ირაკლი ქარსელაძე: ძლიერი რეგიონები ძლიერ და განვითარებულ საქართველოს ნიშნავს

ირაკლი ქარსელაძე: ძლიერი რეგიონები ძლიერ და განვითარებულ  საქართველოს ნიშნავს




მთავრობის მიერ  დამტკიცებული  სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ არის  უპრეცენდენტო მასშტაბის  განახლებისა და განვითარების პროგრამა რეგიონებისთვის. ასეთი მასშტაბური სამუშაოები ერთდროულად ჩვენს ქვეყანაში ჯერ  არ განხორციელებულა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

დღეს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება.

,,ძლიერი რეგიონები ნამდვილად ნიშნავს, ძლიერ და განვითარებულ  საქართველოს, რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ასევე სტუმრებისათვის და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გამოისახება დამატებით შემოსავალში.  სწორედ ეს არის ის ელემენტი, რომლითაც  მდიდარია ეს პროგრამა, კერძოდ ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი ჩართულობა, რის შედეგადაც  დასაქმდება  დაახლოებით 15 000 ადამიანი“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით,  ახალი 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რომლის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს და ითვალისწინებს რეგიონების ურბანული განახლების მიზნით, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას.

,,მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით გათვალისწინებული პროექტები განხორციელდება, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის , ასევე უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ, ამდენად მუნიციპალიტეტებს მასშტაბური პროექტების განხორციელების ეტაპობრივი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტი  დააფინანსებს, ისევე როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მრავალი მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდება და  ასევე დამუშავდება მთელი რიგი მნიშვნელოვანი  ურბანული განახლების პროექტები, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ სივრცითი ურბანული განახლების , არამედ ასევე ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.