებს უჭრიდათ ჩვენზე ნაკლებად და ჩვენზე ნაკლები მეომრები არც ისინი ყოფილან, მაგრამ დღეს მათი სახსენებელიც აღარ არის.
ხმლით, შეიძლება, რაღაც ლოკალური პრობლემა გადაწყვიტო, მოიგო ესა თუ ის ბრძოლა, მაგრამ ხმლით და იარაღით დროს და ისტორიას ომს ვერ მოუგებ.
საქართველოს ზემოდან რომ დაჰყურებ, ოთხივე მხრიდან ჩაკეტილი გლადიატორების არენას ჰგავს, რაც თავისთავად გიკარნახებს ერთადერთ გადაწყვეტილებას - როგორმე მტერს უნდა სძლიო.
თითქოს განგებამ საგანგებოდ შეგვირჩია ასეთი ადგილი - ოთხივე მხრიდან დაგმანული სივრცე, სადაც უკან დასახევი გზა არ არსებობს.
ზოგიერთი ერივით თვალუწვდენელი სტეპები და ტრამალები არ გვქონია, რომ გაქცევით გვეშველა თავისთვის - ერთი ხელის დადება სივრცეში ვიყავით ჩაკეტილები და გასაქანი არ გვქონდა - ან აქ უნდა მოვმკვდარიყავით, ან აქ უნდა გადავრჩენილიყავით.
დიდგორის ომში უკან დასახევი გზა ჩაუხერგა ქართველებს დავით აღმაშენებელმა…
აღმაშენებელმა იცოდა, რასაც აკეთებდა…
ღმერთმაც იცოდა, რასაც აკეთებდა, როდესაც ოთხივე მხრიდან ჩახერგილი სივრცე გვარგუნა ასპარეზად…
და მაინც, რამ გადაგვარჩინა?
ვერ ვინარჩუნებდით ტერიტორიებს, ვერ ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას, ვერ ვინარჩუნებდით დამოუკიდებლობას, მაგრამ ერი მაინც ინარჩუნებდა მეობას, ერი ერად რჩებოდა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერს გააჩნდა საყრდენი, რომელიც მატერიალური კი არა, სულიერი იყო და, ამდენად მიუწვდომელი განადგურებისთვის.
ყველაფერი შეიძლება დაანგრიო, რაც მატერიალურია - აუღებელი ციხე-კოშკი, მიუდგომელი ციტადელი, დუღაბით შეკრული გალავანი, მაგრამ სულიერ საყრდენს ვერ დაანგრევ, რადგან სულიერი საყრდენი სულშია, სული კი ქვემეხისთვის, ხმლისთვის, ბომბისთვის, დინამიტისთვის მიუწვდომელია.
ქართველი ერი სულიერმა „ციხე-კოშკმა“, სულიერმა ციტადელმა, სულიერმა გალავანმა, ანუ მართლმადიდებლობამ იხსნა განადგურებისაგან.
ქრისტიანული რელიგია, კერძოდ, მართლმადიდებლობა, ქართველი ხალხის ისტორიის და კულტურის ნაწილი კი არ არის, არამედ თავად გახლავთ ამ ისტორიის და კულტურის შემქმნელი.
ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც რელიგია ისე ჩაეზრდება ერის გენეტიკურ კოდს, ისე გაიშლება ერის ხასიათსა და ცხოვრების წესში, რომ ამ ერისა და რელიგიის ერთმანეთისგან განცალკევება შეუძლებელია.
„ქართული ეროვნული მოძრაობა თავისი საწყისებით მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან და ეკლესიურ წიაღთან, თავისი შინაგანი არსით ეს რელიგიურ-ეროვნული მოძრაობაა, რამდენადაც იგი გულისხმობს არა მარტო განკერძოებული ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ, პირველ ყოვლისა, ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას, რელიგიურ რწმენასა და ცნობიერებაზე დაყრდნობით“, _ ეს სიტყვები ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამიდანაა.
არა მხოლოდ პიროვნულად ერთ პოლიტიკურ ლიდერს, არამედ, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ კონცეფციას დაუჭირა მხარი ქართველმა ხალხმა.
ჩემი აზრით, სწორედ ეს კონცეფცია გახდა მიზეზთა მიზეზი იმ რეპლიკისა, რომელიც მსოფლიოს გლობალისტურ იმპერიად გარდაქმნის ცენტრალური შტაბიდან გაისმა: - თქვენ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთ.

***
ვინ არიან მთავარი არქიტექტორები იმ სახელმწიფო შენობისა, რომელსაც დღეს ვაშენებთ?
ქართველები?
იქნებ, ქართველები მხოლოდ შეკვეთის შემსრულებლები ვართ, საპროექტო ნახაზები კი სხვებს ეკუთვნით და ისინი გვკარნახობენ, როგორ ამოვიყვანოთ კედლები, რა მივახატოთ ზედ, სად ჩავსვათ ფანჯარა, სად ჩავატანოთ კარი?
უცხოელი „პრარაბების“ დიდი ფუსფუსი და ფაციფუცია ქართული სახელმწიფოს სამშენებლო პოლიგონზე, მათი მითითებები და დირექტივები ისმის წამდაუწუმ.
თუ შევთანხმდებით, რომ სახელმწიფოს შენება არ არის მხოლოდ გზების გაყვანა, ინფრასტრუქტურების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, არამედ სახელმწიფო, პირველ ყოვლისა, გახლავთ სულიერ, კულტურულ, რელიგიურ ფასეულობათა საცავი, მაშინ ჩვენ სახელმწიფოს კი არა, ერთ დიდ სავჭრო და საცხოვრებელ კომპლექსს ვაშენებთ, რომლის მკვიდრებისთვის სულაც არ იქნება მთავარი, შეინარჩუნებენ თუ არა ეროვნულ სახეს და თვითმყოფადობას.
დღეს ამ მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაციის საძირკველზე აშენებული ქართული სახელმწიფოებრიობის დემონტაჟი მიმდინარეობს ისე, როგორც მიმდინარეობს საერთოდ ზოგადქრისტიანული კულტურის დემონტაჟი და ამ კულტურის ფსევდოკულტურით და ფსევდოღირებულებებით ჩანაცვლება.
***
საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, თავის ხელისუფლებიან-ოპოზიციიანად, მართლაც რომ მოქმედებდეს ჭეშმარიტად ქრისტიანული ღირებულებებით, მაშინ ბევრი პრობლემატური საკითხი, რომლებზეც მწვავე დისკუსიები და დებატები იმართება ხოლმე, თავისთავად მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხებზე მართლმადიდებლობას გააჩნია ზუსტად ჩამოყალიბებული ფორმულირებები, რომლებიც, წესით და რიგით, საერთო უნდა იყოს მართლმადიდებელი ხელისუფლებისათვის და მართლმადიდებელი ოპოზიცონერებისთვისაც.
ის ერთადერთი საერთო ღირებულება, რომელიც არ ექვემდებარება კორექტირებას და რევიზიას და რომელიც ქართულ სინამდვილეში უნდა აერთიანებდეს ყველას _ ცენტრისტსაც და მემარცხენესაც, რადიკალსაც და მემარჯვენესაც, კონსერვატორსაც და სოციალისტსაც, არის მართლმადიდებლობა.
ქართული რეალობისთვის სხვა საერთო და გამაერთიანებელი ძალა, გარდა მართლმადიდებლობისა, გარდა ეკლესიისა, არ არსებობს.
ეკლესიაა ცენტრი, ეკლესიაა ორიენტირთა მთავარი განმსაზღვრელი, ხელისუფალთა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეთა ცხოვრების საერთო წესის დამდგენი.
ასე იყო დასაბამიდან, ასე უნდა იყოს დღესაც: ქართული სახელმწიფო ქართული ეკლესიის გარშემო უნდა შენდებოდეს.

***
არ მეგულება მსოფლიოში სხვა ერი, რომელსაც ქრისტიანობისთვის წამებული ამდენი მეფე-წმინდანი ჰყავდეს.
ქართველი მეფეები ერის ხსოვნას შემორჩნენ არა მხოლოდ მოგებული ომებით, არამედ, პირველყოვლისა, ღვთისმოსაობით, თავმდაბლობით, მოყვასისადმი სიყვარულით, მიმტევებლობით, შემწყნარებლობით, სამართლიანობით.
აღმაშენებელმა უკან დასახევი გზა ჩახერგაო, - ვთქვით ზემოთ.
ჩახერგილი გზები გაიხსნა და ქართველები თავქუდმოგლეჯილნი გარბიან საკუთარი სამშობლოდან, ანუ ბრძოლის ველიდან.
საერთო პასუხისმგებლობის გრძნობა სამშობლოს წინაშე ეგოიზმმა შეცვალა.
საქართველოდან ქართველთა დიდი გაქცევის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ქართველები გუმანით გრძნობენ, რომ ეს არ არის მათი სახელმწიფო, ხოლო, როცა ამას ხვდები, მოვალეობის და პასუხისმგებლობის ტვირთი გეხსნება მხრებიდან და გაქცევა გიადვილდება.
გაქცეულთა უკან დასაბრუნებელი გზაც ეკლესიაზე გადის და მადლით გასხივოსნებული ის გზაც, რომელმაც მომავლისკენ უნდა წაგვიყვანოს.
***
წარსული გვასწავლის, აწმყო კი გვცდის…
მასწავლებელი და ცოდნის მომცემი წარსულია, აწმყო _ მკაცრი გამომცდელი.
ჩვენ დღეს ნაკლებად ვიხედებით უკან, არადა, უკან გახედვა ორი ნაბიჯით წინ გახედვაა.
არ არსებობს ახალი სახელმწიფოებრივი იდეალები, რადგან „არაფერია ახალი მზისქვეშეთში“.
არ არსებობს ახალი ქართული იდეა ახალი რედაქციითა და ვარიაციებით. ის ისევე უცვლელი და მარადიულია, როგორც მზე და როგორც ჟამი…
რამდენი პოლიტიკური და რელიგიურ-სეპარატისტული „რესპუბლიკაა“ საქართველოში?
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და ხელყოფა, რა თქმა უნდა, დიდი დანაშაულია, მაგრამ განა ნაკლები დანაშაულია ქვეყნის სულიერი მთლიანობის რღვევა და ხელყოფა?
სულებზე მონადირე ქურდბაცაცები მოედვნენ მთელ საქართველოს და მოსვენებას არ გვაძლევენ.
აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმზე ვლაპარაკობთ აღშფოთებით და ამ დროს „მშობლიური“, „ჩვენებური“ სეპარატისტი ქართველები გვავიწყდება იეღოველების, ორმოცდაათიანელების, ბაპტისტების, მუნისტების და სხვათა და სხვათა სახელით ჩუმად და მშვიდად რომ ანგრევენ საქართველოს.
მიტაცებულ მიწებს ადრე თუ გვიან დავიბრუნებთ, მაგრამ დავიბრუნებთ კი ოდესმე მიტაცებულ სულებს?
საქართველოში დღეს ოფიციალურად არსებული ორი სეპარატისტული „რესპუბლიკის“ გარდა კიდევ რამდენიმე სეპარატისტული „რესპუბლიკა“ არსებობს _ იეღოველთა, ბაპტისტთა, ორმოცდაათიანელთა, მუნისტთა და ა. შ.
დიახ, ესენი ნამდვილად ავტონომიური (სეპარატისტული) რესპუბლიკებია თავისი ავტონომიური ბიუჯეტით, მმართველობის დამოუკიდებელი სტრუქტურით, თავისი შიდა „კონსტიტუციით“, თავისი ადმინისტრაციული ცენტრებით და რეგიონული ოფისებით.
ვინ დამაჯერებს, რომ, ვთქვათ და, „იეღოველთა ავტონომიური რესპუბლიკა“, რომელსაც უზარმაზარი დაფინანსება და მხარდაჭერა აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, ნაკლებ სახიფათოა საქართველოსთვის, ვიდრე „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“, რომელმაც, რაც უნდა მოინდომოს, ქურთას და ერედვს ვერ გადმოსცდენია, ხოლო იეღოველთა ავტონომია მთელ საქართველოშია განფენილი და რელიგიური თავისუფლების მანდატით აღჭურვილს და დაცულს, თამამად შეუძლია მიუკაკუნოს ნებისმიერი ქართველისა კარს თბილისშიც და მცხეთაშიც, თელავშიც და ჩხოროწყუშიც.
„სამხრეთ ოსეთის“ „იურისდიქცია“ საზღვრად მონიშნულ რომელიღაც ღელესთან თუ ბუჩქთან მთავრდება, იეღოველთა „იურისდიქცია“ მთელ საქართველოზე ვრცელდება და მთელი სახელმწიფოს მასშტაბით ყველგან მიუწვდება ხელი.
მარიამ ცაცანაშვილის წიგნში „სახელმწიფო და რელიგია“ ვკითხულობთ: „იეღოველთა იდეოლოგია, ძირითადად, მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების უარყოფისკენ: არ მონაწილეობენ ხელისუფლების ორგანოთა არჩევნებში, თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად „იეღოვას მოწმეები“ უარყოფენ, აგრეთვე, ეკლესიას და მის ინსტიტუტებსაც. გაერთიანება მკაცრი სუბორდინაციით გამოირჩევა და ხელმძღვანელ პირთა შესახებ ინფორმაციები კონფიდენციალურია“.
ამის შემდეგ კიდევ იტყვის ვინმე, რომ იეღოველთა ავტონომიური რესპუბლიკა არ არსებობს?
არსებობს და თანაც ისე, რომ „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელ პირთა ვინაობასაც არ გვიმხელენ.
ნებისმიერი სახელმწიფოს ელჩი თუ კონსული მანამდე ვერ დაიწყებს ამა თუ იმ ქვეყანში მოღვაწეობას, სანამ ამ ქვეყნის ხელისუფლებას რწმუნებულების სიგელს არ წარუდგენს _ იეღოველებზე, როგორც „რელგიურ“(!) ორგანიზაციაზე, ეს არ ვრცელდება, მათი ხელმძღვანელი პირები გასაიდუმლოებულია და ეს პირები შეიძლება იყვნენ, ვინც გნებავთ _ სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები, კერძო ორგანიზაციების აგენტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც შეთავსებით მუშაობენ უცხო ქვეყნების საიდუმლო სამსახურებში და ა. შ.
კი, მაგრამ, თუ ამგვარი ტიპის დახურული ორგანიზაცია რელიგიური ორგანიზაციაა, ჯაშუშურ-დივერსიული ორგანიზაცია სხვა რაღაა?
თუ ასეთი ორგანიზაცია სეპარატისტული არ არის, სეპარატიზმი სხვას რას ჰქვია, ნეტავ?
მეხუთე კოლონას ვეძებთ ხან სად და ხან სად - არადა, ასეთი ორგანიზაციები რით არ არის ნამდვილი მეხუტე კოლონები, უხვად დაფინანსებული, ერთ მძლავრ სტრუქტურად შეკრული, სახელმეიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული, ეკლესიის უარმყოფელი, ქართველთყლაპია ურჩხული თავისი უამრავი საცეცით და სატყუარათი.
რამდენი ასეთი მეხუთე კოლონაა საქართველოში და რამდენი ქართველია მასში გაერთიანებული და საკუთარი სამშობლოს მოსაოხრებლად და მოსასპობად შემართული?
ბარემ ისიც ვიკითხოთ - რით არის ასეთი ქართველი ოს თუ აფხაზ სეპარატისტზე ნაკლები მტერი საქართველოსთვის?
დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, აფხაზთანაც და ოსთანაც აუცილებლად გამოვძებნით საერთო ენას, მაგრამ ეს ქართველი მანამ არ მოისვენებს, მანამ არ მოეშვება საქართველოს, სანამ საბოლოოდ არ დაანგრევს მას, რადგან სხვა, უკან დასახევი გზა არა აქვს და, რაც მთავარია, არა აქვს სამშობლო, სადაც შეეძლება დაბრუნდეს - სამშობლო თავად მას შემოეხარჯა და შემოეფლანგა.
აი, ეს, ეს ღმერთგამწყრალი ქართველი, რაღაცით ჰგავს გასული საუკუნის ოციანი წლების აქტივისტ კომკავშირელს, ზარებს რომ ხსნიდა სამრეკლოებიდან და ხატებზე ფეხს რომ ადგამდა, თუმცა რაღა ჰგავს _ ეს ზუსტად ის კომკავშირელია, ოღონდ სახელი ჰქვია სხვა და სხვა ბანგით არის გამოთაყვანებული.
კომუნიზმსა და გლობალიზმს შორის არსებითი განსხვავება არ არის. ერთიც და მეორეც სხვა არაფერია, თუ არა კაცობრიობის ისტორიას უკურნებელ სენად ადევნებული მანიაკალური სწრაფვა მსოფლიოს ბატონობაზე, მსოფლიოს კონტროლზე, ამის მისაღწევად კი საჭიროა, ერებს და სახელმწიფოებს მოუშალო სულიერი ღირებულებები, ეროვნულ-კულტურული ფასეულობები.
პროცესი, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, ეს არის კულტურათა ასიმილაციის, ეროვნული თვითმყოფადობის მოშლის, ქვეყნის ეკონომიკური სიმძლავრეების გაპარტახების გზით მიზანში ამოღებული სახელმწიფოების ანექსია და გლობალური იმპერიის ნაწილად და დანამატად ქცევა.
ის, რაც ადრეულ საუკუნეებში კეთდებოდა უხეში, ძალისმიერი მეთოდებით, ომებითა და ლაშქრობებით, დღეს კეთდება ჩუმად, უხმაუროდ, პროფესიონალი ეკონომიკური მკვლელების მეშვეობით, საყოველთაო კეთილდღეობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანთა უფლებების დაცვის მოტივით. ამ მიზნის განსახორციელებლად კი, მრავალ სხვა საშუალებებთან ერთად, რელიგიური სექტები ფრიად ეფექტური და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
რელიგიური სექტები - ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადასხმული იდეოლოგიური დესანტი, რომელიც წარმატებით ასრულებს დავალებას - ანგრევს, შლის, რყვნის, ეჭვს თესავს და სამოქმედო ასპარეზს უთავისუფლებს დამკვეთს მთავარი შეტევის წინ…

***
2007 წლის საშობაო ეპისტოლეში კათოლიკოს-პატრიარქი თითქოს აგრძელებს თვრამეტი წლის წინათ 9 აპრილის რიბირაბოზე წარმოთქმული სიტყვების შინაარსს და კვლავ არჩევანზე ლაპარაკობს: „ბეთლემში შობილი ყრმისკენ მიმავალი გზა ხსნილია ყველასთვის, ერთნი ცოდნისა და ინტელექტის, ანუ მოგვთა გზით მიდიან; სხვანი განსაცდელის და მწუხარების ბილიკს მიუყვებიან, მესამენი, მწყემსთა მსგავსად, თავმდაბლობით და ლოცვით მიემართებიან. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გზებიც.
საზოგადოების ნაწილი კი საპირისპირო მიმართულებით მიდის და ბნელეთისკენ მიექანება, თუმცა ამას თავიდან თითქმის არავინ აცნობიერებს, რადგან ეშმაკი ათასგვარი საცთურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს“.
მე მეჩვენება, რომ ოთხმოცდაცხრა წლის 9 აპრილს მტკიცედ ნათქვამი „არა“-ს შემდეგ არა მარტო საზოგადოების ნაწილი, არამედ, საერთოდ, მთელი ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მიდის, მიდის იქითკენ, სადაც არ არის სინათლე, არ არის სიყვარული, არ არის თანაგრძნობა.
ამ ხნის განმავლობაში ვერა და ვერ მოხერხდა საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ქვეყნის შემობრუნება. იმ დროს აღებული ინერცია ისეთი მძლავრი აღმოჩნდა, რომ ვერ ვჩერდებით და ნგრევის ექსტაზს ვერ ვიოკებთ. სიბნელისკენ და უფსკრულისკენ კი არ მივექანებით, უკვე იქ ვართ. 
ასე მგონია, იმ ერთმა „არა“-მ გადაწყვიტა ყველაფერი, იმ ერთმა „არა“-მ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც დღეს ვიმყოფებით…
რელიგიურ სექტებზე ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ არაფერი გვითქვამს პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, სექტებია და თავიანთი მუშაობის პრინციპებით დიდად არაფრით განსხვავდებიან „იეღოველთა“, „ბაპტისტთა“, „ორმოცდაათიანელთა“ თუ „სუბოტნიკთა“ სექტებისგან.
საქართველოში ორასამდე პოლიტიკური ორგანიზაციაა, მაგრამ ეს ორასი განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმა კი არა, ორასი ამბიციაა, ორასი „ავტონომიაა“, თავისი ბელადებით.
ისინიც, რელიგიური სექტების მსგავსად, ადამიანთა სულებზე ნადირობენ…

ვახტანგ ხარჩილავა

,,საერთო გაზეთი"