ვახტანგ ხარჩილავა: სააკაშვილისთვის დრო არ გასულა, მის კალენდარზე 2003 წელია

ვახტანგ ხარჩილავა: სააკაშვილისთვის დრო არ გასულა, მის კალენდარზე 2003 წელია




ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „ქართული ოცნება“ რომ მოიგებს, ამაში ეჭვი, ალბათ, თვით „ნაცმოძრაობასაც“ არ ეპარება, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებზე, რომელთა წარმომადგენლები კი მონაწილეობენ არჩევნებში, მაგრამ წინასწარ იციან, რომ დამარცხებისთვის არიან განწირულნი.
მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ასეთი რეალობაა: „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ იცის, რომ მოიგებს, ოპოზიციამ ასევე წინასწარ იცის, რომ წააგებს.
ამ მოსაზრებას ამტკიცებს და ადასტურებს სოციოლოგიური კვლევებიც, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში უალტერნატივოდ ლიდერობს კახა კალაძე, რომლის რეიტინგი 61%-ს შეადგენს, დანარჩენ 39%-ს პროცენტს ოპოზიციური პარტიები იყოფენ - ნიკა მელია - 26%, გიორგი გახარია - 6% და ა. შ.
თუ რაღაც ზებუნებრივმა ძალებმა სასწაულები არ მოახდინა, არ არსებობს არანაირი შანსი, ოპოზიციის ეს 39% 50 პროცენტად იქცეს და, შესაბამისად, მეორე ტურის აუცილებლობა დადგეს.
შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ კახა კალაძე თბილისში პირველსავე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და, დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება სხვა ქალაქებშიც - „ქართული ოცნების“ კანდიდატები, უმრავლეს შემთხვევაში, პირველ ტურში მიაღწევენ წარმატებას.
ასე რომ, აბსოლუტურად ზუსტი გვგონია ის მოსაზრება, რომელიც წერილის დასაწყისში ვთქვით: „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ იცის, რომ გაიმარჯვებს, ოპოზიციამ, ასევე წინასწარ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს.
კარგია თუ ცუდია ეს ყველაფერი?
ჩემი აზრით, კარგიც არის და ცუდიც, იმავდროულად.
რა თქმა უნდა, კარგია, როცა თავიდანვე იცი, რომ იმარჯვებ, მაგრამ იქვე არსებობს საშიშროება, რომ ამისმა ცოდნამ, შეიძლება, მოგადუნოს, მოტივაცია დაგიკარგოს, ზედმეტად თავდაჯერებული გაგხადოს, შეცდომები დაგაშვებინოს, რითაც აუცილებლად ისარგებლებენ შენი კონკურენტები, რომლებსაც სხვა პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნიათ, გარდა ერთისა _ როგორმე შეცდომებზე გამოგიჭირონ და ეს შეცდომები, თუნდაც უმნიშვნელო, კატასტროფად და ქვეყნის დაქცევად წარმოაჩინონ.
როგორც ჩანს, ეს საშიშროება კარგად აქვს გააზრებული და გაცნობიერებული „ქართულ ოცნებას“, რომელიც, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს და ისე ირჯება, თითქოს წონადი და სერიოზული კონკურენტები ჰყავდეს.
სწორად შერჩეული ტაქტიკა და სტრატეგიაა ეს, რომელიც აუცილებლად „ქართული ოცნების“ ისეთი ღირსეული გამარჯვებით დამთავრდება, რომელიც მცირეოდენი დაეჭვების არავითარ შანსს არ დაუტოვებს თუნდაც ყველაზე ჩასაფრებულ და ჩაკირკიტებულ ოპონენტსაც კი.
სულ სხვა მდგომარეობაა ოპოზიციასთან დაკავშირებით, რომელმაც, როგორც ვთქვით, წინასწარ იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხისთვის არის განწირული, თუმცა ოპოზიციას, ცხადია, დამარცხება კი არა, გამარჯვება უნდა.
მოდით, ზოგადად ოპოზიციაზე საუბარს თავი ვანებოთ და ვილაპარაკოთ კონკრეტულად „ნაცმოძრაობაზე“ და მის მიერ თბილისის მერად წარდგენილ კანდიდატზე ნიკანორ მელიაზე.
„ნაცმოძრაობამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე წააგო ძალადობაზე, აგრესიაზე, დესტრუქციაზე და დაპირისპირებაზე აგებული თავისი უგუნური პოლიტიკის წყალობით, რომლის ავტორი ბატონი სააკაშვილი ბრძანებდა.
ცუდი სტრატეგოსი აღმოჩნდა პატივცემული სააკაშვილი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ 18 წელი გავიდა მას შემდეგ, მაინც ვერ გათავისუფლდა „ვარდების რევოლუციის“ ეიფორული პათოსისგან და დღემდე დაჟინებით ცდილობს, „ვარდების რევოლუცია #2“ მოახდინოს საქართველოში.
სააკაშვილი დღემდე წალენჯიხის ავტობუსში ზის და ვერა და ვერ გადმოვიდა იქიდან.
მისთვის დრო არ გასულა, მის კალენდარზე ახლაც 2003 წელია და ის პოლიტიკურად ახლაც ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენისაც 2003 წელს იყო.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბიჭობის ასაკიდან ვერ გამოდიან და ვერ კაცდებიან.
სააკაშვილი დაუღვინებელი, დაუკაცებელი კაცია, რომელსაც წლების გამოცდილებამ ვერც სიბრძნე შეჰმატა, ვერც სიდინჯე და წინდახედულება, ვერც ლავირების უნარი.
ის დარჩა პროვოკატორად და ავანტურისტად, რომელიც ერთი და იგივე ტექნოლოგიებით, ერთი და იგივე ხერხებით და მეთოდებით ცდილობს წარმატების მიღწევას.
იგივე რიტორიკა, იგივე პიარტექნოლოგიები, ახალი სახეებით შენიღბული იგივე „რუსთავი 2“-ები აწ უკვე გაჭაღარავებული გვარამიებით და ჩასუქებულ-ჩადედლებული გრიგოლიებით და აბსოლუტურად იგივე სინტაქსი: მიაწექით! შეიჭერით! შევარდით! ბლოკირება გაუკეთეთ! დააშინეთ! დაატერორეთ!
თბილისის მერობის მომავალი კანდიდატი ნიკანორ მელიაც მიაწვა, შეიჭრა, შევარდა და… „ნაცმოძრაობიის“ და მელიას რეიტინგიც კატასტროფულად დაბლა დაეშვა.
„ნაცმოძრაობამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების დროს და მის შემდგომ პერიოდში წააგო, წააგო წინასწარ, ვადაზე ადრე და წააგო იმ მოძველებული, ყავლგასული ტაქტიკის და სტრატეგიის გამო, რომელიც მან აირჩია მთავარ სამოქმედო გეგმად.
„ნაცმოძრაობა“ ვერ მიხვდა, რომ მან საქართველოს მოსახლეობა დაღალა მუდმივი ჯანჯღარით, მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლით, ძალის და ძალადობის დემონსტრირებით, მუდმივად არასტაბილური და ფეთქებადსაშიში სიტუაციით.
„ნაცმოძრაობამ“ ვერ შეძლო, ადამიანებისთვის დაევიწყებინა და მშვიდობიანი, ჰუმანური, კაცთმოყვრული პოლიტიკური რიტორიკით გადაეფარა შიშისმომგვრელი ხსოვნა იმ სასტიკი და ულმობელი მმართველობისა, რომელიც კოშმარივით ახსოვს საქართველოს მოსახლეობას.
პირიქით, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც „ნაცმოძრაობა“ თავისი ქმედებებით კიდევ უფრო უმტკიცებდა ეჭვებს ადამიანებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგაც იგივეს გააკეთებდა, რასაც 2003–2011 წლებში აკეთებდა.
ყველაფერი ეს, ერთად შეკრებილი და ერთად თავმოყრილი, სრულ საფუძველს იძლევა, დავასკვნათ, რომ „ნაცმოძრაობა“ ობიექტურ, მიუკერძოებელ არჩევნებში ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას და ვერც მომავალში.
ის პოლიტიკურად გაკოტრებული ძალაა, რომელსაც განვითარების პერსპექტივა არ აქვს.
ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ის იქნებოდა, მომხდარიყო „ნაცმოძრაობის“ სრული დემონტაჟი და ეს თვითონ ამ პარტიას გაეკეთებინა.
ასე ჯობია თავად ამ პარტიისთვისაც, მისი წევრებისთვისაც და ქვეყნისთვისაც.
თუმცა, ვეჭვობ, „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერს, სააკაშვილს, ამის გამბედაობა და წინადხედულება ეყოს.
- ჩვენ რატომ უნდა მოვახდინოთ პარტიის დემონტაჟი? ჩვენ ხომ ყველაზე მრავალრიცხოვანი, ყველაზე მთავარი ოპოზიციური ძალა ვართ? - შემომედავებიან, ალბათ, პატივცემული ნაცები.
კი, არიან, როგორ არა, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რა კოლოსალური თანხები უჯდებათ „ნაცმოძრაობის“ მესვეურებს და მის ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონორებს ამ პარტიისთვის მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის შენარჩუნება.
მილიონებზე კი არა, მილიარდებზე საუბარი, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი შველის და არც არაფერი ეშველება.
„ნაცმოძრაობა“ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულ ავადმყოფს ჰგავს, რომელსაც ჰალუცინაციური ბოდვები აქვს უკვე დაწყებული და რეალობის გრძნობა დაკარგული აქვს.
რამდენ ხანს შეიძლება ეს ავადმყოფი აცოცხლონ მისმა ჭირისუფლებმა ამ ხელოვნურად მიწოდებული „ჟანგბადით“ - მილიონებით და მილიარდებით, ან რა აზრი აქვს ამ სასიკვდილოდ გადადებული ავადმყოფის ამდენ ხანს შენახვას?
***
ამასწინათ გიორგი გაბუნიას „აღსარებას“ ვუსმინე „მთავარზე“, მომღერალ ლელა წურწუმიას საავტორო გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“.
დავიწყოთ იმით, რომ, ჩემდა გასაკვირად, მომღერალი ლელა წურწუმია უფრო მეტად ჰგავს კვალიფიციურ ჟურნალისტს, ვიდრე „მთავარის“ სხვა ჟურნალისტები.
ჰოდა, ამ ჟურნალისტებზე უფრო კვალიფიციურმა მომღერალ-ჟურნალისტმა წურწუმიამ, რომელიც იმ საღამოს შეთავსებით დედაოს როლსაც ასრულებდა, ისეთი გამაოგნებელი „აღსარება“ ჩაიბარა გაბუნიასგან, სახტად დავრჩი.
ბოდიშს ვიხდი, რომ საუბრის სტენოგრაფიულ ჩანაწერს ვერ გაწვდით, მაგრამ, მერწმუნეთ, საუბრის შინაარსი აბსოლუტურად ზუსტად არის გადმოცემული.
ქალბატონმა ლელამ გულისტკივილით აღნიშნა, რომ ქართულ ტელეჟურნალისტიკაში რაღაც ვერ არის წესრიგში, დაიკარგა ურთიერთობის ნორმალური ფორმები, მოიშალა სტანდარტები, საზოგადოება უკმაყოფილოა.
- ჩემო გიორგი, ამ უმძიმეს მდგომარეობას ჟურნალისტიკაში ხომ შენ დაუდე სათავე. ხომ შენ ხარ ის კაცი, რომელმაც ყოველგვარი სტანდარტების ნგრევა დაიწყე. ჭრელაჭრულა პერანგით, შემოტკეცილი შარვლით და ბოტასებით რომ წარსდექი მაყურებლის წინაშე და პოლიტიკური შოუს წაყვანა ასე ჩაცმულმა გაბედე. ცოტაოდენ პასუხისმგებლობას მაინც თუ გრძნობ იმის გამო, რაც დღეს ჟურნალისტიკაში ხდება: - ჰკითხა ლელამ გიორგის.
- ცოტაოდენ პასუხისმგებლობას კი არა, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ… მართლაც მე ვიყავი პირველი, ვინც ასეთი გადაცემების გაკეთება დავიწყე. უხეშობა იყო ჩემი ინსტრუმენტი, რომ ყურადღება მიმექცია და, აქედან გამომდინარე, უხეში და აგრესიული ვიყავი, თუმცა, ვცდილობდი, პიროვნული შეურაცხყოფა არავისთვის მიმეყენებინა. რა მოიტანა ამ უხეშობამ და აგრესიამ? არაფერი, სიძულვილის გარდა. რატომ დავხურე გადაცემა „არჩევანი“? იმიტომ, რომ უკვე არავინ მოდიოდა ჩემთან. საერთოდ არ გვთვლიდნენ ტელევიზიად. არადა, ადრე მოდიოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ახლა არავინ არ მოდის.
კი, მე ვიყავი პირველი, ვინც სტერეოტიპები დავამსხვრიე, მაგრამ ახლა ყველამ იგივეს გაკეთება დაიწყო, რიგითმა ჟურნალისტებმაც კი.
იმდენად განვიცადე ეს ყველაფერი, ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე: მოდი, საერთოდ წავალ ჟურნალისტიკიდან, საერთოდ დავიკარგები და გავქრები ტელეეკრანებიდან-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი ამის გაკეთება. მივხვდი, რომ ამის გაკეთება გაქცევა იქნებოდა.
ძალიან ბევრი რამის გამო მრცხვენია, ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, თითქმის ყველაფერს ვნანობ, გარდა ერთისა - პუტინს რომ შევაგინე, აი, იმ შეგინებას არავითარ შემთხვევაში არ წავიღებ უკან, სხვა ყველაფერს ვნანობ.
ჩვენ ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდები დავწვით და ახლა ამ ხიდების აღდგენა ძნელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ.
მე, მაგალითად, გადავწყვიტე, რომ არასოდეს არ გამოვიყენო უხეში ფრაზები.
ზოგჯერ თავისდაუნებურად მომადგება ეს უხეში სიტყვა ბაგეზე, მაგრამ თავს ვაკონტროლებ და ბაგის იქით არ ვუშვებ.
მომღერალ-ჟურნალისტი წურწუმია თვალცრემლიანი უსმენდა მონანიების ხასიათზე დამდგარი გაბუნიას მონოლოგს, რომელმაც ისე ემოციურად და არტისტულად წარმოთქვა მონოლოგის ტექსტი, რომ მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა მეც კი, გაბუნიას მიმართ საკმაოდ კრიტიკულად და უნდობლად განწყობილ ადამიანს, გამიჭირდა, თუმცა როცა გამახსენდა, რომ ის, რაც გაბუნიამ თქვა, ერთი-ერთში ჯდება ბოლო ხანებში „ნაცმოძრაობის“ მიერ არჩეული რიტორიკის ჩარჩოებში, მივხვდი, რომ „აღსარების“ გულისამაჩუყებელი სცენა დადგმული იყო.
ორი-სამი თვე, ნაციონალები აგრესიული, შემტევი სტილიდან უცებ სათნოების, სიყვარულის, ჰუმანიზმის ენაზე გადმოეწყვნენ და მამა აბრამის ბატკნებად იქცნენ.
შორს ნუ წახვალთ - მარტო ნიკანორ მელიას დააკვირდით - ისეთი დანაზებული და მწყაზარი ხმით ლაპარაკობს, ისე მიამიტურად აფახულებს მაყვლისფერ თვალებს, ისე რომანტიკულად მიგრიხ-მოგრიხავს ერთმანეთში გადახლართულ წარბებს, გეგონება, თავის ცხოვრებაში ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხიო.
ფაქტია, „ნაცმოძრაობა“ ახალი იმიჯის, ახალი ნიღბის მორგებას ცდილობს და ამით აპირებს ქართველი ხალხის ცდუნებას და მოტყუებას.
გიორგი გაბუნიას საჯარო „აღსარება“ და მონანიების რიტუალი „დედაო“ ლელასთან, „ნაცმოძრაობის“ ახალი ტაქტიკის და სტრატეგიის ნაწილია და მეტი არაფერი.
***
იაპონიაში ბინადრობს გარეული თხის ერთი უცნაური ჯიში, სახელად სეროუ.
ამ სეროუს რომ შეხედავ, გარეგნულად ჩვეულებრივი თხაა - თხასავით კიკინებს, თხასავით ბალახეულით იკვებება, თავზეც რქები ადგას თხასავით, მოკლედ რომ ვთქვათ, ტიპიური თხაა, თუმცა ხანგრძლივი კვლევის შედეგად მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სეროუ, სინამდვილეში, თხა კი არა, თხის ტყავში გახვეული მგელია.
ნაციონალებიც სეროუები, ანუ თხის ტყავში გახვეული მგლები არიან.

,,საერთო გაზეთი"