ირაკლი ღარიბაშვილი: ერთი წუთითაც ვერ მოვეშვებით, ფხიზლად უნდა ვიყოთ

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთი წუთითაც ვერ მოვეშვებით, ფხიზლად უნდა ვიყოთ




ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის ტექსტი:

პრეზიდენტო მიშელ,

პრეზიდენტო სანდუ,
პრეზიდენტო ზელენსკი,
ქალბატონო საქართველოს პრეზიდენტო,
თქვენო აღმატებულებავ!
პატივცემულო სტუმრებო, მეგობრებო და კოლეგებო!

ჩემთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა და საქართველოში თქვენი პირადად დახვედრა, შავი ზღვის ამ მშვენიერ კურორტზე და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.

დღეს აქ უამრავი მეგობარი შემოგვიერთდა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის მისწრაფებებზე სასაუბროდ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი ოცნებები რეალობად იქცეს. მოუთმენლად ველი განახლებული ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას და მისი მნიშვნელობის შეფასებას საქართველოსა და რეგიონისთვის.

მოდით, ცოტა ხნით გავიაზროთ გასული წლის გაკვეთილები და ჩვენი კოლექტიური ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ. ურთიერთდახმარებისა და მეგობრობის წყალობით, ჩვენ ეფექტურად გავიკვლევთ გზას საერთო გლობალურ გამოწვევებში. ჩვენ წინ დავუდექით გამოწვევას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ერთი წუთითაც ვერ მოვეშვებით და ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ ვამყოფოთ.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ პანდემიის გარდა სხვა საფრთხეებიც გვაქვს, რომლებიც ისეთივე დესტაბილიზაციას იწვევს, როგორც თავად ვირუსი. მიმდინარე წელს დედამიწაზე დრამატული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარება გრძელდებოდა. რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - შეერთებულ შტატებში არჩევნებიდან დაწყებული, უკრაინით დამთავრებული - ისევე როგორც საქართველოში, სადაც რუსეთი კვლავ განაგრძობს ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას.

აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი. შავი ზღვის რეგიონი არის კონფლიქტის მართვის მიკროსამყარო, რადგან თუ აქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას შევძლებთ, ამის გაკეთება სხვაგანაც შეგვეძლება. ჩვენი მთავრობის ხედვა გულისხმობს ჩვენი რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან" „შესაძლებლობების რეგიონად" გარდაქმნის ხელშეწყობას.

ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან ასეთი ენერგიული არასდროს ყოფილა. ჩვენ დავწინაურდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირთან და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვადასხვა სფეროში და გავაგრძელეთ ჩვენი აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიმართულებად მიგვაჩნია საქართველოსა და მთელი ჩვენი რეგიონისთვის.

ახლახან გამოცხადებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომ ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების მიმართულებით, შავი ზღვის მასშტაბით სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე დაეხმარება 80 000 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებლიანობის სრულად გაცნობიერებაში. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რომელიც მზად არის, 3.9 მილიარდი ევრო გამოყოს საქართველოსთვის, „ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის" ფარგლებში, მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური მანძილის შემცირებას, ასოცირების შეთანხმების სარგებლის სრულ გაცნობიერებას და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას.

ასოცირების შეთანხმების განხორციელება კვლავ რჩება ჩემი მთავრობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხად. ჩვენ გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის. აუცილებელია, რომ ჩვენ მეტი კავშირები დავამყაროთ ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა მთავრობამ ამბიციური პირობა დადო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისთვის ქვეყნის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით და ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

ატლანტის ოკეანის იქით, შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაამყარა კავშირი ევროკავშირში თავის კოლეგებთან და პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა შეერთებული შტატების გლობალური ჩართულობის განახლებულ ფორმატში. მე არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს. ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს. ეს დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში და, თავის მხრივ, პოზიტიური მოვლენაა მთელი რეგიონისთვის.

დიპლომატიურ ფრონტზე, შეერთებულ შტატებთან გუნდური თანამშრომლობით, ჩვენ ცოტა ხნის წინ შევძელით სომეხი პატიმრების გათავისუფლება, აზერბაიჯანში ნაღმების უსაფრთხო განეიტრალების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ. დიპლომატია წარმატებით მუშაობს ძლიერ თავდაცვასა და ურთიერთდახმარებასთან ერთად.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელი ეს საქმიანობა გლობალური პანდემიის ფონზე ხორციელდებოდა, რომელიც არ ზოგავს არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ერს, არც ერთ ეკონომიკურ კლასს.

საქართველომ პანდემიას თავი დააღწია განახლებული ძალებით და შემართებით, ყურადღება გაამახვილა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და თან თავის წილ საქმეს აკეთებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს. განახლებული მრავალმხრივი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების შედეგად, ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება, დემოკრატია მუშაობს და ჩვენს ეკონომიკაში აღმავლობა იწყება.

გლობალური პანდემიით შექმნილი გამოწვევის შედეგი ის არის, რომ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პირობისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უფრო ფართო განზომილებაში. დიახ, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, დაცულობა და ჯანმრთელობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, მაგრამ მათი მომავალი მსოფლიოში ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას უკავშირდება. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე და ეს არის ჩვენი ვალდებულება თქვენს წინაშე. ამიტომ, უდავოდ შეგიძლიათ დაეყრდნოთ საქართველოს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ გადამწყვეტ როლს, რომელსაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები ასრულებენ საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საერთაშორისო ფორმატში მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უზრუნველყო მუშაობა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საოკუპაციო ძალების პროვოკაციების აღკვეთას 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ. ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მაგრამ ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით, თან ვცდილობთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მეტ ინტეგრაციას.

როგორც ჩემი გამოსვლის დასაწყისში ვთქვი: მოდით, აქ ყველამ დავდოთ პირობა, რომ ჩვენს რეგიონს შესაძლებლობების ოაზისად ვაქცევთ და არ დავტოვებთ კონფლიქტების რეგიონად. ყველას დიდ მადლობას გიხდით საქართველოში ჩამოსვლისთვის. გმადლობთ, მსოფლიოს დახმარებისთვის, რათა ის დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას. გმადლობთ, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებისათვის.

ყველას გულწრფელად გისურვებთ წარმატებულ კონფერენციას, რათა უფრო მეტი თანამშრომლობა აკავშირებდეს ჩვენს ერებს.