ირაკლი კაკაბაძე: თემურ ალასანიამ და ერიკ გუდისმა პასუხი უნდა აგონ ზურაბ ჟვანიას მკვლელობისთვის

ირაკლი კაკაბაძე: თემურ ალასანიამ და ერიკ გუდისმა პასუხი უნდა აგონ ზურაბ ჟვანიას  მკვლელობისთვის




გვესაუბრება
ქართულ-ამერიკული
უნივერიტეტის პროფესორი,
მწერალი ირაკლი კაკაბაძე:

- ბატონო ირაკლი, სოციალურ ქსელში თქვენს ფეისბუქის გვერდზე განაცხადეთ, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია დასაჭერია ზურაბ ჟვანიას მკვლელობისთვისო. რაზე დაყრდნობით დაწერეთ ეს? რაიმე დამამტკიცებელ ფაქტებს ფლობთ?
- დიახ. მე უკვე აშკარად ვარ დარწმუნებული, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს თემურ ალასანიას და ერიკ გუდისის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა. ალბათ, უცხოეთიდან, კერძოდ, რუსეთიდან იყვნენ უშუალო შემსრულებლები ჩამოსული. ალასანია მაგ დროს საქართველოში იყო. გუდისმა პირადად ჩემთან და სხვებთან საუბარშიაც დაიმუქრა, რომ ჟვანია უკვე აღარ იქნება თანამდებობაზე 15 თებერვალსო და ეს ნათქვამი ახდა.
ესენი - გუდისი და ალასანია, არიან იარაღის გადამყიდველი მაფიის ბოსები, რომლებიც 1987 წლიდან ხელს ითბობდნენ რუსული იარაღის აკ 47-ების, ტანკების, ნაღმმტყორცნების და სხვა კონვენციური იარაღის გაყიდვით. ჟვანიას ერჩოდნენ იმის გამო, რომ მათ თბილისის აეროპორტის უტენდეროდ ყიდვა ჩაუშალა. ჟვანიას წილად 300 მილიონს დაჰპირდნენ, მან უარი უთხრა 2004 წლის 17 თუ 18 დეკემბერს, რის შემდეგაც ის „მოიშორეს“. მიშას კი ამ დანაშაულის „ჩაფარცხვა“ დაავალეს, თუმცა მან საქმე კარგად ვერ „ჩაფარცხა“. საზოგადოებაში უამრავი კითხვა დარჩა და, საბოლოოდ, არც გაზის ვერსია დადასტურდა.
როგორც იცით, გარდაცვლილთა გვამებზე აღმოაჩინეს ნანემსრები. ზურაბ ჯვანიასაც და რაულ უსუფოვსაც, როგორც ირკვევა, მომწამლავი გაზი ნემსებით შეუყვანეს სხეულის სხვადასხვა ადგილას და გვამები მერე მიიტანეს იმ კონსპირაციულ ბინაში.
მე ძალიან ვაქტიურობდი იმ ხანებში ამ საკითხებზე. თემურ ალასანია თავიდან ცდილობდა გავეჩუმებინე. საკუთარ სახლშიც დამპატიჟა და შემომთავაზა კიდევაც კარიბის კუნძულებზე წასვლა ჟვანიას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში. ზარების ჩანაწერები დღესაც პროკურატურაში დევს.
თავად თემურ ალასანიას 1991 წლიდან ვიცნობ. გუდისი კი 2004 წელს გავიცანი, როცა „თბილავიამშენში“ ვმუშაობდი.
ამ პერიპეტიების დროს ერიკ გუდისიც ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას. დამირეკა კიდევაც რამდენჯერმე. თემურ ალასანიაც მირეკავდა.
ახლახან სატელევიზიო ეთერში პეტრე მამრაძემაც აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას მოშორება უნდოდათ, რადგან აეროპორტის საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ მასთან. კიდევ ვიმეორებ: ალასანიამ და გუდისმა ჩემთანაც თქვეს, ზურაბ ჟვანია ერთ თვეში, 2005 წლის 15 იანვრის შემდეგ, თანამდებობაზე აღარ იქნებაო. 
ზურასაც ველაპარაკე ამ საკითხზე. მახსოვს, მითხრა: „აღარ მინდა ამ იარაღის ბარიგების ქვეყანაში ცხოვრება, მივდივარ ამერიკაში სტროუბთანო“.
- არა მხოლოდ თქვენ, საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს სიმართლის გარკვევას. პირადად მეც დამირეკეს ჩვენი გაზეთის მკითხველებმა: ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, ვინ და რა ვითარებაში მოკლა საქართველოს პრემიერი. რატომ არავინ ეკითხება სააკაშვილს ამაზეო?
- ამაზე პასუხი აქვთ მთავარ ფიგურანტებს: თემურ ალასანიას და ერიკ გუდისს. როგორც გითხარით, სააკაშვილი მხოლოდ „ჩამფარცხავი“ იყო ამ საქმეში. რა თქმა უნდა, ესეც დანაშაულის ნაწილია, მაგრამ, პირველ რიგში, ამ მკვლელობაზე პასუხისმგებელია ის იარაღის მაფია, რომელსაც თემურ ალასანია და ერიკ გუდისი ხელმძღვანელობდნენ. ისინი ჟვანიას „მოშორებაზე“ წინასწარაც ლაპარაკობდნენ.
- რას ფიქრობთ, ბატონო ირაკლი, თემურ ალასანია, რომელიც ათეული წლებია საქართველოში არ ყოფილა, ამჯერად, მართლა დედის საფლავის მოსანახულებლად ჩამოვიდა ახალი წლის წინა დღეებში?
- არ მაინტერესებს, რა მიზეზით ჩამოვიდა. მე ვიცი, რომ ის არის დამნაშავე ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეში და მან ამ საქმეზე პასუხი უნდა აგოს. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმე და ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჯერჯერობით მიჩქმალულია და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ხდება ამ ხელისუფლების პირობებშიც.
სიმართლეს, როგორც შუბს ხალთაში, ვერ დამალავ, ამიტომაცაა, რომ ახლა უკვე ბევრი ადამიანის ნალაპარაკევიც გამოდის სააშკარაოზე. ადრე ამაზე რამდენიმე ადამიანი ვლაპარაკობდით მხოლოდ, ახლა უკვე სხვებიც შემოგვემატნენ.
თავის დროზე ჟურნალისტმა ვახო კომახიძემ გადაიღო მეტად ყურადსაღები ფილმი ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით. იქ კარგად არის დამტკიცებული, თუ როგორ მოხდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა.
- მედიაშიც გაისმა ხმები, ალასანია-გუდისის ფინანსური მაქინაციების შესახებ საქართველოში (და, როგორც ამბობენ, არა მარტო საქართველოში) იარაღით ვაჭრობის ფაქტებზეც, თუნდაც ცხინვალის ომში.
- დიახ, ალასანიამ და გუდისმა 2008 წლის ომის დროს ასეულობით მილიონის იარაღი გაყიდეს მათ კოლეგა პატრუშევთან ერთად. ამის შესახებაც გამოქვეყნდა მასალები პრესაში.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისინი, რეალურად, რუსული უშიშროების თანამშრომლები არიან და, ცხადია, მათ რუსული სპეცსამსახურების საქმეები გააკეთეს. საინტერესოა, რომ მათ მიერ გაყიდული იარაღი მერე სირიაში იპოვეს.
აღსანიშნავია, რომ გრუ-ს საქართველოში ბევრი წარმომადგენელი ჰყავს ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც და მათთვის, ყველასთვის, გრუ-ს გენერალი, რა თქმა უნდა, „პატრიოტია“. ეს მწარე ირონიაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, სიმართლე აუცილებლად გამოჩნდება. გრუს წარმომადგენლები გამოააშკარავდებიან ყველგან – პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც.
რაც მთავარია და აუცილებელი: ზურაბ ჟვანიას მკვლელობისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს თემურ ალასანიას და ერიკ გუდისს. მათთან ერთად კი მათ მარიონეტს და ხელის ბიჭს მიხეილ სააკაშვილსაც, როგორც დანაშაულის დამფარავს.
- კი, მაგრამ, ამერიკა რომ იცავს თავის ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსან ალასანიას?
- ამერიკა არავის არ იცავს. ამერიკის მოქალაქე მეც ვარ, მაგრამ თუ ვინმე არის მკვლელობის თანამონაწილე, იქ არავინ არის დაცული. არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. ეს ყველაფერი გრუ-ს მოგონილი მითებია.
ამერიკა მკვლელებს არ იცავს.
საქართველოს შემთხვევაში კი მხოლოდ ის ხდება, რომ დაიდო გარკვეული ტიპის გარიგება, პატრუშევის საშუალებით. იგი გახლავთ ახლა მთავარი მედიატორი ამ „შერიგებაში“.
უკვე გითხარით, მიშა ამ საქმეში იყო „ჩამფარცხავი“. ის არ იყო შემსრულებელი. მას არც ენდობოდნენ და არც მიანდობდნენ ამხელა მკვლელობის საქმეს. ეს არის ალასანიას და გუდისის გაკეთებული. მიშა მათ დაქვემდებარებული ფიგურაა. თემურ ალასანია, თავისი თანამდებობით, აღემატებოდა მაშინ მიშას. გაეროს ასეთი მაღალი თანამდებობის პირი საქართველოსხელა ქვეყნების პრეზიდენტებს ხანდახან არც ელაპარაკება ხოლმე. თან ის სუპერ-სახელმწიფო, რომელიც რუსეთის კვოტით იყო წარდგენილი, მეორე-მესამე პოზიციაა იქ. ხელწამოსაკრავი ფიგურა არ იყო და ეს ეტყობა კიდეც. მიშას პრეზიდენტობის მთელი ტრაგედიაც სწორედ ამ მაფიასთან მისი კავშირის საკითხია. ის ვერაფრით განთავისუფლდა ბიძამისის ჩრდილისგან.
საინტერესოა, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურში ალასანიას ბევრი პროტეჟე და თანამოაზრეც ჰყავდა. ახლა არ ვიცი რა ხდება, მაგრამ 10 წლის წინ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასე იყო.
ამ მიმართულებით, შემდგომში, არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალი რომ იყოს, ალასანიას პასუხი უნდა მოეთხოვოს მისი ქმედებისთვის გუდისთან ერთად. პირდაპირ ვიტყვი: მან პასუხი უნდა აგოს ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.
მე მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემს სიტყვებზე ყველგან და ყოველთვის“.

****
როგორც ვთქვით, ამ თემაზე აქტიური საუბრები მიმდინარეობს მედიით და სოციალურ ქსელებში.
საზოგადოება ითხოვს პასუხებს კითხვებზე და არავინ იხევს უკან, დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაციები ამ საკითხის გარშემო მათთვის ცნობილი რეალური ფაქტების შესახებ.
ჩვენი საზოგადოების აქტიური წევრი, ქალბატონი მანჩო გიორგობიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც, დამაფიქრებელ ფაქტებს ხდის ფარდას. ფაქტები საყოველთაო განსჯის გარეშე, ნორმალურ ქვეყანაში, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა განიხილონ.
„2004 წლის გაზაფხულიდან ალასანიას საქართველოში ჩამოჰყავს გუდისი და ისინი, პრაქტიკულად, იწყებენ საქართველოს ეკონომიკის მართვას. განსაკუთრებით მათ აინტერესებთ ტრანსპორტირების ცენტრები და საავიაციო ქარხანა. ისინი გვერდით იყენებენ მაშინდელ ეკონომკის მინისტრს ირაკლი რეხვიაშვილს და ცდილობენ კორუფციული კავშირი დაამყარონ პრემიერ-მინისტრ ჟვანიასთან. თუმცა ეს მათ ბოლომდე არ გამოსდით. რა იყო ამის მიზეზი?!
2004 წლის შემოდგომაზე გუდისი და ალასანია სერიოზულად მუშაობენ „თბილავიამშენის“ ხელში ჩასაგდებად და ჩაუშლიან კიდევაც პანტიკო თორდიას („თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი – რედ.) „ბოინგის“ პროექტს. სანაცვლოდ ისინი მას სთავაზობენ წელიწადში მინიმუმ 1,2 მილიარდის გაყიდვებს საქართველოში გაკეთებული რუსული იარაღის, მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში. თორდია ამ წინადადებებს ეწინააღმდეგება და ცდილობს სამოქალაქო ავიაციის კუთხე შეინარჩუნოს. ამავე დროს ზეწოლა იზრდება მთავრობის მხრიდან. ზეწოლა ძლიერდება ზურაბ ჟვანიაზეც.
ჟვანიას ისინი სთავაზობენ 20 პროცენტიან წილს – ანუ წელიწადში, დაახლოებით 300 მილიონ დოლარს. ჟვანიას დეკემბრის მეორე ნახევარში – დაახლოებით 17–19 დეკემბერს მათ უარს ეუბნება და მიშა აწყობს „სპექტაკლს“. 
გუდისი ამერიკიდან რეკავს საქართველოში რამდენიმე ადამიანთან, სადაც ის მათ პირდაპირ ეუბნება, რომ მოემზადონ 15 თებერვლისთვის, როგორც კონტრაქტის ხელმეორედ ამუშავების თარიღისთვის… (ეს ფაქტიც დასტურდება მოწმეებისგან)
კახა ბენდუქიძეს ამასობაში ხსნიან ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან და გადაჰყავთ უწყინარი „მრჩეველის“ თანამდებობაზე. (მოგვიანებით, ბენდუქიძეც, რომელიც მანამდე ჯანმრთელობას არ უჩიოდა, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა)..
ზურაბ ჟვანიას „მოხსნა“ კი არ იყო ადვილი საქმე. მით უმეტეს, რომ მისი ავტორიტეტი გაიზარდა, რაც ამერიკელებთან გახშირებულ შეხვედრებშიც ჩანდა..
კერძო შეხვედრაზე ერთ-ერთ თავის მეგობართან 2005 წლის იანვარში ზურაბ ჟვანია გამოთქვამს შეშფოთებას, რომ თემურ ალასანიას „მაფია“ - იარაღის გადამყიდველები ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ქართულ ეკონომიკაში და ის ყველაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად. თუმცა გამოთქვამს შიშს, რომ ეს იარაღის მაფია მაინც თავისას გააკეთებს და გამოთქვამს სურვილს, რომ გადადგეს თავისი თანამდებობიდან და წავიდეს ამერიკაში სტროუბ ტელბოტის მოწვევით. ეს ხდება, დაახლოებით, 10 იანვარს.
ზურაბ ჟვანია ტრაგიკულად იღუპება 2005 წლის თებერვლის დასაწყისში და მის გარადაცვალებას, აშკარად, კგბ-ს ხელწერა აქვს. ოჯახის დაშინება, ჭორების დაყრა და ხალხის დაშინება.  (თვითონ სამხარაულს კლავენ და მკვლელიც „თავს იკლავს“ ორი გასროლით – გულში და თავში...).
აეროპორტის გასაღება ალასანიას ჯგუფისთვის ამის მერე უმტკივნეულოდ ხდება – შემოყავთ სხვადასხვა ჯგუფები… გუდისი და ალასანიას ჯგუფი აგრძელებს იარაღით ვაჭრობას და უამრავი ფულის გაკეთებას თბილისის აეროპორტის გამოყენებით“…- ამბობს მანჩო გიორგობიანი.

ირანდა კალანდაძე

,,საერთო გაზეთი"