კახა კალაძე: ე.წ. დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი პირი უსახლკარო არ იყო, სახელწიფოსგან ბინა მიღებული ჰქონდა

კახა კალაძე: ე.წ. დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი პირი უსახლკარო არ იყო, სახელწიფოსგან ბინა მიღებული ჰქონდა




როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდაცვლილს სახელწიფოსგან ბინა მიღებული ჰქონდა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ, დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელების საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. სინამდვილეში გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელწიფოსგან მიღებული აქვს ბინა.

რასაკვირველია, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას და მაყურებელს, დაელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, გადაამოწმებდა შესაბამის უწყებაში, ნამდვილად უსახლკაროდ ითვლებოდა თუ არა გარდაცვლილი და ამის შემდეგ გაავრცელებდა ინფორმაციას. ჩემთვის სიახლე არ არის „ფეიკ ნიუსები“. მთელი საარჩევნო კამპანია ამის პარარელურად გვიწევდა მუშაობა. ერთ მხარეს იყო საქმე, კონკრეტიკა, პოზიტივი, მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, საარჩევნო პროგრამა. მეორე მხარეს-ბოროტება, ცილისწამება, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა. კონკრეტული მედიასაშუალებები ყველაფერს კადრულობდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენგან საზოაგოებას აინტერესებს რა პროექტები განხორციელდება დედაქალაქში, ქუჩასა და უბანში. გპირდებით, ძალიან ბევრი სიახლე გვექნება. ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. გპირდებით, როგორც გამგეობების, ისე ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის იქნები ჩართულები“,-აღნიშნავს კალაძე.