ვახტანგ ხარჩილავა: საქართველოში გიჟების დიქტატურა არ დამყარდება!

ვახტანგ ხარჩილავა: საქართველოში გიჟების დიქტატურა არ დამყარდება!




ყველაზე მეტად, რაც ამ არჩევნებში გამიხარდა, ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 47% აიღო, რითაც არანაირი შანსი არ დაუტოვა შარლ მიშელის „ბიბლიის“ მიმდევრებს რიგგარეშე არჩევნებზე ილაპარაკონ.
ნაცებო და ოპოზიციავ, ჩაიწყვიტეთ ახლა ხმა და 2024 წლამდე არჩევნების თემაზე თქვენი სუსი არ გავიგონო.
ყველაზე მეტად რაც ამ არჩევნებში მეწყინა, ისაა, რომ კახა კალაძემ 45 პროცენტი აიღო, ნიკანორ მელიამ კი _ 34.
მეწყინა იმიტომ კი არა, რომ კალაძის 45%-ია ცოტა, არამედ იმიტომ, რომ მელიას 34%-ია ბევრი.
34%-ი 156 000 ადამიანს ნიშნავს.
მიჭირს იმის დაჯერება, რომ თბილისში 156 000 უმადური ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც არც სიკეთის დანახვა, არც მისთვის, არც მისი და მისი შვილებისა და შვილიშვილების კეთილდღეობისთვის გაწეული შრომის დაფასება შეუძლიათ და მადლობისა და მადლიერების ნაცვლად კვანტის დადება და ზურგში დანის ჩარტყმა ეხერხებათ მხოლოდ.
მწყინს და გული მტკივა იმის გამოც, რომ ამ 156 000 ადამიანს განსჯისა და საღად აზროვნების უნარი აქვს დაკარგული და ჰგონია, რომ შეჭრის, შევარდნის, პროვოკაციების მოწყობის ვიწრო სპეციალობის მქონე მელია უფრო კარგი მერი იქნება, ვიდრე კალაძეა.
უფრო ღრმად თუ ჩავუკვირდებით ამ ამბავს, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ამ 156 000 ადამიანს არც ეს ქალაქი უყვარს, არც ეს ქვეყანა ეხატება გულზე და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და ეგოისტური ინსტინქტებით მოქმედებს.
სულაც არ ვფიქრობ ისე, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს უნდა მისცეს ხმა ყველამ და სხვაგან არ უნდა გაიხედოს, მაგრამ, როცა „ნაცმოძრაობას“ უჭერ მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლელების, სადისტების, მოძალადეების პარტიას უჭერ მხარს, ანუ შენც პოტენციური მკვლელი და მოძალადე ხარ.
ძალიან მკაცრი და მძიმე შეფასებაა ეს, მაგრამ სიმართლეა.
156 000 პოტენციური მკვლელი და მოძალადე ძალიან ბევრია ერთი ქალაქისთვის.
აი, ეს არის დასაფიქრებელი და საგანგაშო, თორემ კახა კალაძე მეორე ტურში რომ აუცილებლად გაიმარჯვებს, ამაში ეჭვი არ მეპარება.
იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყარტაყურტა ოპოზიციური პარტიების მოწოდებაზე, მეორე ტურში ყველამ მხარი მელიას დაუჭიროს, საკადრის პასუხს გასცემს ის ყველაზე მრავალრიცხოვანი „ოპოზიციური გაერთიანება“, რომელსაც ქართველი ხალხის ის ნაწილი ჰქვია, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, რადგან მასში მონაწილე არც ერთი პარტია არ მოსწონს ბოლომდე, მაგრამ თუ დგება კრიტიკული მომენტი, როცა საფრთხე ექმნება სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს, ის ყოველთვის გამოდის ამ ინტერესების დასაცავად.
ამომრჩეველი, რომელმაც ამ არჩევნებზე მოსვლისგან თავი შეიკავა, არავითარ შემთხვევაში არ არის „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, ის საქართველოს ოქროს რეზერვია, საქართველოს ერთგული გვარდიაა, რომელიც პოლიტიკური ორგანიზაციების პარტიულ მიზნებზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს აყენებს.
მჯერა, რომ მეორე ტურში სწორედ ეს გვარდია გამოვა ასპარეზზე და ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური იგივე მნიშვნელობისაა, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები...

***
გიორგი გახარიას მინდა ვკითხო: ბედნიერი ხართ, ბატონო გიორგი, იმ მიღწევით, რასაც თბილისის მერის არჩევნებში მიაღწიეთ?
დიდ სულიერ კმაყოფილებას და შვებას გგვრით ის, რომ თქვენი წყალობით მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა დადგა და ამ მეორე ტურში, ისევ თქვენი წყალობით, ნიკანორ მელია იბრძოლებს გამარჯვებისთვის?
არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის ნიკანორ მელიაა, რომელიც თქვენი კატეგორიული განცხადებით, ციხეში უნდა იჯდეს, თქვენ კი მერის არჩევნებში თქვენი მონაწილეობით, ეს საციხო კაცი მეორე ტურში გაიყვანეთ და მერობისთვის ბრძოლის შანსი მიეცით, რითაც თქვენთვის საძულველი „ნაცმოძრაობის“ საქმე გააკეთეთ.
რას მიაღწიეთ ამით? „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებზე იძიეთ შური, ვინც რაღაცით გაწყენინათ და ამ შურისძიებას იმ ქვეყნის ინტერესებიც გადააყოლეთ, რომელიც, თქვენი მტკიცებით, ძალიან გიყვართ, თურმე.
ესაა ქვეყნის სიყვარული, ბატონო გიორგი?

***
– რას აგიჩემებიათ ეს მეგრელები და მეგრელები? რაც ზუგდიდში მოხდა, განა იგივე არ მოხდა ქუთაისში, ბათუმში, თელავში, თბილისში? _ ასე პასუხობენ მეგრელები მავანთა და მავანთა საყვედურზე _ ანზორ მელიას როგორ მიეცით ხმა მეგრელებმაო?
სხვისი არ ვიცი და მეც ძალიან მიკვირს, რა დაემართა ამ ჩემს ძვირფას და საყვარელ სამეგრელოს, რა დაემართათ ჭკუით, გონებით, გამჭრიახობით გამორჩეულ მეგრელებს, ხან სანდრას რომ უფენენ ია-ვარდებს, ხან _ ანზორ მელიას?
რა სჭირთ ამ ადამიანებს? ვის ჯიბრზე აკეთებენ ამას, ვის ებრძვიან? რას ებრძვიან? ვის ექიშპებიან?
კი, ბატონო, ანზორ მელიას, როგორც ექიმს, როგორც ასაკოვან ადამიანს, პატივი უნდა სცე, კოლხური თავაზიანობითა და კრძალვით უნდა მოექცე, მაგრამ, რატომ უნდა გინდოდეს, ეს დროული კაცი, ქალაქის მერად, როცა წინასწარ იცი, რომ ის ამ მოვალეობას ვერ შეასრულებს და იმ უმძიმეს ტვირთს ვერ ასწევს, რასაც ქალაქის მერობა ჰქვია.
ქალაქის მერობა საპატიო მოქალაქეობა ხომ არ ჰგონია ვინმეს, ქალაქის მერობა 24-საათიანი სამუშაო გრაფიკია, რომელიც თავდადებულ შრომას მოითხოვს.
ორ-სამ თვეში, როცა ქალაქში ყველაფერი თავდაყირა დადგება, ხომ მიხვდებით, ზუგდიდელებო, რომ ძალიან მაგრად შეგეშალათ, აი, მერე რას შვრებით, მეგობრებო, ბატონ ანზორს ჩამოალაბორანტებთ და ახალ არჩევნებს მოითხოვთ?
მიკვირს, ნამდვილად მიკვირს, რატომ იბრძვით საკუთარი თავის წინააღმდეგ და ძველ პრობლემებს ახალ პრობლემებს რატომ უმატებთ?
ისიც ძალიან მიკვირს, რატომ არ ისმის ამ დიდი ტრადიციების ქალაქიდან ჭკვიანი, გონიერი, ბრძენი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების ხმა, რომლებიც, ვიცი, მრავლად არიან ზუგდიდში და რატომ ისმის მხოლოდ ანი წითლიძის წიკვინი?
სამეგრელოს ახალი „მთავრინაა“ ეს თავხედი და პროვოკატორი წითლიძე, სიტყვის შებრუნებას რომ ვერ უბედავთ, თუ რაშია საქმე?
სირცხვილია და თავისმოჭრა, რაც დღეს ზუგდიდში ხდება, ყველა ღირსეული ზუგდიდელის შეურაცხყოფაა ეს, მთელი სამეგრელოს შეურაცხყოფაა და რაც უფრო მალე მიხვდებით ამას, ძვირფასო მეგრელებო, მით უფრო კარგი თქვენთვის და მრავალტანჯული სამეგრელოსთვის.

***
ვიღაც-ვიღაცებს ძალიან უნდათ, საქართველო საგიჟეთად აქციონ, ნორმალური ადამიანები განზე გასწიონ და ერს წინ გიჟები, ფსიქოპატები, პროვოკატორები და ავანტურისტები წარუმძღვარონ.
ვიღაც-ვიღაცებს ძალიან უნდათ, საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს რუსთავის ციხეში ავაზაკი და ბოროტმოქმედი კი არა, წმინდანი უზით, რომელიც მტარვალებისგან უნდა დაიხსნა.
არ გამოგივათ ეს, სატანასთან შეკრულო ფარისევლებო და თვალთმაქცებო, არ მოგცემთ იმის უფლებას, საქართველოში გიჟების დიქტატურა დაამყაროთ და ეს ქვეყანა დაღუპოთ.