ვახტანგ ხარჩილავა: რა მაგრამ, თქვე უსინდისოებო, რა მაგრამ?!

ვახტანგ ხარჩილავა: რა მაგრამ, თქვე უსინდისოებო, რა მაგრამ?!




ერი, რომელსაც თავისი რჩეული შვილების დაცვა და გამოქომაგება არ შეუძლია, ერი არ არის.
ერს, რომელსაც ეროვნული ღირსების გრძნობა არ გააჩნია, ყოველთვის შეუგინებენ თავის ღირსეულ შვილებს ვიგინდარები და როცა საკადრის პასუხს ვერ მიიღებენ, იგივეს გაიმეორებენ მეორედ, მეასედ, მეთასედ და ასე დაუსრულებლად, სანამ ერს სულიერად არ დააბეჩავებენ და არ დააჩაჩანაკებენ.
მტერმა იცის, მთელი ერის განადგურება და მოკვლა ერთად, ერთბაშად, შეუძლებელია, ამიტომ ის თითო-თითოდ უნდა მოკლა, მისი ყველაზე საუკეთესო შვილები ცალ-ცალკე უნდა გამოუკლა, რომ ამით დაასუსტო, დააძაბუნო, არასრულყოფილების კომპლექსით დაასნეულო, მერე კი ცხვრის ფარასავით გაირეკო წინ.
საუკუნეებია, საქართველოს სწორედ ასეთი მეთოდით კლავენ.
განსაკუთრებით საბედისწერო XX საუკუნე აღმოჩნდა - საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე მოკლეს, საუკუნის დასასრულს - ზვიად გამსახურდია, ხოლო ამ ორი მკვლელობის შუალედში უამრავი ქართველი მამულიშვილი, უამრავი ღირსეული ქართველი გამოასალმეს სიცოცხლეს.
თუმცა, სანამ ტყვიას დაახლიდნენ შუბლში, ამ ადამიანებს ჯერ მორალურად კლავდნენ, შეურაცხყოფდნენ, აკნინებდნენ, ამცირებდნენ, რომ საზოგადოებას ნაკლებ მტკივნეულად მიეღო სინათლისა და შარავანდისგან განძარცულის სიკვდილი.
XX საუკუნის დასაწყისის ქართული პრესა რომ ნახოთ, როგორ მიწასთან ასწორებენ ილია ჭავჭავაძეს, როგორ სვრიან ლაფსა და ტალახში, როგორი ეპითეტებით ამკობენ, შეგრცხვება, ქართველი რომ ხარ და იმ ქვეყანაში რომ დაიბადე, სადაც მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს.
იგივე მეორდება XX საუკუნის 90-იან წლებში, ახლა უკვე ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ.
80 წელი აშორებს ერთმანეთისგან ამ ორ ამბავს, მაგრამ იმდენად ერთნაირი შინაარსის ტექსტებია, ერთი და იგივე ადამიანების დაწერილი გეგონება.
ნამდვილი ცივსისხლიანი მკვლელები არიან, სიტყვით მკვლელები, რომლებიც ტყვიისთვის გამეტებულ მსხვერპლს წინასწარ თხუპნიან კუპრით და ტალახით.
რაღაც უცნაურ, სატანისტურ რიტუალს ჰგავს ეს ყველაფერი, მიზანში ამოღებულ მსხვერპლს წრეში რომ მოაქცევენ და ჭინკებივით და მაზაკვალებივით რომ უვლიან გარშემო.
შემზარავი, შემაძრწუნებელი სანახაობაა.
სიტყვით მკვლელებითაა გატენილი ჩვენი ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებები, ე.წ. არასამთავრონო ორგანიზაციები თუ ე.წ. ექსპერტ-ანალიტიკოსთა კონტინგენტი.
თითქოს ქვესკნელიდან ამოყარა უჩინარმა ძალამ ბოროტი ადამიანების მთელი ლაშქარი და სხვადასხვა სეგმენტებში გადაანაწილა.
საოცარი ის არის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ეშმაკის საქმეს აკეთებენ, დროთა განმავლობაში გარეგნულად თვითონაც ეშმაკს ემსგავსებიან.
რამდენიმე მამრობითი და მდედრობითი სქესის ჟურნალისტი ვიცი, შეხედავ და გამოხოხებული ეშმაკია, თავზე რქებიღა აკლია, თორემ სხვა მხრივ ყველაფრით ეშმაკია, თუმცა, თუ კარგად დააკვირდები, შეიძლება ეს რქებიც დალანდო.
ეშმაკების შემოსევაა საქართველოში და არავინ ჩანს, არული კუდიანებსო, დასჭექოს და ესენი აქედან გაყაროს.

***
„საერთო გაზეთის“ წინა ნომერში ბიძინა ივანიშვილს ეროვნული გმირი ვუწოდეთ და დაგვესია ეშმაკების ბანდა _ როგორ გაბედეთ და ივანიშვილს ეროვნული გმირი როგორ უწოდეთო.
ივანიშვილის მხარდამჭერი სხვა წერილების გამოქვეყნების დროსაც იგივე ხდება _ მამრობითი თუ მდედრობითი სქესის ნაცი ეშმაკები უშვერი სიტყვებით გვლანძღავენ და დედას გვაგინებენ.
ნაცები გვაგინებენ, „ქართული ოცნება“ დუმს!
„ქართული ოცნება“ ახლა კი არ დადუმდა, ის დუმდა მაშინაც, როცა ბიძინა ივანიშვილი მათი ოფიციალური ლიდერი იყო და ყველა სიკეთე, რაც ჰქონდათ, ივანიშვილისგან ჰქონდათ.
სხვა თემაა ეს და ამ თემაზე სხვა დროს აუცილებლად ვილაპარაკებ, ახლა კი იმის თქმას დავჯერდები, რომ დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო, დუმილი ზოგჯერ დანაშაულია…
იმას ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილს ეროვნული გმირი ვუწოდეთ და, ლამის არის, ჯვარს გვაცვან.
არადა, ტყუილი არ გვითქვამს _ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ამ კაცს საქართველოსთვის აქვს გაკეთებული, ის ნამდვილი გმირია და საქართველოს ისტორიაშიც გმირის სახელით შევა, მაგრამ, აბა, შეხედეთ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ტელევიზიებს, შეიჭვრიტეთ სოციალურ ქსელებში _ ლანძღვა-გინების რა ნიაღვარი მოდის მისი მისამართით, ლაფისა და ტალახის როგორი შავი მდინარე მოედინება. და როცა ვიღაც გაბედავს და იტყვის, რომ უსამართლოდ ვექცევით ამ ადამიანს, რომ ეს უმადურობაა, უმადურობა, ყველაზე სულმდაბლური და სათაკილო თვისება ადამიანის ბევრ უკეთურ თვისებათა შორის, ამის მთქმელს იმ წამსვე ჩაქოლვას დაუპირებენ და ამას ხაზგასმული სისასტიკით და დაუნდობლობით აკეთებენ, რომ სხვამ იგივეს თქმა არ გაბედოს.
გამაოგნებელი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული ხალისით და ენთუზიაზმით ის ადამიანები აგინებენ, რომლებისთვისაც მას ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული.
- ცოლი ბიძინამ გადამირჩინა, მაგრამ… - იტყვის ერთი.
- შვილი ბიძინამ გადამირჩინა, მაგრამ… - ამბობს მეორე.
- ძმა ბიძინამ გადამირჩინა, მაგრამ… - აცხადებს მესამე.
- მე ბიძინამ გადამარჩინა, მაგრამ… - დააყოლებს მეოთხე.
რა მაგრამ, თქვე უსინდისოებო, რა მაგრამ, ცოლი თუ გადაგირჩინა, შვილი თუ გადაგირჩინა, ძმა თუ გადაგირჩინა, შენ თუ გადაგარჩინა, ეს „მაგრამ“ რა შუაშია?
იმ შუაშია, რომ მეო, იმდენად წესიერი ადამიანი ვარ, დემოკრატიულ ღირებულებებს ვერ ვუღალატებო, პროდასავლური ორიენტაციას ვერ გადავუხვევო, _ მიამიტურად აფახულებს თვალებს ფარისეველი.
იმდენი თქვენ რა გითხარით, რაც თქვენ დემოკრატია და დასავლეთი საერთოდ ფეხებზე არ გეკიდოთ, თქვე მართლა თვალთმაქცებო.
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი კარგად ორგანიზებული და უხვად დაფინანსებული კამპანიაა, რომლის მიზანია, არა მარტო სახელი გაუტეხოს ბიძინა ივანიშვილს, არამედ დააკომპლექსოს, დათრგუნოს და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს იმ მრავალრიცხოვან საზოგადოებაზე, რომელიც პატივისცემით და მადლიერების გრძნობით არის განმსჭვალული მის მიმართ.
ვიცი, რომ არსებობს ტერმინი პიროვნების პოლიტიკური დევნა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ არ ვიცი, რომელი სამართლებრივი მუხლი უნდა ამოქმედდეს მაშინ, როცა მთელ საზოგადოებას დევნიან და ავიწროებენ პოლიტიკური ნიშნით, დევნიან და ავიწროებენ ვიღაცის მიმართ სიმპათიის გამოხატვის გამო, ეძახიან ავადმყოფს, იდიოტს, დებილს, მონას, ყ.ეს, სირს.
შეიხედეთ ერთი სოციალურ ქსელებში და ნახეთ, რა ხდება იქ,
ქალიან-კაციანად ყველა იგინება, ყველა ილანძღება, ყველა იმუქრება, ყველა ბოღმასა და შხამს ანთხევს.
მსგავსი ბილწსიტყვაობა, მსგავსი სიბინძურე წარმოუდგენელია.
ეს ფსკერია, დაცემაა, სრული დეგრადაცია და გადაგვარებაა და ეს ხდება იმ საქართველოში, სადაც „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა“.
თითქოს ვიღაცამ დედაბუდიანად გაგვხრწნა და გაგვრყვნა და ეს ისე დიდოსტატურად გააკეთა, ვერც მივხვდით, რა დაგვმართეს.
- ჩვენ ვერც იმას ვხვდებით, რომ, როცა ერს საუკეთესო შვილებს უგინებენ და ულანძღავენ, ამით მთელ ერს აყენებენ შეურაცხყოფას, მთელ ერს იგდებენ აბუჩად და იქითკენ გიბიძგებენ, რომ აიღო ქვა და შენივე ხელით ჩაქოლო ის, რომელმაც დაგაპურა, როცა გშიოდა, წყალი გამოგიწოდა, როცა გწყუროდა, შეგმოსა, როცა შიშველი იტავ, სიკვდილისაგან გიხსნა, როცა კვდებოდი.
გული მწყდება და რაღაცნაირი უილაჯობის და უიმედობის გრძნობა მიპყრობს, ქართველთა ერთი ნაწილის უმადურობისა და უმეცრების შემზარავ სურათს რომ ვუყურებ.
„მე არასოდეს დამიყვია ჩემი ხალხი ჩემიანებადდა სხვისიანებად“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან რომ მიდიოდა.
ამათ დაყვეს…
ესენი ისე ადვილად გაგიმეტებენ, თვალს არ დაახამხამებენ…
არადა, ის სიკეთეები, რაც ივანიშვილს საქართველოსთვის გაუკეთებია, ყველაზე თანაბრად ნაწილდება, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულებებისა.
- პირადად ჩემთვის რა გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს? - არაფერი! - ხომ ხშირად გსმენიათ ეს ფრაზა.
ამის მთქმელი თვითონ არ თვლის თავის თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ, თორემ ის, რაც ქვეყნისთვის კეთდება, განა შენთვის არ კეთდება და შენ არ გეკუთვნის?

***
…ამ წერილს რომ ვწერ, ჩვენს შორეულ შთამომავლებზე ვფიქრობ, რომლებმაც ასი წლის შემდეგ უნდა იცხოვრონ საქართველოში.
ნეტავ, შეიძლებოდეს მომავლის მოსმენა, მომავლის მიყურადება და იმის გაგება, რას იტყვიან ისინი ჩვენზე ასი წლის შემდეგ და როგორ შეაფასებენ იმ წარსულს, რომელიც მათთვის არის წარსული, თორემ ჩვენთვის აწმყოა.
ადამიანი, სინამდვილეში, მომავლისთვის ცხოვრობს და იქიდან, მომავლიდან უყურებს თავის ნამოქმედარს და ნაღვაწს, რადგან მომავალია პირუთვნელი მსაჯული და მტყუან-მართლის დამდგენი.
ასი წლის შემდეგ, მომავლის საქართველოში, მომავლის ქართველები, როცა გარშემო მიმოიხედავენ და ნახავენ, რომ უამრავ რამეს, რაც წარსულიდან ძვირფას და ფასდაუდებელ მემკვიდრეობად ერგოთ, ბიძინა ივანიშვილის სიკეთის კვალი ატყვია, უდიდესი პატივისცემით განიმსჭვალებიან მის მიმართ. ის ყველას ეყვარება, მათ შორის, იმათ შვილიშვილებს და შვილთაშვილებსაც, რომლებსაც დღეს ბიძინა ივანიშვილი არ უყვართ.
ეს არის ის განაჩენი, რასაც ივანიშვილის მოძულეებს მომავალი გამოუტანს…
ეს არის მთავარი და არა ის, რას ყაყანებენ დღეს "მთავარზე" პატარა კაცუნები.