ირანდა კალანდაძე: გალესილი დანის პირზე ცხოვრობენ ჩვენი აჭარლები

ირანდა კალანდაძე: გალესილი დანის პირზე ცხოვრობენ ჩვენი აჭარლები




„როცა სულეიმანი სტამბულს დაბრუნდა, დედამ ჰკითხა: „მიხარია, მშვიდობით რომ დაბრუნდი, შვილო ჩემო, მაგრამ ქართველები ხომ არ დაგსხმიან თავს?“

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ეროვნული სხეულის ნაწილი, ჩვენი აჭარლები, ბათუმიდან აჭარის უკიდურეს სოფლამდე მცხოვრებნი, როგორც წესი, ერიდებიან საკუთარი რწმენის გამოჩენას. გულისგულში, სადღაც, ღრმად ინახავენ ამ „საიდუმლოს“, რადგან ისლამის დაფარვა, სინამდვილეში, გაუცნობიერებელი ტკივილის და რაღაცნაირი უხერხულობის დაფარვაა.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მუსულმანური რწმენის გამო აჭარელს ქართველობის და ქვეყნის ერთგულების დამტკიცება თითქოს მუდმივად სჭირდება.
ასე იყო წლების განმავლობაში.
შეიძლება ითქვას, ასეა ახლაც...
აჭარლების და არა მხოლოდ აჭარლების, მთელი საქართველოს საყვარელი პოეტი ზურაბ გორგილაძე წერდა: „ტკივილს დრო მოჰკლავს და წაიღებს, ნუთუ ჩემმა აჭარლობამ, საქართველოს წაუხდინა რამე?!“
ნაცნობი მომიყვა: რამდენიმე წლის წინ აჭარაში მეჩეთის მშენებლობის ამბებთან დაკავშირებით ერთ მოხუც აჭარელს უთქვამს: თუ მოგვცემენ მეჩეთის აშენების უფლებას, გაგვიხარდება მუსლიმებს, თუ არა, მოვითმენთ... საქართველოს გულისთვის მოვითმენთ, როგორც აქამდე ვითმენდითო...
ასეთი დამოკიდებულება იყო ყოველთვის ამ საჩოთირო საკითხისადმი აჭარლების მხრიდან და რა ვქნა, დაგეგმილ პროვოკაციად მომეჩვენა გასულ კვირას ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენები, თორემ, აჭარლები, ამ საყოველთაო გაჭირვების დროს, გურულებს ჯიბრში როგორ ჩაუდგებოდნენ?!
ბედმა არგუნა აჭარას მუსულმანურ თურქეთთან ახლოს ყოფნა. გალესილი დანის პირზე ცხოვრობენ ჩვენი აჭარლები.
მუსულმანური სარწმუნოების მქონე ძლიერი ქვეყნის პირისპირ დგომას, თავს რომ მოაბრუნებ და თურქული კულტურის, მენტალიტეტის და ეკონომიკის წინაშე რომ დგახარ საქართველოსთვის ამ მძიმე დროს, ამას ვგულისხმობ დანის პირზე დგომაში და გმირობის ტოლფასია აჭარლობა ახლა, როგორც ყოველთვის...
აჭარლებიც გრძნობენ ამას, ლოცვის უფლება მოგვეცითო, ამ პრივილეგიას ითხოვენ და უკვირთ, გურულები რომ შეეწინააღმდეგნენ...
საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, ჩვენთვის ენა, მამული და სარწმუნოება ერთია, ჩვენი წინაპრები ქრისტესთვის იხოცებოდნენ, ღვთისმშობელი იფარავს საქართველოს, მისი ხელთუქმნელი პერანგიც სამეგრელოშია დასვენებული, ქრისტეს მოწაფის, წმინდა ანდრიას უხრწნელი ნაწილებიც საქართველოს ეკუთვნის, სასწაულთმოქმედი წმინდა ნინოს ნაბიჯებია აქ, ჩვენო აჭარლებო.
ამას უფრთხილდებიან გურულები ბუკნარში...
დიდი თურქეთის რელიგიის მოძალებას, ანუ სულიერ დაპყრობას, ექსპანსიას რომ ეძახიან, იმის ეშინიათ, გურულებს, მეჩეთი და ჯამე თურქულ ისტორიულ მტრობას ახსენებთ და შეიძლება, ქვეყნის შიგნით ეკონომიკური სიდუხჭირის უღელქვეშ იტანჯებოდნენ, მაგრამ მუსულმანური კოშმარის გახსენება გენეტიკურ შიშს გვრით...
თუ რატომ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:
1065 წელს თურქებმა პირველად ილაშქრეს საქართველოში. ააოხრეს თრიალეთი, სამცხე, შავშეთი, კლარჯეთი და ჯავახეთი. ალფ-არსლანმა აიღო ახალქალაქი და ამოწყვიტა მოსახლეობა.
1068 წელს კახეთ-ჰერეთი მოარბიეს.
1079 წელს კიდევ ერთხელ დალაშქრეს საქართველო, მაგრამ 1080 წლიდან რომ წამოვიდა დიდი და წამლეკავი ტალღა თურქი სელჩუკიანებისა საქართველოსკენ, ისეთი მანამდე არავის ახსოვდა. „დიდი თურქობა“ უწოდა ამ ლაშქრობას მაშინდელმა ისტორიკოსმა.
მომთაბარე თურქები სასტიკად აოხრებდნენ შავშეთს, აჭარას, სამცხეს, ქართლს, არგვეთს, კლარჯეთს. დაწვეს ქუთაისი და არტანუჯი. თურქები ადრიან გაზაფხულზე მოდიოდნენ საქართველოში თავიანთი ჯოგებით და დაზამთრებამდე აოხრებდნენ ქვეყანას. კლავდნენ, ძარცვავდნენ, ატყვევებდნენ ქართველებს. განადგურდა სოფლის მეურნეობა, მოიშალა ეკონომიკა, მოსახლეობა მთებსა და გამოქვაბულებს აფარებდა თავს. შიმშილობა ჩამოვარდა. ხალხი ხის ფოთლებით იკვებებოდა.
1104 წელს მოხდა სელჩუკების მორიგი შემოსევა საქართველოში და ერწუხის ბრძოლა.
1110 წელს სელჩუკები სასტიკად დაამარცხა დავით აღმაშენებელმა თრიალეთთან.
1121 წელს მუსლიმთა კოალიცია კვლავ გაანადგურა დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე.
ამის შემდეგაც არ შეწყვეტილა მუსულმანური თურქების დაუღალავი რბოლა და ქართველების სისხლის ღვრა.
მათთან ბრძოლაში დაეცა გიორგი VII, მეფე, რომელსაც ქედი ვერ მოახრევინა აზიის მბრძანებელმა თემურ ლენგმა.
თურქმანებთან ბრძოლაში დაიღუპა საქართველოს მეფე კონსტანტინე.
1482 თურქების მიერ ახალციხის აღება, სამცხისა და დმანისის დარბევა, აწყურის ციხის აღება.
1487 ქვემო ქართლის დარბევა.
1488 იღებენ თბილისს და მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან.
1489 წელს თურქმანებმა თბილისში გარნიზონი ჩააყენეს.
1498–1500 წ.წ. ოსმალების შემოსევები სამცხესა და ჭანეთში.
1510 წელს ოსმალები სულთნის მემკვიდრე სელიმ ფაშას მეთაურობით იმერეთის სამეფოს დაესხნენ თავს, დაარბიეს და გადაწვეს ქუთაისი.
1513 წელს ქართლში მოხდა თურქების დიდი ლაშქრობა.
1520 წელს ყიზილბაშებმა შაჰ ისმაილის სარდლობით თბილისი აიღეს, გადაწვეს, შემდეგ სამცხე მოარბიეს.
1543 წელს ოსმალები 22 000-იანი ლაშქრით ტაოში შეიჭრნენ, ოლთისს ალყა შემოარტყეს.
1545 წელს ოსმალებმა დიდძალი ჯარი გამოგზავნეს სამცხეში. გადამწყვეტ ბრძოლაში სოხოისტასთან ქართველები დამარცხდნენ. აქედან მოყოლებული სამცხე ოსმალებმა საბოლოოდ დაიპყრეს.
1549–1451 წელს ოსმალთა ჯარებმა მესხეთი ააოხრეს, თორთუმის ციხე აიღეს, მესხების ნაწილი დახოცეს, ნაწილი დაატყვევეს და მონებად აქციეს. ამის შემდეგ ოსმალები გურიას შეესივნენ და ჭანეთი მოსწყვიტეს გურიას.
1551 წელს არტაანი აიღეს და ამით დაასრულეს სამცხის დაპყრობა.
1555 წელს ამასიის ზავით ოსმალეთმა და ირანმა საქართველო გაიყვეს. დასავლეთ საქართველო და სამცხის დასავლეთ ნაწილი ოსმალეთს შეხვდა, აღმოსავლეთ საქართველო და სამცხის აღმოსავლეთი ნაწილი კი ირანს.
„როცა სულეიმანი სტამბულს დაბრუნდა, დედამ ჰკითხა: „მიხარია, მშვიდობით რომ დაბრუნდი, შვილო ჩემო, მაგრამ ქართველები ხომ არ დაგსხმიან თავს?
– არა, დედაჩემო, ნუ გეშინია, ვინაიდან მე აღვმართე უმაღლესი კედელი ოსმალეთსა და საქართველოს შორის.
– როგორ შეძელ, შვილო, კედლის აშენება ამოდენა მანძილზე?
— შევსძელ, დედაჩემო, შევსძელ. მე იგი ავაგე ქართველების ხორცით და სისხლით, ამიერითგან ვერასოდეს გადმოლახავენ ქართველები ოსმალეთის საზღვარს.“ — მიუგო სულეიმანმა („დედა ისტორია“, 2005, გვ. 183)
1578 წელს ჩილდირის ველზე ერთმანეთს ოსმალეთი და ირანი დაეტაკნენ. ირანის მხარეს „ირანელი მესხები“ იბრძოდნენ, „თურქთა მესხები“ კი არ ჩანდნენ. ბრძოლა თურქთა გამარჯვებით დასრულდა. მანუჩარ ჯაყელი გვიან გამოცხადდა ბრძოლის ველზე და დაგვიანებისთვის მოიბოდიშა. თურქმა სარდალმა ლალა ფაშამ ირანის მხარეზე მებრძოლი მესხები გამოიყვანა და მანუჩარის თვალწინ ყველანი კოცონზე დააწვევინა...
1578 წელს თურქები გადამწვარ თბილისში შევიდნენ, შემდეგ კი მთელი აღმოსავლეთი საქართველო დაიპყრეს.
ეს არის „მცირე“ ჩამონათვალი საქართველოს გამუსულმანებისთვის მებრძოლ მეზობელთა „ღვაწლის“.
ამ ბრძოლებში ყოველთვის აჭარის ქართველებიც ებრძოდნენ საქართველოს მტრებს და როგორც იყო, აჭარა სისხლით და ცრემლით გაამუსულმანა მაჰმადიანურმა ძალამ...
დღეს ისლამი, როგორც არადომინანტური რელიგია, საჯარო სივრცეში დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით აპირებს გაძლიერებას საქართველოში. კერძოდ, აჭარიდან იწყებენ გენერალურ შეტევას. ამის მაგალითია, ახალი მეჩეთების აშენებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ აჭარაში, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.
მათი, საქართველოს მტრების, გულის გასახარად გაბუნტებთ, აჭარლებო, ვიღაცები, ვიღაც უჭკუო შინაური გამყიდველები და პროვოკატორები, პირადი, პოლიტიკური მიზნების გამო, თორემ ლოცვა არავის არასდროს დაუშლია თქვენთვის, თქვენც იცით ეს და ამაზე რაღას გვალაპარაკებთ?!.
როცა ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვებას თურქეთი საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს, ბუკნარში, პროვოკატორების მიერ გაჩაღებული ეს ვითომდა წვრილმანი კინკლაობა მოქმედებაში მოყვანილი ნაღმია...
ჩვენ, ქრისტიან თუ მუსლიმ ქართველებს, გარდა ჩვენ-ჩვენი რელიგიებისა, გვაქვს ერთი საერთო „რელიგია“ - საქართველო და საქართველოს სიყვარულს, როგორც ღმერთს, ისე არ ეღალატება...

"საერთო გაზეთი"