ირაკლი ღარიბაშვილი: ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს




“ჩვენი დაპირება შესრულდა – აზარტული თამაშების საკითხი დარეგულირდა ქვეყანაში. პარლამენტს კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მიიღეს შესაბამისი კანონი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული გადაწყვეტილებები.

„კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც, ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ბატონი ზურა, ახალი მინისტრი უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები.

ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარიც, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც, ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე. ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.