ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება - ნოკაუტი ნაცმოძრაობისთვის

ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება - ნოკაუტი ნაცმოძრაობისთვის




არ დავმალავ - ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ძალიან გამიხარდა.
ძალიან გამიხარდა არა იმიტომ, რომ მის წინამორბედზე რაიმეთი ნაწყენი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ, მოცემულ სიტუაციაში, ეს არის ყველაზე ზუსტი და სწორი საკადრო გადაწყვეტილება, რითაც, ჩემი აზრით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული კონფრონტაცია და დაპირისპირება ნელ-ნელა ჩაცხრება და ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდება.
მართალია, ვიღაც-ვიღაცები საპირისპიროს ამტკიცებენ და შეშფოთებით ამბობენ, რომ ღარიბაშვილი ხისტი ბუნების ადამიანია და ამ თავისი ხასიათის წყალობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მწვავეს და აგრესიულს გახდის. სიტუაციის განსამუხტად კარგი მომლაპარაკებელი გვჭირდება და არა ისეთი აგრესიული პოლიტიკოსი, როგორიც ღარიბაშვილიაო.
ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ხელისუფლება დიდი ხანია აწარმოებს, ხან მარტო, ხან - ფასილიტატორ ელჩებთან ერთად, მაგრამ ამ მოლაპარაკებებიდან არაფერი გამოვიდა.
მოსახლეობას დიდი ხანია ყელში ამოუვიდა ეს არაფრისმომცემი და არაფრისმთქმელი პოლიტიკური შაირობა და კაფიაობა ორ მხარეს შორის, რომელსაც არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია და, როგორც ჩანს, არც მოჰყვება.
კარგი მომლაპარაკებელი კარგია, მაგრამ დღეს, შექმნილ სიტუაციაში, კარგ მომლაპარაკებელზე უფრო მეტად გვჭირდება პრინციპული, მტკიცე ნებისყოფის, შინაგანდ უშიშარი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელიც იმოქმედებს არა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული თვალთმაქცური და ფარისევლური დღის წესრიგის მიხედვით, არამედ იმოქმედებს კანონის მიხედვით და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევს ამ კანონებიდან.
ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ასეთი კაცია - უშიშარი, პრინციპული, მართალი, კანონის პატივისმცემელი.
რვა წელია ოპოზიციას თავზე ხელს ვუსვამთ, ენის მოჩლექით, დაყვავებით ვესაუბრებით, ტკბილ-ტკბილ დაპირებებს ვაძლევთ, მაგრამ ამაოა ეს ყველაფერი.
საქართველოს ხელისუფლების აქილევსის ქუსლი, მისი სუსტი მხარე, ეს არის ოპოზიციისადმი, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ლოიალური და, ამავე დროს, შემოქმედებითი მიდგომა, რის გამოც, ზოგჯერ, დამნაშავე იმ მუხლით არ ისჯება, რასაც ის ჩადენილი დანაშაულის გამო იმსახურებს.
ასეთმა მიდგომამ ოპოზიციას დაუსჯელობის სინდრომი გაუჩინა, გარყვნა, გააზულუქა და, ფაქტობრივად, იმ უზნეო ბავშვს დაამსგავსა, რომელიც იმიტომ ტირის, რომ გასდის.
ქართული ოპოზიცია „ტირის“, „ზლუქუნებს“ და გულაჩვილებული ელჩები, დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენლები მათ დაწყნარებასა და დამშვიდებაში უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავენ.
ამასწინათ მელიამ ხელისუფლებას უსაყვედურა: ახლა რომ მიჭერთ, მაშინ რატომ არ დამიჭირეთ, როცა დასაჭერი ვიყავიო?
მსგავსი საყვედურები სხვებსაც ბევრჯერ უთქვამთ ხელისუფლების მისამართით და მისი უმოქმედობა მისი უნიათობითა და უუნარობით აუხსნიათ და არა მისი ჰუმანურობითა და კაცთმოყვარული ბუნებით.
სხვა გზა არ არის - სადღაც უნდა გავჩერდეთ და ყველამ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, რიგითმა მოქალაქემ, კანონის მიხედვით ცხოვრება უნდა დავიწყოთ, თუ გვინდა, რომ ცივილური, დემოკრატიული, სამართლიანი და სამართლებრივად მოწესრიგებული სახელმწიფო გვქონდეს.
თვალის ჩაპაჭუნებით, უდროო დროს ბოდიშების მოხდით, ზედმეტად ლოიალური და მაამებლური პოლიტიკით, სახელმწიფო არსად არასოდეს აშენებულა და არც ჩვენთან აშენდება.
ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: არ შეიძლება დემოკრატია ბორკილებად გვექცეს, არ შეიძლება მხოლოდ დემოკრატიას ვიცავდეთ და არ ვიცავდეთ საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ სამშობლოს.
ირაკლი ღარიბაშვილი ის კაცია, რომელიც არც დემოკრატიულ ღირებულებებს ხელყოფს, მაგრამ არც სამშობლოს დააჩაგვრინებს ვინმეს და, რაც მთავარია, იმოქმედებს კანონის მიხედვით, რაც, როგორც ზემოთ ვთქვი, წინაპირობა იქნება იმისა, რომ ხელისუფლებასა და თავგასულ, კანონის ჩარჩოებიდან გასულ, პროვოკატორ ოპოზიციას შორის ნელ-ნელა აღსდგეს ურთიერთობის ცივილური ფორმები.
გიორგი გახარია ისე წავიდა დაკავებული თანამდებობიდან, რომ ვერ აღასრულა მთავარი პირობა, რომელიც მან ქართველ ხალხს მისცა: ესენი („ნაცმოძრაობას“ გულისხმობდა) არიან კრიმინალები, ქართველი ხალხის მტრები, მაგრამ ჩვენ ამათ არჩევნებში დავასრულებთო.
გახარიას პრემიერობის დროს არჩევნებში დავასრულეთ და დავამთავრეთ კი არა, „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო გაძლიერდა.
არ ვიცი, რატომ და რა მიზეზებით მოხდა ეს, ან რა წვლილი მიუძღვის ამაში ბატონ გახარიას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
არადა, თუ გვინდა, ქართული სახელმწიფო შედგეს, `ნაცმოძრაობა~ რომ უნდა დასრულდეს, ეს ეჭვს არ იწვევს.
მერწმუნეთ, დამიჯერეთ: თუ „ნაცმოძრაობას“ არ დავასრულებთ, ის დაასრულებს საქართველოს!
„ნაცმოძრაობის“ დასრულებაზე როცა ვსაუბრობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი „ნაცმოძრაობა“ ციხეში ჩავყაროთ, ნაციონალებზე, როგორც კუდიანებზე, ნადირობა გამოვაცხადოთ, ვცემოთ, დავასახიჩროთ, ვაწამოთ ისე, როგორც ისინი გვიკეთებდნენ ჩვენ, დანარჩენ ქართველებს.
ეს არა, მაგრამ ნაციონალები ბოლომდე უნდა ვამხილოთ და საქართველოსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც დოკუმენტურად, სათანადო მასალებით და მტკიცებულებებით, ბოლომდე უნდა ვუთხრათ სიმართლე იმ შემზარავ დანაშაულებათა შესახებ, რაც „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი.
- კი, მაგრამ, ხომ ვამბობთ ამ სიმართლეს და მეტი რა ვქნათო? - შემომედავებიან, ალბათ.
არა, არა, ეს მხოლოდ ნახევარი სიმართლეა, ისიც ალაგ-ალაგ შეფერადებული და რეტუშირებული.
კარგად რომ დავაკვირდეთ და სერიოზულად რომ დავუფიქრდეთ იმას, რაც საქართველოს პოლიტიკური თეატრის სცენაზე აქამდე ხდებოდა, ეს საქართველოს სირცხვილი იყო, თუმცა არა მარტო საქართველოს, არამედ იმ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის სირცხვილიცა, რომლის წარმომადგენლებიც არაინფორმირებულობის თუ სხვა მიზეზების გამო, ზოგჯერ, თავგამოდებით ესარჩლებოდნენ იმ ფაშისტურ-კრიმინალურ ძალას, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია.
ამასწინათ დიქტატორ იდი ამინზე, უგანდის ყოფილ პრეზიდენტზე, დოკუმენტური ფილმი ვნახე.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ ჰგვანან ერთმანეთს იდი ამინი და მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ერთი შავკანიანია, მეორე - თეთრი, მაგრამ სული ორივეს ნახშირივით შავი აქვთ და ორივეს უამრავი შავი საქმე აქვს ნაკეთები.
როდის გადაიღებენ ქართველები „ქართველ“ იდი ამინზე, მიხეილ სააკაშვილზე, დოკუმენტურ ფილმს და როდის აჩვენებენ მსოფლიოს, თუ ვინ არის, სინამდვილეში, კაცი, რომელიც დემოკრატიის შუქურა ეგონათ?
სხვათა შორის, აფრიკის დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ იდი ამინსაც, რომელიც ბოლოს სააკაშვილივით ქვეყნიდან გაიქცა.
***
ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პრემიერ-მინისტრად იმითაც არის სიმბოლური, რომ წესით და რიგით, სწორედ მან უნდა დაამთავროს ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის მიერ დაწყებული „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან გაყვანის პროცესი, რომელიც 2012 წელს დაიწყო და რომელიც, ჯერჯერობით, ბოლომდე არ არის მიყვანილი.
დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ის ადამიანებიც დაბრუნდებიან ქართულ პოლიტიკაში, რომელთა თავგანწირვის და თავდადების შედეგად გახდა შესაძლებელი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება.
თუ თავს არ მოვიტყუებთ, ცხადია, რომ „ნაცმოძრაობას“ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ აინტერესებს, ეს ყველაფერი ბლეფია - „ნაცმოძრაობას“, სინამდვილეში, ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია სურს, რომ მღვრიე წყალში ოქროს თევზი დაიჭიროს.
„ნაცმოძრაობამ“ ომი გამოუცხადა საქართველოს და მთელ ქართველ ხალხს.
ყველაფერი კარგად იქნება - ამ ომში აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!

ვახტანგ ხარჩილავა