თურქეთი საქართველოს თავის ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევს?

თურქეთი საქართველოს თავის ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევს?




საქართველოში გავრცელებული ე.წ. დიპლომატიური რიტორიკით, მეზობელი თურქეთი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, თუმცა, რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, ხოლო სახელმწიფოები ყოველთვის იქცევიან საკუთარი ინტერესების შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, მეგობრული ლოიალურობის არც განწყობა აქვთ და არც ინტერესი.
როგორც აღმოჩნდა, თურქულ საინფორმაციო მედიაში, რომელიც ერდოღანის მიერ მკაცრად კონტროლდება თურქეთის ხელისუფლებისადმი მიტანილი დესტრუქციული შტურმის შემდეგ, რის გამოც, სხვათა შორის, 160 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა საპატიმროებში და თურქეთში ტოტალური პოლიტიკური კონტროლის არნახული პრეცედენტი შეიქმნა, კვლავ წამიტივტივდა ძველი ნარატივები დიდი თურანის პროპაგანდისა, კერძოდ, 2055 წლისთვის თურქეთის გავლენის ზონების გაფართოების თაობაზე.
„საერთო გაზეთი“ არაერთხელ წერდა აია-სოფიას მეჩეთად გადაქცევის მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე თურქეთისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ არ დამდგარა დრო თურქეთმა იწვნიოს ამ დიდი მკრეხელობის შედეგი. ამიტომ უფრო და უფრო გაბედულად ცდილობს საზღვრების და გავლენების გაფართოებას.
როგორც დავინახეთ, დიდი იყო თურქეთის როლი ახლახან მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის საომარ კონფლიქტში.
ესეც გახლდათ ერთგვარი სიგნალი.
მას შემდეგ თურქული ტელე და ბეჭდური მედიები აქტიურად საუბრობენ თურქეთის გავლენის სფეროების გაფართოებაზე, წარმოადგენენ რუკებს, სადაც თურქულ ტერიტორიად არაბეთიც კი მოიაზრება და დიდი სიამოვნებით აჟღერებენ ინფორმაციებსა და ვარაუდებს, ხან შეფარულად, ხანაც ღიად, თურქეთის გადაქცევაზე ისლამური კულტურის გამაერთიანებელ ცენტრად.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავითოღლუ თავის წიგნში „სტრატეგიული სიღრმე“ აღწერს თურქეთის ახალ მიმართულებებსა და კონცეპტუალურ გეგმებს. კერძოდ, პანისლამურ-ნეოოსმანურ იდეას, ანუ მუსლიმების გამაერთიანებლის ისტორიულ მიზანს, ხალიფატს, რომელიც მძლავრობდა მე 11 ს-დან მთელ წინა აზიაში და მეორე, პანთურქიზმის იდეას, რომელიც გულისხმობს შუა აზიისა და კასპიის ზღვების ენერგომატარებლების ხელში ჩაგდებას _ არაბეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და, ამასთან ერთად, ვოლგისპირეთის დაპყრობას, მით უფრო, რომ ამ უკანასკნელში ისლამური სარწმუნოების ხალხებიც ცხოვრობენ. ვოლგისპირეთი დასახლებულია, ნაწილობრივ, ყაზახებით, ბაშკირებით, თათრებით, არ დაგვავიწყდეს ყირიმიც, რომელიც სახანო იყო ადრე.
დავითოღლუ ახსენებს მუსლიმანური სარწმუნოების მქონე ჩრდილო კავკასიელ ხალხსაც და თავის ნაშრომში ამ ტერიტორიასაც თურქული გავლენის სფეროდ მოიაზრებს.
სხვათა შორის, საინტერესო ფაქტია, რომ ინფორმაციებს, რომლებიც ამ თემებთან დაკავშირებით თურქულ მედიაში ვრცელდება, აშშ-ის ექსპერტებიც აქტიურად განიხილავენ, ხოლო თურქულ მედიაში ეს განხილვები და მსჯელობა ვრცელდება, როგორც პოზიტიური მოვლენა.
ამის შესახებ საერთოდ არ ლაპარაკობს და არ აინტერესებს ქართულ საინფორმაციო საშუალებებს, მაშინ, როცა ეს საკითხები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუ, როგორც ცნობილია, თურქეთს, იგივე, ჩრდილო კავკასიაზე კონტროლის დამყარება სურს, ეს შეუძლებელი იქნება საქართველოზე კონტროლის გარეშე, რადგან ჩრდილო კავკასიიდან არის შესაძლებელი თურქეთის მისწრაფებების განხორციელება ვოლგისპირეთსა და ცენტრალურ აზიაზე. თურქეთმა საქართველოზე სრული კონტროლი თუ განახორციელა, მას დიდი თურანის იდეის ხორცშესხმაში ვერავინ ვეღარ შეუშლის ხელს, ეს მშვენივრად იცის რუსეთის სახელმწიფომაც…
რაც შეეხება თურქეთის დამოკიდებულებას ცალკე საქართველოს, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოსადმი, გზად ამ დიდი იდეის განხორციელების საქმეში, მათი სტრატეგიით, პირველ რიგის ამოცანაა, საქართველოს ეკონომიკური ექსპანსია, რომელიც უკვე 30 წელიწადია თანმიმდევრულად მიმდინარეობს.
ამას დამატებული ქრისტიანული რელიგიის გავლენების და როლის შესუსტება მეჩეთების მშენებლობის პარალელურად. დღეს საქართველოში უკვე 300-მდე მედრესე და მეჩეთია. მათ შორის, 70 მუსულმანური სალოცავი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშია აშენებული.
თურქეთი, რომელსაც ხელს უწყობს აშშ, ყველანაირი ხერხით ცდილობს, ფინანსურადაც კი, რომ მოხდეს საქართველოში ლიბერალური ტრენდის გაძლიერება-გაფართოება, მოიშალოს ტრადიცია, ოჯახური, ადამიანური ურთიერთობები, საბოლოოდ დაიქცეს და განადგურდეს აქაურობა, მეტი ქართველი გაიხიზნოს ქვეყნიდან, მით უფრო, რომ გაეროც მათთვის სანუგეშო სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს, რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა ერთი მილიონით შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 433 784 მუსულმანური სარწმუნოების მოქალაქე ცხოვრობს.
საინტერესოა ისიც, რომ უცხოურ პრესაში ექსპერტების დიდი ნაწილი საქართველოს ევროპის ნაწილად კი არა, ყოველგვარი ლოგიკის დაცვით, ნეოოსმანური იმპერიის ნაწილად მოიაზრებს და ამას აქვს თავისი მიზეზები. პირველ რიგში, ის, რომ ევროპა-ამერიკა ვერ ახერხებს აქ კონტროლის დამყარებას. ირანი და რუსეთი ორი ძლიერი მოთამაშეა რეგიონში და ძნელია მათ მისწვდე ოკეანის გაღმიდან.
ამასობაში, ათასობით თურქი საქართველოს მოქალაქეობას იღებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით აქტიური იყო 2003–11 წლებში. სააკაშვილმა 2758 თურქს ერთი ხელის დაკვრით საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
აჭარაში და არა მხოლოდ აჭარაში, თბილისშიც, დღეს არსებობს თურქული უბნები, თურქეთის მოქალაქეების ბიზნესებმა სრულად დაიპყრო აჭარის ეკონომიკური სივრცე. თურქები ყიდულობენ შენობებს, იჯარით იღებენ მიწებს. როგორც ცნობილია, თურქეთის სახელმწიფოში მოქმედებს ლიბერალური ეკონომიკური პროგრამები, რომლის მიხედვით, თურქეთის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს ქვეყნის გარეთ ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს, სახელმწიფო უპროცენტო სუბსიდიებით უზრუნველყოფს. თურქეთის მეზობლად კი ყველაზე ხელსაყრელი ნიადაგი ამ მხრივ მხოლოდ საქართველოა. 
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ძალიან მალე საქართველოში აქტიურად დაიწყო მეჩეთების მშენებლობა, რისთვისაც თანხებს არ იშურებს თურქეთის ხელისუფლება. იხსნება მედრესეები. აჭარის მაღალმთიანეთის ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახებიდან თურქეთში მიჰყავთ ახალგაზრდები და მცირეწლოვანი ბავშვებიც ათი წლიდან. მათთვის გამოყოფილია სპეციალური ინტერნატები, აჭმევენ, აძლევენ ტანსაცმელს, ასწავლიან ყურანს, ზრდიან მოლებად. შემდეგ ეს ახალგაზრდები ბრუნდებიან საქართველოში და ხსნიან სამლოცველო სახლებს თურქეთის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით. სამლოცველო სახლების მშენებლობა არა მხოლოდ აჭარაში, გურიაშიც ინტენსიურად მიმდინარეობს. გახსოვთ, ალბათ, ორიოდე წლის წინ ლანჩხუთში მიმდინარე პროცესები და ახლახან ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ბუკნარში მომხდარი ინციდენტი. ეს არის, ჩემი აზრით, პირდაპირი მისიონერული პანთურქიზმის გამოხატულება.
საყურადღებოა საქართველოს მდინარეებზე თურქული ინვესტიციებით მიმდინარე ჰესების მშენებლობაც. ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტების განმახორციელებელ კომპანია „ენკა“-ს („ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთ“, „ენკა რინიუეიბლზ“) უდიდესი კორპორაცია აქვს შექმნილი ჩვენს ქვეყანაში.
დაბოლოს, ჩემი ვარაუდები სიზმრისეულ ილუზიებად რომ არ მოგეჩვენოთ, შეგახსენებთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში 130 მილიონი მუსლიმი თურქი ცხოვრობს, რომელთაც, როგორც ჩვენ „ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო“, ისე აქვთ „დიდი თურანის“ ისტორიული ოცნება.
საინტერესოა, რა გზა რჩება საქართველოს, რომელიც დიდი თურანისკენ მიმავალ თურქეთის გზაზე ერთადერთი მართლმადიდებლური სახელმწიფოა საზღვარგარეთ მყოფი სისხლისმიერი და ძლიერი ლობისტური ჯგუფების გარეშე. მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობლებს ჰყავთ ნათესავები საზღვარგარეთ, ჩვენ _ არა.
ევროპა-ამერიკის იმედად ყოფნაზე კი ჩვენი საქმე ისეა _ „სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძრესო“ და, როგორც საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან და როგორც ლოგიკაც გვკარნახობს, რუსეთის წინააღმდეგ წაქეზებულ თურქეთს გაძლიერებაში ხელს ევროპა-ამერიკა არ შეუშლის, კავკასიაში კი საქართველო ნაფოტივით არის, რომელსაც, როცა უნდათ, მაშინ მოისვრიან კოცონში, ცეცხლის გასაღვივებლად, ან მთლიანად დასაწვავად.

ირანდა კალანდაძე

"საერთო გაზეთი"