იგორ კვესელავა: ჩვენთან საჭიროა მოწესრიგებული დემოკრატია

იგორ კვესელავა: ჩვენთან საჭიროა მოწესრიგებული დემოკრატია




„საერთო გაზეთის“ სტუმარია ანალიტიკოსი, ისტორიის 
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორიიგორ კვესელავა:

- ბატონო იგორ, საქართველოს დამოუკიდებლობიდან 30 წელი გავიდა. დღეს, რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება, როგორ შეაფასებთ, 90-იანი წლებიდან დღემდე განვლილ გზას?
- ამ თემაზე საუბარი საბჭოთა კავშირის დაშლიდან - 1990–91 წლებიდან უნდა დავიწყოთ. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ „პერესტროიკა“ არც გორბაჩოვის და არც შევარდნაძის მოგონილია, არამედ ეს პროცესი სტალინის პერიოდიდან იღებს სათავეს. მან, თავდაპირველად, პარტიის როლის შესუსტება დაიწყო. სტალინმა განაცხადა, რომ გადადგა, მაგრამ მისი ძველი გვარდია ამის წინააღმდეგ წავიდა. ამის შემდეგ, კვლავ დადგა საბჭოთა კავშირის რეორგანიზაციის საკითხი. მაშინ, ანდროპოვი და სხვანი ამბობდნენ: საბჭოთა კავშირი უნდა იყოს, მაგრამ განახლებული ფორმით, სადაც ნაკლები რესპუბლიკები იქნებაო. მაგალითად, მათ ამ რესპუბლიკებში მოაზრებული არ ჰქონდათ სომხეთი, ყირგიზეთი და ა.შ. „პერესტროიკა“ საშინაო თუ საგარეო მიზეზების გამო დაჩქარდა. რა როლი ითამაშა ამერიკამ, ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. მოკლედ, გორბაჩოვამდეც მოვედით. ისმის კითხვა: ვინ არის გორბაჩოვი, ვინ არის შევარდნაძე? -  ეს ის ადამიანები გახლავთ, რომლებიც დასავლურ იდეოლოგიასთან, პოლიტიკასთან იყვნენ დაკავშირებულნი. დასავლეთის კარნახით, ზემოხსენებული, პროცესი დაიწყო. აქვე, ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით: მე, მაშინდელი უშიშროების ანალიტიკური სამმართველოს უფროსს გიორგი ფიფიას ვიცნობდი. იგი გენერალი გახლდათ. შევარდნაძე მას ვერ იტანდა, რადგან იგი საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნად მოიაზრებოდა. ფიფია საქართველოში სიგუამ ჩამოიყვანა, შევარდნაძემ კი თავის ჩამოსვლისთანავე, აქედან გააგდო. ანდროპოვს 70-იან წლებშივე ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის პროექტი, რაც სულ სხვაგვარად უნდა წარმართულიყო. მისი პროგნოზით, ეს, დაახლოებით, 2005 წლისთვის უნდა მომხდარიყო. აქვე, იყო პრიმაკოვიც. საბოლოოდ, გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლა, სწორედ, მათ უკავშირდება. სწორედ ამ პერიოდში ერთი მხრივ, ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მეორე მხრივ, შეიარაღებამ, რაც ბოროტების იმპერიის ავტორის რეიგანის მიერ იყო შემოგდებული და მესამე მხრივ, ეროვნულმა მოძრაობამ განაპირობა ის შედეგი, რაც მივიღეთ - საბჭოთა კავშირის უცაბედი დაშლა და დანგრევა, რასაც ბუნებრივია, აშშ ხელმძღვანელობდა. საჭირო იყო ცვლილებები, რაც ამერიკის გარეშე არ ხორციელდებოდა. ყველა დიდი მიტინგი, გნებავთ, 9 აპრილი კონტროლდებოდა როგორც რუსეთის, ისე ამერიკის მხრიდანაც. ზვიად გამსახურდიას ამერიკის კონგრესში მხარს უჭერდნენ. წარმოიდგინეთ, მას, მოსკოვიც, გორბაჩოვიც უჭერდა მხარს. იგი დიდი პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, რომელსაც კავშირი ჰქონდა სოლჟენიცინთან და სახაროვთან. სახაროვმა განაცხადა: საქართველო სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში, იმპერიააო. სახაროვი საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგი არ იყო, არამედ მას ერთიანობის შენარჩუნება უნდოდა. აქ, უკვე, მოდის მოძრაობა, რომელიც სამწუხაროდ, ორ - დასავლურ და აღმოსავლურ ნაწილად გაიყო. სწორედ, ამან წარმოშვა ის დაპირისპირება, რაც საქართველოში მოხდა. შევარდნაძეს, ჩვენს ქვეყანაში, ხელისუფლებაში მოსვლა სურდა. აქვე, ერთ, საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით: 9 აპრილი 1988 წლის ნოემბერში უნდა ყოფილიყო. ეს შევარდნაძის მოწყობილი იყო, რადგან მან, უკვე, იცოდა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. ამიტომ, მისი საბოლოო გზა საქართველოში ჩამოსვლა იყო. როგორც ყველა ცეკას მდივანი, შემდეგ, ისიც პრეზიდენტი გახდა. მის წინააღმდეგ შემდეგი კოზირი მუშაობდა - ჯუმბერ პატიაშვილი ეროვნული, ავტორიტეტული პიროვნება იყო. საჭირო გახდა მისი ჩამოცილება და დისკრედიტაცია. მეორე, ასევე, საჭირო იყო ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაცია, გამსახურდიას ჩამოცილება. მესამე, დასავლეთის მითითებით, მას კომუნისტური პარტიის დისკრედიტაციაც უნდა მოეხდინა. ამას ისახავდა მიზნად 9 აპრილის გეგმა, რაც როგორც აღვნიშნე, 1988 წლის ნოემბერში უნდა განხორციელებულიყო. თქვენ, იცით, რომ ნოემბერში დიდი მიტინგი გაიმართა, მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა და მიზნის მიღწევა 9 აპრილს მოხერხდა. მასში მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი გორბაჩოვი, რომელმაც ტანკების შემოსვლის ბრძანება გასცა. ეს უფლება, მხოლოდ, მას ჰქონდა. ბუნებრივია, ამ ყველაფერში მონაწილეობდა შევარდნაძეც, მას თავისი ინტერესები ჰქონდა. 9 აპრილმა, ერთი მხრივ, კომუნისტური პარტიის და მეორე მხრივ, პატიაშვილის დისკრედიტაცია მოახდინა, მაგრამ ეროვნულ მოძრაობასთან მიმართებაში, ამის გაკეთება ვერ შეძლო მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვები დაიჭირეს. ვფიქრობ, რომ არა 9 აპრილი, ეროვნული მოძრაობა, შეიძლება, ხელისუფლებაში ვერც მოსულიყო. 9 აპრილმა, მას, გზა გაუხსნა. ეროვნული მოძრაობის შეჩერება შეუძლებელი იყო და ხელისუფლებაშიც მოვიდა. ბუნებრივია, მოვლენების ასეთი განვითარება შევარდნაძისთვის მიუღებელი იყო, თუმცა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლას გორბაჩოვი მიესალმებოდა. ეს მოსკოვის გარეშე, ვერც მოხდებოდა. კრემლის, გორბაჩოვის მითითებით, კომუნისტურ პარტიას, არჩევნების დროს, არ უნდა ეაქტიურა. დიახ, არჩევნებში, რომელიც 9 აპრილის მერე ჩატარდა, კომუნისტებს არ უნდა გაემარჯვათ და ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ არ წასულიყვნენ. ეს იყო დასავლეთის და იმ პერიოდის „პერესტროიკის“ ლიდერების პროექტი. ეროვნულ მოძრაობას ამერიკაც მიესალმებოდა. ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდია მოვიდა. ზვიადი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის მატარებელი გახლდათ. იგი რელიგიას და სარწმუნოებას პოლიტიკას უკავშირებდა. ეროვნული საკითხი, აუცილებლად, უნდა იყოს გადაბმული პოლიტიკასთან და რელიგიასთან - ასე მიაჩნდა მას. თუმცა, ეს მიუღებელი იყო, განსაკუთრებით, ინტელიგენციისთვის. მათ სარგებელი უნდა ენახათ, რაც შევარდნაძის მოსვლის პირობებში ექნებოდათ. სხვათა შორის, გამსახურდიას მოსვლას შევარდნაძემაც დაუჭირა მხარი, თუმცა, მისი აზრით, ზვიადს ხელისუფლებიდან წასვლა გადატრიალების გზით მოუწევდა. ასე, რომ ეს გეგმა ჩაფიქრებული იყო - ზვიადი გადატრიალების გზით დაემხოთ იმიტომ, რომ გამსახურდიას დასავლეთი მხარს არ დაუჭერდა. ამ პერიოდში გამოგზავნეს ნიქსონი, რათა მას გამსახურდიას აზრი გაეგო - ანუ, თანახმა იყო თუ არა, რომ მისი მფარველი ამერიკა ყოფილიყო და არა რუსეთი. რა თქმა უნდა, გამსახურდიამ უარი განაცხადა. მას ასეთი მოსაზრება ჰქონდა: არც კაპიტალიზმი, არც სოციალიზმი. ამიტომ, ბუნებრივია, ნიქსონს არ მისცა იმის პირობა, რომ დასავლეთის გზით წავიდოდა. მეორე მხრივ, იგი არც რუსეთს აძლევდა პირობას, რომ იმის გზით ივლიდა. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამერიკისთვისაც და რუსეთისთვისაც, გამსახურდია მიუღებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზი შემდეგი გახლდათ: საქართველოს პრეზიდენტად მოდიოდა პირი, რომელსაც მიესალმებოდა ელცინი, აშშ, ევროპა, ბეიკერი, გენშერი და ა.შ. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში ჩარეული იყო არამარტო შიდა ძალები, არამედ დასავლეთის სახელმწიფოები, ევროპა, აშშ და რუსეთიც. ამიტომ მოხდა გადატრიალება, თორემ, ზვიად გამსახურდია სახალხო პრეზიდენტი გახლდათ. ის მიიჩნევდა, რომ მას ხალხი დაიცავდა. მისი თეზა, ხომ იცით: დაე, მათ ტყვიები გვესროლონ, ჩვენ კი ყვავილები ვესროლოთო. მოგვიანებით, იგი მიხვდა, რომ ეს შეცდომა იყო. სიგუას ჩემთან აქვს ნათქვამი: ზვიადს უნდა დავეპატიმრებინეთ და ყველაფერი დამთავრდებოდაო.
- თქვენ, ახლა, პირველი პრეზიდენტის ხელისუფლების დამხობაზე ისაუბრეთ, რასაც სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება დღემდე არ მისცემია.
- დიახ, საქმეც ამაშია - სამხედო, კრიმინალური გადატრიალება მოხდა და სწორედ აქედან იწყება ჩვენი ქვეყნის უბედურებაც. 30 წელია ვცდილობთ მოსეს გზით ვიაროთ და ამას ვერ მივაღწიეთ. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და დემოკრატიაც მისი შესატყვისი უნდა ჰქონდეს და არა ისეთი როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია. ჩვენთან, საჭიროა მოწესრიგებული დემოკრატია და თავისუფლება. როცა ეს მოწესრიგებული არ არის, მაშინ დემოკრატია არის გზა ქაოსისკენ, რაც მივიღეთ კიდეც და ახლაც გვაქვს. ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ რა გააკეთეს? - ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდა, წინა ხელისუფლების ყველაფერი უარყო და ქვეყნის შენება ნულიდან დაიწყო. ასე მოიქცა ყველა მომდევნო ხელისუფალი. მათ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა არ მიიღეს. ამიტომ, ჩვენ, სახელმწიფოებრიობის განცდა არ გვაქვს. ეს 5 საუკუნის მანძილზე ასეა. დავითის და თამარის შემდეგ საქართველო ერთიანი არ ყოფილა. დგება საკითხი: ვისი სამართალმემკვიდრე იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკა? ხომ არ შეიძლება ცალ-ცალკე სამეფოების - კახეთის ან იმერეთის მემკვიდრე ყოფილიყო? საქართველო გახლავთ სწორედ დავითის და თამარის მემკვიდრე - ანუ, ერთიანი საქართველოსი, სადაც არის სახელმწიფოებრიობის განცდა, მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევინარჩუნეთ. ამის მერე, 5 საუკუნეა სახელმწიფოებრიობის განცდა არ გვაქვს. ეს განცდა გაჩნდა პირველი რესპუბლიკის დროს. თქვენ, იცით, რომ თბილისის აღებისთვის ორჯონიკიძემ ორდენი მიიღო. ოქროს ორდენს აწერია: ორჯონიკიძეს თბილისის აღებისთვის. მსგავსი რამ მსოფლიო პოლიტიკურ სინამდვილეში არ არსებობს. აქვე, ერთი საინტერესო მომენტი: როცა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ერთ _ აგვისტოს ომზე ვამახვილებთ ყურადღებას. სინამდვილეში რუსეთსა და საქართველოს შორის იყო ხუთი ომი, აქედან, ოთხი სახელმწიფო გადატრიალება. პირველი - რუსეთმა ქართლ-კახეთი 1799 წლის დეკემბერში და არა 1801 წელს მიიერთა და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. მეორე - იმერეთს უკავშირდება. 1805–10 წლების ომი, რაც ასევე, სახელმწიფო გადატრიალებით, სოლომონის დატყვევებით დამთავრდა. მესამე - 1820წელს დაწყებული ომი, რომელიც 1824 წელს დამთავრდა. აქაც, გადატრიალება მოხდა - ეროვნული ხელისუფლება გაუშვეს და ბოლშევიკები მოიყვანეს. მეოთხე - ეს გახლავთ ზვიად გამსახურდიას პერიოდი, 1991–93 წლები, რა დროსაც მოხდა აფხაზეთის დაკარგვა და სახელმწიფო გადატრიალება, როცა ზვიადს, უცხო ჯარის დახმარებით, რუსეთუმე ძალები ჩაენაცვლა. მეხუთე - ეს გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომი, მაგრამ აქ, უკვე, გადატრიალება ვერ მოხდა. და აი, ცოტა შორიდან კი მოვუარე, მაგრამ მივედით თქვენი კითვის არსთან - სწორედ სახელმწიფო გადატრიალებასთან, რომლის შეფასება ქართულმა სახელმწიფომ, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ამ მოვლენას არ მივეცით პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება. შედეგად, 30 წელია ერთიდაიმავე მდგომარეობაში ვართ - ერი გახლეჩილია, საქართველოში ერთპარტიული სისტემაა და ა.შ. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას შეფასება თუ არ მიეცა, სხვაგვარად, ეროვნულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. რაც მთავარია, შეფასება არ მიეცა, თავად, გამსახურდიას სიკვდილს. არადა, ფაქტობრივად, საქმე გამოძიებულია. მალე გამოვა ჩემი 1800 გვერდიანი წიგნი, სადაც აღწერილი მაქვს, ეს როგორ მოხდა, ვინ იყო დაინტერესებული და ა.შ. გამსახურდიას დამხობის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება თუ მოხდებოდა, მაშინ აქ, ხალხი უნდა დაეპატიმრებინათ, მათ შორის, შევარდნაძეც. სააკაშვილის დროს, ეს საქმე გამოიძიეს, მაგრამ მერე, აშშ-დან, შევარდნაძის ხელშეუხებლობის შესახებ, ზარი განხორციელდა. რუსეთმა და აშშ-მ მიშას ხელშეუხებლობა მოსთხოვეს. სწორედ ამიტომ, ვერ მოხდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება.
- კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლება დაამხეს, მასთან ერთად დამოუკიდებლობაც, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა - საქართველო შარლ მიშელის დოკუმენტით იმართება, ეს კი ძალიან ჰგავს ანექსიას...
- დიდი მადლობა, ამ შეკითხვისთვის. სამწუხაროდ, მთელი ჩვენი განვლილი ისტორია, მუდმივად, ვიღაცასთან ყოფნაა. რომელი ერთი ჩამოვთვალო _ სპარსული, ირანული, ბიზანტიური, არაბული, მონღოლური, ოსმალური, რუსული, გერმანული თუ იმპერიული. გამსახურდია ამბობდა: ჩვენ, უნდა ვითანამშრომლოთ ყველასთან, მაგრამ ცალსახად, არც რუსეთს მივებათ, არც ამერიკას და არც დასავლეთსო. ცალსახად მიბმა რას ნიშნავს? - ჩვენ, საუკუნეების მანძილზე ბალანსირების პოლიტიკა ავირჩიეთ. აქედან, ყველაზე ცუდი ფორმა - გზა დიდი მფარველის ძებნის. ეს ტრადიცია, პოლიტიკური ქცევის წესი დამკვიდრდა და ისეთ მდგომარეობაში ვართ, თითქოს, მფარველის გარეშე ვერ ვივარგეთ. იქამდე მივედით, რომ ევროპასთან ურთიერთობები დავკარდეთ. ჩვენ, პირდაპირი, მჭიდრო ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობები არ გვაქვს არც გერმანიასთან, არც იტალიასთან, არც ესპანეთთან და არც საფრანგეთთან. ასეთი ურთიერთობა გვაქვს, მხოლოდ, ევროკავშირთან, მაგრამ ვინ არის იგი? - ევროკავშირი არის იგივე გაერთიანება, კონგლომერატი, რაც საბჭოთა კავშირი იყო. საბჭოთა კავშირის მსგავსად, პროცესი დაიძრა - დიდი ბრიტანეთი, უკვე, გამოვიდა ევროკავშირიდან, ასევე, უნგრეთი, საბერძნეთი აყენებენ საკითხს, რომ მათ ბრიუსელიდან კარნახი მობეზრდათ. როგორც ჩვენ, მოსკოვის კარნახი და დიქტატი მოგვბეზრდა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის კონგლომერატი სხვადასხვა პოლიტიკის, ეროვნებისა და სარწმუნოების. ევროპამ ვერ მოასწრო საქართველოს ხელში დაჭერა, რაც ამერიკამ წარმატებით გააკეთა. ჩვენ, ვხედავთ, რომ საქართველო ევროპის თვალსაწიერში არ არის. როგორც კი მისი ევროპის თვალსაწიერში შესვლა დაიწყო და მიშელის დოკუმენტი გაჩნდა, ამერიკაც გააქტიურდა. როგორ შეიძლება, ჩვენ, ევროპის რომელიმე წარმომადგენელს ვეკითხებოდეთ: როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, როგორ უნდა ვმართოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა, არჩევნები და ა.შ. ამას სხვას ვეკითხებით, ევროპა ქართველებს - ამ უზარმაზარი კულტურის ერს, ჭკუას გვარიგებს. ახლა, ვახსენე: როგორც კი ევროპა ამ მიმართულებით გააქტიურდა, აშშ-მ მაშინვე საშიშროება იგრძნო. იმიტომ, რომ თათი საქართველოზე ამერიკას აქვს დადებული. სამხრეთ-კავკასია განაწილებულია, ერთი მხრივ, ამერიკის, მეორე მხრივ, რუსეთის მიერ. ამერიკელები, აქ, ერთი კვირის წინ ჩამოვიდნენ. მათ არ უნდათ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ევროპამ აქ წელი გაიმაგროს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - ჩვენს ქვეყანას თავად უნდა მივხედოთ. ებრაული გამოთქმაა: ის კი არ არის მთავარი, დასავლეთი და აშშ რას იტყვის ისრაელზე, საქმე ისაა, რას იტყვის, თავად ებრაელი ხალხიო. ასევე, უნდა იყოს საქართველოც. ეს არის მთავარი, თორემ, რომელიმე სენატორი, რომელიც ლობისტურ კამპანიაშია ჩართული, რას იტყვის, ეს მნიშვნელოვანი არ არის.
- ევროპა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არაფრად აგდებს და გვეუბნება: თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ მიიღებს, რიგგარეშე არჩევნებს ჩაგიტარებთო. რ დგას ამ დოკუმენტის მიღმა - ისევ ნაცების ხელისუფლებაში მოყვანა სურთ? ეს ხომ ყველაფერზე წამსვლელი, კრიმინალური ძალაა. ეს არის დასავლეთის პარტნიორობა და მეგობრობა?
- ძალიან საინტერესო, ღრმა ანალიტიკური კითხვაა. აქ საქმე შემდეგშია: როცა მიშა მიხვდა, რომ პრეზიდენტად აღარ აირჩევდნენ, გადაწყვიტა, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასულიყო. კონსტიტუციაში ისეთი ცვლილება მომზადდა, რის შედეგადაც საპარლამენტო რესპუბლიკა გავხდით. ეს მას თავისთვის უნდოდა, წასვლას არც აპირებდა. მას ჰქონდა პროექტი 49/51-ზე, რითაც ხელისუფლებას ინარჩუნებდა. მაგრამ მერე, მოხდა კოაბიტაცია, აშშ ჩაერია. მიშას უთხრეს: უნდა წახვიდე, იბრძოლე და ისე მოდი ხელისუფლებაშიო. მანაც დათმო. ეს ამერიკელებმა გაკეთეს. დღეს, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. მაგრამ ეკონომიკურად, სოციალურად, კულტურის დონით რამდენად მზად ვართ საპარლამენტო რესპუბლიკისთვის? საპარლამენტო რესპუბლიკა განვითარებად ქვეყნებში იშვიათია. განვითარებულ ქვეყნებშიც - ისრაელსა და იტალიაში ვხედავთ რა გაწამაწიაა. ეს ადვილი არ არის. ვფიქრობ, მაინც, საპრეზიდენტო რესპუბლიკას უნდა დავუბრუნდეთ, ოღონდ, შუალედური ტიპისას და არა ამერიკულს. ახლა, რა ხდება? - რადგან საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, გვეუბნებიან: კოალიციური მთავრობა უნდა შექმნათო. სამწუხაროდ, აქ, ბრძოლა მიდის 43%-ისთვის და არა საქართველოს განვითარებისთვის. ეს ქვეყნის უბედურებაა. თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ჩემი აზრით, მას ამ პროცენტის აღება გაუჭირდება. მერე რა მოხდება, რა უნდა აშშ-ს, ევროპას? - დიახ, საქართველოში იყოს კოალიციური მთავრობა. ეს არის მიზანი. ვინ იქნება კოალიციაში? - „ქართული ოცნება“, ალბათ, ნაცები და რომელია მესამე ძალა? პატარ-პატარა, ერთკაციანი პარტიები ხმებს ვერ აიღებენ, ისინი ბლოკში უნდა შევიდნენ. ისეთი პოლიტიკური ძალები როგორებიცაა „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ა.შ. ხმებს ვერ აიღებენ. მაგრამ პოლიტიკურ ველზე ახალი ძალა გამოჩნდა. საინტერესოა, ვინ გამოაჩინა, რატომ მოდის, რა იმალება ამის უკან? რატომ წამოვიდა გახარია „ქართული ოცნებიდან“? მას, აქამდე, აქებდნენ და ახლა, აღმოჩნდა რომ მოღალატეა? მის წინააღმდეგ დაიძრნენ მინისტრები და მიდის კაკაფონია. საქართველო პოლიტიკურად კი არ ერთიანდება, იშლება, გახლეჩვის გზას დაადგა. იგივე მეორდება, რაც გამსახურდიას დროს იყო. ზუსტად იგივე სცენარია. ვინ წერს ამ სცენარს, ვინ ახორციელებს და ბოლოსდაბოლოს, საით მივდივართ - ეროვნული სახელმწიფოებრიობისკენ თუ დიქტატისკენ? ადრე, დიქტატი მოსკოვიდან იყო, ახლა, უნდა ველოდოთ ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან. სად ვართ? ასეთი დამოკიდებულება არ არის არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში, არც ბალტიისპირეთში და არც სადმე სხვაგან. ჩვენ, ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ეს ხდება. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პარტიულმა ელიტამ, მმართველობის თვალსაზრისით, უფრო მეტი მოინდომა, ვიდრე მთავრობაა. მან მთავრობის მართვაც მოინდომა. ეს არის კობახიძის გზა. მსოფლიოში არ არსებობს პარტია - ოცნება. ოცნება სულ არის, ეს რაღაცით ხომ უნდა დამთავრდეს, ჩვენ, სულ ხომ არ ვიოცნებებთ? ჩვენ, რა გზას ვირჩევთ - კოალიციურ მთავრობას?
- როგორც აღნიშნეთ, აქ, კოალიციური მთავრობის შექმნა, დასავლეთის სურვილია, მაგრამ ჩვენი სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები ამას როგორ გაუძლებს?
- დიახ, როგორც აღვნიშნე, ეს ვერ მუშაობს ვერც იტალიაში, ვერც ისრაელში. ზემოთაც ვთქვი და ისევ გავიმეორებ: ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ამ დროს, განვითარებული ქვეყნის დემოკრატიას ვეჭიდებით, რაც შეუძლებელია. ჩვენთან, კოალიციური მთავრობა ვერ იარსებებს. პარლამენტი თუ დაიშალა იგივე დაემართება მთავრობასაც და ცოდვა-მადლის ტრიალი იქნება. მაგრამ დასავლეთი სხვა გზას არ გვიტოვებს. პირდაპირ გეტყვით: ჩვენ, საექსპერიმენტო ბაზა გავხდით. თავის დროზე შევარდნაძე ამბობდა: საქართველო საექსპერიმენტო ლაბორატორიააო. მძიმე სურათი იშლება - კოალიციური მთავრობა არ გვინდა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. დასავლეთს ასე სურს. ჩვენ, სამწუხაროდ, მის სხეულზე ვართ მიბმული. ჩვენ, თავად ვერ ვქმნით ჩვენს პოლიტიკურ კულტურას. აქ, რა იდეოლოგიაა? საქართველო არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მატარებელი? - არა! ამაშია საქმე. რაღაც ძვრები, თითქოს, დაიწყო. ივანიშვილმა ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ საკადრო პოლიტიკა შეცდომა იყო. არადა, ყველაფერს კადრები წყვეტენ. ამ მოკლეშარვლიანებით და მოკლეკაბიანებით წყდება ქვეყნის ბედი? აქ, უნდა იყოს ყველა თაობა, ეროვნება და სამშობლოსთვის იბრძოლონ. საქართველო ერთსულ უნდა გაერთიანდეს. კიდევ, ვკითხულობ: საით მიდის ქვეყანა? გახსოვთ, ზღაპრებში როგორ არის? - მარცხნივ წახვალ - დაიღუპები, მარჯვნივ წახვალ - დაიღუპები. აი, ასეთ ვითარებაში ვართ. რა გავაკეთოთ? - პირდაპირ უნდა ვიაროთ, მაგრამ იქ, უფსკრულია. მას რომ გადავახტეთ, ჯერ უკან უნდა დავიხიოთ და მერე, გადავაფრინდეთ, თორემ, შიგ ჩავვარდებით. ბიძინა ივანიშვილმა ტაძრისკენ მიმავალი გზა ეკალ-ბარდებისგან გაწმინდა, მივიდა ტაძართან, მაგრამ შიგნით ვეღარ შევიდა. მთავარია, ქართული სახელმწიფო, ქართველი ერი ტაძარში შევიდეს. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც, გაზეთისთვის, თქვენი შესანიშნავი მთავარი რედაქტორისთვის. ბატონი ვახტანგით აღფრთოვანებული ვარ, საოცარი გათვლები აქვს. „საერთო გაზეთს“, ყოველთვის, მოუთმენლად ველოდები, ბევრ რამეს აძლევთ ადამიანებს. ასე, რომ ჩვენ, ერის გაერთიანება უნდა დავიწყოთ და ყველაფერს ეშველება.

თამარ შველიძე
,,საერთო გაზეთი"