თორნიკე ზედელაშვილი: კიბერშეტევა აშშ-ის ლაბორატორიაზე, გაკვეთილი საქართველოსთვის

თორნიკე ზედელაშვილი: კიბერშეტევა აშშ-ის ლაბორატორიაზე, გაკვეთილი საქართველოსთვის




თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი):

როგორც მოსალოდნელი იყო, კოვიდ-ვირუსულ პერიოდში საგრძნობლად იმატა კიბერთავდასხმებმა ჯანდაცვის მიმართულებით. ამ მხრივ ყველაზე გამოსარჩევია ფიშინგ-შეტევების სხვადასხვა ფორმები, შეტევები გამოსასყიდის მიზნით. მაგალითად, ჰაკერების ყურადღების ცენტრში მოექცა ამერიკული ლაბორატორია Apex, რომელიც მდებარეობს ნიუ იორკში. ლაბორატორიას ასევე აქვს ფილიალი სამხრეთ ფლორიდაში. Apex ლაბორატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს სახლის პირობებში, შესაძლებელია სრული ანალიზებისა თუ კვლევების ჩატარება და ა.შ. მსგავსი ლაბორატორიები ბოლო დროს საქართველოშიც გაჩნდა.

Apex-მა კოვიდ-ვირუსულ პერიოდში უზრუნველყო ათასობით მოქალაქისა და ექიმის ტესტირება ნიუ იორკში, ასევე სამხრეთ ფლორიდაში.

2020 წლის 25 ივლისს ამ ლაბორატორიაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა - გაქრა გარკვეული ფაილები, დაიბლოკა სისტემები და შეუძლებელი გახდა ბაზასთან კავშირი. იქიდან გამომდინარე, რომ კიბერკრიმინალურმა სამსახურმა ლაბორატორიაში ვერ დაადასტურა კიბერშეტევის ფაქტი და სისტემური წვდომა აღადგინეს ორ დღეში, Apex-მა აღნიშნული ინციდენტი დამალა. თუმცა მალევე აღმოაჩინეს, რომ ჰაკერებმა მოპარული მონაცემები თავიანთ ბლოგებზე ატვირთეს. ინფორმაცია შეიცავდა პაციენტების პირად მონაცემებს, მათ შორის ტესტების შედეგებს, სოციალური დაცვის კოდებს და ტელეფონების ნომრებს.

Apex-ის ლაბორატორიამ 31 დეკემბერს კიბერშეტევებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. ამ განცხადებაზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული კიბერშეტევა მოიცავდა გამოსასყიდის ფორმას ე.წ. ransomware კიბერშეტევას.

განცხადებაში ვკითხულობთ: „2020 წლის 25 ივლისს, Apex-ის ლაბორატორიამ აღმოაჩინა, რომ იგი იყო კიბერშეტევის მსხვერპლი, ლაბორატორიის გარკვეული სისტემები იყო დაშიფრული და მიუწვდომელი“.

ეს არის მოკლე ამონარიდი, სრულ განცხადებაში არ წერია, რომ ლაბორატორიამ ჰაკერებს თანხა გადაუხადა. თუმცა მონაცემების სწრაფი აღდგენა და სისტემასთან წვდომა, ასევე მოპარული მონაცემების ჰაკერული ბლოგებიდან სრულად წაშლა, აჩენს ეჭვს, რომ ჰაკერებსა და ლაბორატორიას შორის გარკვეული გარიგება მოხდა.

ეს შეიძლება იყოს ერთგვარი გაკვეთილი საქართველოსთვის. მსოფლიო მასშტაბით კიბერშეტევების რაოდენობა მასშტაბურ ხასიათს იძენს, ზარალი კი რეკორდულია. საქართველოს ამ მიმართულებით სჭირდება გაძლიერება. ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემები უფრო მეტად დაცული უნდა გავხადოთ.  კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აღსანიშნავია შს მინისტრის განცხადება, რომელიც ყველა დიდ ქალაქში კიბერუსაფრთხოების ბიუროს გახსნას ეხება. ეს საკითხი მისასალმებელი და აუცილებელია.