თხუთმეტი უშანსო ,,ყარაჩოხელი'' ერთის წინააღმდეგ

თხუთმეტი უშანსო ,,ყარაჩოხელი'' ერთის წინააღმდეგ




წინა კვირის ერთ-ერთ საღამოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში თბილისის მერობის კანდიდატები (სულ 16 სული) სადებატოდ შეიყარნენ თუ შეჰყარეს.  არ აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა.  სანამ კონკრეტულად იმ საცოდაობას შევეხები, რაც ტელევიზორში ვნახე, ერთი შედარება უნდა „მოვახდინო“: ადრე, რამდენიმე წლის წინათ დავით აქუბარდიას თავისი ტელესტუდია („კავკასია“) ჰქონდა სოლოლაკში, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის სარდაფში.  ვინაიდან ამ სარდაფის გვერდით სასადილოსავით ობიექტიც იყო, შორი-ახლოს უამრავი მაწანწალა ძაღლი და კატა ტრიალებდა.  ბატონი აქუ საღამოს გადაცემას რომ დაიწყებდა, სარდაფის კარი ღია იყო, ჰაერი სხვა არსაიდან შემოდიოდა, მოადგებოდნენ ძაღლები და კატები, მიაჩერდებოდნენ მოსაუბრეებს, ზოგი სტუდიაშიც ჩამოდიოდა.  იყო ხოლმე ერთი ამბავი, ოპერატორები ჯოხებით დარბოდნენ კადრს მიღმა.  ჰოდა, ეს ამბავი გამახსენდა, როცა დებატები ვნახე... როგორც ჩანს, ვინც კი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კარი ღია დაინახა, ყველა იქ შეეხეტა პრეტენზიებით, მერობას რა უნდა, ცივ „ბორჯომს“ მე კი ვერ დავლევო? მდივნის მოტ...ვნაზე აღარაფერს ვამბობ, ეგეთი რაღაცები აღარ ხდება, მაგ მხრივ შიშიანობაა ჩამოვარდნილი მთელ მსოფლიოში.  შეიძლება ქალთან ახლოს ჩავლილიც არ იყო, ხელი დაგადოს, 20 წლის წინათ ტრაკზე ხელი მომითათუნაო და ეგრევე გაგაციმბირონ. 
მე არ ვამბობ, თბილისის მერობის სურვილი არავის უნდა გაუჩნდეს, არა, მაგრამ სანამ სურვილი გაგიჩნდება, ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედო და შენი შესაძლებლობები შეაფასო.  
შოუზე ყველა ე. წ.  კანდიდატი მისული იყო კახა კალაძესთან საჩხუბრად და „ქართული ოცნების“ დასაწყევლად.  თუ გადაახვევთ და ამ გადაცემას ხელახლა უყურებთ, აშკარად დარწმუნდებით, რომ წყევლა მართლაც მაწყევარისაა!
ყველამ ჩამოთვალა თავისი თითო დამსახურება, რის გამოც დედაქალაქის მერად უნდა ავირჩიოთ: ერთმა თქვა, ჩემმა პარტიამ რამდენიმე წლის წინ პარლამენტში ინიციატივა შეიტანაო, თუ ამირჩევთ, უფრო მეტს შევიტანთო.  არც პარტია მეცნო, არც კანდიდატი, სად იყო, რას აკეთებდა, საიდან მოვიდა, მერობის სურვილი რანაირად გაუჩნდა, ვერ გეტყვით. 
ბოლო ფოტოზე როა წვეროსანი ახალგაზრდა, შალვა ნათელაშვილის მოწაფე გახლავთ, პირს გააღებს თუ არა, ეგრევე ეტყობა.  ამ ჭუჭულიკას ღირსება (დამსახურება) ის გახლავთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა.  ჰო, სხვათა შორის, თქვენგან განსხვავებით, დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე და ეს მაძლევს საშუალებას, თქვენზე უკეთესად ვმართო დედაქალაქიო.  ასე „ჩამოწერა“ ჯერ ყველა კანდიდატი და შემდეგ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც საბჭოთა პერიოდშია დაბადებული.  ეს ბიჭი პატარა პავლიკაა, მოროზოვი, შინაც საშიშია და გარეთაც, მას ჰყოფნის თავხედობა, ისეთებს წაეჭიმოს, როგორიც კახა კალაძეა.  დარწმუნებული ვარ, „თხა და გიგოც“ არ აქვს წაკითხული, აღარაფერს ვამბობ ჩვენი ქვეყნის ძველ და უახლეს ისტორიაზე.  უბედურება ის არის, თავი გამარჯვებული ჰგონია და კალაძეს „ზემოდან“ ელაპარაკება.  ესეც შალიკოსგან აქვს ნასწავლი!
დანარჩენებზე რა გითხრათ, რა მოგახსენოთ?
თითქმის ყველა კანდიდატმა ჰკითხა კალაძეს, რას აპირებთო? ვერც კი მიხვდნენ (შეიძლება მიხვდნენ კიდევაც), ასეთი უბენლიე შეკითხვებით მოქმედი მერის უპირობო გამარჯვებას ადასტურებენ. 
ალბათ ასეც უნდა იყოს!
ესენი არ არიან კანდიდატები!
ასეთი დუპლეტობა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არ მინახავს.  ქართული პოლიტიკა თითქმის ყოველთვის იყო აქოთებული, მაგრამ ასეთი ფარჩაკი ოპოზიცია არავის ახსოვს, რომლის „გვირგვინიც“ გახლავთ ნიკანორ მელია.  ეს კომიკური ფიგურაა მამამისთან ერთად, დადის და ყველას ლანძღავს, მით უფრო კალაძეს აყენებს შეურაცხყოფას.   ტიპი შარზეა.  თან ესეც გამარჯვებულ პოზაშია, ესეც ზემოდან ელაპარაკება მოქმედ მერს.  სინამდვილეში ერთი ბოღმაში ჩამხრჩვალი და პოლიტიკურად განწირული არსებაა, ე. წ.  დებატებიდან ღნავილით გაიპარა. 
არავითარი დებატები აღარ არის საჭირო, თუ კახა კალაძესთან სურათების გადაღება ვინმეს უნდა, ისედაც შეუძლია, ამდენი დროის დაკარგვა უკვე ნამეტანია!
წარმატებები თბილისის მოქმედ და მომავალ მერს!
სხვათა შორის, ყველაზე რაციონალური და „დალაგებული“ მაინც არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ აღმოჩნდა, რომელმაც კალაძეს ჰკითხა, ქალაქში გარეული ცხოველები რომ დადიან, მაგათ რას უპირებო? 
ახლა კი ბარემ იმათზეც ვთქვათ, ვინ არიან კახა კალაძის უშუალო ე. წ.  კონკურენტები? დიახ, ისინი არიან ე. წ. -ები, რადგან არანაირი შანსი არ გააჩნიათ.  მოდით, მე გვარ-სახელებს ჩამოგითვლით, თუ რამდენიმე გამონაკლისის გარდა რომელიმე რამეს გეუბნებათ, მაშინ შემატყობინეთ:
თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“;
ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
გიორგი ლომია – „პატრიოტთა ალიანსი“;
ანა ბიბილაშვილი – „ლელო“;
მიხეილ ქუმსიშვილი – „ლეიბორისტული პარტია“;
გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“;
თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“;
გიორგი ლაღიძე – „მომავალი საქართველო“;
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“;
ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“;
ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“;
ანა დოლიძე – „ხალხისთვის“;
გიორგი გაჩეჩილაძე – „მწვანეთა პარტია“. 
აბა, კიდევ ერთხელ გადახედეთ პატივცემულ კანდიდატთა სიას, რომელს აქვს შანსი და შესაძლებლობა, მოუგოს კახა კალაძეს და გახდეს ქალაქის თავი? იქნებ ასეთი თამარ კეკენაძე გახლავთ, ე. წ.  „მესამე ძალოსანი“ და „სტრატეგოს აღმაშენებლის“ მიმდევარი, რომელიც ჭიჭე ვაშაძეს „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გამოუნათხოვრებია? მე არ ვიცოდი, ახლა გავიგე. 
იქნებ ბატონ გიორგი ლომიას აქვს რაიმე შანსი, „პატრიოტთა ალიანსმა“ რომ წარმოგვიდგინა? ერთი ესენი არიან კიდე, იმდენი იხტუნეს, პარლამენტში ყველა შევიდა ამათ გარდა.  ამოუჩემებიათ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ჩვენ გვიჭერს, მაგრამ ვინაიდან „ოცნება“ არჩევნებს აყალბებს, 3%-ს ვერ ავცდითო.  
უი, იქნებ „ლელოელმა“ ანა ბიბილაშვილმა აჯობოს კახა კალაძეს? ამ გოგოს მაგარი პროგრამა აქვს... პროგრამა რა, კი არ ჩამოუწერია, უბრალოდ გონებაში აქვს განთავსებული... ისაო, თბილისში რაც მეტ გზებს, ესტაკადებსა და ხიდებს ავაშენებთ, მით მეტი ავტომობილი იქნება, ეს კი ძალიან ცუდიაო.  
რა ვქნა ახლა, ყველას ღირსებას შევეხო და ყველას დამსახურება ჩამოვთვალო? აქ ზოგი ისეთია, ყოველ არჩევნებში რომ იღებს მონაწილეობას და ეს პროცესი უკვე პროფესიად გადაიქცია.  ახლა სამი წელიწადი არჩევნები რომ აღარ იქნება, მამუკა ტუსკაძის პარტიას, გიორგი ლაღიძეს, ანა დოლიძეს და ეგეთებს რა ეშველებათ? ალბათ ყველაზე მეტად მათ აწყობთ რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე.  სხვათა შორის, იყო დრო, როცა ანა დოლიძე უფრო „დასტოინი“ ადამიანი მეგონა, არ ყოფილა ასე, უკვე კაბიან მიხეილ-გელა სალუაშვილად გადაიქცა (ღმერთმა გაანათლოს მისი სული, იყო ასეთი პიროვნება, დამოუკიდებელ საქართველოში არც ერთი არჩევნები არ გაუმაზავს).  თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ცხონებული სალუაშვილი ამდენ სისულელეს არ ლაპარაკობდა. 
მიკვირს, ამ ზაზა ხატიაშვილს და „მწვანე გიას“ რაღა დაემართათ, ხომ იციან, რომ მათი ფაფხური ამაოა? ალბათ იციან და მეც ეგ მაინტერესებს, რა რჯით, რას ცდილობენ? 
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, თბილისის მოქმედი მერი კვლავ გააგრძელებს მუშაობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში (არ გამოვრიცხავ, შემდგომი 4 წელიწადიც იყოს) და ბევრ სიკეთესაც ჩაუყრის საფუძველს.  წარმატებები კახა კალაძეს!
იმ ადამიანებსაც ვუსურვებ წარმატებებს, თბილისის მერობა რომ მოეპრიანათ და შანსი არ აქვთ, წარმატებები თავიანთ საქმიანობაში – ზოგს ბოსტანში, ზოგს ვენახში, ზოგს ბაღში, ზოგს იმაში, ზოგს ამაში, სამშობლო რომ გიყვარდეს და მისი პრობლემები გაწუხებდეს, თბილისის მერობა სულაც არ არის საჭირო.  მთავარია, ცხოვრებაში გზააბნეულმა არ იბოდიალო და ის არ მოინდომო, რისი შანსიც არ გაქვს. 
გასაგებია?!

P. s.  ვინც კალაძის წინააღმდეგ „იბრძვის“, ყველა გახლავთ უშანსო ,,ყარაჩოხელი''!

გელა ზედელაშვილი
,,საერთო გაზეთი''