ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას გომელაურთან არანაირი კითხვები არ აქვს

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას გომელაურთან არანაირი კითხვები არ აქვს




„ვახტანგ გომელაური პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად მოვიდა. გამოჩნდა, რომ, რეალურად, ოპოზიციას არანაირი კითხვები არ აქვს. მათ თავად იციან პასუხები ამ კითხვებზე და, რა თქმა უნდა, ეშინიათ ამ პასუხების. ასეთ ვითარებაში, სხდომის გაგრძელება თვითმიზანი ვერ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - ასე აფასებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, შს მინისტრის მოსმენის ჩაშლას.

მისი თქმით, ოპოზიცია დაინტერესებულია არა კითხვებზე პასუხებით, არამედ - დესტრუქციით.

„როდესაც სპეკულირებაა ისეთი თემით, რომელზეც, წესით, სპეკულირება არ შეიძლება, ძალიან მარტივად რომ შევაფასოთ, ამორალური ქმედებაა. სამწუხაროა, რომ ამ ამორალურ ქმედებებში მედიის წარმომადგენლებიც ჩართული ჰყავთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. გუშინ ნახეთ, რომ, სწორედ ამ ამორალურობის გამო, რუსთაველის გამზირზე 1000 კაციც კი ვერ შეკრიბეს. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს - საზოგადოება ხედავს, რომ ისინი ამორალური ადამიანები არიან და ახორციელებენ ამორალურ ქმედებებს და მათ ამაზე საკადრისი პასუხი გაეცათ, მათ შორის, გუშინ, რუსთაველის გამზირზე. როდესაც გარეთ ვერ ახერხებ 1000 კაცის შეკრებას, ბუნებრივია, ადვილია, რომ 50 კაცი შეკრიბო შენობაში და აჩვენონ პროტესტის რაღაც ფორმა. პარლამენტის შენობა არაა მიტინგების სივრცე. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. როგორც კი დავინახავთ, რომ ოპოზიციას რეალურად აინტერესებს კითხვებზე პასუხები, ვახტან გომელაური მზადაა, მოვიდეს პარლამენტში და კითხვებს პასუხი გასცეს. დღეს რაც ვიხილეთ, არავითარი ნისანი არ ჩანდა, რომ მათ კითხვებზე პასუხები აინტერესებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.